რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მსურს, შევიძინო „ნისან ალტიმა”. გთხოვთ, ამიწეროთ მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, საწვავის ხარჯი, გამძლეობა და, რაც მთავარია, როგორ შეეგუება ის ჩვენი გზების პირობებს. ასევე, მაინტერესებს, რა ღირს „ნისან ალტიმას” ახალი და მეორადი მოდელები?
პასუხი: თქვენ, ალბათ, „ნისან ალტიმას” უკვე მესამე თაობის მოდელს გულისხმობთ, რომელიც 2002 წლიდან გამოდის. ეს გახლავთ საშუალო კლასის „სედანი“, რომელიც სახელდება „ჰონდა აკორდის”, „ტოიოტა ქამრისა” და „პასატის” კონკურენტად. „ალტიმა” საკმაოდ კარგი ავტომობილია, რომლის წარმოება ამერიკაში მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვის ხდება. თუმცა, აქვე დავძენ, რომ მისი შეძენა ჩვენს პირობებშიც გამართლებულია. მისი ტექნიკური მახასიათებლებია: არსებობს „ალტიმას” 2 ტიპის ძრავა: 2,5 ლიტრი – ოთხცილინდრიანი და 3,5-ლიტრი – ექვსცილინდრიანი. გადაცემათა კოლოფი როგორც მექანიკური, ასევე, ავტომატური. ორივე ძრავა საკმაოდ მძლავრი და განსაკუთრებით ეკონომიურია. 2.5-ლიტრიანის წვა ქალაქის პირობებში 10-11 ლიტრია, 3,5-ლიტრიანისა კი – 12-13-ლიტრი. „ნისანი” 92-ოქტანიან ბენზინზე მუშაობს, რაც ძალიან დიდი პლუსია ეკონიმიის მიზნით, რადგან, ამ ოქტანობის საწვავი ყველაზე იაფი ღირს ქართულ ბაზარზე. ეს მოდელები კარგი გამძლეობით ხასიათდება და უსაფრთხოებაც მაღალ დონეზეა. ყველა კომპლექტაციაში წარმოდგენილია თანამედროვე მართვის უსაფრთხოების ელექტრონული სისტემები როგორიცაა „აბეესი”, მოცურების საწინააღმდეგო და სხვა. სულ ახალი, 2009 წლის მოდელის ფასი მერყეობს 19-26 ათასი დოლარის ფარგლებში (კომპლექტაციის მიხედვით), ხოლო ნახმარის (2002-2008) შეძენა შეგიძლიათ 8-17 ათასი დოლარის ფარგლებში.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო”. როგორ შეიძლება გამოსწორდეს ავტომატურ კოლოფთან დაკავშირებული პრობლემები?
პასუხი: გააჩნია, კონკრეტულად რა პრობლემები აქვს კოლოფს. აჩვენეთ ხელოსანს და ის გეტყვით. თუმცა, აქვე დავძენ, რომ „მონდეოს” გადაცემათა ავტომატური კოლოფი საკმაოდ სუსტი აქვს და ხშირად გამოდის მწყობრიდან. ძირითადად, მისი რემონტი საკმაოდ ძვირი ჯდება, რის გამოც მძღოლები, ხშირ შემთხვევაში, მასზე მექანიკურ კოლოფებს აყენებენ, ანუ, საერთოდ ცვლიან.
კითხვა: რომელია ყველაზე მაგარი ამერიკული მანქანა? და რამდენად კარგია ამერიკული მანქანა საქართველოს პირობებში?
პასუხი: ეს არის „კადილაკი”, რომელიც ამერიკის სიამაყეა. მაგრამ, საქართველოსთვის ის დიდად საიმედო არ არის. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, მათ ქარხნიდანვე აქვთ ისეთი ტუნინგური დეტალები, რომელთა გაკეთებისთვისაც უკვე მზა ევროპულ მანქანებს ძალიან ბევრ ფულს ახარჯავენ, მაგალითად: ძარაზე სპოილერი; შასის, ანუ, ტრანსმისიის დამუშავება. თან ეს ხდება ნებისმიერ რიგით ანუ, ჩვეულებრივ მანქანაზე.
კითხვა: ჩემი ავტომობილი ძალიან ხშირად ითხოვს ზეთის დამატებას. მითხრეს, რომ ზეთს ჭამს. ეს ჩემი პირველი ავტომობილია და მექანიკურ ამბებში ჯერ ვერ ვერკვევი. იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს ზეთის ჭამა, რა ხდება ამ დროს ავტომობილში და რამდენად საშიშია ეს?
პასუხი: არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის მუშაობის, ძრავაში მოქმედი მექნიკის აღწერა, რადგან, ამის ცოდნა, შესაძლოა, არც არაფერში დაგჭირდეთ, მაგრამ, ზოგადად, მაინც გეტყვით, რა პრინციპით მუშაობს და აქვე გირჩევთ: ავტომობილი ახალია, ძველი თუ მეორადი, ჭამს ზეთს თუ არა, მის ძრავაში ზეთი ყოველ გავლილ 5-6 ათას კილომეტრზე უნდა გამოიცვალოს. რაც შეეხება მექანიზმს, ძრავაში მუშაობს დგუში, რომელზეც არის „კოლიცოები”. სწორედ მათ ამოაქვთ ზეთი ცილინდრში და მათ შეზეთვას ახდენენ. როდესაც ის „კოლიცო” დამჯდარია, ამოწურული აქვს რესურსი და ცილინდრსა და დგუშს შორის ღარი რჩება, ის ზეთი ამოდის და ფეთქების დროს საწვავთან ერთად იწვება. თავიდან ეს ღარი, შესაძლოა, თვალისთვის შეუმჩნეველიც იყოს, მაგრამ, ზეთის მალე დაკლებასთან ერთად, მიხვდებით, რომ ძრავაში პრობლემაა. მაგალითად, „ჟიგულების” ძრავას ჰქონდა 150-ათასიანი გარანტია. ამ მანძილის გავლის შემდეგ ძრავა გასარემონტებელი იყო. ასეთ დროს „კოლიცოები”, „ვკლადიშები” იცვლება. იაპონურ და ევროპულ მანქანებს რესურსი და გარანტია 500 ათასი მაინც აქვთ. არის მოდელები, რომლებსაც მილიონი კილომეტრიც კი აქვთ გავლილი, რასაც ავტომობილი მხოლოდ და მხოლოდ ზეთის დროულად შეცვლით ახერხებს.