კალეიდოსკოპი
შვეიცარიაში კომუნიზმი დადგება
შვეიცარიაში ჩატარდება რეფერენდუმი სახელმწიფოს შემოსავლების განაწილებაზე: საინიციატივო ჯგუფმა შეძლო, შეეკრიბა ხელმოწერები იმ ინიციატივის მხარდასაჭერად, რომ ყოველ ზრდასრულ შვეიცარიელს უფლება უნდა ჰქონდეს „ძირითად შემოსავალზე“, არც მეტი, არც ნაკლები, 2 800 დოლარი თვეში.
რომ ეზეიმათ 100 ათასი ხელმოწერის შეკრება, რომელიც აუცილებელია პეტიციის გამოსატანად საყოველთაო ხმის მიცემაზე, რეფერენდუმის ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობასთან ქალაქ ბერნში მიიყვანეს სატვირთო მანქანა, რომელშიც იყო 8 მილიონი 5-ცენტიანი მონეტა (ქვეყანაში მცხოვრებთა რიცხვის მიხედვით) და მიმოაბნიეს ისინი მოედანზე.
რეფერენდუმის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ახალი კანონების მიღების ასეთი მეთოდი შვეიცარიისთვის ჩვეულებრივია – ყოველწლიურად რამდენიმე რეფერენდუმი ტარდება. სექტემბრის ბოლოს, მაგალითად, შვეიცარიელებმა ხმა მისცეს გაწვევითი არმიის შენარჩუნებაზე. მნიშვნელოვანი რეზონანსი ჰქონდა გაზაფხულზე მოწონებულ ინიციატივას – მკაცრად შეიზღუდოს ტოპ-მენეჯერების ხელფასები. კარსაა მომდგარი უკვე შემდგომი ინიციატივა: 24 ნოემბერს ქვეყანა გადაწყვეტს, შესაძლოა თუ არა, კომპანიის ხელმძღვანელის ყოველთვიური ხელფასი აჭარბებდეს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის წლიურ ხელფასს. კიდევ ერთი ინიციატივა ეხება საპენსიო უზრუნველყოფის ოპტიმიზაციას: რათა დაზოგონ თანხები საცხოვრებელსა და სამედიცინო მომსახურებაზე, ღარიბ პენსიონერებს წინადადებას მისცემენ, იცხოვრონ ზღვის ნაპირას, მაროკოში.
კანონპროექტი „ძირითად შემოსავალზე“ ითვალისწინებს, რომ ყოველი ზრდასრული შვეიცარიელი სახელმწიფოსგან უვადო მატერიალურ დახმარებას – 2 500 შვეიცარიულ ფრანკს (2 800 დოლარს) მიიღებს, რათა უზრუნველყონ „მოქალაქეთა ფინანსური უსაფრთხოება“.
„რეალითი შოუს“ გამარჯვებული კოსმოსში იმოგზაურებს
ამერიკულმა ტელეარხი NBC ახალ რეალითი შოუს იწყებს, რომლის გამარჯვებული პრიზის სახით მიიღებს „საგზურს“ კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანიამ შექმნა. რა იქნება ტელეშოუში, ჯერჯერობით არ სახელდება.
ტელეშოუ „კოსმოსური რბოლის“ პროდიუსერი ბრიტანელი მარკ ბერნეტი იქნება, რომელმაც ერთბაშად რამდენიმე პოპულარული გასართობი პროექტით გაითქვა სახელი: „შეძლო გადარჩენა“, „ხმა“...
„ვცდილობ, განვახორციელო ჩემი ოცნება: ტელეშოუს დახმარებით, ჩვეულებრივ ამერიკელს უნიკალური მოგზაურობის შესაძლებლობა მივცეთ. Virgin Galactic – ეს კოსმოსური ტურიზმის მომავალია“.
2011 წლის ოქტომბერში Virgin Galactic-მა ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოში გახსნა მსოფლიოში პირველი კერძო კოსმოდრომი. შემდეგი წლიდან აქ კომერციული ფრენები იგეგმება. ტურისტები გამოცდიან უწონადობას და დედამიწის დანახვას 100 კილომეტრი სიმაღლიდან შეძლებენ. ორსაათიანი ფრენის ღირებულება 250 ათას დოლარს შეადგენს. კოსმოფრენის ბორტზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იქნება. ამგვარად, კოსმოსში მოხვედრის სურვილი უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის არიან მსახიობები – ტომ ჰენკსი და ანჯელინა ჯოლი.
ყველაზე ძვირად ღირებული ყელსაბამი
სინგაპურში მიმდინარეობს საიუველირო ბაზრობა, რომლის მთავარი მშვენება გახდება ყველაზე ძვირად ღირებული საქონელი – ბრილიანტის ყელსაბამი, რომლის ღირებულება 55 მილიონი დოლარია. კოლიე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად არის აღიარებული და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.
„შეუდარებელი“ Mouawad-ის საიუველირო სახლის ოსტატებმა შექმნეს. მას ამშვენებს ვარდისფერი ოქროთი „შემოსილი“ სხვადასხვაწახნაგოვანი 90 თეთრი ბრილიანტი და ერთი უზარმაზარი ყვითელი ბრილიანტი, რომლის წონა 407,48 კარატია. ყელსაბამში სულ 637 კარატის ძვირფასი ქვებია ჩართული.
ყვითელი ბრილიანტი, რომელსაც „მსოფლიოს უმსხვილეს, შინაგანად წუნდაუდებელ ბრილიანტს“ უწოდებენ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 30 წლის წინ შემთხვევით აღმოაჩინეს.
55 მილიონი დოლარის ღირებულების ყელსაბამით უკვე დაინტერესდა ორი მყიდველი... აზიიდან.