როდის ახერხებს ადამიანი ცოდვების ჩადენისგან გადაჩვევას და როგორ ეხმარება მას ზიარება მძიმე სნეულებების დაძლევაში
„აღსარების თქმა ნიშნავს სიღრმემდე გახსნას, მთელი სულის გადმოღვრას. რასაკვირველია, ამის ბოლომდე აღსრულება არავის ძალუძს, რამეთუ, თითოეულ სიღრმეს ახალი და ახალი სიღრმეების გახსნა მოჰყვება. მაგრამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია – ჩვენი გაგების, შემეცნების ფარგლებში, რაც შეიძლება ღრმად ჩავიხედოთ საკუთარი ცხოვრების წიაღში და, რაც შეიძლება მართლად, ძრწოლით ან მადლიერებით გავხსნათ ეს სიღრმეები ღვთის წინაშე,“ – ამბობს მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანს თავისი მისტიკური, ინტიმური კავშირი აქვს ღმერთთან და ამ კავშირში აუცილებლად მონაწილეობენ მოძღვარი და თავად უფალი. ბევრს ჰგონია, რომ მძიმე ცოდვის მონანიებას გარკვეული წლები სჭირდება და ეს ასეც არის რჯულის კანონით. მაგრამ, რჯულის კანონში რომ წერია, გარკვეული ცოდვის მოსანანიებლად რამდენიმე წელია საჭიროო, დღეს ადამიანი რამდენიმე წელი რომ არ ეზიაროს, ის საერთოდ აღარ მოვა ეკლესიაში. მთავარია, იგრძნოს საკუთარი დანაშაული, საკუთარი ცოდვიდან გამომდინარე წამოუვიდეს ცრემლები და, როცა აღიარებს, შენდობის ლოცვას მიიღებს მოძღვრისგან უფლის წინაშე, ის უნდა გამოვიდეს ბედნიერი და ახსოვდეს, რომ თვითონაც შექმნას სინანულის ღირსი ნაყოფი. რომ გამოვა ეკლესიიდან, დაუბრუნდება ერის ცხოვრებას, უნდა გაიღოს მოწყალება, დაეხმაროს გაჭირვებულს. თუ მატერიალურად არ შეუძლია, მაშინ მეზობელს, ახლობელს სახლი დაულაგოს, კერძი მოუმზადოს, ბოროტებას ნუ ჩაიდენს და იყოს მშვიდი, გაწონასწორებული.
– ამის გაკეთება დღეს განსაკუთრებულად რთულია. ხშირად ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ეკლესიის ზღურბლს მიღმა მთავრდება.
– მართალია. ხშირად ადამიანებს ცოდვების აღიარება კი არ უნდათ, არამედ, ჩვენი გამოცდა, ჩვენი ცოდნის გადამოწმება აინტერესებთ. როდესაც მოვინანიებთ ცოდვებს ეკლესიაში, უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი. არადა, პირიქით ხდება – ძალიან ბევრზე უთქვამთ: რა აზრი აქვს მის სიარულს ეკლესიაში, როდესაც ის ახალ-ახალ ცოდვებს სჩადის და ამბობს: არა უშავს, მივალ ჩემს მამაოსთან, კეთილია და მომიტევებსო... ეს არის ფარისევლური, საშინელი მდგომარეობა. სულიერი ზრდის პირველი ფორმულა მამებისგან არის ხშირი აღსარება და ზიარება. თუ ქრისტიანი მზად არის ამისთვის, მას არა მხოლოდ ყოველკვირა, კვირაში რამდენჯერმეც შეუძლია ზიარების მიღება. თუმცა, როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს: მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ ეზიარები, არამედ, როგორ ეზიარები. ნუ გათამამდებიან ისინი, ვისაც ყოველკვირა უშვებენ ზიარებაზე. ქრისტიანი აუცილებლად უნდა მივიდეს ეკლესიაში, შეინახოს მარხვა, წაიკითხოს ლოცვები, გაუჩნდეს სინანული. მესამე და აღმატებული – ეს არის მოძღვართან საკუთარი ცოდვების პირადად აღიარება და ის შემდეგ წაუკითხავს მას შენდობის ლოცვას. უფალმა ყველაფერი იცის, მაგრამ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რადგან, როგორც წმიდა წერილში წერია, ვინც აღიარებს ცოდვებს არა ბაგეებით, არამედ სულითა და გულით, მას მიეტევება. ყველაზე ნათელი შედეგი იმისა, მართლა მოგვეტევა თუ არა ცოდვები, ვართ თუ არა სინანულში, არის ის, რომ, როდესაც ქრისტიანი სააღმსარებლოდან გამოდის, მას იმავე ცოდვების ჩადენას სიკვდილი უნდა ერჩიოს. თორემ, ხშირად, საკმარისია, ადამიანმა მოინანიოს ცოდვები, მიიღოს წმიდა ზიარება, მაგრამ არ გავა რამდენიმე წუთი, რომ ის ისევ იმავე და უფრო მეტ ცოდვას სჩადის. მონანიების მთავარი ფაქტორი არის ის, რასაც მაცხოვარი ეუბნება შეცოდებულ ადამიანს: „წადი და ნუღარ შესცოდავ”.
– რა უნდა გავითვალისწინოთ აღსარების თქმისას? ხშირად უჭირთ ხოლმე დავიწყებული, განსაკუთრებით კი – ახლგაზრდობაში ჩადენილი ცოდვების აღიარება.
– ადამიანი არასრულყოფილი არსებაა და მას არ შეუძლია სრულყოფილი არათუ აღსარება, არამედ, არანაირი საქმიანობა. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ლოცვაში და, როდესაც ქრისტიანი აღსარებას ამთავრებს, მოძღვარმაც და თავადაც, იციან, რომ მისი აღსარება არასრულყოფილი იყო, ამიტომ, რაც არ გახსენებია მას, რაც უნებლიეთ ჩაუდენია, ამას მოძღვარი საკუთარ თავზე იღებს და ევედრება უფალს: „მიუტევე ცოდვანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი”. მთავარია, ადამიანმა ყველაფერი გულით გაიხსენოს და გულთამხილველი ღმერთი ყველაფერს მიუტევებს. კარგია, თუ დავიწყებული ცოდვები გაგვახსენდება და მათ აღსარებაში ვიტყვით. განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვობასა და სიჭაბუკეში ჩადენილი ცოდვები... ბევრი იხსენებს მას, მაგრამ, ერიდება, მოძღვართან აღიაროს. თუ გახსოვს და არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ ამპარტავანი ხარ და, ამპარტავნებიდან გამომდინარე, გერიდება მოძღვართან მისი წარმოთქმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვარიც ადამიანია და ის იცნობს ყველანაირ ადამიანურ სისუსტეს, ისიც იყო ახალგაზრდა და მასაც ჰქონდა ჭაბუკური ცოდვები, რომლებიც მოინანია. ბევრი ცოდვის ჩადენას მიჩვეულები, როდესაც გადავეჩვევით ცოდვების ჩადენას, მხოლოდ მაშინ გვექნება ჭეშმარიტი აღსარება. აღსარება არსებობს მოგონილი და გულიდან გამომდინარე. ბევრი მოდის და ვერ გაუგია, რა თქვას აღსარებაში, ან, იცის, რა უნდა თქვას, მაგრამ, შეგნებულად არ ამბობს, ანუ, მას არ ესმის სინანულის საიდუმლოს მნიშვნელობა. როცა ქრისტიანი მოდის ეკლესიაში, რომ თქვას აღსარება და სინანულის საიდუმლოში მიიღოს მონაწილეობა, უნდა ახსოვდეს, რომ იქ უხილავად მყოფობს მაცხოვარი, იქ არის დაბრძანებული ხატი, ჯვარი, სახარება და ჩვენ ადამიანებს შევახსენებთ, რომ ისინი აღსარებაზე მიდიან არა მხოლოდ მოძღვართან, არამედ, უფლის წინაშე, რომელმაც ყველაფერი იცის, რომელიც ყველგან მყოფია, ამიტომ, რაღაცის დამალვას და ართქმას არ აქვს აზრი.
– ზიარება ყველაზე დიდი წყალობაა უფლის მხრიდან, თუმცა, ადამიანები ხშირად თავად, პიროვნული
გადაწყვეტილებით ამბობენ უარს ამ საიდუმლოში მონაწილეობაზე. ეს რამდენად სწორია?
– საეკლესიო ლოცვის თანახმად, ქრისტიანი ეზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა: მის ცოდვებს ზიარების ცეცხლი წვავს, სხეული კი იკურნება მასში დაბუდებული მრავალი სენისგან და, თუ ღმრთის განგებით, საჭიროა, რომ კაცმა სულიერი და ფიზიკური ტანჯვა დაითმინოს, ზიარება მას სნეულების გმირულად გადატანის ძალას ანიჭებს და ეხმარება. ზიარება ღმერთის მოწყალების უდიდესი გამოვლინებაა. ჩვენ, ადამიანები კი, ღმერთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ და ყველა ჩვენგანს სჭირდება შეწყალება. იყო წმიდა საიდუმლოთა ღირსი – ეს იმას ნიშნავს, საკუთარ უღირსებას ხედავდე. ზიარებისას მთავარი სინანულია. ადამიანის წმიდა ძღვენისგან განყენება შეუნანებელი ცოდვის მიმართ გამოყენებული ერთ-ერთი უკიდურესი საშუალებაა, რომლითაც ეკლესია მის გულში სინანულის გაღვივებას ცდილობს. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა ცოდვის დროებით განყენება ზიარებისგან და მისი ეპიტიმიით დასჯა, მაგრამ, კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რისთვის დაისაჯა, რას ითხოვენ მისგან და რა უნდა გამოასწოროს. ზიარების შემწეობის გარეშე ადამიანი იოლად მიიდრიკება ცოდვისკენ, ცოდვა კი სულის სიკვდილია. ევქარისტია ორი ნაწილისგან შედგება: პურისა და ღვინის გადაქცევა უფლის ხორცად და სისხლად და ამ წმიდა ძღვენის ზიარება. სწორედ ამიტომაც ეწოდება მას საიდუმლო, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა, უსისხლო მსხვერპლი. ეს უდიდესი საიდუმლო ქრისტემ მანამდე აღუთქვა ადამიანებს, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ვინც გულწრფელად, სათნოებით, უფლის მცნებების დაცვით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის.