რით განსხვავდებოდა „ისპანახობა” „ყეენობისგან” და რომელ წელს აღინიშნა პირველად „თბილისობა”
„თბილისობა” საბჭოური ფესვების მქონე დღესასწაულია, რომელსაც სათავე 1979 წლის შემოდგომაზე ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით დაედო და, მას შემდეგ, ფაქტობრივად, ერთადერთ საქალაქო დღესასწაულად იქცა, რომლის აღნიშვნას თბილისის ხელისუფლება დღესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გასაბჭოებამდე თბილისში საერთო სახალხო დღესასწაულად „ყეენობა” ითვლებოდა, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს და, ძველი ფოტოების დახმარებით, შესაძლებელია, პარალელები გავავლოთ თანამედროვე „თბილისობასთან”.
„ყეენობა“
„ყეენობა“ იყო მასობრივი, გრანდიოზული გასართობი, რომელსაც საერთო დღესასწაულის ხასიათი ჰქონდა. „ყეენობა“ გარეგნულად ევროპულ კარნავალს და, ნაწილობრივად, მასკარადს ჰგავდა. გაზეთი „კვალი” აღწერს „ყეენობის“ სურათს, რომელიც გენერალ ერმოლოვის დროს ჩატარებულა: „მაშინ, ის იყო, სოლოლაკის მხარე შენდებოდა. მთავარმართებლის გარშემო იბადებოდა ახალი უბანი ევროპულ ხუროთმოძღვრების გეგმაზედ. დადგა ყველიერის უკანასკნელი დღეები, მთელი ტფილისის ქალაქი: ავლაბარი, ნარიყალა და ჩუღურეთი, ყეენობის სათამაშოდ ემზადებოდა. სეიდაბადის ხელოსნებს, ფეიქრებს, ხუროებს და მჭედლებს ბევრი სამუშაო ჰქონდათ აღებული. ისინი ამზადებდნენ ხის ხმლებს და ხანჯლებს, საცერე რგოლებს და შურდულებს. მთელი ქალაქი გაყოფილი იყო ორ უბნად: ერთი იყო ისანი და მეორე – ნარიყალა. ნარიყალას ემხრობოდნენ ვერის მხრის მცხოვრებნი, ახალი სოლოლაკის უბანიც ამათკენ იყო. ისნის მხარეს შეადგენდა: ავლაბარი, ჩუღურეთი და გარეთუბანი, ანუ, კუკიის მხარე. ნარიყალის მცხოვრებნი იყვნენ: მუხრან-ბატონი, ორბელიანი, ბარათაშვილი და ერისთავი. ისნის მხარეზედ იყვნენ: კახეთის მებატონეები – ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი, ჯორჯაძე და სხვები. ერმოლოვს ნარიყალელების მხარე ეჭირა. ყეენი უნდა გამოსულიყო ისნელებიდან და შემოსეოდა ქალაქს, დაეპყრა დილით მთელი ქალაქი და გზების გზაჯვარედინზე ჩაეყენებინა თავის მოხელეები, ჯარის უფროსები, რომ გამვლელ-გამომვლელებისთვის ხარჯი გამოერთმიათ. ამ დროს ნარიყალის მომხრენიც საიდუმლოდ ამზადებდნენ თავიანთ ჯარებს. ტფილისის ქალაქის დუქნები დაიკეტა და მცხოვრებნი ნახევარი ყეენისკენ იყვნენ, ნახევარი – სოლოლაკის ხევში დაიმალა. ყეენმა დაიდგა ტახტი სეიდაბადის მაღლობზე, სადაც დღეს ბოტანიკურ ბაღთან ძველი ციხის ნანგრევია: მისი მოხელენი იჭერდნენ გამვლელ-გამომვლელებს და მიჰყავდათ ყეენთან თაყვანის საცემლად. ამ სახით განაგრძო ყეენმა თავისი უფლება მთელ ტფილისს ქალაქზედ შუადღემდის. ნაშუადღევს ყეენს მოახსენეს, რომ ქვეყანა აჯანყდაო, რომ ერი განუდგა მას და ქართველები სოლოლაკის მაღლობს გადმოდგებაო. მაშინვე ყეენი გაემგზავრა საომრად, მაგრამ, უკვე გვიან იყო: ყეენი საქართველოს ჯარებს ტყვედ ჩაუვარდა ხელში”.
როგორც ვხედავთ, „ყეენობა“ თავისი პირვანდელი სახით ომის მისტიფიკაციას წარმოადგენდა. მთავრობას აჯანყების გათამაშება, მიუხედავად იმისა, რომ ეს აჯანყება ტაკიმასხარული ყეენის წინააღმდეგ იყო მიმართული, არ მოსწონდა და, ამიტომ, ომის მისტიფიკაცია აკრძალა. ამის შემდეგ „ყეენობას“ უბრალო პროცესიებისა და ცეკვა-თამაშის ხასიათი მიეცა. გაზეთი „ივერია” გადმოგვცემს, რომ 1888 წელს, „ზოგიერთი უბნის ყეენი სამსახურიდან გამოგდებულ „პიანიცა კაპიტნების” მუნდირში იყვნენ ჩაცმული; ზოგს მურის მაგიერ ხელთქმნილი ნიღაბი ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული”.
„ყეენობა“ იმართებოდა დიდმარხვის პირველ დღეს, ეგრეთ წოდებულ „შავორშაბათს”. გიორგი წერეთლის აზრით, „ყეენობა“ მურვან-ყრუს შემოსევიდან იყო შემოღებული; „ივერია” მეჩვიდმეტე საუკუნეს აკუთვნებს; „კავკაზი” – შაჰ-აბასის ხანას, ალექსანდრე ხახანაშვილი კი „ყეენობას“ წარმართული დროების ნაშთს უწოდებს. „ყეენობის” ზეიმის დასასრული ასეთი იყო: ნაშუადღევს წაიყვანდნენ ყეენს და პირდაპირ მტკვარში გადაისვრიდნენ, ისეთ ადგილას, რომ არ დამხრჩვალიყო. მერე, ხარჯდადებულ მოქალაქეთაგან მოგროვილი ფულით, „ყეენობის“ მონაწილენი ყიდულობდნენ ხორაგს და მთელი ერთი კვირის განმავლობაში დაუსრულებელი ქეიფი ჰქონდათ ორთაჭალაში, მტკვრის პირას, ვერის ბაღებსა და დიდუბეში. ერთ-ერთი გრანდიოზული „ყეენობა“ მოწყობილი იყო გრიგოლ ორბელიანის გეგმითა და ხარჯით, მისი მთავარმართებლობის თანამდებობის აღსრულების დროს, ხოლო, უკანასკნელი „ყეენობა“ მოწყობილ იქნა ჩვენი ცნობილი პოეტის გრიგოლ აბაშიძის უშუალო მონაწილეობით.
როდესაც 1880 წელს მთავრობამ „ყეენობა“ აკრძალა, ქართველი ხალხის მიერ ჩამოყალიბდა გართობა, სახელად „ისპანახობა”. ეს იყო სახეშეცვლილი ფორმა, რომელსაც შემონახული ჰქონდა „ყეენობის“ ბოლო ნაწილი – ქეიფი. ამიტომაც, მას სხვაგვარად „ყეენობის კუდი“ უწოდეს. სახელი „ისპანახი” იმიტომ დაარქვეს, რომ საქეიფო სუფრაზე მხოლოდ სამარხვო საჭმელი იყო. „ისპანახობის“ აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების ტარება და ტანზე პამპულას ტანისამოსის ჩაცმა. 1894 წელს „ისპანახობაში“ მონაწილეობა ილია ჭავჭავაძესაც მიუღია.
„თბილისობა“
პირველი „თბილისობა” 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი პირის, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით. ტრადიციულად, „თბილისობა” ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას იმართებოდა, თუმცა, უკანასკნელ ხანებში თარიღი შეიცვალა და დღესასწაულმა ოქტომბრის დასაწყისში გადმოიწია. საბჭოთა დროს „თბილისობაზე“ ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიება: მტკვარზე ტივით სეირნობა, ფაეტონებით გასეირნება თბილისის ძველ უბნებში, გამოჩენილი ადამიანებისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება, სახალხო სეირნობანი და ქეიფები. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, პირველ წლებში, „თბილისობის” აღნიშვნა არ იყო აქტუალური, თუმცა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ამ დღესასწაულის გამართვა კვლავ აღდგა. ბოლო წლებში „თბილისობა“ „ისპანახობას” უფრო წააგავს, რადგან, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სახალხო ქეიფებზე, ქუჩებში გაშლილ სუფრებსა და უზარმაზარ საწნახელში პოლიტიკოსების მიერ ღვინის დაწურვაზე. მრავალსაუკუნოვანი ქალაქის ტრადიციებთან თანამედროვე „თბილისობას,” სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ აკავშირებს. თბილისის მეხოტბე იოსებ გრიშაშვილი „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში” წერდა: „ტფილისი თანდათან ჰკარგავს თავის ძველ სახეს” და ეს სიტყვები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ერთი საუკუნის წინ.
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: იოსებ გრიშაშვილი, „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა.”