რატომ აქვს მსოფლიოში ცნობილ შოუში „ვარეკაის“ ქართულ ნომერს ყველაზე დიდი წარმატება და როგორ გაიარა თორნიკე ზაბახიძემ „ცირკ დუ სოლეიში“ სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შემოწმება
თორნიკე ზაბახიძე პირველია, ვინც 2008 წელს მსოფლიოში ცნობილ შოუ – „ვარეკაიში”, რომელშიც 2002 წლიდან სამი ქართველი ცეკვავდა, ძველი თაობის წარმომადგენელი – თემურ ქორიძე შეცვალა. ამისთვის მას სერიოზული ქასთინგის გავლა მოუწია, რომელშიც ბევრი ქართველი მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას. საბოლოო ჯამში, „ვარეკაიმ“ სწორედ მასზე გააკეთა არჩევანი და თორნიკე უკვე მეხუთე წელია, რაც ამ საოცარი შოუს უცვლელი წევრია. ის დანარჩენ ქართველებთან ერთად მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, ძალიან ბევრ ქვეყანაში ქართული კულტურის, ტრადიციების, ისტორიის პოპულარიზაციას ეწევა. მათი დახმარებით, ძალიან ბევრ ქვეყანაში გაისმა ქართული სიტყვები, აფრიალდა ქართული დროშა, დაიწერა ქართველების, საქართველოს შესახებ, გადაიცა ტელევიზიით და რაც მთავარია, მაყურებელმა, ქართველი მოცეკვავეების პროფესიონალური შესრულებით, არაერთი ქართული საცეკვაო ნომერი იხილა.
თორნიკე ზაბახიძე: ქალაქ რუსთავიდან ვარ. 6 წლისამ დავიწყე ცეკვა. 17 წლის „ერისიონში“ მივედი, 4 წელი იქ ვცეკვავდი. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი თურქეთში, ვმუშაობდი შოუში Night of the Sultans. 4 ქართველი ბიჭი ვცეკვავდით ამ შოუში ქართულ ცეკვებს. ის პანდორას ლეგენდას ეძღვნებოდა და ჩვენ ვიყავით კეთილი ანგელოზების მცველები. ამის მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი, ანსამბლ „რუსთავში“ ვცეკვავდი დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და შემდეგ გადავედი „ცირკ დუ სოლეიში“, სადაც დღემდე ვმუშაობ. ყოველთვის მქონდა ოცნებად, რომ უფრო მეტისთვის მიმეღწია. ქართველი მოცეკვავისთვის, ალბათ ბოლო წერტილი ამ ცირკში მოხვედრაა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ცირკია და თან, ქართული ცეკვისთვის ამაზე უკეთესი შოუ, ალბათ, არ არსებობს.
– როგორ ვიცი, „ცირკ დუ სოლეის“ შოუ – „ვარეკაიში“ ჯერ კიდევ წლების წინ, სამი ქართველი ცეკვავდა. შენ ხარ პირველი, რომელმაც თემურ ქორიძე შეცვალა.
– მათ შესახებ ბევრი რამ ვიცოდი. დადგა დრო, როცა ძველი არტისტები ახლებით უნდა ჩაენაცლებინათ, ამიტომ ქართველ მოცეკვავეებზე გამოცხადდა ქასთინგი. ზოგადად პროცესი საკმაოდ დიდი და რთული იყო. ამხელა კომპანიაა, ამხელა შოუა და შესაბამისად იქ მოხვედრის მსურველი ძალიან ბევრი იყო. მათი მხრიდან ასეთი შემოთავაზება გაკეთდა: უნდა გადაგეღო ვიდეო, ანუ რა შეგიძლია, შემდეგ უნდა გაგეგზავნა და თუ მოეწონებოდათ, მერე აგიყვანდნენ. ძალიან ბევრმა გააგზავნა ვიდეო, პირადად მე, ნანახი მაქვს 25, რომელიც მაშინ გააგზავნეს მოცეკვავეებმა, მათ შორის მეც. იქ პროფესიონალები არიან, ხვდებიან, ვის რა შეუძლია. ასე ამარჩიეს მე, მომივიდა მიწვევა და 2008 წლის ნოემბერში ჩავფრინდი კანადაში. ბაზაზე ქართველი არავინ დამხვედრია. ბიჭები იმ დროს შოუში იყვნენ, ამიტომ მთელი თვე-ნახევარი მარტო ვიყავი. სანამ შოუში გადახვალ, მანამდე გამზადებენ ყველანაირად, შემდეგ ხდება შენი პრეზენტაცია – პატარა ნომერი უნდა გააკეთო და აჩვენო – ეს მათი ტრადიციაა. როგორც აღვნიშნე, თავიდან ყველა არტისტი კანადაში ხვდება ბაზაზე, სადაც ცირკს აქვს მთელი კომპლექსი – სასტუმროები, მოკლედ ყველაფერი – ქალაქივით არის. როგორც ჩვენ ვიცით, კანადის ბიუჯეტი „ცირკ დუ სოლეის“ შოუებიდან შემოსული თანხით ივსება, შესაბამისად, ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს. რაც შეეხება ჩემს პირველ ჩასვლას, ყველა არტისტი გადის ფიზიკურ შემოწმებას. რა თქმა უნდა, მეც გავიარე. ამას მოჰყვა ფსიქოლოგიური შემოწმება და მერე გამიშვეს ვარჯიშზე. როგორც კი გადავლახე ყველანაირი ბარიერი, გავიარე სხვადასხვა პროცედურა, ხელი მომაწერინეს კონტრაქტზე.
– როგორია კონტრაქტის ვადები?
– ერთწლიანია და ყოველი წლის ბოლოს ხდება კონტრაქტის განახლება. ყურადღებას აქცევენ: რა გააკეთე ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორ მუშაობდი, ტრავმები მიიღე თუ არა. მოკლედ, შენი ერთწლიანი ნამუშევარი ფასდება და თუ შეესაბამები იმ კრიტერიუმებს, რასაც ითხოვენ: ფიზიკურად, მორალურად, ყველანაირად, შემდეგ გიგრძელებენ კონტრაქტს. ჩათვალე, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც პირველად ჩასვლისას. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.
ჩვენ – სამი ქართველი, ტყის მცველები ვართ და ყველაზე ძლიერი ხასიათი გვაქვს. თავიდან გამოვდივართ პრეზენტაციაზე, შემდეგ გვაქვს ჩვენი ნომერი და პირველ განყოფილებას ვხურავთ. „ვარეკაიში“ სამი ძირითადი ნომერია, რომელსაც ყველგან დიდი მოწონება აქვს. ერთი არის ქართული ცეკვა. ძირითადი დატვირთვა ამ სამ ნომერზე მოდის და რაც მთავარია, ყველაზე ეფექტური და ცეცხლოვანი ნომრებია, ამიტომაც მოსწონს მაყურებელს.
– თქვენს ნომერში, ალბათ, შეგაქვთ ცვლილებები, რომ უფრო საინტერესო იყოს.
– რა თქმა უნდა, შეგვაქვს: ტრიუკებსაც ვცვლით, გამოსვლას... ნახაზი ერთი და იგივეა, რადგან, შოუს კრიტერიუმში უნდა ჯდებოდეს. ყველა გასტროლზე სიახლეები გვაქვს – მოცეკვავეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი და მეტი გინდა, მაყურებელსაც უნდა სიახლე. ხშირად გვაქვს სარეკლამო გასვლები, მაგალითად, როდესაც სხვა ქვეყანაში ან კონტინენტზე მივემგზავრებით, შოუდან იღებენ სხვადასხვა ნომრებს, აკეთებენ სარეკლამო ბლოკს და წინასწარ უშვებენ – ასეთ დროს, ჩვენ, ქართველები ყოველთვის იქ ვართ, სადაც სხვები. ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჟურნალისტი ინტერესდება და ჩვენც ყოველთვის ვამბობთ: საიდან ვართ, ქართველები რომ ვართ. ვუყვებით ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, საიდან წამოვიდა ქართული ცეკვა, რომ ხმალი და ფარი ერის სიძლიერის სიმბოლოა, როგორ ვიგერიებდით მტერს... ყველა ქვეყანაში, კონტინენტზე ვცდილობთ, ხალხს მაქსიმალურად მივაწოდოთ საქართველოს, ქართული კულტურის, ტრადიციების შესახებ სწორი ინფორმაცია.
– ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ვისი შექმნილია თქვენი საცეკვაო ფორმები?
– იაპონელი დიზაინერის, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი კოსტიუმები ახლოს ყოფილიყო ქართულ ფორმასთან. რა თქმა უნდა, ანალოგიურის გადატანა არ შეიძლებოდა, რადგან ქართული კოსტიუმი არ ჯდება შოუს კრიტერიუმებში, მაგრამ მაქსიმალურად მიახლოებულია.
– დიდი ხანია, ვიცი, ამ შოუს და მისი ქართველი მოცეკვავეების შესახებ. არაერთხელ ვცადე ძველი თაობის მოცეკვავეებისგან ინტერვიუს აღება, მაგრამ, როგორც ვიცი, აქამდე ეს აკრძალული იყო. მიხარია, რომ დღეს საშუალება მომეცა, ჩვენი მკითხველისთვის გამეცნო თქვენი თავი.
– დღეს რომ ინტერვიუს გაძლევთ, ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი მედია-მენეჯერი, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენს საქმიანობაზე უნდა იცოდნენ საქართველოში, ამაში ცუდი არაფერია. არაფერი არ გვეკრძალება, გარდა იმისა, რომ არ შეგვიძლია სხვა კომპანიაში მუშაობა. სხვა მხრივ, ყველანარი ხელშეწყობა, თავისუფლება, კომფორტი გვაქვს იმისთვის, რომ ყოველდღიურად მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ და ჩვენი საქმე ბოლომდე, პროფესიონალურად ვაკეთოთ. ფულადი პრემიები გვაქვს, საჩუქრებს გვირიგებენ – ცდილობენ წაგვახალისონ. ისე იქცევიან, რომ მხოლოდ შენი საქმე აკეთო და სხვა რამეზე არ იფიქრო.
– ძალიან ბევრი გასტორილი გაქვთ, რომელიმეს ხომ არ გამოყოფ?
– დაძაბულობის მხრივ, გამოვყოფდი 2009 წლის მოსკოვის გასტროლს, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ ჩავედით რუსეთში. რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი კომპანია ქართული, მაგრამ შოუში ქართული ნომერია. ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა ქართველების წინაშე და, რაც მთავარია, მორალურად ძალიან მძიმედ ვიყავით. იქაც იყვნენ ჟურნალისტები და ჟარგონით, რომ ვთქვა: ყველგან „სუფთა ქართულს ვაწვებოდით“. გაგიჟებულები იყვნენ: ქართული ცეკვა ამ ცირკში როგორ მოხვდაო, რადგან სულ სალტოები, აკრობატული ნომრებია. ცირკის დირექტორსაც ძალიან მოსწონს ქართული ნომრები. 2002 წელს რომ დაიწყეს ამ შოუს გაკეთება, მაშინვე მიიწვიეს ქართველები. 27 ოქტომბერს საიუბილეო თარიღია – მე-4000 წარმოდგენას ვატარებთ და არც ერთი წარმოდგენა არ ყოფილა ქართული ნომრის გარეშე. ყოველ ორშაბათს ვისვენებთ, სამაგიეროდ, 6 დღე ვმუშაობთ. ქალაქების მიხედვით დგება პროგრამა, ხან 6 დღეში 8 შოუ გვაქვს, ხან – 9, ხან – 10. სულ დატვირთულები ვართ, მოძრაობაში... შოუში დაახლოებით 300 კაცი მაინც ვართ და ყველანი ერთად გადავაადგილდებით. ხვიჩას ორივე შვილი აქ ჰყავდა. არტისტების დიდ ნაწილს შვილები ჰყავთ, და სკოლა სჭირდებათ. მათგან შორს რომ არ იყვნენ, დირექციას ცირკში ჩამოჰყავს მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს ისე ასწავლიან, როგორც ეს სკოლაში ხდება.
– „ცირკ დუ სოლეის“ სხვადასხვა შოუ მონაწილეობს „ოსკარის“, „ემის“, „გრემის“ დაჯილდოების ცერმონიალებში. თქვენც თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
– „ვარეკაის“ თავისი გეგმა აქვს, წელიწადში 300 შოუ გვაქვს და ვერსად ვერ წავალთ. ასეა სხვა შოუებიც. ამიტომაც, ასეთი ღონისძიებისთვის ყველა შოუდან სხვადასხვა ნომერს იღებენ, ეძებენ სხვა პროფესიონალებს და მათი მონაწილეობით, უკვე ფეშენ-ელემენტებით, დგამენ ნომრებს. სანამ ცირკში დავიწყებდი მუშაობას, კონტრაქტი მომივიდოდა, მიმიწვიეს მაკაოში – აზიაში ყველაზე დიდი სასტუმროს გახსნაზე. 2007 წელს კი გერმანიაში „ჯენერალ მოტორსის“ საერთაშორისო გამოფენაში მივიღე მონაწილეობა.