რომელი მძიმე სენისგან განიკურნა მაიკლ დუგლასი და რის გამო იხდის ხუთწლიან სასჯელს მისი შვილი – კამერონ დუგლასი
აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ 69 წლის მაიკლ დუგლასი და 43 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი, 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინებაზე დაფიქრდნენ. წყვილმა დაახლოებით თვენახევარი იცხოვრა ცალ-ცალკე და, საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ განქორწინება ერთი წლით გადაიწევა და ისინი შეეცდებიან, შეინარჩუნონ ოჯახი. დუგლასის შესაძლო განქორწინების ცნობა შოკის მომგვრელი იყო კინემატოგრაფის მოყვარულთათვის, რადგან, მისი ოჯახი სამაგალითოდ ითვლება ჰოლივუდში, ხოლო თავად მაიკლ დუგლასი სიცოცხლეშივე დაასახელეს ჰოლივუდის ცოცხალ ლეგენდად.
* მაიკლ კირკ დუგლასი დაიბადა 1944 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-ბრანსუიქში, ნიუ-ჯერსის შტატი. მამამისი ლეგენდარული მსახიობი, სპარტაკის როლის შემსრულებელი კირკ დუგლასია, ხოლო დედა – მსახიობი დიანა ლავ დილი. მაიკლის მშობლები 1951 წელს დაშორდნენ ერთმანეთს და მაიკლი დიდ დროს ატარებდა დედასთან, თუმცა, ოცნებობდა, მამის პროფესიას გაჰყოლოდა. მაიკლი კონეკტიკუტის შტატში იზრდებოდა, დედასთან და მამინაცვალთან ერთად და მამას მხოლოდ ტელევიზორში ან კინოთეატრის დიდ ეკრანზე ხედავდა.
* ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაიკლ დუგლასი ბავშვისთვის შეუფერებელი ტემპერამენტით გამოირჩეოდა და ამის გამო 14 წლის ასაკში სკოლიდანაც კი გარიცხეს მცირე ხნით, რადგან, თანაკლასელ გოგონებს მოსვენებას არ აძლევდა და ერთბაშად რამდენიმესთან აბამდა ფლირტს. სკოლის დასრულების შემდეგ მაიკლი მცირე ხნით შეუერთდა ჰიპების კომუნას და მოტოციკლით მოგზაურობდა ამერიკის ტერიტორიაზე. სამხედრო აკადემიაში განათლების მიღების შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა, გადაიფიქრა და კალიფორნიის უნივერსიტეტში დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე მოეწყო, სადაც სწავლის პერიოდში დენი დევიტო გაიცნო და პირველ ხანებში მასთან ერთად ქირაობდა ბინას თვეში 75 დოლარად. მათი მეგობრობა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია, გრძელდება.
* კირკის თხოვნით, მაიკლი 25 წლის ასაკამდე არ იწყებდა სამსახიობო კარიერას, რადგან, მამის აზრით, მას ჯერ საკუთარი ხასიათი უნდა გამოევლინა სხვადასხვა სამსახურში და შემდეგ ეცადა ბედი გადასაღებ მოედანზე. კირკის რჩევით, მაიკლი თავდაპირველად მემონტაჟის ასისტენტად, რეჟისორის ასისტენტად და კინოთეატრში ყავის დამტარებლადაც კი მუშაობდა.
* მაიკლის დებიუტი შედგა ტელესერიალში „სან-ფრანცისკოს ქუჩები,” სადაც მან დეტექტივ სტივ კელერის როლი განასახიერა. ფილმი იმით იყო აღსანიშნავი, რომ ყველა სახიფათო ტრიუკს მაიკლი თავად ასრულებდა. გარდა ამისა, მან პროდიუსერობაშიც სცადა ბედი – მან დაარწმუნა მამამისი, კირკ დუგლასი, რომ მისთვის დაეთმო ფილმის – „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” – პროდიუსერობა. დუგლასმა მთავარ როლზე ჯეკ ნიკოლსონი მოიწვია, ხოლო რეჟისორობა მილოშ ფორმანს ჩააბარა. ფილმმა საკულტოს სტატუსი მოიპოვა და, ამასთან ერთად, „ოსკარის” ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.
* ნამდვილი პოპულარობა მაიკლ დუგლასმა 40 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც კინოეკრანებზე გამოვიდა რობერტ ზემეკისის გახმაურებული ფილმი – „ქვის რომანი”, რომელსაც მოჰყვა არანაკლებად პოპულარულო გაგრძელება – „ნილოსის მარგალიტი”. დუგლასის გმირი ინდიანა ჯონსის პერსონაჟთან ასოცირდებოდა და ეს ორი ფილმი საუკეთესოდ ითვლებოდა 80-იან წლებში.
* 1980-იანი წლების ბოლო და 1990-იანი წლების დასაწყისი მაიკლ დუგლასის კარიერაში საუკეთესოდ ითვლება. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა ეკრანებზე რამდენიმე ბლოკბასტერი: „უოლ-სტრიტი”, „შავი წვიმა”, „როუზების ომი” და „ძირითადი ინსტინქტი” – ფილმი, რომელმაც მაიკლ დუგლასს სუპერვარსკვლავის სტატუსი მოუტანა.
* 1980 წელს მაიკლ დუგლასი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს: ის სამთო კურორტზე თხილამურებით მთიდან დაშვების დროს დაიმტვრა და სამი წელი გაატარა საავადმყოფოში. მან, პრაქტიკულად, თავიდან ისწავლა სიარული და ცხოვრების დაწყებაც ნულიდან მოუხდა.
* 1992 წელს მაიკლ დუგლასი ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან მკურნალობდა სირეა ტაქსონის ცნობილ ცენტრში, სადაც არაერთ კინოვარსკვლავს გაუვლია სარეაბილიტაციო კურსი.
* მაიკლ დუგლასს ებრაული, რუსული, შოტლანდიური და ირლანდიური გენები აქვს.
* პირველად მაიკლ დუგლასი 33 წლის ასაკში დაქორწინდა ავსტრიელი დიპლომატის 19 წლის ქალიშვილზე, დიანდრა ლუკერზე და ეყოლა ვაჟი – კამერონი. მაიკლმა და დიანდრამ თითქმის 25 წელი იცხოვრეს ერთად და 1998 წელს განქორწინდნენ. განქორწინება დუგლასს 45 მილიონი დოლარი დაუჯდა, თუმცა, მას დარჩა ძვირად ღირებული ავტომობილების კოლექცია და ბინა მანჰეტენზე. მცირე ხანს დუგლასს ხანმოკლე რომანები ჰქონდა ჰოლივუდელ ლამაზმანებთან, სანამ „ზოროს ნიღბის” წინასაპრემიერო ჩვენებაზე ბრიტანელ მსახიობს, კეტრინ ზეტა-ჯონსს გაიცნობდა, რომელიც მასზე 25 წლით უმცროსი იყო. 1999 წლის დეკემბერში წყვილმა ნიშნობა მოაწყო, ხოლო 2000 წელს მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს: 2000 წელს დაბადებული დილან მაიკლი და 2003 წელს დაბადებული კერის ზეტა.
* 2010 წელს მაიკლ დუგლასის უფროს ვაჟს, კამერონს, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით, ნიუ-იორკის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
* 2010 წელს მაიკლ დუგლასს ყელის კიბო დაუდგინეს და მსახიობი აცხადებდა, რომ ამის გამო კინემატოგრაფიდან წასვლას აპირებდა; 2011 წელს კი მან სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ კიბო დაამარცხა.
* მაიკლ დუგლასის სიმაღლე 178 სანტიმეტრია.
* მაიკლ დუგლასსა და მის მეუღლეს, კეტრინ ზეტა-ჯონს ერთსა და იმავე დღეს – 25 სექტემბერს აქვთ დაბადების დღე. იმავე დღეს არიან დაბადებული უილ სმიტი, მაიკლ მედსენი და კრისტოფერ რივსი.
* მაიკლ დუგლასის კანდიდატურა განიხილებოდა ტერი ბენედიქტის როლზე, ფილმში – „ოუშენის 11 მეგობარი”, თუმცა, საბოლოოდ, ეს როლი ენდი გარსიას ხვდა წილად.
* მაიკლ დუგლასს თავის დროზე გოლფის თამაში და ტელევიზორში სპორტული შეჯიბრებების ყურება უყვარდა.
* მაიკლ დუგლასის ჰონორარები ფილმების მიხედვით: „ძირითადი ინსტინქტი” – 15 მილიონი დოლარი; „თამაში” – 20 მილიონი დოლარი; „იდეალური მკვლელობა” – 20 მილიონი დოლარი; „ტრაფიკი” – 10 მილიონი დოლარი.
* 2013 წლის დეკემბერში კინოეკრანებზე გამოვა მხატვრული ფილმი – „უკანასკნელი წვეულება ვეგასში”, სადაც მთავარ როლებს მაიკლ დუგლასი, მორგან ფრიმენი, რობერტ დენირო და კევინ კლაინი ასრულებენ.
* მაიკლ დუგლასს არასდროს უთამაშია ფანტასტიკური ჟანრის ფილმში, მისი თქმით, მას არ იტაცებს ეს ჟანრი.
* ჟურნალმა „ემფაირმა“ მაიკლ დუგლასი ყველა დროის 100 საუკეთესო კინომსახიობს შორის ¹74-ედ დაასახელა.
* მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის საერთო ქონება 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.