ერთსა და იმავე დღეს ნამშობიარებმა ქალებმა ერთმანეთი ერთი წლის შემდეგ იპოვეს
32 წლის ნათია ნიკოლოზიშვილი ეძებდა 31 წლის ნინო მაჭარაშვილს.
ისტორია: ვეძებ 31 წლის ნინო მაჭარაშვილს (თუ არ ვცდები, მეუღლის გვარი ლოთიშვილია). მე და ნინომ ერთმანეთი შალვა ქორიძის სახელობის მეოთხე სამშობიარო სახლში გავიცანით, ორივეს ერთ დღეს მოგვიწია მშობიარობა და ისე დავახლოვდით, რომ იქ ყოფნის დროს უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ნინოს შეეძინა გოგონა და სახელად მარიამი დაარქვა; მე კი ვაჟი მეყოლა – ნიკუშა. უკვე ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც ნინო ბოლოს ვნახე და ძალიან მინდა მისი პოვნა. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ გამაჩნია და ჩემს სურათსაც ვერ გიგზავნით (რადგან, სოფელში ვარ და ინტერნეტკაფეს საშუალებაც არ მაქვს). ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი მეგობარი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაბეჭდილი იყო რუბრიკა „დაკარგულების“ ამა წლის 9 სექტემბრის ნომერში. დაკარგული ნინო მაჭარაშვილი ნაპოვნია, მეგობრების ერთმანეთთან კავშირი აღდგენილია და ახლო მომავალში ისინი ერთმანეთთან შეხვედრასაც აპირებენ. ფოტოებზე კი, როგორც მკითხველი თავადაც მიხვდება, ნინოსა და ნათიას დამეგობრების მიზეზი, ანუ, მათი შვილები არიან.
ინტერვიუ ნათია ნიკოლოზიშვილთან
– ნათია, როგორი იყო შენი რეაქცია, როცა გაიგე, რომ მეგობარი ნაპოვნია და შენს ზარს ელოდება?
– ნინოს პოვნა ძალიან გამიხარდა და დიდი მადლობელი ვარ თქვენი და იმ ქალბატონის, რომელიც თქვენს სტატიას გამოეხმაურა (საუბარია ნინო მაჭარაშვილის დეიდაზე). როგორც უკვე გითხარით, ნინოს პოვნა მართლაც მინდოდა. მე მას ყველანაირად ვეძებდი, მაგრამ, მასთან დაკავშირება ვერ შევძელი. მე და ნინომ ერთ დღეს ვიმშობიარეთ, ერთი და იგივე პრობლემები გვქონდა, ანუ, ორივემ საკეისრო კვეთა გავიკეთეთ. სულ მაინტერესებდა, როგორი გახდა ნინოს შვილი – მარიამი. ის ამჟამად, ჩემი შვილივით, 1 წლის და 2 თვისაა, მე კი ის შვიდი დღის მყავს ნანახი. ჩემი სურვილი ახდა და ნინოს ტელეფონითაც ვესაუბრე. ახლო მომავალში კი ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრასაც ვგეგმავთ.
– დარწმუნებული ვარ, თქვენს შეხვედრას მთავარი გმირებიც დაესწრებიან...
– დიახ, მარიამი და ნიკუშა აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ და მთელი ერთი კვირა სამშობიაროში ერთ ოთახში გაატარეს. დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში მათაც იმეგობრონ.
– ნინოს მხრიდან რა იყო იმის მიზეზი, რომ ამდენი ხანი ერთმანეთს არ დაკავშირებიხართ?
– აღმოჩნდა, რომ ნინომაც ტელეფონის გამო დაკარგა ჩემი ნომერი და ამიტომ ვერ მიკავშირდებოდა. ბარათი გამოცვალა, თუ სწორად მახსოვს მიზეზი... უბრალოდ, ისე გაგვიხარდა ორივეს ერთმანეთის პოვნა, რომ დაკარგვის მიზეზებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევდით. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი ერთმანეთის შვილების მოკითხვით დაიწყო. ნიკუშაც და მარიამიც უკვე დადიან, არადა, თითქოს გუშინ იყო, რომ გამოგვწერეს (იცინის).
– ნინო თუ გეძებდა?
– მან ხომ არ იცოდა, რომ მე ტელეფონის ბარათი გამოვცვალე და, თურმე, სულ ელოდებოდა ჩემს ზარს. სოციალურ ქსელებშიც არასაკმარისად ვერკვევი, თორემ, იქაც ვიპოვიდი. თავადაც იგივე პრობლემა ჰქონია, მაგრამ, ამჟამად ყველაფერი რიგზეა და, ახლა ერთი სული გვაქვს, ერთმანეთს შევხვდეთ.
ინტერვიუ ნინო მაჭარაშვილთან
– ნინო, შენ რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ გეძებენ?
– დეიდამ დამირეკა და მითხრა, მგონი, შენ გეძებენო. გამიკვირდა და იმ დღესვე წავიკითხე თქვენი სტატია. გამიხარდა, რადგან, ნათიას ნახვა და პოვნა მეც მინდოდა. მარიამს რომ ვუყურებ, როგორ უცებ გაიზარდა, სულ მაინტერესებდა ნიკუშა როგორი გახდა. ნათიას ყველაფერში ვეთანხმები – მართლა დასანანი იქნებოდა ჩვენი მეგობრობის დაკარგვა. ყველა ქალისთვის მნიშვნელოვან პერიოდში გავიცანით და გავუგეთ ერთმანეთს. მართლაც კარგი იდეაა, რომ ნიკუშა და მარიამი ერთმანეთს იცნობდნენ. იმედია, ისინი გააგრძელებენ ჩვენს მეგობრობას. გაიზრდებიან და იტყვიან: ჩვენმა დედებმა ერთად იმშობიარეს და ერთმანეთი არ დაკარგეს, ჩვენ კი ერთმანეთს სამშობიარო სახლიდან ვიცნობთო (იცინის).
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.