კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ვერ ჩაითრიეს ზურაბ ტყემალაძის შვილი და რაში „დაჯაბნეს” უფროსმა მრეწველებმა შვილები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატია, მაგრამ პოლიტიკურ სკანდალებში, რაც დედაქალაქის პოლიტიკურ ეპიცენტრს ბოლო პერიოდში ნამდვილად არ აკლია, თითქმის არასდროს ხვდება.  მრეწველთა ცნობილი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის უმცროს შვილს პოლიტიკურ პერიპეტიებში გზამკვლევად მამის გამოცდილება და მისგან მემკვიდრეობით მიღებული „ესტაფეტა” შველის. როგორ მოხვდა ის ქართულ პოლიტიკაში და რის ნოსტალგიას ვერ ელევა ის, ამის  შესახებ თავად გიორგი ტყემალაძე გიამბობთ.  

– გიორგი, როგორ მოხვდით  პოლიტიკაში, სად და როგორ გაიხსნა  თქვენი „შრომის წიგნაკი?”

–  როდესაც პოლიტიკოსის ოჯახში იზრდები, ინტერესი  პოლიტიკის მიმართ ბუნებრივად ჩნდება. თუმცა, მე ამ სფეროს მიმართ  განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მქონია.  არც მიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე პოლიტიკას დავუკავშირებდი ცხოვრებას.   ჩვენ ზედმეტად პოლიტიზირებულ ქვეყნაში ვცხოვრობთ, თორემ საკრებულო თითქმის არსად არაა პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი. შესაბამისად,  დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი იმ საქმეს, რაც თვითმმართველობის და საკრებულოს მთავარი ფუნქციაა. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ისე დალაგდება ეს ქვეყანა, საკრებულოს საქმიანობა ასეთი დიდი დოზით არ იქნება გადაკვეთილი პოლიტიკასთან.  როდესაც პროფესიული არჩევანი  გავაკეთე, სულ სხვა გეგმები მქონდა. როგორც კი  სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ღვინის  ტექნოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, მუშაობა დავიწყე კერძო კომპანიებში, მათ შორის იყო ცნობილი  ქართულ-ამერიკული საწარმო, სადაც ოთხი წელი ვიმუშავე.   

ტექნოლოგიც ვიყავი ერთხანს, მერე მენეჯერის პოზიციაზე გადავედი. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი გავატარე კერძო სექტორში. 2003 წელს პირველად მოვხვდი სახელმწიფო სამსახურში. მუშაობა დავიწყე მთავრობის კანცელარიაში,  ვმუშაობდი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის განყოფილებაში, საიდანაც გადავედი ეკონომიკის სამინისტროში. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, მაშინ შეიქმნა  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, რომელიც დღესაც  ძალიან წარმატებულად მუშაობს.  მე ჯერ  გახლდით ამ სააგენტოს დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი – დირექტორი.  2006 და 2010 წლებში მონაწილეობა მივიღე  საკრებულოს არჩევნებში და გავხდი საკრებულოს წევრი.

– ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ხართ, მაგრამ არასდროს მოხვედრილხართ ხმაურიანი ამბების ეპიცენტრში, მით უფრო, რომ სკანდალები არც ერთ  საკრებულოს არ აკლდა. როგორ მოახერხეთ ეს?

– ისეთი მშვიდი ხასიათი მაქვს, ჩემი აყოლიება და სკანდალებში ჩათრევა, არაა იოლი საქმე, ნაკლებად კონფლიქტური ვარ. ალბათ, ესეც არის მიზეზი იმისა, არ მოვხვდე ხმაურიანი ამბების ეპიცენტრებში. მე  არასდროს მქონია  აფიშირებისა და  პოპულარობის სურვილი.  ამ წლებში ძალიან ბევრ კონკრეტულ საქმეში ვიყავი ჩართული,  ყოველთვის ვახერხებდი ჩუმად მეკეთებინა ჩემი საქმე, თუმცა რამდენჯერმე  ვერც მწვავე დაპირისპირებას ავარიდე თავი.  ასეთებიც იყო, თუმცა  მე მაინც  ვცდილობ,   ხმაურსა და სკანდალს მაქსიმალურად ავარიდო თავი.    

– ალბათ, პოლიტიკაში გამოცდილი მამის რჩევა-დარიგებები გადგებათ, გასწავლათ ხეზე ასვლის წესები?

– მამას, რა თქმა უნდა, დიდი როლი მიუძღვის ამაში, მისმა  პოლიტიკურმა კარიერამ ჩემს თვალწინ გაიარა. მამას  თავადაც ასეთი იმიჯი ჰქონდა და აქვს პოლიტიკაში, ხმაურიანი და სკანდალური არასდროს ყოფილა.  მამის გამოცდილება მეც ბევრს მაძლევს და ეს ბუნებრივიცაა, როცა შვილს მამის განვლილი გზის ესა თუ  ის ეტაპი ძალიან ბევრს  გასწავლის. ჩვენ ერთმანეთს  ხშირად ვუზიარებთ აზრს. მისი რჩევა ყველაზე კომპეტენტური და საიმედოა ჩემთვის, მისი გამოცდილებაც ბევრ  რთულ პერიოდში დამხმარებია. ადამიანმა ეს რესურსი  რომ არ გამოიყენოს, ალბათ,  ნორმალური არ  უნდა იყოს. 

– გარდა პოლიტიკური ესტაფეტისა, მამის ფაქტორი, ალბათ, ბევრჯერ იყო თქვენთვის გადამწყვეტი.

– ჩვენ გვქონდა და გვაქვს ტრადიციული, ქართული ოჯახი. მამა არ ყოფილა მკაცრი არც ჩემთან და არც ჩემს უფროს ძმასთან, უფრო ლიბერალი იყო.  ზომაზე მეტად არასდროს ჩარეულა შვილების ცხოვრებაში. მას  ყოველთვის დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, შესაბამისად, ჩემი და ჩემი ძმის განათლება და ბევრი სხვა საოჯახო საზრუნავი, როგორც ხდება ხოლმე, დედას ჰქონდა თავის თავზე აღებული. იმას, რომ ცნობილი და წარმატებული  მამის შვილი ხარ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დადებითი მომენტი ახლავს. ბიზნესში იყო თუ პოლიტიკაში, მისი სახელი ყოველთვის კარგად მხვდებოდა წინ. თუმცა, ეს ძალიან ბევრ პასუხისმგებლობასაც გაკისრებს ადამიანს. ბევრჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში,  როცა აუცილებლად უნდა მოექცე ჩარჩოებში, თავს არ მისცე იმის უფლება, რისიც თავისუფლად შეიძლება, მისცეს ახალგაზრდა კაცმა საკუთარ თავს. თვითონ მამას არასდროს დაუწესებია ჩვენთვის აკრძალვები და შეზღუდვები, ეს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად ხდებოდა.

– მისგან ბიზნესის ნიჭიც  გამოგყვათ  ძმებს?

– მე ამ მხრივ ვერ აღმოვჩნდი მარჯვე, უფრო ჩემი ძმა აღმოჩნდა აქტიური, შესაბამისად, ის აგრძელებს იმ საქმეებს, რასაც მამა უძღვებოდა.  ხასიათით ვგავარ მამაჩემს. ვართ იმერლები, მაგრამ ბევრს უთქვამს ხუმრობით, შენ რანაირი იმერელი ხარ, ისეთი მშვიდი ხასიათი გაქვს, უფრო წაურაჭველებო (იცინის). არ მიყვარს ფიქრის გარეშე, ნაუცბათევი გადაწყვეტილებების მიღება, მამაჩემიც ასეთია. ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.  ბოლო პერიოდში ხშირად არის ქუთაისში, მეტ დროს იქ ატარებს. მაგრამ, როცა თბილისშია, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთ სახლში. 

– ჩინოვნიკურმა საქმიანობამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– მე საკმაოდ დიდ დროს ვატარებ საკრებულოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გავხდი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბევრი წავიდა აქედან პარლამენტში. ეს თანამდებობა იყო ვაკანტური მაშინდელი ოპოზიციისთვის და დავთანხმდი შემოთავაზებაზე, რომელიც მე  მივიღე. დაახლოებით სამი თვეა, რაც უმრავლესობაში ვარ, ეს გარკვეულწილად აორმაგებს დატვირთვას, პასუხისმგებლობას.  სამსახური უკვე ბევრს ითხოვს ჩემგან, შესაბამისად, მთელი დრო აკლდება ჩემს ოჯახს – მეუღლეს და სამ შვილს. შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვიყავი ჩართული ოჯახის ამბებში, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცალია.  ასეთი სამსახური მთლიანად ცვლის ცხოვრების რეჟიმს, ყოფილი  ჩოგბურთელი ვარ, ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჩოგბურთი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით მოვხვდი. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი, სულ ფეხბურთზე ვოცნებობდი, ვერ წარმომედგინა, რომ ფეხბურთის გარდა სხვა სპორტზე ვივლიდი. ერთ დღეს, მამას მეგობარი  შემთხვევით გახდა  ჩემი სპორტული მონაცემების თვითმხილველი, რომელმაც სპორტის ის სახეობა მირჩია, სადაც მისი შვილი დადიოდა. ასე მოვხვდი ჩოგბურთში, მქონდა პროფესიონალური წარმატებებიც, მაგრამ მერე  თბილისში  ყველაფერი ისე აირია, არავის ეცალა სპორტისთვის. მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, წავსულიყავი ამერიკაში და გავყოლოდი ჩოგბურთს, ან აქ გამეგრძელებინა სწავლა. მე ვერ მოვწყდი აქაურობას და ასე ჩამოვშორდი სპორტულ კარიერას.  დღეს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ, ყველაზე მეტად ესეც მაწუხებს, რომ დროის დეფიციტის გამო ჩოგბურთისთვისაც ვერ ვიცლი.   ჩემი შვილი ვარჯიშობს პროფესიონალურ ჩოგბურთში. როცა ის მიმყავს  კორტზე იმ ნოსტალგიას ვიქარვებ, რაც  მუდმივად მაქვს.  ყოველი ჩემი მისვლა კორტებზე ჩემთვის ბავშვობაში დაბრუნებაა.       

– მოწოდებით  თქვენც მრეწველი ხართ?

– კი, რა თქმა უნდა, მრეწველი ვარ, როგორც  მოწოდებით, ასევე  პოლიტიკური ორიენტაციით. მჯერა იდეის,  რომ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.  პარტიაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა, მენტალურად ბევრი გვაქვს საერთო უფროს თაობასთან და მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი უპირველესი თემააა დღესაც ჩვენი ქვეყნისთვის. 

– მრეწველთა ახალი თაობაც, ძველი თაობის მსგავსად, მარჯვენი ხართ ნადირობასა და მსგავს ამბებში? 

–  მართალია, არ აღმომაჩნდა ღვინის ბიზნესთან დაკავშირებული ნიჭი – მე და ღვინო  ვმეგობრობთ  სუფრასთან.  სტუმართმოყვარე ოჯახში ვარ გაზრდილი, ჩვენთან სტუმრის კულტი განსაკუთრებული იყო. ეს მე და ჩემს ძმასაც ტრადიციულად მოგვყვება. მრეწველთა შვილებს ერთმანეთთან ახლო მეგობრული  ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ თითქმის ერთად ვართ გაზრდილები, ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს ერთმანეთთან.  მართალია, ისე ვერ ვნადირობთ, როგორც უფროსები. რამდენჯერმე  მოვხვდი სანადიროდ, მაგრამ ვერ გამოვიჩინე თავი და ხელი ჩავიქნიე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ესეც რომ ძალიან მოვინდომოთ, ალბათ გამოგვივა. ჯერ კიდევ არაა გვიან.    

скачать dle 11.3