რის გამო უწოდებდნენ სამშობლოში ირანის ახალ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის „შეიხ-დიპლომატს” და რომელი შეზღუდვების მოხსნას დაჰპირდა ის ირანელებს
ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, შიიტი მოძღვარი და პოლიტიკოსი ჰასან რუჰანი 2013 წლის 15 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადეს ირანის რიგით მეშვიდე პრეზიდენტად. 64 წლის რუჰანიმ ქარიზმატული მაჰმუდ აჰმადინეჯადი შეცვალა დაკავებულ თანამდებობაზე და არჩევნებამდე გამოაცხადა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, აამოქმედებდა „მოქალაქეთა უფლებების ქარტიას”, დაიწყებდა ზრუნვას ირანის ეკონომიკაზე და დაარეგულირებდა ურთიერთობებს დასავლეთთან. მის ამ ინიციატივას 18 მილიონზე მეტმა ირანელმა დაუჭირა მხარი და 2013 წლის 3 აგვისტოდან რუჰანი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
* ჰასან რუჰანი დაიბადა 1948 წლის 12 ნოემბერს, სორხეში, სემნამის პროვინციაში, რელიგიურ ოჯახში. მამამისს, ჰაჯ ასადოლა ფერეიდუნის, სანელებლების მაღაზია ჰქონდა სორხეში. მას ჰყავდა მეუღლე – საკინე პეივანდი, ორი ქალიშვილი, ჰასანი და ერთი აყვანილი ვაჟი. ასადოლა პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე იყო – იგი მონაწილეობდა შაჰის, მოჰამედ რეზა ფაჰლავის წინააღმდეგ გამართულ აქციებში და პირველად 1962 წელს დააპატიმრეს, სულ კი, ირანის 1979 წლის რევოლუციამდე, ის 20-ჯერ იყო დაკავებული. საინტერესოა, რომ ჰასან რუჰანის ნამდვილი გვარია ფერეიდუნი, რაც სპარსულ მითოლოგიაში „მეფეს“ ნიშნავს, თუმცა, მოგვიანებით მან აიღო გვარი რუჰანი, რაც ირანულად სასულიეროს, სულიერს ნიშნავს. უცნობია, თუ როდის შეიცვალა რუჰანიმ გვარი ოფიციალურად, 1981 წლის მეჯლისის არჩევნების დროს იგი ოფიციალურ წყაროებში ჰასან ფერეიდუნი რუჰანით იყო მოხსენიებული, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატად უკვე ჰასან რუჰანით დარეგისტრირდა.
* რუჰანიმ რელიგიური განათლების მიღება 1960 წელს დაიწყო სემნამის სემინარიაში, შემდგომ კი სწავლა ქომის სემინარიაში განაგრძო. 1969 წელს ჰასან რუჰანი თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და იურიდიული განათლება მიიღო. 1973 წელს მან ქალაქ ნიშაპურში სამხედრო სავალდებული სამსახური გაიარა. ირანში მიღებულ განათლებასთან ერთად, ჰასან რუჰანის დამთავრებული აქვს გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი შოტლანდიაში, სადაც კონსტიტუციური სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა. ჰასან რუჰანი პოლიგლოტია – იგი თავისუფლად საუბრობს სპარსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და არაბულ ენებზე.
* ჰასან რუჰანი ადრეულ ასაკში ჩაერთო ირანულ პოლიტიკაში. ის აიათოლა რუჰოლა ჰომენეის იდეებს იზიარებდა, 1965 წლიდან ირანის ტერიტორიაზე მოგზაურობდა და შაჰის საწინააღმდეგო გამოსვლებზე სიტყვით გამოდიოდა. ჰომენეის რჩევით, ჰასან რუჰანის გარკვეული დროით მოუხდა ირანის დატოვება, რადგან ცნობილი იყო, რომ შაჰის უშიშროების სამსახური მისი ლიკვიდაციის გეგმას ამუშავებდა. იმ პერიოდში ჰასან რუჰანიმ პირველმა მოიხსენია აიათოლა ჰომენეი იმამის სახელით.
* 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ჰასან რუჰანი აქტიურად ჩაერთო ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან დაიწყო მუშაობა პარლამენტში, სადაც თავდაცვის საკითხებს კურირებდა. ირან-ერაყის ომის პერიოდში რუჰანი თავდაცვის უმაღლესი საბჭოს წევრი და სამხედრო-საჰაერო ჯარების ხელმძღვანელი იყო. 1989 წელს რუჰანის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა და განაგრძობდა მუშაობას საჰაერო ძალებში. 1992-2000 წლებში რუჰანის მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 1989-2005 წლებში კი იგი ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს პირველი მდივანი გახლდათ. რუჰანი მაჰმუდ აჰმადინეჯადის წინამორბედების, პრეზიდენტების – ჰაშემი-რაფსაჯანისა და ჰატამის მრჩეველი იყო ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში. 1992 წელს რუჰანი ირანის სტრატეგიული კვლევების ცენტრის პრეზიდენტი გახდა და მისი ხელმძღვანელობით 700-მდე სტრატეგიული კვლევა ჩატარდა პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ჰასან რუჰანი ერთადერთია ირანის სასულიერო პირებიდან, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში დასავლეთთან ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე და ამის გამო მას სამშობლოში „შეიხ-დიპლომატი” უწოდეს.
* ჰასან რუჰანის შესახებ რამდენიმე სკანდალური ცნობაც მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო იმ კომიტეტის წევრი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ბუენოს-აირესში, ებრაელთა ცენტრში ტერაქტის მოწყობაზე 1994 წელს და მაშინ ტერაქტს 85 ადამიანი ემსხვერპლა. არგენტინელი სამართალდამცავების განცხადებით, ტერაქტის ორგანიზატორი იყო ჰასან რუჰანი. ირანიდან გაქცეული ყოფილი სამხედრო მზვერავის, აბოლგასემა მესბანის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა და სანქცია ტერაქტზე ჯერ კიდევ 1993 წელს იყო გაცემული. 2013 წლის მაისში არგენტინაში მიიღეს სპეციალური დადგენილება, რომლის თანახმად, ირანი ბრალდებულია სახელმწიფო ტერორიზმში.
* ლონდონის არაბული გამოცემა „აშარქ ალ-ავსატის” ცნობით, ჰასან რუჰანის უფროსმა ვაჟმა 1992 წელს, მას შემდეგ, რაც მამამისი ირანის სულიერ მამას, აიათოლა ჰომენეის შეეკრა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რუჰანის ვაჟმა წერილი დატოვა, რომელშიც ეწერა: „მე მძულს შენი ტყუილი, კორუმპირებულობა, შენი ორმაგი ცხოვრება და ორპირობა. გული მერევა, როდესაც ვხედავ, როგორ კოცნი ხელზე აიათოლას”. საინტერესოა, რომ გაზეთში დაბეჭდილ ამ ცნობამდე ჰასან რუჰანის უფროსი ვაჟის სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად უცნობი იყო და ეს საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული.
* ჰასან რუჰანი 1969 წლიდან არის დაქორწინებული საჰედე რუჰანიზე. ქორწინების მომენტში ჰასანი 20 წლის იყო, ხოლო საჰედე – 14 წლის. წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი ვაჟი საიდუმლო ვითარებაში დაიღუპა. ოჯახი ჯამარანში, თეირანის შემოგარენში ცხოვრობს.
* ირანის ახალმა პრეზიდენტმა, დასავლეთში ლიბერალური შეხედულებებით ცნობილმა ჰასან რუჰანიმ, განაცხადა, რომ ჰოლოკოსტი კაცობრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო და დაგმო ნაცისტური გერმანიის ქმედებები ებრაელების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ რუჰანის წინამორბედი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფდა და ებრაელების დევნას ამართლებდა.
* პირველად 1979 წლიდან, შედგა ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ ჰქონდა 15-წუთიანი საუბარი ირანელ კოლეგასთან და მათ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს. საგულისმხოა, რომ უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც ირანსა და ამერიკას შორის დიპლომატიური კავშირი გაწყდა თეირანში ამერიკის საელჩოზე ტერორისტული შეტევის და ტყვეთა აყვანის გამო.
* პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად, ჰასან რუჰანის რჩება დრო სამეცნიერო საქმიანობისთვის. მისი ხელმძღვანელობით ირანში პერიოდულად გამოიცემა სამი სამეცნიერო გამოცემა: „სტრატეგია”, „საერთაშორისო ურთიერთობები” და „საერთაშორისო ურთიერთობების მიმოხილვა თეირანში”. ჰასან რუჰანი 100-მდე წიგნის, მონოგრაფიისა და სტატიის ავტორია არაბულ და ინგლისურ ენებზე.
* ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ცენზურის მოხნის მომხრეა. ცნობილია, რომ ის რეგისტრირებულია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე” და „ტვიტერში”. სულ ირანში 5 ათასამდე ვებ-საიტია დაბლოკილი, მათ შორის – სოციალური ქსელები. რამდენიმე ხნის წინ კი საინტერესო მიმოწერა შედგა „ტვიტერის” ავტორის, ჯეკ დორსისა და ჰასან რუჰანის შორის. ჯეკ დორსიმ მისწერა რუჰანის: „საღამო მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო! მაინტერესებს, აქვთ თუ არა წვდომა ირანელებს თქვენს გვერდთან „ტვიტერში”, რაზეც რუჰანიმ მალევე უპასუხა: „საღამო მშვიდობისა, ჯეკ! როგორც განვაცხადე, ჩემი მიზანია, რომ ჩემს ხალხს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციის მიღებისა მთელ მსოფლიოში, რადგან, ეს არის მათი უფლება”. ირანელი ინტერნეტ-მომხმარებლების თქმით, მას შემდეგ, რაც ჰასან რუჰანი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ინტერნეტის სიჩქარემ საგრძნობლად მოიმატა და, ასევე, მოიხსნა რამდენიმე შეზღუდვა, თუმცა, ცენზურის საბოლოო მოხსნა მის უფლებებში არ შედის, ინტერნეტ-ცენზურის მომხრე და აპოლოგეტი ირანის სულიერი მამა, აიათოლა ჰომენეი გახლავთ.