უშაქრო მაწონი, იოგურტი და კეფირი ორგანიზმს წმენდს
როცა ორგანიზმში წიდები გროვდება, ადამიანი სწრაფად იღლება, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, უმადობა და ასე შემდეგ. ამ დროს ეცადეთ, არ მიიღოთ საკვები საღამოს 7 საათის შემდეგ. თუ ძალიან მოგშივდათ, მიირთვით 1 ჩაის ჭიქა მაწონი შაქრის გარეშე – ის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის. ამ მხრივ კარგია კეფირიც. სვით, ასევე, ბევრი სითხე. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, ნასადილევს კი, 1 საათის შემდეგ, კვლავ 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ.
ორგანიზმის გასაწმენდად კარგია მწვანე ჩაიც. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.
გვირილისა და პიტნის სამკურნალო ჩაი არა მარტო ამშვიდებს ნერვებს, არამედ, კარგია კუჭ-ნაწლავის მუშაობისთვისაც.
ხილი კარგია ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად, რადგან ის შეიცავს უჯრედისსა და პექტინებს; სადილობამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი ვაშლი – ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.
უშაქრო იოგურტი ორგანიზმს ეხმარება მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. ასევე, კარგია სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა და ზომიერი ვარჯიშების ჩატარება.
სისხლნაკლებობისა და ათეროსკლეროზის დროს ავოკადო მიირთვით
ავოკადო დაკარგული ძალების აღდგენას უწყობს ხელს. ის იმდენ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, რომ, შეუძლია, ადამიანის საკვებიც კი შეცვალოს. კერძოდ, ავოკადო შეიცავს B1, B2, C, PP, K და P ვიტამინებს; კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და რკინას. ასევე, ძალიან კალორიულია – 100 გრამში 218 კილოკალორიაა. ასე რომ, კალორიულობის თვალსაზრისით, ავოკადო, შეიძლება, ხილის მეფედ ჩაითვალოს – მისი ენერგეტიკული ღირებულება უცხიმო ხორცს ორჯერ აღემატება. სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზისა და გასტრიტის დროს ეს ხილი მართლაც რომ მისწრებაა; ასევე, ორგანიზმის ძლიერ აღმგზნებ საშუალებადაც ითვლება და, ხშირად, ამის გამო ერიდებიან მის ჭამას. თუმცა, მისი ზომიერი რაოდენობით მიღება ძალიან სასარგებლოა. ავოკადო, აგრეთვე, მდიდარია ზეთითაც. ის, ზეთისხილის მსგავსად, 30 პროცენტამდე ზეთს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტად მოიაზრება.
შარდსასქესო ორგანოებისა და თირკმელების დაავადების საწინააღმდეგოდ ხახვი უებარი წამალია
დაახლოებით 70 გრამი ხახვი მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებას ასკორბინის მჟავაზე. C ვიტამინის ასეთი წყარო განსაკუთრებით ცივ ამინდშია აუცილებელი. მინერალური მარილები, რომლებსაც ხახვი შეიცავს, წყალმარილოვან ცვლას უწყობს ხელს. ამიტომ, ხახვი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.
თუ სურდო შეგეყარათ, გახეხეთ ორი თავი ხახვი. გახეხვის დროს არ დახუჭოთ თვალები, რადგან, ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ფიტონციდები. თუ ახალმომზადებული ხახვის ფაფის არომატს შეისუნთქავთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ჩათვალეთ, რომ გამოჯანმრთელდით.
კარგია ინჰალაციაც, კერძოდ: 4 სადილის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და ცხელ ნაყენში ჩაუმატეთ ორი სადილის კოვზი ხახვისა და ლიმონის ქერქის ნახევარი. ეს ყველაფერი ჩაასხით ქვაბში, დაჯექით, სახე ქვაბისკენ დახარეთ, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და შეისუნთქეთ ქვაბიდან ამოსული ორთქლი. გვირილის ეთერზეთი და ხახვის სამკურნალო ფიტონციდები ისუნთქეთ 10-15 წუთის განმავლობაში.
თუ თირკმელებისა და შარდსასქესო ორგანოების დაავადება გაწუხებთ, პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ხახვის, ნიახურის ძირებისა და ლიმონის წვენის თანაბარი რაოდენობის ნარევი; 50 გრამი გახეხილი ნარევი ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში, კარგად გააზავეთ და ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, სასურველია, მიიღოთ შემდეგი ნარევი:
100 მილილიტრ ხახვის წვენს დაუმატეთ 30 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ნარევი კარგად გააზავეთ და შეინახეთ მაცივარში მჭიდროდ თავდახურული ჭურჭლით. გახსენით 1 ჩაის კოვზი ნაყენი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და სვით დღეში ორჯერ, ჭამის წინ, დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში.
ბოსტნეულის წვენები კოლიტსა და მსხვილი ნაწლავის ანთებას შველის
ბოსტნეულის წვენების რეგულარულად მიღება სრულად კურნავს კოლიტსა და მსხვილი ნაწლავის ანთებით დაავადებებს. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარი ლიტრი ახლად გამოწურული სტაფილოს წვენი ან წვენების ნაკრები, კერძოდ: 300 მილილიტრი გრამი სტაფილოს, 100 მილილიტრი წითელი ბოლოკისა და 100 მილილიტრი კიტრის წვენი. დაავადებისგან განკურნების უებარი საშუალებაა, ასევე, თაფლი: 1 სადილის კოვზი თაფლი გახსენით 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ და გაციებულ წყალში და დალიეთ ჭამის წინ (დღეში უნდა მიიღოთ 3 ჩაის ჭიქა). მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
ამ დროს უებარია ხალხურ მედიცინაში აპრობირებული ნაყენები. კერძოდ:
*2 სადილის კოვზ ჟოლოს გამხმარ ფოთოლს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა, ჭამამდე, დღეში ოთხჯერ;
*ერთმანეთში აურიეთ გვირილის ყვავილები, სალბი და ასისთავა. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ყოველ ორ საათში ერთხელ, 1 ჩაის კოვზი, ორი თვის განმავლობაში.
*1 სადილის კოვზ გამხმარ კრაზანას დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და დაახლოებით, 15-20 წუთით გააჩერეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში 5-ჯერ.
*2 სადილის კოვზი მოცვის გამხმარი ნაყოფი ჩაყარეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში და ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა წითელი ღვინო, ადუღეთ ათი წუთი დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
*10 გრამ მატიტელას გამხმარ ძირებს დაასხით 1 ლიტრი წითელი ღვინო და ხარშეთ 10 წუთი. ნახარში მიიღეთ დღეში ოთხჯერ. ერთი კურსი 2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი ნახარშს დაუმატეთ 100 გრამი დანაყილი ნიორი და მიიღეთ ისევ 2 კვირის განმავლობაში.
ფსორიაზის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა
კანი დაკავშირებულია მთელ ორგანიზმთან და, ზოგადად, მის ცხოველმოქმედებასთან. ამიტომ, მისი გარეგნული ცვლილება, არცთუ იშვიათად, შინაგანი დაავადების მანიშნებელია. კანის დაავადებამ, შეიძლება ავადმყოფობის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს და ნერვულ სისტემაზეც. ნერვულ დაავადებებს და ფსიქიკურ ტრავმებს ყველაზე ხშირად თან სდევს ფსორიაზი.
ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს კანზე წარმოიქმნება სხვადასხვა სახის გამონაყარი. ზოგჯერ მისი მწვავე, უეცარი დასაწყისი ძლიერ სტრესს უკავშირდება. ცნობილია, რომ ფსორიაზის წარმოშობა და რეციდივები ხშირად გამოწვეულია ნერვულ-ფსიქიკური ტრავმებით, გონებრივი დაძაბვით, ძლიერი შიშით და ასე შემდეგ. დაძაბული ცხოვრების რიტმი და მძიმე სოციალური პირობები საგრძნობ გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ხშირია ნევროზები და ფობიები, რომლებიც ნევროზს სდევს თან. უეცარი ფსიქიკური ტრავმა, ძლიერი შიში ნერვულ სისტემასა და ფსიქიკას დიდ დარტყმას აყენებს, რასაც თან სდევს კანის ცვლილებები, თმის ცვენა, გამონაყარი და საბოლოოდ ყალიბდება ფსორიაზი.
ფსორიაზის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა, რადგან, ეს აწესრიგებს ნივთიერების ცვლას. კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ცილებითა და ნახშირწყლებით, ცხიმები კი უნდა შეამციროთ. ჭამეთ ბევრი ვაშლი და საზამთრო, ასევე, სვით მათი წვენები. ბოსტნეულიდან კი მიირთვით კარტოფილი. რაციონში ჩართეთ მოხარშული ზღვის პროდუქტები. სასარგებლოა წყალში მოხარშული შვრიის ფაფა.
თუ ფსორიაზი გაწუხებთ, ნუ მიეძალებით ტკბილეულს, ცხიმიან, მწარე და მჟავე საკვებს; უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ და ვიტამინებით მდიდარ საკვებს. თავი აარიდეთ სტრესს, ნერვულ და ფსიქიკურ გადაძაბვას. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე. დაიცავით დღის რეჟიმი, გაიკაჟეთ ორგანიზმი, ივარჯიშეთ და ბევრი ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე.
როგორ დავიამოთ სახსრების პოდაგრული ტკივილები
პოდაგრის განვითარებას ხშირად ისეთი პროდუქტების რეგულარულ მიღებას უკავშირებენ, როგორებიცაა: წითელი ღვინო, შამპანური; პურინებით მდიდარი საკვები: ხორცი, თევზი, ღვიძლი, მჟაუნა, ისპანახი, ბოლოკი, ბარდა, ლობიო, შოკოლადი, ყავა. მაგრამ, მისი წარმოქმნის მიზეზი მხოლოდ საკვები როდია. პოდაგრა სისტემური დაავადებაა და მისი მთავარი გამოვლინებაა ქრონიკული ართრიტი, ანუ, სახსრების ანთება, რაც ნებისმიერ სახსარს აზიანებს. გამწვავების პერიოდებში სახსრებში ტკივილი მწვავდება, კანი წითლდება. პოდაგრის განვითარების მიზეზია, ასევე, პურინული ცვლის დარღვევა, რის შედეგადაც სისხლის შრატში მატულობს შარდმჟავის დონე, ხოლო მისი მარილების კრისტალები ლაგდება ხრტილებში, სასახსრე ჩანთებში, მყესებში, თირკმელებში. ორგანიზმიდან შარდმჟავის გამოსვლას აფერხებს მძიმე ტრავმები, ფიზიკური გადაძაბვა, ზოგიერთი მედიკამენტი. ამიტომ, პოდაგრის კომპლექსურ მკურნალობაში იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავის გამოდევნას.
პოდაგრით დაავადებულმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს პურინებით მდიდარი პროდუქტების მიღება. აკრძალულია ალკოჰოლური სასმელებიც, მიღებაც, რადგან ის აფერხებს შარდმჟავის თირკმლით გამოყოფას. კარგია რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ფაფეული, მოხარშული ბოსტნეული, სტაფილო, ხილი, ბრინჯი, შაქარი, თეთრი პური; ასევე, საჭიროა სითხის მიღება, მაგალითად, გაზგასული მინერალური წყალი დიდი რაოდენობით.
ფეხისა და ხელის სახსრების პოდაგრული ტკივილის დროს სასარგებლოა მცენარეული აბაზანების მიღება ძილის წინ, ყოველდღე. პროცედურა გრძელდება ნახევარი საათის განმავლობაში, წყლის ტემპერატურა კი 38 გრადუსი უნდა იყოს. კერძოდ:
* 100 გრამ სალბის ფოთლებს დაასხით 5 ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ და გაიკეთეთ აბაზანა.
* 100 გრამ გვირილის ყვავილს შეურიეთ 200 გრამი სუფრის მარილი და დაასხით 10 ლიტრი მდუღარე წყალი. 38 გრადუსამდე რომ გაგრილდება, გაიკეთეთ აბაზანა. ეს აბაზანა განსაკუთრებით ეფექტურია, როცა პოდაგრული სახსარი შეშუპებული და მტკივნეულია.
ასევე, სასარგებლოა მცენარეული ნაყენების მიღება, რადგან მას შარდმჟავა და მარილები გამოაქვს ორგანიზმიდან:
* 30 გრამ შავი მოცხარის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა, დღეში ოთხჯერ.
* 1 სადილის კოვზ თირკმლის ჩაის დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
* 10 გრამ დიდგულას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ხუთჯერ.
თუ სახსრებში ტკივილი მოგემატათ, დაიდეთ მასზე კომბოსტოს ფურცლები – ის ტკივილს შეგიმსუბუქებთ.