ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 8 თვის ორსული, გამიჩნდა სტრიები. უსაფრთხოა თუ არა ორსულობის დროს „მუმიოს“ გამოყენება?
პასუხი: არ გირჩევთ. გამოიყენეთ პრეგნაქეას მალამო.
კითხვა: ტერფის სოკოს შემთხვევაში როგორია ფეხსაცმელების სტერილიზაციის წესი?
პასუხი: ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექცია შეგიძლიათ 40-პროცენტიანი ძმრის ან 1 პროცენტი ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის საშუალებით. ამ ხსნარებში დასველებული დოლბანდით გამოასუფთავეთ ფეხსაცმელი და შიგნითაც დატოვეთ, ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გაანიავეთ სუნის გაქრობამდე.
კითხვა: ვარ 22 წლის. ფეხის დიდ თითთან მეზრდება ძვალი, თან უკვე მაწუხებს ტკივილები. ვისვამ იოდს, მაგრამ, შედეგი მცირეა, მაინტერესებს რით ვუშველო? ოპერაცია რომ გავიკეთო, აღარ გამომეზრდება?
პასუხი: დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ ორთოპედს ან ტერფების სპეციალისტს. საფიქრებელია ტერფის პათოლოგია. ალბათ, საჭირო გახდება ღაბაშების (სუპინატორების) გამოყენება. არსებობს მკურნალობის ქირურგიული მეთოდიც.
კითხვა: როგორ უნდა მოვამზადო ქონდრის ნახარში ხველებისთვის? დაფქული უმჯობესია თუ დაუფქვავი? ხმელი თუ ნედლი?
პასუხი: ნაყენისთვის გამოიყენეთ ხმელი ქონდარი: 1 ჩაის კოვზ ბალახს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაატკბეთ თაფლით და დალიეთ ცხელი, ჩაის მაგივრად.
კითხვა: რამდენია ჰემოგლობინის ნორმა ქალებში? რა სახით უნდა მივიღოთ ხორცი და რისი ხორცი ჯობია?
პასუხი: ქალებში ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებლია 12,0-16,0. მისი მომატების მიზნით, უმჯობესია მიირთვათ საქონლის ახალი (გაუყინავი) მოხარშული ხორცი, ან, ჯანმრთელი ცხოველის ღვიძლი (საქონლის და ღორის).
კითხვა: ორსულობის დასაწყისში თუ ხდება ტემპერატურის აწევა? სულ იცის თუ ხანდახან?
პასუხი: ორსულობამ სიცხეები არ „იცის”. უნდა გაარკვიოთ ტემპერატურის აწევის მიზეზი.
კითხვა: ამბობენ, იოდის ნაკლებობა ხელს უწყობს სისხლის შესქელებასა და თრომბის წარმოქმნასო. ეს მართალია?
პასუხი: დიახ, არსებობს მონაცემები, რომ იოდი ხელს უწყობს სისხლის შედედებასა და თრომბის წარმოქმნას.
კითხვა: ვარ 25 წლის, გათხოვილი. რა შეიძლება იყოს სქესობრივი აქტის შემდეგ სისხლიანი გამონადენის მიზეზი?
პასუხი: სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. დროულად მიმართეთ გინეკოლოგს. აუცილებელია ვაგინალური ექოსკოპია, საშოს დათვალიერება სარკეებით, PAP-ტესტი, კოლპოსკოპია.