სად ორთქლდება იტალიიდან და ბულგარეთიდან იმპორტირებული საწვავის ნახევარი საქართველოში ჩამოღწევამდე
მართალია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი 20-25 თეთრით გაიაფდა, თუმცა კვლავაც უცნობია, რა პრინციპით ადგენენ ჩვენებური ნავთობიმპორტიორები ბენზინისა თუ დიზელის საცალო ფასს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ეს პროცესი სავსებით გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ამჯერად სხვა თემაზე შევჩერდებით: ექსპერტების გათვლებითა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, დასტურდება, რომ საქართველოში ნავთობის კონტრაბანდა არსებობდა (არსებობს თუ არა ის 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, მას შემდეგ შევიტყობთ, რაც „საქსტატი“ 2013 წლის მონაცემებს გამოაქვეყნებს). მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, იტალიის საბაჟოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, 2009 წელს საქართველოში იტალიიდან 40 მილიონ ლიტრზე მეტი ბენზინი გამოემართა, თუმცა საქართველოს შემოსავლების სამსახურის ცნობით, იქიდან ჩვენს საზღვრამდე მხოლოდ 20 მილიონამდე ლიტრმა მოაღწია. 2010 წელს 38 მილიონ ლიტრამდე ბენზინი წამოვიდა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ 20-მა მილიონმა ლიტრმა ჩამოაღწია. იგივე სურათი იყო 2011 წელსაც. ანალოგიური ვითარებაა ბულგარეთთან იმპორტირებულ საწვავთან მიმართებაშიც: ბულგარეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2009 წელს ბულგარეთიდან საქართველოში 210 მილიონი ლიტრი ბენზინის ექსპორტი განხორციელდა, საქართველოს შემოსავლების სამსახურის დოკუმენტაციით კი, საქართველოში 75 მილიონ ლიტრამდე ბენზინია იმპორტირებული. 2010 და 2011 წლებშიც, დაახლოებით, იგივე ხდებოდა. კიდევ რა ვერსიები ამტკიცებს საქართველოში საწვავის კონტრაბანდის არსებობის ფაქტს, – თემას ეკონომიკის ექსპერტ თემურ კოპალეიშვილთან ერთად განვიხილავთ, კონკრეტული ნავთობიმპორტიორების დასახელებისგან კი თავს შევიკავებთ.
– „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემები ბადებს ეჭვს, რომ საქართველოში საწვავის კონტრაბანდა არსებობდა?
– არათუ ეჭვს ბადებს, ფაქტობრივი მასალაა, რომ რეალურად არის კონტრაბანდა. ამას სხვა ახსნა არ შეიძლება, ჰქონდეს.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ იქიდან კი წამოიღეს ბევრი, მაგრამ საქართველოში დარჩა ნაწილი, დანარჩენი სხვა ქვეყნებში გავიდა, ანუ საქართველომ სატრანზიტო ფუნქცია შეასრულა?
– თუ ტვირთი ტრანზიტით გადის საქართველოში, ბულგარეთისა და იტალიის საბაჟოების დოკუმენტაციაში საბოლოო პუნქტად არ იქნება მითითებული საქართველო. თუ, მაგალითად, საწვავის ნაწილი გავიდა სომხეთში, სომხეთი უნდა ყოფილიყო მითითებული. ტრანზიტი აღირიცხება, რადგან ტრანზიტი და რეექსპორტი არ იბეგრება. სხვათა შორის, დიდი ხანია, მაქვს ეს ეჭვი. ისე მოხდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ უცბად შეწყდა ლაპარაკი კონტრაბანდაზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მკვეთრად გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები. მანამდე კონტრაბანდას იმიტომ ვაქცევდით ყურადღებას, რომ ბიუჯეტში შემოსავლები არ გვყოფნიდა და ამის ასახსნელი ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ კონტრაბანდა, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებთან ერთად. შევარდნაძის პერიოდში, 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანის დასაწყისში ვლაპარაკობდით, რომ ორი ჯგუფის საქონელზე – ნავთობპროდუქტები, ფქვილი და ხორბალი, იყო ყველაზე მსხვილი კონტრაბანდა. მაგალითად, ხორბლის კონტრაბანდის მოცულობა ყოველდღიურად 50-ვაგონიანი ეშელონი იყო.
– გარდა ლაპარაკისა, რით მტკიცდებოდა ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის არსებობა იმ წლებში?
– 1990-იანი წლებში „იუსაიდის“ დაფინანსებით გვეხმარებოდა ეგრეთ წოდებული ბარენცის ჯგუფი. სწორედ ამ ჯგუფმა 1997 წელს შეისწავლა საქართველოში ფაქტობრივად მოხმარებული საწვავის, დიზელისა და ბენზინის რაოდენობა და, ასევე, სიგარეტის მოხმარება. მოვიყვან ციფრებს: 1997 წელს ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 450 000 ტონა ბენზინისა და 250 000 ტონა დიზელის იმპორტი. მაგრამ ბარენცის ჯგუფის დასკვნით და ჩვენ ვეთანხმებოდით იმ დასკვნას, ბენზინის ფაქტობრივი მოხმარება უნდა ყოფილიყო 600 000 ტონა, ხოლო დიზელის – 400 000 ტონა. ესე იგი, 150 000 ტონა ბენზინი და, დაახლოებით, ამდენივე დიზელის საწვავი შემოდიოდა კონტრაბანდულად. ამ მონაცემზე შევთანხმდით და ის სადავოდ არავის გაუხდია. გასათვალისწინებელია, რომ მაშინ საქართველოს ავტომანქანების პარკი, დაახლოებით, 300 000 ერთეული იყო.
– აქვე მოვიტან ავტოპარკის ახალ მონაცემებს: შსს-ს ცნობით, ამჟამად მანქანების ავტოპარკი 2,5-ჯერაა გაზრდილი.
– დიახ, 2011 წლის ჩათვლით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 745 232 ავტოსატრანსპორტო საშუალება, 2010 წელს 693 387 იყო, 2009 წელს – 647 209. ავტოპარკის წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 9,6 პროცენტია. დიზელის საწვავზე, შსს-ის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 4,3 პროცენტი მუშაობს, დანარჩენები ბენზინს მოიხმარენ. ასევე, ცნობილია, რომ ავტოპარკის საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი, 328 204 ავტომანქანა, 20 წელზე მეტი ასაკისაა. ავტოპარკის 65,7 პროცენტს შეადგენს მსუბუქი ავტომანქანები, 17,5 პროცენტს – „ჯიპები,“ 9,8 პროცენტს – სატვირთო, ხოლო 6,6 პროცენტს – სამგზავრო ავტომანქანები.
– ავტომანქანების ნაწილი გაზზე მუშაობს. ეს ფაქტი ოდნავ მაინც არ ამსუბუქებს კონტრაბანდის ვერსიას?
– ამჟამად ქვეყანაში მოძრაობს 669 000 ავტომანქანა, რომელიც, ძირითადად, ბენზინს უნდა მოიხმარდეს. არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს მსჯელობაში. კერძოდ, ავტომანქანების მნიშვნელოვანი რაოდენობა გადავიდა გაზზე და, შესაბამისად, ბენზინის მოხმარებას უნდა მოეკლო. მაგრამ, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს დავეყრდნობით, ჩვენი ავტოპარკის 17 პროცენტი მოდის „ჯიპებზე,“ რომლებიც 60-70 პროცენტით მეტ ბენზინს მოიხმარენ, ვიდრე მსუბუქი ავტომანქანები. ამდენად, ეს გაათანაბრებს იმ მანქანების რაოდენობას, რომლებიც გაზზე მუშაობენ. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის აღრიცხული გაზზე მომუშავე მანქანების რაოდენობა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ იქნება 10 პროცენტზე მეტი. ამ 10 პროცენტს კი, მოხმარებული ბენზინის რაოდენობით, „ჯიპები“ და დიდი სამგზავრო ავტომანქანები გადაფარავენ.
– თუ ამ 10 პროცენტს დავაკლებთ, მაინც შთამბეჭდავი ციფრი გამოდის – 600 000 ავტომანქანა, რაც 1997 წლის ავტოპარკზე 2-ჯერ მეტია.
– დიახ და არის კიდევ ერთი ფაქტორი: 1997 წელს მოსახლეობა ძალიან გაჭირვებული იყო და ამიტომ ავტომანქანების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაჩერებული ჰყავდათ. ყველა ვერ დადიოდა მანქანით და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას გამოჰყავდათ. შედარებისთვის სხვა მაგალითსაც მოგიტანთ: მე მაშინ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და ჩემი ხელფასი იყო 165 ლარი. ამჟამად დეპუტატს დანამატის გარეშე 3 000 ლარი აქვს ხელფასი. წარმოიდგინეთ, როგორი სხვაობაა. 2000 წლიდან ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობდი და ჩემს დეპარტამენტში მუშაობდა ხალხი, რომელთა ხელფასი 39 ლარი იყო; დღეს კი, მოგეხსენებათ, საჯარო სექტორშია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი.
ასე რომ, ავტომანქანების დიდი რაოდენობა, მართლაც, გაჩერებული ჰყავდათ, მაგრამ ვიცით, რამდენ ბენზინს მოიხმარდნენ: ოფიციალურად, როგორც გითხარით, აღრიცხული იყო 450 000 ტონა ბენზინის იმპორტი და ისიც ვიცით, რომ კიდევ 150 000 ტონა უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული „ლევად“ შემოტანილი ბენზინი. თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ 1997 წელს კონტრაბანდა არ გვქონდა, ეს უბრალოდ არასერიოზული იქნება.
– შევადაროთ საწვავის იმპორტის სხვა წლების მაჩვენებლებს.
– „საქსტატის“ 2009 წლის მონაცემით, საქართველოში იმპორტირებული იყო 467 000 ტონა ბენზინი, მაშინ, როდესაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ავტოპარკის საშუალო წლიური ზრდა არის 9,6 პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ 1997 წლის მაჩვენებელი – 450 000 ტონა – უნდა გაზრდილიყო. ეს მონაცემი საშუალებას მაძლევდა, მევარაუდა, რომ გვქონდა კონტრაბანდა, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. გასულ წელს გამოქვეყნდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევა, რომელშიც ჩანს, რომ ბულგარეთიდან წამოსულია გარკვეული რაოდენობის საწვავი, მაგრამ საქართველოში შემოსულია იმის ნახევარი; ისევე, როგორც იტალიიდან წამოსულია გარკვეული რაოდენობის საწვავი, მაგრამ აქ შემოსულია იმის ნახევარი. კვლევაში ნათქვამია, რომ ეს ტვირთები წამოღებული აქვთ ნავთობკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულებად აღიქმებოდა. ხელისუფლებასთან დაახლოება რად უნდათ იტალიასა და ბულგარეთში?! ხელისუფლებასთან დაახლოება სჭირდებათ საქართველოში, რომ აქ შემოტანისას მოახდინონ გავლენა საბაჟოზე და შემოიტანონ განუბაჟებელი ტვირთი გადასახადების გადახდის გარეშე.
ესე იგი, ავტოპარკი გაიზარდა თითქმის ორჯერ, მოსახლეობის ცხოვრების დონე მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია და, ფაქტობრივად, გაჩერებული მანქანები არ არის: მათი გაჩერების მიზეზი ის იყო, რომ პატრონებს არ ჰქონდათ ფული. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ სერიოზული კონტრაბანდაა.
მოგახსენებთ საქართველოს საბაჟოდან გამოთხოვილ ციფრებს, რომლებიც ეხება 2009-2011 წლებს, მათი მონაცემები, რატომღაც, ლიტრებშია: მაგალითად, 2009 წელს, ჩვენი საბაჟოს მონაცემებით, 467 000 ლიტრი ბენზინია შემოსული, 2010 წელს – – 436 000 ლიტრი, 2011-ში – 402 000 ლიტრი.
რა გამოდის? ქვეყნის ავტოპარკის მოცულობა იზრდება, იმპორტირებული საწვავის ოდენობა კი არათუ იგივე რჩება, მცირდება კიდეც. საბაჟო სამსახურს დიაგრამებით აქვს ეს მონაცემები გამოსახული და ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვაჩვენებ, როგორც თვალსაჩინოებას.
– ასე რატომ გარისკავდნენ?
– დარწმუნებული იყვნენ, რომ არავინ არაფერს იტყოდა და ვერც ვერავინ ვერასდროს შეამოწმებდა. თუმცა არის მეორე მეთოდიც, რომელიც დაგვეხმარება, დავადგინოთ მაინც რამდენია ჩვენს ბაზარზე კონტრაბანდული საწვავი. ავიღოთ მანქანების რაოდენობა, ანუ 600 000. რამდენ ლიტრ ბენზინს მოიხმარს საშუალოდ თითო ავტომანქანა? თვეში 100-150 ლიტრს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორიც: ჩვენი ავტოპარკის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს ძველი, ანუ 20 და მეტი ასაკის ავტომანქანები, რომლებიც, ბუნებრივია, მეტ ბენზინს წვავენ. დღიურად მოხმარებული ბენზინის საშუალო რაოდენობად ვიანგარიშოთ 5 ლიტრი. ავიღოთ 100 კილომეტრზე საშუალოდ 10 ლიტრი ბენზინის ხარჯი, გავამრავლოთ 365-სა და ავტომანქანების რაოდენობაზე. ეს მონაცემი კოეფიციენტით გადავიყვანე ტონაში და ასეთი გაანგარიშებით ჩვენ ყოველწლიურად ბენზინის, დაახლოებით, 900 000-ტონიანი მოხმარება უნდა გვქონდეს. ოფიციალური მონაცემებით კი, ჩვენ ამის ნახევარს მოვიხმართ. ჩემი ვარაუდით, საწვავის 40 პროცენტი მაინც კონტრაბანდაა.
რამდენიმე წლის წინათ, კერძოდ, 2005 წელს ხორბლისა და ხორბლის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას ჰქონდა პრობლემა, რომ დიდი რაოდენობით შემოდიოდა ხორბლისა და ფქვილის კონტრაბანდა, რადგან ძალიან იაფად იყიდებოდა იმპორტირებული ფქვილი თბილისში. შეხვედრებიც კი მოეწყო პროვაიდერებთან, მაშინ ნოღაიდელი იყო პრემიერ-მინისტრი, თავდაპირველად, გორის წისქვილკომბინატში, სადაც ვუთხარი, რომ დაახლოებით, 40 პროცენტი იყო ფქვილის კონტრაბანდა. მეორე დღეს თბილისში, „მერიოტში“ უნდა გამართულიყო შეხვედრა და დავპირდი, რომ მონაცემებს ვაჩვენებდი. პრეზენტაციაზე წარვადგინე მონაცემები: საქართველო წლის განმავლობაში მოიხმარდა 800 000 ტონამდე პურს, შესაბამისად, ამას სჭირდებოდა ხორბალი, საქართველო კი იმ წლებში, მაქსიმუმ, 200 000 ტონა ხორბალს აწარმოებდა, საიდანაც სასურსათო ხორბალი 80 000-100 000 ტონაზე მეტი არ იყო. ანუ ყოველწლიურად ხორბალზე გადაანგარიშებით უნდა შემოგვეტანა 600 000-დან 700 000 ტონამდე. ეს მონაცემები მივუტანე ნოღაიდელს. არც უკამათია ჩემთან, საბაჟო ორგანოებს მისცა დავალება, გამკაცრებულიყო პროცედურა, რომ გადასახადი შემოსულიყო. მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა საბაჟო გადასახადები.
– მე შევამსუბუქებ ოდნავ საწვავის სავარაუდო კონტრაბანდის მონაცემს, ვთქვათ, წლიური მაჩვენებელია 100 000 ტონა, ეს რამდენია ფულად ერთეულში, ანუ რამდენს კარგავს ბიუჯეტი?
– ტონაზე აქციზის ღირებულებაა 250 ლარი, გავამრავლოთ 100 000-ზე, მივიღებთ 25 მილიონ ლარს, რასაც მარტო აქციზიდან ვკარგავთ. ამას დაამატეთ დღგ, დაზღვევის, ტრანსპორტირების და პლუს მოგების 15 პროცენტი.
– თუ „საქსტატმა“ 2013 წლის ბოლოს საწვავის იმპორტის იგივე მონაცემი დადო, რაც წინა წლებში იყო, ესე იგი ახალი ხელისუფლების პირობებშიც იგივე გრძელდება?
– მებაჟეები არ გამოუცვლიათ და არც უნდა გამოცვალონ, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება 2013 წლის მონაცემი. მეტიც, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემიც, თუმცა შესაძლოა, მაშინ ამისთვის არ ეცალათ. მაგრამ 2013 წლის მონაცემი ბევრ საინტერესო რამეს მოჰფენს ნათელს.