რატომ შეიქმნა კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოახდენს თუ არა ეს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე და არის თუ არა ადეკვატური რუსეთის სიხარული
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოხერხდა და ამის გამო მთავრობის მუშაობა შეფერხდა. ამ ფაქტის გამო ჩვენს ჩრდილოეთით სიხარულის ზარები დაარისხეს, იმ იმედით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერება შეირყევა. ბუნებრივია, ჩრდილოური სიხარული ნაადრევია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოკეანის გაღმა პრობლემებია. რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა გავლენას მოახდენს იქ მიმდინარე პროცესები როგორც დანარჩენ სამყაროზე, ისე, ბუნებრივია, ჩვენზე, – ამ საკითხს სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რიტორიკული კითხვით უნდა დავიწყო: რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში?
– თქვენ იცით, რომ ამერიკის პარლამენტი ორპალატიანია და შედგება კონგრესისა და სენატისგან. კონგრესში უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, სენატში – „დემოკრატებს“. ბარაქ ობამამ თავისი პირველივე ვადის დროს განაცხადა, რომ ამერიკის სოციალური უსაფრთხოების სისტემა იმდენად ცუდია, რომ მას ცოტა ხანში შეიძლება, მოჰყვეს სოციალური აფეთქება, სრული დეფოლტი და გაკოტრება, რის ნიშნებიც შეიმჩნეოდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს. ბარაქ ობამას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
– ბანკებს რომ გამოუყვეს თანხა იპოთეკარების დასახმარებლად.
– და ნახევარ წელიწადში მოახერხა ამ სისტემის სტაბილიზაცია, მაგრამ მეორე ვადის დროს მან გადაწყვიტა, გაეტარებინა სოციალური დაზღვევის სისტემის სრული რეფორმირება. ამას არ ეთანხმებიან „რესპუბლიკელები“, რომლებმაც ჩააგდეს ეს შესწორებები და კანონპროექტი ბიუჯეტის შესახებ გადასცეს სენატს. სენატმა კი ჩააგდო. სენატს არ აქვს უფლება, დაამტკიცოს ის, რაზეც კონგრესმა უარი თქვა. მას შეუძლია, ის შესწორებები, რაც კონგრესში გავიდა დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს. ქვედა პალატამ ჩააგდო ობამას პროექტი, ცვლილებები შეიტანა, მაგრამ ზედა პალატამ არ დაამტკიცა და უკან დაუბრუნა. რადგან ბიუჯეტი არ დამტკიცდა, მთავრობა დაფინანსების გარეშე დარჩა და დაიწყო კრიზისი, რომელიც გამოიხატა საჯარო მოხელეების უხელფასო შვებულებაში გაშვებაში.
– რატომ ჩააგდეს „რესპუბლიკელებმა“ ობამას პროექტი, რა იყო ასეთი მიუღებელი?
– თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური დაზღვევის სისტემას მთლიანად აკონტროლებს საპენსიო ფონდები, რომლებიც იმავდროულად ჩართულნი არიან ფულის მოგებაში. ამ ფულის მოგების ერთადერთი გზა არის საბირჟო ოპერაციები. ისინი თამაშობენ ბირჟაზე, ვაჭრობენ ნედლეულით და შეიძლება, მთელი ეს შენატანები ერთ დღეს ქარმა წაიღოს. აი, ამის წანააღმდეგ გამოდიოდა ბარაქ ობამა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ საპენსიო ფონდებს არ აქვს უფლება, სხვისი შენატანები რისკის ქვეშ დააყენოს და ერთ დღესაც სრული დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს ეს სისტემა, როგორც ეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს მოხდა. თქვენ, ალბათ, იცით, რომ ევროპულ სისტემას ამის უფლება არ აქვს და ბარაქ ობამას ევროპულ სისტემაზე გადასვლა უნდოდა. „რესპუბლიკელები“ თვლიან, რომ საპენსიო ფონდებს ამის უფლება უნდა ჰქონდეს. აი, ეს არის მთელი პრობლემა.
– და რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს ვითარება?
– მგონია, ძალიან მალე მოგვარდება, ისინი მონახავენ საერთო ენას, იმიტომ რომ ამით ამერიკის შეერთებული შტატები ზარალდება.
– ინფორმაცია ვრცელდება, რომ ამან უმუშევრობის დონე გაზარდა, თქვენი განმარტებით კი, ასე დრამატულადაც არ უნდა იყოს საქმე.
– არ დარჩნენ უმუშევრად, გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მაგრამ მაინც ყველაფერს აუნაზღაურებენ. ეს უფრო ფიარია. მართალია, არასასიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ 7 წლის წინათ ასეთსავე ვითარებაში აღმოჩნდა მამა ბუში, ადრე – რეიგანი, ჯიმი კარტერი, მაგრამ ამერიკელები მაინც ყოველთვის თავის ქვეყანაზე ფიქრობენ და, რა თქმა უნდა, ამ კრიზისსაც მოაგვარებენ.
– სანამ ისინი მოაგვარებენ ამ ლოკალურ კრიზისს, ის მსოფლიოზე მოახდენს გავლენას?
– არ მგონია, რამე გავლენა მოახდინოს, ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება. თუ არ მოგვარდა, დაიწყება ობამას იმპიჩმენტის პროცედურა.
– რატომ იქაც ბიუჯეტის დამტკიცება-არდამტკიცებაზეა მიბმული მთავრობის, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტი?
– დეფოლტის წინაშე ვერ დააყენებს ობამა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
– უარი რომ თქვას თავის პროექტზე?
– ჩემი აზრით, ეს მისთვის პრინციპულია. მისი აზრით, თუ ამერიკამ ეს რეფორმები არ გაატარა, მომავალი არ აქვს და მე ვეთანხმები, მთლიანად სოციალურად დაუცველნი ხდებიან ამერიკის მოქალაქეები.
– ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი საგარეო ვალი აქვს, უხერხული კი არის, საქართველოს მოქალაქე ვლაპარაკობდე ამას, მაგრამ ამ რეფორმის გატარების შემთხვევაში, აქვს ასეთი საგარეო ვალის პირობებში ამხელა სოციალური ტვირთის აწევის საშუალება?
– რასაკვირველია, აქვს. ჩვენ ვლაპარაკობთ მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნის ეკონომიკაზე.
– იმიტომაც მოვიხადე ბოდიში.
– ძალიან პარადოქსულ რამეს ვიტყვი: დეფიციტური ბიუჯეტი ძალიან კარგია ეკონომიკის განვითარებისთვის. ის ამუშავებს ძალიან საინტერესო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ინსტურმენტებს, როგორიც არის ხანგრძლივი სახელმწიფო ვალდებულებები. როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს აკლია ფული, მთავრობა იღებს სესხს და ამ სესხის მაგივრად უშვებს პროცენტიან ფასიან ქაღალდებს. ეს ფასიანი ქაღალდები ქმნის ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარს, ხდება ამ ვალდებულებებით ვაჭრობა და ეს ამუშავებს ამ საბირჟო ინსტრუმენტებს. არადა, ჩვენ გვახსოვს, როგორ ამაყობდა სააკაშვილის მთავრობა პროფიციტული ბიუჯეტით. თუმცა ჯობია, მეტი ფული დახარჯოს, ვიდრე ბიუჯეტშია შესული. ეს აჯანსაღებს ეკონომიკას. მთავარია, ეს ვალი არ გადასცდეს რაღაც ზღვარს. ევროპული სისტემით, დასაშვებია ბიუჯეტის 3-პროცენტიანი დეფიციტი. ევროკავშირის ქვეყნები არც კი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ ბიუჯეტი პროფიციტული იყოს და იმაზე მეტი გქონდეს, ვიდრე ხარჯავ. თანამედროვე საბანკო სისტემა მუშაობს კრედიტებზე და როდესაც მთავრობაა მევალე, ბანკისთვის ეს ძალიან კარგია, ისევე, როგორც ეკონომიკისთვის. ბანკი გასცემს 10-წლიან კრედიტს, იღებს პროცენტებს, თან გარანტირებულს, აბსოლუტურად უხიფათოს და ურისკოს.
– ჩვენთან ბანკებს ადრეც გაუციათ ურისკო კრედიტები და ახლაც გასცეს ფონდის გარანტიით აგროკრედიტები, საიდანაც 9 პროცენტს დაფარავს ეს ფონდი.
– 8-9 პროცენტს ფარავს ფონდი, დანარჩენს – სესხის ამღები. კრედიტის დაფარვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო. თუმცა ეს მაინც ბანკის რისკია, თუმცა ბანკი ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვს გარანტიას და უძრავი ქონების შემთხვევაში, 3-4-ჯერ იაფად აფასებენ.
– როგორც ექსპერტები ამბობენ, იმდენად არაადეკვატურია იპოთეკური კრედიტისას გარანტიად ჩადებული ქონების ღირებულება, რომ ბანკები უფრო მოგებულები რჩებიან, თუ კლიენტი სესხს ვერ გაისტუმრებს და მოხდება მისი ქონების რეალიზაცია.
– ცოტა აფერისტული მეთოდით მუშაობს ბანკები, მაგრამ არსებობს სხვა ფონდებიც. მაგალითად, თანადაფინანსების 6-მილიარდიანი ფონდი, რომელიც ბიზნესის სულ სხვა მოდელს განიხილავს. ისინი გასცემენ გარანტიას, რომ დაიფარება კრედიტი და თვითონაც იღებენ მონაწილეობას, როდესაც დაიფარება კრედიტი, თავის წილს გაჰყიდიან. შექმნიან მეორად ბაზარს. ეს ძალიან კარგი მოდელია.
– ავუხსნათ მკითხველს უფრო დეტალურად, როგორ იმუშავებს თანადაფინანსების ფონდი?
– ფონდი არის არამომგებიანი, ის დაფუძნებულია ბევრი კომპანიის მიერ იმისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ინვესტიციები. ისინი აკეთებენ 35 პროცენტიდან 70 პროცენტამდე ინვესტიციას, დანარჩენი უნდა დაფაროს სხვა ინვესტორმა. როდესაც ასეთი ფონდი არსებობს, რისკი იმისა, რომ ინვესტიცია დაიკარგება, არის მინიმალური, იმიტომ რომ ფონდის დამფუძნებელია ბიძინა ივანიშვილი. ვთქვათ, არის ქარხნის, პორტის აშენების პროექტი. მრავალმილიარდიანი ფონდი ამაში იღებს მონაწილეობას, ხორციელდება პროექტი, იწყებს მოგების შემოტანას. 5 წლის შემდეგ, როცა დაიფარება ეს კრედიტი, ფონდი ამ პროექტში თავის წილს, იქნება ეს 30 თუ 70 პროცენტი, ასხვისებს. მათ შორის, ასეთი მოდელიც არის: ფონდი გამოუშვებს აქციებს, რომლებსაც მოსახლეობა შეიძენს. მიღებული ფული ინვესტორების ჯიბეში არ მიდის, არამედ, რჩება ფონდის საბრუნავ საშუალებებში და იხარჯება სხვა პროექტების განხორციელებაზე. მეორე: აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბიზნესმენებს არ აქვთ ფული, რომ გააკეთონ პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება, იმიტომ რომ, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ეს ჯდება, სულ მცირე, 500 000-დან, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარამდე. ფონდი ამასაც თავის თავზე იღებს. ძალიან მოქნილი სისტემაა. ასეთი შესაძლებლობა საქართველოს არასდროს ჰქონია თავისი დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში.
– მესმის, რომ ფონდში მონაწილეობას იღებენ ბიზნესმენები, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ბიზნესი, ნუ მიწყენენ, მიჩვეულია კორუფციულ გარიგებებს, არის კორუფციის საფრთხე?
– ჩვენ საქმე არ გვექნება ჩვენს ბიზნესთან. ჯერ ერთი, ფონდი გამჭვირვალეა, მზად არის აუდიტისთვის, რომელსაც განახორციელებენ საერთაშორისო კომპანიები, შემდეგ, ვინაიდან ეს არის თანადაფინანსების და არა დაფინანსების ფონდი, არც ერთი უცხოელი ინვესტორი „შავ“ გარიგებებზე არ წავა.
– საქართველო არის იმ მასშტაბის ბაზარი, რომელიც იძლევა მილიარდობით ფულის ბრუნვის საშუალებას და კიდევ არაერთი მილიარდის მოგების მოტანას?
– რასაკვირველია, არის. მაგალითად, თუ ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტს, ტვირთბრუნვა იქნება, დაახლოებით, 110 მილიონი ტონა წელიწადში და ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს ტვირთები. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, სოფლის მეურნეობის ბიზნესი ორიენტირებული იქნება ექსპორტზე. ხალხი, რომელმაც ეს ფონდი დააარსა, ღარიბი ხალხი არ არის, მერწმუნეთ, მათ დიდი ფულის მოგება არ სჭირდებათ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, მათ უნდათ ნორმალური ბიზნესის წარმოება, წლიური 1-2-პროცენტიანი მოგება მათთვის აბსოლუტურად ხელსაყრელია. მათ არ აქვთ გამდიდრების მიზანი, უკვე მდიდრები არიან, მათ აქვთ მიზანი, რომ ფული, რომელიც აქვთ, მოემსახუროს ბიზნესის განვითარებას და ამით დაიფაროს ოპერაციული ხარჯები, რათა ამ ფულის მოცულობა არ შემცირდეს და მიიღონ ზუსტად ისეთი მოგება, რაც დაფარავს დევალვაციას.
– ისევ ამერიკას დავუბრუნდები: ძალიან დრამატულად აშუქებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ამ პროცესს.
– ამერიკელებს რამდენიმე გამოსავალი აქვთ, მათ შორის, დაწიონ საერთაშორისო ფასები ნავთობზე. ნუ გვავიწყდება, რომ სანედლეულო ბაზარი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დოლარებში მუშაობს. მონეტარულმა პოლიტიკამ შეიძლება, მთლიანად შეცვალოს ფასები სანედლეულო ბაზებზე. მათ შორის, აშშ-ის აქვს ნავთობის მრავალასეულმილიონიანი სახელმწიფო რეზერვი. შეუძლიათ, ეს რეზერვი აამუშაონ და ფასები კატასროფულად დავარდება, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ბუშმა. მაგრამ ამერიკელები ახლა ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ სწორედ ამან გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, დღეს კი რუსეთზე ზეწოლა ხავერდოვნად სჭირდებათ. რუსეთს ცოტა თავში აუვარდა სირიასთან, საქართველოსთან მიმართებაში და ახლა დადგა დრო, როდესაც მან პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე, განსაკუთრებით, სირიაში მიმდინარე პროცესების გამო და ბარაქ ობამა ნამდვილად გააკეთებს ამას, ოღონდ არა ისე სულელურად, როგორც თავის დროზე ბუშმა გააკეთა, არამედ, ხავერდოვნად და მდგრადად. რუსეთზე ზეწოლა იქნება ძალიან დიდი. იცით, არა, სირია რისთვის სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს?! სირია ეწინააღმდეგება ყატარიდან გაზსადენის მშენებლობას, არ ატარებს ყატარის გაზს. ეს არის მათი ტრაგიკული შეცდომა.
– პუტინისთვის სირიაში მშვიდობის მტრედობის გამო ნობელის მშვიდობის პრემიის მისანიჭებლად აფხაზები ძალიან აქტიურობენ.
– აფხაზები არ წყვეტენ.
– მესმის, მაგრამ ფრანგებმაც დაიწყეს ხელმოწერების შეგროვებაო.
– რატომღაც, ჰგონიათ, რომ მემარცხენეები არიან პუტინის მტრები, არადა, პირიქითაა, „დემოკრატები“ გაცილებით უფრო ხისტები არიან რუსეთთან მიმართებაში. თქვენ გახსოვთ, რა ხისტ პოლიტიკას ატარებდა ფრანსუა მიტერანი რუსეთთან მიმართებაში და ზუსტად ასეთივე პოლიტიკა დაიწყო ფრანსუა ორლანდმა. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის პოზიციას სირიასთან მიმართებაში და საერთაშორისო სარბიელზე ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ გამოდის, ამიტომ არ მგონია, ისე იყოს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერდეს რუსეთს. არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება: ეშტონის გამოსვლა საქართველოსთან მიმართებაში და, რაც მთავარია, ამერიკის ელჩის, ნორლანდის გამოსვლა, როდესაც მან ბოდიში მოიხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიაქცია საქართველოს სათანადო ყურადღება და ამითაა გამოწვეული მავთულხლართების გაბმა, გამოვსწორდებით და სხვანაირ პოზიციას დავიჭერთო. რუსები, რა თქმა უნდა, ჩაატარებენ სოჭის ოლიმპიადას, მაგრამ ნუ გგონიათ, რაც ხდება, ამას არ აქცევენ ყურადღებას.