კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეწყდა საქართველოში დარიშხანის წარმოება, რატომ მიატოვეს ორივე საბადო და რატომ არ იყო სათანადოდ დაცული მომწამვლელი ნივთიერების ნარჩენები და მარაგები

თავდაპირველად, სწორედ უცხოური საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, რომ რაჭაში დარიშხანმა გაჟონა და იქ ამტყდარი განგაშის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომ თითქოს საგულდაგულოდ დაცული დარიშხანის საცავი უხვი ნალექის გამო დაზიანდა, ნივთიერებამ გამოჟონა და გარემოს შეერია. პრობლემაზე ქართველებთან ერთად უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ, რომ დადგინდეს დაზიანების ხარისხი და არეალი. ყველასთვის ნათელია, რომ დარიშხანი საწამლავია და მისი გაჟონვა გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს, კიდევ სად არსებობს მავნე და მომწამვლელი ნივთიერებების საცავები საქართველოს ტერიტორიაზე და რამდენად ვართ დაცული მათი გაჟონვის სარფთხისგან? –  საკითხს თენგიზ სიგუა განგვიმარტავს.

– საქართველოში დარიშხანის ორი საბადოა: ერთი – სვანეთში, მეორე – რაჭაში. მოპოვება ბოლოს მხოლოდ რაჭაში ხდებოდა, სვანეთის საბადო დაკონსერვებული იყო. იქვე, რაჭაშივე, იყო გადამამუშავებელი ქარხანა. მართალია, დარიშხანი საწამლავია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ელექტრონული წარმოებისთვის. რაჭის ქარხანაში დამუშავების შედეგად მაღალი სისუფთავის დარიშხანს აწარმოებდნენ, რომელიც იგზავნებოდა უკრაინაში, სადაც იყენებდნენ ელექტრონულ წარმოებაში. კერძოდ, ნახევარგამტარების წარმოებაში და სხვაგანაც. ყველამ იცის, რომ დარიშხანი მომწამვლელი ნივთიერებაა, ამიტომ მასთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაჭაში დარიშხანის წარმოება შეწყდა და ქარხანა დაკონსერვდა.

– დარიშხანი ფართოდაა გავრცელებული?

– არა.

– აბა, მაშინ რატომ დააკონსერვეს ეს საბადო და გადამამუშავებელი ქარხანა, გაგვეგრძელებინა მოპოვება.

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები შეწყდა. არა მარტო დარიშხანის წარმოება შეჩერდა, მაგალითად, ჩვენგან მანქანათმშენებლობის 85 პროცენტი გადიოდა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ურთიერთობებიც შეწყდა და აღარავის უნდოდა ჩვენი პროდუქცია: არც დაზგა და არც ამწე-ხიდი.

– ტექნოლოგიების თვალსაზრისით, შესაძლოა, დაზგა აღარ გინდოდეს, მაგრამ დარიშხანი მაინც დარიშხანია, საკმარისია, ზესუფთა იყოს.

– უკრაინაში შეწყდა ის წარმოება და მოთხოვნა აღარ არსებობდა. მთავარია, მოთხოვნა იყოს, თორემ ელექტროტექნიკაში ზესუფთა დარიშხანს დიდი გამოყენება აქვს.

– ბაზარი უნდა მონახო. ჩვენს დაწამვლას, მისი გაყიდვა არ სჯობს?

– რაჭაში ზესუფთა დარიშხანს იღებდნენ, ეს ტექნოლოგიები დანერგილი იყო და ვმუშაობდით, მაგრამ ახალი ბაზრის პოვნაზე თავი აღარავის არ შეუწუხებია. საბადო გაჩერებულია და დღეს არავის საკუთრება არ არის. მაგრამ იმ ქარხანაში იყო სპეციალური განყოფილება, სადაც ინახებოდა დარიშხანი. რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგად იყო შენახული, ლითონის სპეციალურ ყუთებში, მაგრამ წყალდიდობისას წყალმა შეაღწია იმ ყუთებში, გამოიტანა გარეთ დარიშხანი და ამიტომ მოიწამლა გარემო. ბოლოს და ბოლოს, უნდა თქვას გარემოს დაცვის ჩვენმა სამსახურმა, რა მასშტაბისაა მოწამვლა. ძალიან დიდი არ უნდა იყოს მასშტაბი, თორემ ხალხი მოიწამლებოდა და ამას ვერ დამალავდნენ. თუ დარიშხანმა გაჟონა, ის ცუდად კი არ გახდის ადამიანებს, უბრალოდ დახოცავს და ეს არ დაიმალებოდა.

– მაგრამ წყალმა ხომ შეურია გარემოს?

– წესით, ისე უნდა იყოს დაცული, რომ ვერც წყალდიდობამ და ვერც სხვა ბუნებრივმა კატაკლიზმმა მისი გაჟონვა ვერ გამოიწვიოს. ისევე, როგორც ატომური ნარჩენებიც მომწამვლელია, მაგრამ ისე ინახავენ სამარხებში, რომ გაჟონვა გამორიცხულია. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით რადიაციული სამარხები იყო მხოლოდ რუსეთში, კერძოდ, ურალში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ყველა საბჭოთა რესპუბლიკიდან იქ გაჰქონდათ ნარჩენები და სარკოფაგებში მარხავდნენ.

ჩვენთანაც იყო ერთი ასეთი შემთხვევა: საბჭოთა კავშირის დროს ჩერნობილის კატასტროფის გამო ბელორუსიაში საქონელი მოიწამლა და საქართველოში შემოვიდა მოწამლული საქონლის ხორცი. აქ დადგინდა, რომ მოწამლული იყო და რამდენადაც მახსოვს, საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება სვამდა საკითხს, რომ უკან გაეტანათ, მაგრამ მოსკოვმა უარი თქვა, რაც გინდათ, ის უქენითო. ამიტომ სპეციალური სამარხი გაითხარა თბილისის სიახლოვეს და დღესაც იქ არის ჩამარხული ის მოწამლული ხორცი.

– იმედია, დარიშხანზე უკეთაა დაცული.

– საკმაოდ კარგადაა დაცული. საქმე ის არის, რომ თვითონ რადიაციული ნარჩენი ხომ არ ყოფილა, რადიაციულ ხორცს უფრო ნაკლები დაზიანება შეუძლია, ვიდრე ატომური ელექტროსადგურის ნარჩენებს, თუმცა საშიში მაინც არის, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ღრმადაა ჩაფლული და მოთავსებულია სპეციალურ კასრებში, რომლებიც არ ატარებს რადიაციას.

– ეს დარიშხანიც კასრებში იყო. არის თეორიული ალბათობა მაინც იმისა, რომ დარიშხანი იმ ერთი ადგილის გარდა, საიდანაც გაჟონა, სხვაგანაც იყოს დაკონსერვებული?

– არა, სხვაგან არსად არის საქართველოში დარიშხანის საცავები, იმიტომ რომ ამ პროდუქტს აქ არ იყენებდნენ, მხოლოდ აწარმოებდნენ.

– ეს დარიშხანი რატომ დარჩა?

– როდესაც წარმოება შეწყდა, მოპოვებული მადნის ნაწილი დარჩა და ის დააკონსერვეს მიღებულ პროდუქციასთან ერთად, რადგან აღარ იყიდა უკრაინამ. ჩვენთან, მცხეთაში, მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტს ჰქონდა საცდელი მოწყობილობა, სადაც იყენებდნენ რადიაციულ ნივთიერებებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის დაიხურა, ის ნივთიერება გაიტანეს საქართველოდან, აქ არ დამარხულა.

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმ ადგილების კოორდინატები, სადაც რადიაციული ხორცი თუ დარიშხანი იყო შენახული, გადმოსცეს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას თუ როგორ მივიღეთ ინფორმაცია?

– საქართველო დათანხმდა რუსეთს და რუსეთმა გაიტანა მცხეთაში საცდელი ატომური დანადგარის ნარჩენები; რადიაციულ ხორცს რაც შეეხება: რამდენადაც ვიცი, მის გატანაზე კომუნისტების დროს ხელისუფლება იბრძოდა მოსკოვთან, მაგრამ, რადგან მოსკოვმა არ გაიტანა, ჩვენვე დავმარხეთ.

– გარდა საცდელი ურანის ნარჩენებისა და დარიშხანისა, სხვა რამ მავნე ნივთიერება იწარმოებოდა ან იყო საქართველოში?

– არა, დარიშხანზე მომწამვლელი ნივთიერება არც არის. ჩვენთან ყველაზე დიდი საბადო იყო მარგანეცის საბადო, მაგრამ მანგანუმი მომწამვლელი ნივთიერება არ არის. მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებიდან საქართველოში მხოლოდ დარიშხანის საბადოა.

– თვითონ საბადო საფრთხეს არ შეიცავს?

– არა, საბადო საფრთხეს არ შეიცავს.

– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ რატომ გახდა აუცილებელი უცხოელი სპეციალისტების ჩართვა? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კატასტროფის მასშტაბები უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია?

– თავიდან, ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან შევშფოთდი, ვიფიქრე, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. მაგრამ შემდეგ, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, რაჭასაც დავუკავშირდი, სიკვდილიანობა არ ყოფილა, ესე იგი, ფართო მასშტაბი არ მიუღია ამ გაჟონვას. თუ დარიშხანის საკმაო დოზა მიიღე, პირდაპირ კლავს ადამიანს, ამდენად, რაკი სიკვდილიანობის შემთხვევები არ გაზრდილა რაჭაში, ესე იგი, კატასტროფის მასშტაბი დიდი არ ყოფილა. თუმცა ის ტერიტორია, სადაც გაჟონა დარიშხანმა, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ უნდა გამოიყენონ მოსავლის მოსაყვანად და არც საქონელი უნდა გაუშვან საბალახოდ.

– წყლის მოწამვლის ალბათობა არ არის?

– საშიშია მიკრორაიონის მასშტაბით, მაგრამ იმის საშიშროება, რომ მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდეს, არ არის.

– ჩვენს სამხერთ კავკასიელ მეზობლებთან გამდინარ-გამომდინარე მდინარეებიც გვაქვს და საკმაოდ ახლოსაც ვართ ერთმანეთთან. სომხეთსა და აზარბაიჯანში როგორაა საქმე მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის მხრივ?

– სომხეთში ყველაზე საშიშია ატომური სადგური, მაგრამ მისი უკვე გადამუშავებული ნარჩენები დღემდე რუსეთში გააქვთ, ურალის სამარხში. ჩემი  ინფორმაციით, სომხეთს არანაირი მომწამვლელი ნივთიერება არ აქვს ნიადაგში. არც აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი.

– ჩვენ დარიშხანი გვაქვს, მათ –  ნავთობი და გაზი.

– სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს წყალი და ვერ ვიყენებთ. უამრავი სასმელი წყალი იღვრება საქართველოში. არადა მარტო აზიასა და აფრიკაში კი არა, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა. ჩვენ კარგი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ, რატომღაც, შევარდნაძიდან მოყოლებული მიაგდეს ეს საქმე. ჩემს დროს დავსვით ეს საკითხი. ირაკლი ჟორდანია იყო მაშინ მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრი და მასთან არაბები ჩამოვიდნენ. პირდაპირ სთხოვეს წყალი და კარგ ფულსაც იხდიდნენ. თან, ჩვეულებრივ სასმელ წყალზე იყო საუბარი, რომელიც ჩვენთან მაშინაც და ახლაც უამრავი იღვრება. მეორე მხრივ, უზარმაზარია ჩვენი მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი. თეორიულად, 100 მილიარდი კილოვატსაათის მიღება შეგვიძლია ჰიდროენერგიით, მაგრამ, რეალურად რომ გადავიანგარიშე, 60-70 მილიონი კილოვატსაათია. დღეს ვიყენებთ 6-7-მილიონ კილოვატსაათს. მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ჩვენს ჰიდრომშენებლებს უნდოდათ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების აგება, მოსკოვი უარს ეუბნებოდა: ძალიან იაფად გაძლევთ ნავთობს და ის გამოიყენეთო. მართლაც, 30 მანეთს გვახდევინებდნენ ნავთობპროდუქტებში, მაგრამ ამოიწურა ის მარაგი და დღეს რომ უკვე 10-ჯერ გაიზარდა ნავთობპროდუქტების ფასი, დავრჩით ჰაერში.

– დარიშხანის გარდა, საბჭოთა მემკვიდრეობიდან დაგვრჩა ნაღმებიც სამხედრო ნაწილებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, რამაც არა ერთი ადამიანი დაასახიჩრა და შეიწირა.

– მაშინაც ძალიან ცუდად იქცეოდა მოსკოვი: როდესაც რუსული სამხედრო ნაწილები გადიოდა საქართველოდან, არ გვიტოვებდნენ ინფორმაციას, სად ტოვებდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებას. ამას სპეციალურად აკეთებდნენ. არც ერთ სამხედრო ნაწილს არ დაუტოვებია ინფორმაცია, სად იყო ასაფეთქებელი ნივთიერება. მხოლოდ 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც დაავიწყდათ ნიშნების ჩამოხსნა. საერთოდ, იმ ადგილებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებებია, სპეციალური ნიშნები ჰკიდია. ყველგან მოსხნეს, რამდენიმე ადგილას დარჩათ და ამით გადარჩა იქ ხალხი აფეთქებას.

– თქვენ არ მიმართავდით, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია?

– როგორ არა, გვატყუებდნენ, ყველაფერი გავიტანეთო და ვალდებულებაც ჰქონდათ, ეცნობებინათ და გავეფრთხილებინეთ. ჩვენები უკვე რამდენი წელია, სწავლობენ ამ საკითხს და უკვე მთლიანად განაღმულია ასეთი ადგილები.

– რაც უამრავი რესურსი დაჯდა, გარდა მსხვერპლისა და, სამხედრო ბაზების საკანალიზაციო სისტემებში ცემენტი ჩაასხეს.

– დიახ, იყო ასეთი შემთხვევებით. ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს დავიწყეთ ჩვენ მათი გაყვანა. ყველაზე დიდი საწვრთნელი პოლიგონი ჰქონდათ დავით გარეჯაში –  47 000 ჰექტარზე. 1990 წლის აპრილში მე მოვაწერე ხელი მთავრობის დადგენილებას და გავყარეთ იქიდან. ჩემთან მოვარდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი პატრიკეევი და მეხვეწა, მინისტრმა სამჯერ დამირეკა და მაიძულა თქვენთან მოსვლა, გააუქმეთ ეს განკარგულებაო. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავაუქმეთ.

– გასვლისას დანაღმეს ტერიტორია თუ რა ხდებოდა?

– მიწის ქვეშ საწყობებივით ჰქონდათ გაკეთებული სამხედრო ნაწილებში, სადაც ინახავდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რომლებიც გასვლისას უნდა გაეტანათ, მაგრამ დატოვეს.

скачать dle 11.3