როგორ დაუჯდა გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს 60 000 ლარი 30 000 ჰექტარზე გაშენებული ვენახის მოვლა
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე 1971 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში აქვს მიღებული, კერძოდ, ეკონომიკის ფაკულტეტზე და ეკონომიკური მეცნიერების მაგისტრია. რაკი გარემოს დაცვის საიტზე არ არის განთავსებული მისი დეტალური შრომითი ბიოგრაფია, ჩვენ არ ვიცით, როგორ დახელოვნდა პროფესიით ეკონომისტი გარემოს დაცვით საკითხებში. თუმცა სამინისტროს საიტზე მითითებულია, რომ ქ-ნ შარაშიძეს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ის სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა (მე უფრო პროზაულად ვიტყოდი – მუშაობდა) სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. სახელდობრ, გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეობამდე ჟენევაში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პანევროპული პროგრამის მენეჯერი იყო. აგრეთვე, საიტი გვამცნობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე 15-წლიანი მუშაობის განმავლობაში, ნინო შარაშიძე კოორდინაციას უწევდა რიგ საერთაშორისო გარემოსდაცვით პროცესებს საქართველოში.
უფრო დეტალურ ინფორმაციას ქ-ნი შარიშიძის საქმიანობის შესახებ გვამცნობს საჯარო სამსახურის ბიუროს საიტი. კერძოდ, აწ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს თავისი პირველი დეკლარაცია 2005 წელს შეუვსია, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამსახურის სამმართველოს უფროსს. ოჯახის წევრებად კი მიუთითებდა მეუღლეს, გიორგი ჟვანიას და 1994 წელს დაბადებულ ვაჟს, ბექას. იმ დროს ქ-ნი შარაშიძის ყოველთვიური ხელფასი 700 ლარს შეადგენდა.
მინისტრის პირველი მოადგილს აწ პარლამენტის წევრი მეუღლე გიორგი ჟვანია 1992-1994 წლებში სტაჟიორად მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში, 1994-1996 წლებში – „აიეტი ტივის“ მემონტაჟედ, 1996 წელს – გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალიტსად, 2000 წლიდან კი შპს „ბი ემ სის“ დამფუძნებელია.
კერძო საკუთრებას, 2005 წლის დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ ქ-ნი შარაშიძე ფლობდა: მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე; მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს ჩოხატაურის რაიონში და 1991 წელს გამოშვებულ ავტომანქანა „ვექტრას“. დეკლარაციის შევსების დროს ნინო შარაშიძეს 3 000 აშშ დოლარი ჰქონდა, გიორგი ჟვანიას – 3 000 ევრო.
რიგით მეორე და ჯერჯერობით ბოლო დეკლარაცია ქ-ნმა ნინო შარაშიძემ 2012 წელს შეავსო, როგორც გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. საიდანაც ვიგებთ, რომ 2006 წელს მეორე ვაჟი, ზურაბი შესძენიათ. რაც შეეხება უძრავ ქონებას: კვლავ ნინო შარაშიძის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ზოვრეთის ქუჩაზე, ასევე, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ჩოხატაურის რაიონში; გიორგი ჟვანიას საკუთრება კი – მიწის ნაკვეთი მანგლისში (1 645 კვ. მ ფართობის) და იქვე მშენებარე საცხოვრებელი სახლი (280 კვ. მ ფართობის); ამას გარდა, 30 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში.
გიორგი ჟვანია შპს „ბი ემ სის“ პარტნიორია და ამ საქმიანობამ 2011 წელს მას 96 400 ლარი მოუტანა. ასევე, არის შპს BOSSNER-ისა და გერმანიაში რეგისტრირებული Tibaneli GmbH-ის პარტნიორი, თუმცა ამას მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია. ამჟამად 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, თუმცა ქ-ნი შარაშიძის მიერ შევსებულ ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციაში ეს ფაქტი მითითებული არ არის.
გასულ წელს ქ-ნი შარაშიძე გაეროს გარემოს დაცვის ოფიცრად მუშაობდა და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 55 000 შვეიცარიული ფრანკი შეადგინა (დაახლოებით, 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი).
გასულ წელს გიორგი ჟვანიას 3 800 აშშ დოლარამდე დასჯომია იპოთეკური სესხისა და საკრედიტო ბარათის მომსახურება. სხვა გასავალიც ჰქონდა: კერძოდ, 60 000 ლარი დაეხარჯა ვენახის მოვლაზე.