რეაქცია მცოცავზე
კონკურენციის მოკრძალებული ხიბლი
თუმცა ოკუპაცია 5 წელზე მეტია, გრძელდება, დედაქალაქის ბიუჯეტი კი, იმ ოკუპაციიდან მოყოლებული, ფრიად მსუყედაც ფინანსდებოდა, თბილისის მერიის მესვეურებს მარტივმა და გენიალურმა იდეებმა ტვინი სულ ახლახან გაუნათა.
სახელდობრ, თბილისის მერმა ინიციატივა შემოგვთავაზა და გადაწყვიტა, რომ თბილისის მერიამ საოკუპაციო ზოლის პირას არსებული სოფლების მოსახლეობისგან ვაშლი უნდა შეიძინოს (რომ ისინი შემოსავლების გარეშე არ დარჩნენო). ეს ამბავი პირველებს ბ-ნმა უგულავამ თბილისისავე გამგებლებს ახარა.
მეორე მხრივ, მერიისავე ცნობით, ამ თხოვნით დედაქალაქის მთავრობისთვის სოფელ აძვის მოსახლეობას მიუმართავს და, რადგან „ხმა ღვთისა, ხმა ერისაო“, მათი ღაღადი იქ, ზემოთ, შეისმინეს. მეტიც, ბ-ნმა უგულავამ (თუმცაღა, დედაქალაქის ბაღები გააფასიანა) გამგებლებს ისიც შესჩივლა, რომ საზღვრისპირა სოფლებში ბავშვები განათლებას ვერ იღებენ, რა თქმა უნდა, უსახსრობის გამო, ამიტომაც, პირველს მეორე ინიციატივაც მიაყოლა და ბრძანა, რომ ოკუპირებული სოფლების მკვიდრნი უფასოდ ისწავლიან სკოლების დაქვემდებარებაში მყოფ სახელოვნებო სკოლებში.
ბუნებრივია, მეტად სასიხარულოა (ამაღლებულს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც, ყვავისა და კაკლის პრინციპით), თუკი დედაქალაქის მთავრობა საზღვრისპირა მოსახლეობას შეეწევა და მცოცავზე (მცოცავი ოკუპაცია მაქვს მხედველობაში) მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია, თუმცა, სავარაუდოდ, ძაღლის თავი მაინც კონკურენციის მოკრძალებულ ხიბლშია დამარხული.