გასამზითვებელი
არგოთ სარგომ
მართალია, ჩემს სოციალურსივრცელ ვირტუალურ მეგობრებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ეწევიან ქართველი კანონმდებლობის მძიმე, თუმცა, მსუყედ ანაზღაურებულ ჭაპანს, შეკითხვით მივმართე, რამდენად გამართლებული ჰგონიათ პარლამენტის რეგლამენტის ის მუხლი, რომელიც დეპუტატ მარიამ საჯაიას ერთი წლით სასწავლებლად წასვლისა და, ამის პარალელურად, საპარლამენტო ხელფას-პრივილეგიების უფლებას აძლევს, მათ პირში წყალი დაიგუბეს, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი ეთანხმებიან (ეჭვი მაქვს, იმ იმედით, იქნებ ჩვენც ოდესმე ვიხეიროთო).
ამასობაში კი, ოფიციალური ინფორმაციით, მაგალითად, სექტემბერში სასწავლებლად ოკეანის გაღმა წასულმა ქ-ნმა საჯაიამ, როგორც საქართველოს კანონმდებელმა, ხელფასად 4 190 ლარი მიიღო (სწორედ ამ თანხას იღებენ ჩვენი რიგითი რჩეულები), საიდანაც 2 000 თანამდებობრივი სარგოა, სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა 1 790-ია, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებისთვის დანამატი 400 ლარს შეადგენს.
2 000-ლარიანი თანამდებობრივი სარგოს გაცემას კიდევ გაიგებდა საქართველოს თვით ყველაზე შეჭირვებული მოქალაქე (კანონის მოთხოვნააო), მაგრამ, აი, სრულიად გაუგებარია, რა პრინციპით ეკუთვნის სადეპუტატო უფლებამოსილებისთვისა და ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი თანხა ამჟამად ოკეანის გაღმა მყოფს?! მაგრამ, როგორც ჩანს, არ დაწვრილმანდნენ.
ჰოდა, რაკი არც წვრილმანდებიან და მათთვის უსვრია ერთად აღებულ ყველა „ავრორას“, იქნებ, ჩვენც მოგვეჩხრიკა ჯიბეები და, სანამ ქ-ნი საჯაია ცოდნას იღრმავებს და უშრომელ ხელფასსაც იგროვებს, მზითევი შეგვეგროვებინა, რომ სამშობლოში დაბრუნებული ორმაგად გაგვეხარებინა?!