რას ურჩევენ ფსიქოლოგები პირველკლასელთა მშობლებს და რას არ უნდა დაამთხვიოთ შვილის სკოლაში მიყვანა
სკოლა მოზარდისთვის ცხოვრების ახალი, უცხო ეტაპია, რომელსაც ბევრი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ბარიერი ახლავს. პირველსკლასელთათვის ახალ გარემოსთან ადაპტაცია რთული პროცესია. რა პრობლემების წინაშე დგება მოზარდი სკოლაში მისვლის დროს და როგორ უნდა გავუადვილოთ მას ცხოვრების ახალი ეტაპი, ამის შესახებ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ფსიქოლოგს, არტ-თერაპევტს, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის განვითარების ჯგუფის წევრს ანა ცინაძეს გავესაუბრეთ.
– ვიდრე უშუალოდ შევეხებოდეთ პირველკლასელთა ადაპტაციას სკოლაში, კარგი იქნება, თუ გავარკვევთ, რა ასაკის ბავშვებზეა ამ შემთხვევაში საუბარი. თუ ვისაუბრებთ ექვსიდან შვიდ წლამდე ბავშვებზე, მათი ადაპტაცია სკოლაში ზოგადად, გაცილებით ადვილად მიმდინარეობს თუმცა, ამ პროცესის წარმატებული მიმდინარეობა ბევრადაა დამოკიდებული ბავშვის უახლოეს გარემოცვაზე, თავად ბავშვზე, მასწავლებელზე. მხედველობაში მაქვს ის, თუ როგორია ბავშვის ოჯახური მდგომარეობა სახლში, როგორი დამოკიდებულება აქვთ მისდამი მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებს, რამდენად არის თუ არა ის მზად სკოლისათვის, არა მარტო გონებრივად არამედ ფსიქოლოგიურადაც. თუ აქვს საერთოდ სურვილი, რომ ბაღი ჩაანაცვლოს სრულიად ახალი გარემოთი, რომელსაც სკოლა ეწოდება. ბავშვის სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება გეგმაზომიერად და გააზრებულად უნდა მიიღონ მშობლებმა. მათი გადაწყვეტილება მხოლოდ იმით არ უნდა იყოს ნაკარნახევი, რომ ბავშვს უკვე შეუსრულდა 6 წელი. თუმცა, ბევრი პირველკლასელი სწავლის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ხდება სრული ექვსი წლის. რა არის იმისთვის საჭირო, რომ ბავშვი ადვილად შეეგუოს მისთვის სრულიად უცნობ, ახალ გარემოს? უპირველესად, აღვნიშნავ, რომ სასურველია, თუ ბავშვის სკოლაში მისვლა არ ემთხვევა მისი დისა ან ძმის დაბადებას. მხედველობაში მაქვს ის პერიოდი, როცა ის სკოლაში მიდის. მესმის, ზოგჯერ რთულია ამ პირობის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს მეტად მნიშვნელოვანია თქვენი უფროსი შვილისთვის. მას ისედაც რთული პერიოდი აქვს და დის ან ძმის დაბადება მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაამძაფრებს. რატომ? – შეიძლება დასვათ კითხვა. როდესაც ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი იბადება, როგორც წესი, მის მიმართ განსაკუთრებულ სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას იჩენენ და უფროსი შვილი ამ დროს თავს გარიყულად, ხანდახან ზედმეტადაც კი გრძნობს. თუ მას ორ-სამ თვეში სკოლაში წასვლა უწევს, წარმოიდგინეთ, მისი მდგომარეობა: ის უცბად „გადაიქცევა უფროსად“, რომლისგანც მეტი მოთმინება, პასუხისმგებლობა – ყველაფერი მეტი მოეთხოვება. მაშინ, როდესაც სინამდვილეში, სწორედ მას ესაჭიროება მშობლების განსაკუთრებული სითბო და ყურადღება, გამხნევება და მხარდაჭერა.
– როგორ გავუადვილოთ ბავშვს სკოლასთან შეგუების პროცესი?
– სხვა ფაქტორთა შორის შემიძლია, დავასახელო ის, რომ სასურველია, თუ ბავშვს სკოლას გააცნობთ არა სწავლის დაწყების პირველ დღეს, არამედ გაცილებით ადრე. შესაძლოა, ეს პრაქტიკა, რომელზეც მე მოგახსნებთ, ნაკლებადაა დანერგილი საქართველოში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის საგრძნობლად გააუმჯობესებდა ბავშვთა სკოლასთან შეგუებას. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, სკოლის ასაკის ბავშვებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ სექტემბრამდე (დავუშვათ, გაზაფხულზე) მისულიყვნენ სკოლაში, გაეცნოთ მასწავლებელი, შესულიყვნენ თავიანთ მომავალ კლასში. ჰქონოდათ მასწავლებელთან გასაუბრების და საერთოდ, ურთიერთობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, საუკეთესო შედეგი შეიძლებოდა მიგვეღო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ არჩეულ სკოლაში იქნებოდა ეგრეთ წოდებული მოსამზადებელი კურსები, სადაც მთელი წლის, ან ექვსი თვის განმავლობაში თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად მოამზადებდნენ ჩვენს შვილებს სკოლისათვის. მეცადინეობები ამგვარ კურსებზე შეიძლება ჩატარდეს კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ სახალისო, კეთილგანწყობილ და სასიამოვნო გარემოში მომავალი მასწავლებლის მიერ. ასეთი სახის პრაქტიკა არსებობს უცხოეთის ქვეყნებში და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.
- ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია პირველკლასელის შეჩვევა სასწავლო პროცესთან, როგორ შევაყვაროთ ბავშვს სწავლა?
– ამაზე ფიქრი ბავშვის დაბადებიდან უნდა დავიწყოთ. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ორი წლის ბავშვი, რომელიც სწავლობს უმოძრაოდ მერხთან მიმჯდარი? რა თქმა უნდა, არა. ბავშვი სამყაროს პრაქტიკულად შეიცნობს: გემოს გასინჯვით, ხელის წავლებით, ყნოსვით, ციბრუტივით ტრიალით, კითხვების დასმითა და ექსპერიმენტების ჩატარებით. ამასთან, მისი შემეცნების სიჩქარე ჭეშმარიტად ფენომენალურია. სამწუხაროდ, მას მერე, რაც პატარები ტოვებენ საბავშვო ბაღს, ძალიან ხშირად, სწავლება მათთვის მოსაწყენი ხდება. ბევრ სკოლაში ბავშვებს მერხთან წყნარად ჯდომასა და მასწავლებლის მოსმენას აიძულებენ, იმის მაგივრად, რომ იმსჯელონ, კითხვები დასვან, გამოიკვლიონ და აქტიურად ჩაებან ამა თუ იმ საგნის შესწავლის პროცესში. იმისთვის, რომ რამე სწრაფად და კარგად შევისწავლოთ, საჭიროა ეს „რამე” დავინახოთ, გავიგონოთ და შევიგრძნოთ.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ აღიქვამენ საერთოდ სკოლას მომავალი პირველკლასელის ოჯახში. რა აზრი ან შეხედულება აქვს მაგალითად, უფროს დას ან ძმას, რას ამბობენ ისინი სკოლის შესახებ. ერთი სიტყვით, როგორი განწყობა იქმნება სკოლის მიმართ ბავშვის უშუალო გარემოცვაში.
– თქვენ ხუთწლიანების თემა ახსენეთ...
– არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ 5 წლის ასაკში ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები იმაზე მიგვითითებს, რომ მისი წამყვანი საქმიანობა თამაშია. ამიტომ, ამ ასაკში ბავშვის ფსიქოემოციური მზაობა სკოლისთვის ვერ შეედრება 6-წლიანთა მდგომარეობას ამ მხრივ.
ერთი მხრივ, გვყავს მშობლები, რომლებიც ისწრაფიან ადრეული სასკოლო განათლებისაკენ და ცდილობენ, შვილები 5 წლის ასაკში შეიყვანონ სკოლაში (ბავშვი 18 წლისა ხომ არ დაამთავრებს სკოლას?! - ამბობენ ისინი). მეორე მხრივ კლასში გვხვდებიან ერთი ციდა ბავშვები, რომელთა შემეცნებითი, ნებელობითი, ფიზიკური და ემოციურ-პიროვნული მზაობა ჯერ არ დამდგარა; სასწავლო პროგრამა, რომელიც გათვლილია სტანდარტული განათლების სისტემაზე და სულაც არ ითვალისწინებს ხუთწლიანთა ასაკობრივ თავისებურებებს და რა თქმა უნდა, პედაგოგები, რომელთაც რეალურად უჭირთ ამ სასწავლო პროგრამის ფონზე თანაბარი და ჯეროვანი ყურადღება დაუთმონ თითოეულ ბავშვს მათი მრავალრიცხოვნების გამო.
– რას გრძნობს ბავშვი, რომელიც არ არის სკოლისთვის მზად და მიუხედავდ ამისა, უნდა წავიდეს სკოლაში?
– ამ დროს ბავშვს უფროსების, მშობლების, მასწავლებლების გულისხმიერება, სითბო, ყურადღება და თანადგომა სჭირდება. აბა, წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გითხრეს, რომ მალე ახალ სამსახურში გადახვალთ, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ, თვალითაც არ გინახავთ და შეასრულებთ სამუშაოს, რომელიც არასდროს შეგისრულებიათ. როგორ იგრძნობთ თავს? ალბათ, უამრავი კითხვა გაგიჩნდებათ, რომ არ ვილაპარაკოთ იმ განსაკუთრებულ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც უდავოდ დაგეუფლებათ ამ შეტყობინების მიღებისას. აი, დაახლოებით, ასე გრძნობს თავს პატარა, ოღონდ მას მოვლენების აღქმა კიდევ უფრო გამძაფრებული აქვს, კიდევ უფრო უჭირს ამ არაერთგვაროვან სიტუაციაში. ამიტომ, დაუდექით მას გვერდით. თუ ბავშვი ტირის, ანუგეშეთ. ნუ აუკრძალავთ ტირილს, რადგან ის „უკვე დიდი გოგოა“ ან „დიდი ბიჭია“. გაიზიარეთ მისი ტკივილი, გააგებინეთ, რომ ბევრ სხვა ბავშვსაც აქვს და ჰქონია ასეთი მდგომარეობა, მათ შორის თქვენც (თუ ეს მართალია). მხოლოდ გრძნობების თანაგაზიარებითა და გულისხმიერებით იგრძნობენ ისინი, რომ ჩვენ მათ გვერდში ვუდგევართ. ესაუბრეთ შვილებს ძილის წინ, ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით მშვიდი და გახსნილია, განწყობილია გულწრფელი საუბრისთვის.