როცა კანონები იცი
ქალაქში ცნობილ ადვოკატს ყოველთვის უამრავი საქმე ჰქონდა. მისი კლიენტებიც ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანები იყვნენ, მაგრამ, მათ შორის ერთი მაინც გამოირჩეოდა: მისტერ როზი ხოზი სნოუ, თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, ოთხი მილიონის პატრონი იყო, ფლობდა რამდენიმე საწარმოს და მასვე ეკუთვნოდა ბანკი. 60 წლამდე მიღწეული მილიონერი მოკრძალებულ, თითქმის ასკეტურ ცხოვრებას მისდევდა. ცოლი არასდროს ჰყოლია. მთელ მის ოჯახს ორი ობოლი ძმისშვილი შეადგენდა. მართალია, ძმები ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ, ბიძასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ – ორივე მასთან მუშაობდა, ბანკში. თუმცა, ეს სამუშაო გულზე აშკარად არ ეხატებოდათ. სიმღერა უყვარდათ და ამ საქმეში საკმაო პროფესიონალიზმსაც ავლენდნენ, მაგრამ, რომელი ტექსტს წერდა და რომელი – მუსიკას, არავინ იცოდა. ქალაქის პრესტიჟულ კლუბებში უკრავდნენ და მღეროდნენ. ისეთი გარეგნობის იყვნენ, ადვილად ექცეოდნენ საზოგადოების საყოველთაო ყურადღების ცენტრში, მაგრამ, ადამიანებთან დისტანცია ეჭირათ, რაც ცოტათი იდუმალების ბადეში ხვევდა მათ პიროვნებებს. ადვოკატსაც კი, რომელსაც, წესით, მეტი უნდა სცოდნოდა ძმისშვილების შესახებ, თითქმის არანიაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მათზე.
ქალაქში ბომბის აფეთქებასავით გახმაურდა ამბავი ხოზი სნოუს მკვლელობის შესახებ. მილიონერის გვამი პოლიციამ მისსავე სახლში აღმოაჩინა – ტყვია პირდაპირ შუბლში ჰქონდა მოხვედრილი ახლო მანძილიდან. ერთ საათში სნოუს ძმისშვილი – ბენი დააპატიმრეს. ძმისშვილების გარდა, მოკლულს სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა. 21 წლის ყმაწვილს წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია. ერთადერთი, ის ითხოვა, ჩემს ადვოკატს შეატყობინეთო და მშვიდად გაჰყვა პოლიციელებს. როცა ადვოკატი სტოუნი საპატიმროში მივიდა, ბენი წყნარად იჯდა საკანში და სრულიად უშფოთველად კითხულობდა გაზეთს.
– ბენ, შენ ხომ არ ჩაგიდენია ეს? – ჰკითხა სტოუნმა.
ბიჭმა მხრები გულგრილად აიჩეჩა:
– რა გითხრათ, ისინი ამბობენ, რომ მე ჩავიდინე.
ადვოკატს უცნაურმა ეჭვმა დაუწყო ღრღნა, მაგრამ, თავს უფლება არ მისცა, ჩაღრმავებოდა მას. უარესი კი ის იყო, რომ ბენის მიმართ სიძულვილიც იგრძნო.
– თქვენ მარტო ის უნდა გააკეთოთ, რომ მოწმედ ჩემი ძმა, ორვილი გამოიძახოთ.
– კი მაგრამ...
– მისტერ სტოუნ, თქვენ ჩემი ადვოკატი ხართ, გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით!
ადვოკატს ისღა დარჩენოდა, დათანხმებოდა.
სასამართლო პროცესზე დარბაზში ბევრი ცნობისმოყვარე შეიკრიბა. მოსამართლე თავდაჯერებული იყო, იჯდა და ფურცელზე რაღაცას ხატავდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ საქმეს მარტივად, ერთ პროცესში მორჩებოდა და მკვლელს ჩამოხრჩობის განაჩენს გამოუტანდა. სტოუნი სკამზე წრიალებდა, ნაფიცი მსაჯულებიც შფოთავდნენ. ერთადერთი, ბენი იჯდა აუღელვებლად და შესაფერის მომენტს ელოდა, ანუ, იმ დროს, როცა ადვოკატი მოწმედ მის ძმას გამოიძახებდა.
– მოწმე ორვილ სნოუ, მოყევით, რა მოხდა იმ საღამოს, როცა ბიძათქვენი საკუთარ სახლში შუბლგახვრეტილი იპოვეს!
– ვფიცავ, ყველაფერს სიმართლეს ვამბობ, – ხელი ასწია ორვილმა, – იმ საღამოს მე და ჩემი ძმა სამზარეულოში ჩაის ვსვამდით, როცა პოლიციელები შემოგვიცვივდნენ. პირდაპირ ბენს მისცვივდნენ, ხელბორკილები დაადეს და უთხრეს, რომ ბიძია მოკლა. ჩემთვის არაფერი უკითხავთ. რომ ეკითხათ, სიმართლეს ვეტყოდი.
– სიმართლეს?! და... რა არის ეს სიმართლე?
– ის, რომ ბიძა მე მოვკალი. მე ვარ მკვლელი და არა ბენი.
სასამართლო დარბაზში გამაყრუებელი ხმაური ატყდა. მოსამართლეს ჩაქუჩი გაუვარდა ხელიდან. პოლიციამ მაშინვე დააპატიმრა ორვილი, როგორც კი მან თავისი ბოლო სიტვები წარმოთქვა. ბენი არ არის დამნაშავე?! ადვოკატმა წყალი მოსვა და გაფითრდა. მან უკვე ზუსტად იცოდა, რა თამაში წამოიწყეს ძმებმა: იმ შტატის კანონებით, ვერდიქტი რომ გამოეტანათ ნაფიცი მსაჯულებისთვის აუცილებელი იყო, რომ ეჭვმიტანილის მიმართ არსებულიყო საფუძვლიანი ეჭვი. ერთი და იმავე დანაშაულისთვის, ერთხელ უდანაშაულოდ ცნობილ ადამიანს ვეღარ დაიჭერდი და ვერც გაასამართლებდი... ადვოკატმა მუხლებში სისუსტე იგრძნო, როცა გაიგონა ავბედითი სიტყვები: „ჩემი მოწმე ბენი იქნება. თქვენ ერთადერთი რამ გევალებათ – გამოიძახოთ ჩემი ძმა მოწმედ სასამართლოს სხდომაზე“...
იმ საღამოს ადვოკატმა ორვილი საკანში ინახულა.
– მომისმინე, ორვილ, ხოზი ერთ-ერთმა თქვენგანმა მოკლა. არ მიგაჩნია, რომ, მე, როგორც თქვენმა ადვოკატმა, სიმართლე უნდა ვიცოდე?
– არა, არ მიმაჩნია, – ჩაიცინა ორვილმა.
– როგორც ვატყობ, ჩვენი შტატის კანონები კარგად წაგიკითხავთ.
– ჰო, რა არის ამაში ცუდი? ძალიან საინტერესო რაღაცეები წერია შიგ და, თანაც, კანონებს უნდა იცნობდე, ასე არ არის?
მეორე დღეს სასამართლო დარბაზში ნემსის ყუნწი არ ჩავარდებოდა. მოსამართლე ჭარხალივით იყო გაწითლებული და თითებს იკვნეტდა. ადვოკატივით, ისიც, სავარაუდოდ, ჩასწვდა საქმის არსს, მაგრამ, არაფრის შეცვლა არ შეეძლო – ეს უკვე აღემატებოდა მის კომპეტენციას. შეურაცხყოფილსა და გამწარებულს, ბრალდებულისკენ არც კი გაუხედავს... ხოლო, როცა ბენმა ზუსტად ისეთივე ისტორია მოყვა ბიძის მკვლელობაზე, როგორიც წინა დღეს მისმა ძმამ, მოსამართლე ადგილიდან წამოხტა:
– განა ეს წარმოუდგენელი ტყუილი არ არის? როგორ შეიძლება, ერთ დღეს უდანაშაულო იყო მკვლელობაში, მეორე დღეს კი – დამნაშავე?!
ბენმა გაოცებით ასწია წარბები:
– განა მე ერთხელ მაინც ვთქვი, უდანაშაულო ვარ-მეთქი? გადაწყვეტილება ხომ თქვენ მიიღეთ?
მოსამართლე ლამის გულწასული დაენარცხა სკამზე. ამჯერად ბენს ვერაფერში შეედავებოდი. ადვოკატმა იმ დღეს თავის ცხოვრებაში ყველაზე მოკლე, მაგრამ, ყველაზე მძიმე სიტყა თქვა.
– ძვირფასო ნაფიცო მსაჯულებო! ამ ორი ძმიდან ერთ-ერთმა საშინელი მკვლელობა ჩაიდინა. მაგრამ, შემიძლია, სახარებაზე დავიფიცო, რომ, ისევე, როგორც თქვენ, წარმოდგენა არ მაქვს, რომელი მათგანია მკვლელი. ამიტომ, თქვენს ადგილას რომ ვიჯდე, აუცილებლად ვიტყოდი, ერთადერთ სიტყვას ბრალდებულის მიმართ – „უდანაშაულოა“!
ნაფიცმა მსაჯულებმაც იგივე გაიმეორეს. როცა ძმები დარბაზიდან გადიოდნენ, სახეზე ღიმილი ჰქონდათ. ადვოკატს არ შეეძლო, არ ეღიარებინა ერთი დიდი პლუსი ამ უცნაური ძმებისა – ერთს მაინც რომ გაეწირა მეორე, რაც სრულიად შესაძლებელი იყო, უპრობლემოდ მიიღებდა სამ მილიონს და არა მემკვიდრეობის ნახევარს, როგორც ორივეს უდანაშაულობის შემთხვევაში. ისინი ფსონს ერთადერთ კარტზე ერთმანეთის მიმართ ერთგულებაზე ჩამოვიდნენ და მათ გამოცდას გაუძლეს – იდეალური დანაშაული შედგა...