მზესავით მბრწყინავი
„სახელმწიფო – ეს მე ვარ!“ – თქვა ერთხელ ლუდოვიკო დიდმა, მეფე-მზემ. ის 72 წელი მართავდა საფრანგეთს და ევროპელ მონარქებს შორის მმართველობის რეკორდი მოხსნა. ნათქვამია, ლაქები მზესაც აქვსო და მისი ცხოვრება სავსეა უამრავი პიკანტური დეტალით.
თავად ლუდოვიკოს დაბადებაც სასწაული იყო: ლუდოვიკო მეცამეტესა და ანა ავსტრიელს 22 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი. ლუდოვიკო 1638 წლის 5 სექტემბერს მოევლინა ქვეყანას და ახალშობილს ორი ჯანმრთელი კბილი ჰქონდა. ფრანგებმა ეს ღვთიურ ნიშნად მიიჩნიეს. ლუდოვიკო არ იყო განათლებული. ეგოისტურმა და ქარიზმატულმა მემკვიდრემ მეფობას ჭეშმარიტად გაუგო გემო მხოლოდ მაზარინის სიკვდილის შემდეგ – 1661 წელს. ლუდოვიკო სერიოზულად დაკავდა სახელმწიფო საქმეებით და მის დროს საფრანგეთი ევროპის ერთ-ერთ ძლიერ სამეფოდ იქცა.
ლუდოვიკოს უყვარდა ცეკვა და „პატარა“ ომები – მოახტებოდა ცხენს და მეზობლებს „საქმეებს ურჩევდა“. ამან საფრანგეთს შესძინა ფლანდრია, ელზასი, ლოტარინგია, ფრანშკონტე, ლუქსემბური, სტრასბურგი და მიწები ბელგიაში.
ლუდოვიკომ მთლიანად შეცვალა საფრანგეთის სამეფო კარის ეტიკეტი. შემოიღო წარმოუდგენელი ფუფუნება და რეგლამენტირებული მოძრაობაც კი... ევროპა ბაძავდა საფრანგეთსა და მის ბრწყინვალე კარს – სწორედ ეს იყო მოდის ჩანასახი. „მოდა“ ამ დროს დაიბადა. ლუდოვიკომ მოსპო მანამდე გაბატონებული ჩაცმის ესპანური სტილი: გაქრა მჭიდრო კორსეტი, მაღალი საყელო და უსიცოცხლო ფერები. მთელი სამეფო კარი განათდა და ახასხასდა.
ლუდოვიკო და...
წინდები: ლუდოვიკოს დროს მოდაში იყო გრძელი, ფერადი წინდები. მათ ხელით ქსოვდნენ. ვინმე ინგლისელმა უილიამ ლიმ გამოიგონა წინდების საქსოვი მანქანა, მაგრამ ინგლისში ამ სიახლემ პოპულარობა ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, ლუდოვიკოს მინისტრმა, ჟან-ბატისტ კოლბერმა, საფრანგეთში ჩაიყვანა ლი და ტრიკოტაჟის მანუფაქტურა შეუქმნა. ინგლისელი ლი საფრანგეთის ნაციონალური გმირი გახდა.
ახალი მთვარე: 1700 წელს ლუდოვიკომ ახალი საუკუნის დაწყება და საკუთარი დაბადების დღე საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნა: გადაწყვიტა, რადგან მზე ვარ, ახალი თანამგზავრიც მჭირდებაო. ვერსალში მოიძიეს უზარმაზარი, ყველაზე დიდი ქვემეხი, ჩამოასხეს მისთვის ძალიან დიდი ჭურვი და დააქუხეს. ჭურვი დედამიწაზე აღარ ჩამოვარდნილა (ან, სპეციალურად არ იპოვეს). ლუდოვიკოს სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ამით მან დედამიწის ახალი თანამგზავრი შექმნა.
პარიკი: როგორც კი ლუდოვიკოს გამელოტება დაეწყო, მაშინვე გამოსცა კანონი პარიკების სავალდებულო ტარების შესახებ. პარიკებს დღეში მინიმუმ სამჯერ იცვლიდნენ. სულ პარიკის ორმოცი ნაირსახეობა არსებობდა და დაწესებული იყო მათი გამოყენება ვერსიების მიხედვით: დილით შავი პარიკი უნდა ეტარებინათ, შუადღისას – წაბლისფერი, საღამოს – კაშკაშა ყვითელი ან ღია ჩალისფერი.
ცრურწმენები: ლუდოვიკო საშინლად ცრუმორწმუნე იყო. ერთხელ ყოფილმა საყვარელმა დე ბლანმა ცხვირსახოცი აჩუქა და უთხრა: ატარე მუდამ. მოიხსნი თუ არა, სამეფოს დაკარგავო და ლუდოვიკომ ეს დაიჯერა. ცხვირსახოცი საკმაოდ მოუხერხებელი იყო – ედებოდა პარიკს, ისვრებოდა საკვებით, მაგრამ, ლუის სამეფო გაცილებით ძვირად უღირდა. ყოველ საღამოს ცხვირსახოცს რეცხავდნენ, დილით კი ისევ „მზეს“ ეკეთა კისერზე.
მეორე ცოლი – დიახ, ლუდოვიკომ კანონიერი ცოლის, მარი-ტერეზას სიკვდილის შემდეგ, ჩუმად იქორწინა თავის საყვარელზე – ფრანსუაზა დობინე მარკიზა დე მენტენინზე. ქალმა მეფეს თავისი ინტელექტუალური საუბრებით შეაყვარა თავი და ჩამოაშორა მარკიზა დე მონტესპანი, რომელიც თხუთმეტი წლის განმავლობაში იყო მეფე-მზის საყვარელი. მას ტერორში ჰყავდა დიდებულები, მაგრამ, მფარველობდა ხელოვნებას.
P. S. ვერსალის აგების იდეა მთლიანად ლუდოვიკოს ეკუთვნის. მის აშენებაზე დაიხარჯა 30 წელი და 400 მილიონი ფრანკი, რაც სულაც არ არის დიდი თანხა მის გრანდიოზულობასთან შედარებით.