კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-39(665) 

 

ჩვენ... ღმერთები

ლევანმა ცოლს ფრთხილად გადაუსვა მკლავზე ხელი... ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკუთარ თავთან ბრძოლამ დაღალა. ლიზაც ისე იყო შეცვლილი... სახლში კერძების მომზადებაც კი დაიწყო. მართალია, კაცისთვის ეს სულაც არ წარმოადგენდა აუცილებლობას და არც იმას ფიქრობდა, რომ კარგი ცოლობა კარგ მზარეულობას ნიშნავდა, მაგრამ, მაინც სასიამოვნო იყო სამზარეულოში მოფუსფუსე, ქმარზე მზრუნველი ცოლის ყურება.

– ლიზა, ხომ კარგად ხარ? – ჰკითხა ოდნავი დაეჭვებით.

ქალმა გადაიკისკისა:

 – რა უცნაური ხარ, რატომ მეკითხები ამას?

– რა ვიცი. უბრალოდ... ძალიან სხვანაირი გახდი. ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ... – კაცმა წინადადება აღარ დაასრულა.

ლიზამ წარბები ასწია:

– ანუ, ხომ არ ვთამაშობ... ამის თქმა გინდოდა? ლევან, მე ხომ უკვე გელაპარაკე ამაზე? ხომ აგიხსენი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაფერი სხვანაირად არის? მოდი, ასე ვთქვათ, – გავიზარდე. შეიძლება, დამღალა ჩემმა ძველმა ცხოვრებამ და ოჯახური სიტუაცია მომენატრა...

– კარგია. მომწონს შენი ასეთი სახეცვლილება. რაღაცნაირი ხარ.... ისევ იმას ვხედავ შენში, რაც ადრე მომწონდა და მაგიჟებდა.

– ოჰ, რა საინტერესოა! – ლიზა ქმარს კალთაში ჩაუჯდა და ლამაზი, შიშველი ფეხები სავარძლის სახელურზე შემოაწყო, – აბა, მომიყევი, რა გაგიჟებდა ჩემში.

– ბავშვური მიამიტობა და სიცელქე... მახსოვს, პირველად რომ გნახე, ვიფიქრე, რომელიღაც ზღაპრიდან გადმოსული გმირია-მეთქი.

– რა საყვარელი ხარ... – ლიზა ქმარს მიეხუტა, – მაინც, რომელი ზღაპრიდან, თოვლის დედოფალი ხომ არ გეგონე? იცოდე, ძალიან არ მომეწონება იმ ცივ, უგულო, ამპარტავან ქალთან შედარება. თუმცა, ვაღიარებ, ხასიათში რაღაც მისეული მართლა მაქვს – პრინციპული და ჯიუტი ვარ. თანაც, ყოველთვის ვაღწევ იმას, რაც მსურს.

– არა, არა, რა თოვლის დედოფალი... უფრო „რუსალკას“ შეგადარე, ქალთევზას.

– უი, ესე იგი, კუდიანი ვარ? – ვითომ გაბრაზდა ლიზა.

– თევზის კუდი კუდიანობას ნიშნავს? – დაიბნა კაცი, – მაგას არ ვგულისხმობდი. არ გახსოვს, ზღაპარში ქალთევზა როგორი საყვარელია?!

– შენ როგორ კარგად გახსოვს ზღაპრები! ისე, საყვარელო, ყველა ზღაპარი ერთი დიდი ტყუილია, ამიტომ, ბავშვობაშიც არ მიყვარდა. მაგ ქალთევზას კი თვითშეფასების კრიტერიუმი ჰქონდა დაბალი.

კაცმა ხმამაღლა გაიცინა:

– საწყალი ქალთევზა... გაანადგურე.

– ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო. ზღაპრებში კი ჯადოსნური ჯოხის აქნევით ხდება სასწაულები, ბავშვებიც ტყუვდებიან და მერე, მთელი ცხოვრება კეთილი ფერიის მოლოდინში არიან. იცი, მე უკვე ერთი წლისამ ვიცოდი, რომ არანაირი თოვლის ბაბუა არ არსებობდა – თავიდანვე გარკვეული მქონდა ყველაფერი.

– საჩუქრებზეც უარს ამბობდი?

– არა, საჩუქრებზე უარს არასოდეს ვიტყვი, რა სისულელეა. ეგეთი სულელიც არ ვარ. პირდაპირ მივდიოდი მამაჩემთან და ვეუბნებოდი: არ გინდა, საახალწლოდ ახალი სათამაშოები, კაბა, ფეხსაცმელი მიყიდო-მეთქი?!

– ჩემთანაც ხომ იგივე მეთოდი გაქვს, – გაეღიმა ლევანს.

– ჰო. არ მოგწონს?

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, მე რომ მიყვარს ზღაპრები?!

– გიყვარდეს, ავიტან როგორმე. მით უმეტეს, რომ შენი ეგ თვისება მალე ძალიან გამოგადგება.

კაცი დაიძაბა, ცოლს სახეში ჩააშტერდა და დაუფარავი შეშფოთებით ჰკითხა:

– რას გულისხმობ?

– ხომ გახსოვს, რომ გეუბნებოდი, ბავშვი მინდა-მეთქი... მგონი, გამოგვივიდა.

– რა?! ლიზა, არ გადამრიო!

– ჰო, უნდა გადაირიო. ორივე უნდა გადავირიოთ. შვილი გვეყოლება... საყვარელი, ბუნჩულა, ლამაზთვალებიანი და შენსავით  თბილი... გიხარია?

– ლიზა, მითხარი, რომ მეხუმრე!..

– მე? არც მიფიქრია... ბავშვი აუცილებლად გვეყოლება. ოღონდ, ჯერ არა. რაღაც დრო ნამდვილად დასჭირდება.

– ლიზა...

– რას აიჩემე – ლიზა, ლიზა!.. – გაცხარდა ქალი, – ჰო, ლიზა მქვია, შენი ცოლი ვარ და მალე შვილსაც გაჩუქებ.

ლევანმა ამოიოხრა. ცოლს მსუბუქად უბიძგა და აიძულა, მუხლებიდან ამდგარიყო. სიგარეტს მოუკიდა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ლიზა დაძაბული ადევნებდა თვალს, ბოლოს ვეღარ მოითმინა.

– რა იყო, ლევან? რაღაც, ძალიან შეგაშინა ჩემმა ახალმა ამბავმა.

– შემაშინა? არანაირად. რატომ უნდა შემშინებოდა? უბრალოდ, მოულოდნელი იყო და ცოტა დავიბენი.

– ახლა უკვე სერიოზულად გავბრაზდები. ბოლო დროს სულ ბავშვზე და ჩემს ფეხმძიმობაზე ვლაპარაკობდი... ახლა, არ თქვა, არაო...

– ლაპარაკი ერთია, ფაქტის წინაშე რომ დააყენებ ადამიანს – მეორე!

– ლევან, რაღაც გეშლება. ფაქტის წინაშე შეიძლება საყვარელი დააყენო. შენ ჩემი ქმარი ხარ.

– ჰო, ასეა... თუმცა...

– რა გინდა, ახლა, ნერვები მომიშალო და ამატირო? – ასლუკუნდა ლიზა და ლევანიც მაშინვე მოლბა: ცოლთან მიიჭრა, ხელები მოჰხვია და მაგრად ჩაიხუტა. ქალი ყასიდად გაუძალიანდა:

– მომშორდი... მე კი, სულელს, მეგონა, ძალიან გაგეხარდებოდა... 

– გამიხარდა. ხომ არ ვამბობ, არ გამიხარდა-მეთქი?!

– რა ვიცი, ლამის გაიქეცი სახლიდან...

– არსადაც არ გავქცეულვარ, დამშვიდდი, – სერიოზულად თქვა კაცმა.

– ძალიან მშვიდად ვარ. მალე დედა გავხდები და ვიცი, რომ წვრილმანების გამო არ უნდა ვინერვიულო. თუ არ გინდივართ, არც ეგ იქნება პრობლემა – ბავშვს მარტოც მშვენივრად გავზრდი, უშენოდ...

– აბა, მოეშვი სისულელეებს და ეგ აღარასდროს გაიმეორო! მარტო გაზრდი კი არა, ხვალ მე თვითონ წაგიყვან საუკეთესო ექიმთან. ახლა შენ განსაკუთრებული მოვლა გჭირდება. ყურადღებას არ მოგაკლებ. ის კი არა, სამსახურიდანაც წამოდი, თუ გინდა, ზედმეტად რომ არ დაიღალო.

– სამსახურიდან არ წამოვალ. მომწონს, რომ ვმუშაობ. თან, ჩემი ფულიც მინდა.

– ფულს არ გაძლევ? როდის დამიჭერია შენთვის ფული და იმდენი არ მომიცია, რამდენიც გითხოვია?

– მოგიცია, მაგრამ, სამსახური მაინც სხვაა. რა გავაკეთო, როცა შენ შენს საქმეებზე ირბენ? სახლში მოწყენილობისგან მოვკვდები.

– კარგი, როგორც გინდა. ექიმთან კი ხვალ აუცილებლად წავიდეთ. გაიგე, ვინ არის ქალაქში საუკეთესო ექიმი... მშობიარობა სერიოზული საკითხია, აქედანვე უნდა მოვემზადოთ.

 ლიზამ ტუჩები გაბუსხა.

– აქ უნდა ვიმშობიარო? ჩემი ორი დაქალი ევროპაში წაიყვანეს ქმრებმა... ცუდი არ იქნება, თუ ჩვენი შვილი ვენაში დაიბადება.

– ეგეც შეიძლება, თუ ექიმი ფრენის ნებას დაგრთავს.

– რატომაც არ დამრთავს?! ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობაა ყველა ქალისთვის.

– ჰო, მაგრამ, სიფრთხილე მაინც საჭიროა, – თავი გადააქნია კაცმა, – საღამოობით ვისეირნოთ ხოლმე სუფთა ჰაერზე.

– შენც ჩემთან ერთად ისეირნებ? – ლიზა გაიბადრა.

– რა თქმა უნდა. მე სულ შენ გვერდით ვიქნები.

ლიზა ქმარს მკერდზე მიეყრდნო და გაინაბა:

– იცი, რა მშვიდად ვარ?! მომწონს, ჩემი ახალი მდგომარეობა.

– ჩემი გადარეული და ცელქი გოგო!.. როგორც იქნა, დაჭკვიანდა... – ჩაილაპარაკა ლევანმა და ერთბაშად შეკრთა – ჯიბეში მისმა მობილურმა დაიწკრიალა უდროოდ და გამაყრუებლად.

– ასეთ დროს ვინ გირეკავს? – ეჭვით იკითხა ლიზამ და ხელი ქმრის შარვლის ჯიბისკენ წაიღო. ლევანმა დაასწრო, მობილური ამოიღო და ეკრანს დააშტერდა.

– ისეთი არავინ... რესტორნიდან რეკავენ, დაველაპარაკები და მოვალ.

– მოხვალ? თანამშრომელთან საქმეზე სალაპარაკოდ სხვა ოთახში უნდა გახვიდე? – ორაზროვნად ჩაიცინა ლიზამ.

– იყოს, მერე დავურეკავ, – მოგონილი გულგრილობით წარმოთქვა კაცმა და გათიშვის ღილაკს თითი დააჭირა...

***

თიკომ ტელეფონი ბრაზით მოისროლა მაგიდაზე და ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა: „საზიზღარი!.. არადა, როგორ წესიერ კაცად მაჩვენებდა თავს. ტელეფონი გამითიშა... უსინდისო. მატყუებდა... ერთი წუთით არ უფიქრია ჩემზე სერიოზულად. რომ გეკითხა, ცოლთან პრობლემები ჰქონდა... ყველა კაცი ერთნაირია. მარტო იმას ფიქრობენ, საწოლში როგორ შეგითრიონ“.

– თიკო, თიკო! – მოთმინებადაკარგულმა გიგიმ იყვირა და გოგოს მხარზე წაავლო ხელი.

– რა გჭირს, გძინავს? რა გაშტერებული მიყურებ, ვერ მიცანი?!

– შენ რაღა გინდა?! რას გამოვარდები ხოლმე ოთახიდან, მშვიდად მუშაობა რატომ არ შეგიძლია?! – იფეთქა თიკომ.

გიგიმ პირი დააღო გაოცებისგან:

– რას მერჩი, რა დავაშავე? რომ ვმუშაობ და კლიენტის ტელეფონის ნომერი რომ მინდა, იმიტომაც შევაწუხე თქვენი აღმატებულება. შენ კი ისე მიღრენ, თითქოს ჩემი ცოლი იყო.

– ღმერთმა დამიფაროს, შენნაირი ქმრისგან! – პირჯვარი გადაიწერა თიკომ.

– ბარემ ოცნებობ, მაგრამ ფეხი არ ჩაგდის, – წაუმღერა გიგიმ და მიიღო კიდეც – თიკომ მთელი ძალით ჩაარტყა საფულე თავში.

– ე, გოგო, გაგიჟდი? რას აკეთებ?!

– მომეშვი, თორემ, კიდევ დაგარტყამ.

– შენ სულ გააფრინე, ხომ იცი! შევალ ახლა და ვახოს ვეტყვი ყველაფერს.

– შენი ნებაა, შებრძანდი და უთხარი. მეც ვეტყვი მერე რაღაც-რაღაცეებს.

– ვიცი, რომ ეტყვი, ენა კი გაქვს გრძელი და არც გველობაში მოიკოჭლებ.

– გიგი, გაფრთხილებ, მოთმინებიდან არ გამომიყვანო.

– გამოსული ხარ უკვე – შეშლილივით იქცევი... მომეცი იმ კლიენტის ტელეფონის ნომერი და თვალით აღარ დაგენახვები.

– კლიენტების ტელეფონის ნომრები შენ არ უნდა გქონდეს? ვკითხოთ ვახოს, ვინ უნდა შეინახოს ის ნომერი, ვის შეკვეთაზეც მუშაობს?

– აუ, დამეკარგა და შემჭამე ახლა. რა მოხდა, შენ არაფერი დაგკარგვია?

– გიგი, რატომ ცდილობ მუდმივად ჩემთვის ნერვების მოშლას?

– მე ვცდილობ? რა უსინდისო განაცხადია!

– აჰა, ესე იგი, უსინდისოც ვარ? კარგი. არ მოგცემ ნომერს. შედი ვახოსთან და უთხარი, რომ კლიენტის ტელეფონის ნომერი დაკარგე.

გიგიმ ხელები გაშალა:

– არა, რა! აშკარად რაღაც გჭირს. თაფლი და შაქარი არც ადრე იყავი, მაგრამ, ახლა ხელჩართულ ბრძოლაზე გადახვედი. დაწყნარდი, დამშვიდდი და ტელეფონის ნომერი მომეცი. გპირდები, ეგრევე გავქრები აქედან.

– მითხარი, ვისი ნომერი გინდა.

– იმ ტიპის, რესტორნის რეკლამა რომ გავუკეთეთ ბოლოს, ჩვენც რომ დაგვპატიჟა და გვაქეიფა.

თიკო გაფითრდა.

– არა! – თქვა უცებ კატეგორიული ტონით.

 – რა – „არა“, არ მაძლევ ნომერს?

– არ მაქვს მე იმ კაცის ნომერი.

– ეე, ახლა ეგეთები არ იყოს. შენი ჟურნალი გადამალე. ზუსტად ვიცი, იქ ჩვენი ყველა შემკვეთის მონაცემები გაქვს ჩაწერილი.

– მაგ კაცის არ მაქვს.

– გადავირევი ახლა! – ხმას აუწია გიგიმ, – მომეცი, გოგო ტელეფონის ნომერი, თორემ, ნერვები მეც მაქვს!

ხმაურზე ზუკა გამოვიდა ოთახიდან.

– რა გაჩხუბებთ, თქვენი ყვირილი მთელ ოფისში ისმის.

გიგიმ ხელი ჩაიქნია:

– აი, გაგიჟდა და ჩანთა ჩამარტყა თავში.

– ვინ, თიკომ? – გაუკვირდა ზუკას, – რატომ?

– იმიტომ, რომ იდიოტია. თანაც, ჩანთა კი არა, საფულე ჩავარტყი.

– კლიენტის ნომერი ვთხოვე. გეფიცები, მეტი არაფერი მითქვამს.

– კარგი რა, გიგი, ვახომაც ხომ გითხრა, მოეშვი ამ იდიოტურ ხუმრობებს, არ მოსწონს ამ გოგოს და უნდა დახოცოთ ერთმანეთი?

– ვაიმე, არ მიხუმრია, მარტო ტელეფონის ნომერი ვთხოვე... რა ჩემი ბრალია, ამას თუ ბოლო დროს ვიღაცაზე აქვს აკრეფილი?!

– არავიზეც არ მაქვს აკრეფილი, – გამოაჯავრა თიკომ. ფურცელზე სწრაფად დაჯღაბნა მობილურის ნომერი და გიგის მიუგდო, – აჰა, და აღარ დაკარგო, კარგად გაუფრთხილდი! – მერე წამოხტა და ოთახიდან გავარდა.

ზუკა გიგის მიუბრუნდა:

– მართლა არაფერი გითქვამს?

– ვა, გეფიცები-მეთქი. გამოვედი და ეგრევე მეცა ცოფიანი კატასავით. არც უკითხავს, რა მინდოდა.

– მდა... ჩვენს ოფისში სქესთა შორის ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა, – გაიცინა ზუკამ.

– შენ იცინე და, ეს სამკურნალოა, გამოსაკვლევი.

– ე, მოიცა რა... რამდენიც უნდა ვიკვლიოთ, შედეგი იგივე იქნება: ძლიერი სქესი, ანუ ჩვენ, არასდროს მოიშლის თავისი უპირატესობის დემონსტრირებას. ქალები კი ამას ვერასოდეს შეეგუებიან. საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები და იმიტომ, – დაასკვნა ზუკამ.

– არ ვიცი, რაში არ არიან დარწმუნებულები, მაგრამ, ეს თუ ერთხელ კიდევ გააფრენს ასე, ყველაფერს ვეტყვი ვახოს, – ღრენით ჩაილაპარაკა გიგიმ...


გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3