ქურდული ცხოვრება
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-39(665)
– რა ვიცი, – ავიჩეჩე მხრები, – მე მეგონა, წაკითხული გქონდა.
– არა, ძმაო, შენ და თათიას წერილების კითხვა ჩემი საქმე არ არის, მე ჩემი საკითხავი წერილები და დანოსებიც მეყოფა, – მითხრა ხუჭუჭამ, წერილი გამომართვა, ჩემ წინ დაწვა და დაამატა: მოკლედ, ასე: სროკიდან რომ გამოხვალ, ერთ კვირაში უკვე შენებთან იქნები და ამ საქმეს ჩემს თავზე ვიღებ. მთავარია, ისეთი გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდეს, რაც ამ გეგმებს ჩაგვიშლის. ისე კი, გირჩევ, დამთანხმდე შენს აქედან გაყვანაზე და მაქსიმუმ ერთ თვეში მოგვარდება ყველაფერი.
– არა, ხუჭუჭ, მე ქურდი ვარ და ვერავის ვათქმევინებ, კობრა გაპრასტიტუტკდაო. მირჩევნია, კიდევ ორი წელი მოვიცადო.
– კარგი, ასე იყოს, – გაეცინა ხუჭუჭას, – ისევ ისეთი ჯიუტი ხარ, შენ რა გამოგასწორებს. აქედან ისე სუფთად გაგიყვან, რომ არავის არაფერი ექნება სათქმელი.
– არა, კიდევ ორი წელი.
– კარგი, – მითხრა ხუჭუჭამ და მკითხა: შენს გათავისუფლებამდე მეტად ვეღარ შევხვდებით და, თუ რამე თხოვნა გაქვს, მითხარი და შეგისრულებ.
– მაქვს, – ვუთხარი ხუჭუჭას.
– გისმენ.
– ხუჭუჭ, იქნებ, საცოდავი ვაჟას საქმე გააიასნო და მის მკვლელებს მიხედო. მართალია, მას მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ, იქნებ ეს მოახერხო, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ცოცხლები არიან.
– ვაჟა, ვაჟა... ღმერთმა აცხონოს. გახსოვს, კონსერვის ბანკა რომ მოვარტყი თავში ობოლაძის კუთხეში?
– როგორ არ მახსოვს.
– მისი ვაჟი შენი კოლეგაა, ქალიშვილი – ექიმი, ცოლი კი პენსიაზეა, – მითხრა ხუჭუჭამ, – რაც შეეხება ჩვენი ვაჟას მკვლელებს, ოთხივე ნაძირალა კარგა ხანია, იმქვეყნიურები არიან და ჯოჯოხეთში იხარშებიან.
– ეგ როგორ?
– მე ვიცოდი, რომ ჩვენი საუბრის დროს ამ თემას შეეხებოდი და პასუხისთვის წინასწარ მოვემზადე, – მითხრა ხუჭუჭამ და ექვსი ცალი ფოტო მომაწოდა, რომელზეც ოთხი თავმოკვეთილი მამაკაცი იყო აღბეჭდილი, – აი, ამათმა მოკლეს ჩვენი ვაჟა ტყუილუბრალოდ. სულ მალე კი ისინი ვიღაცამ მოიხელთა ერთ-ერთის ბინაში და ასე სასტიკად გაუსწორდა.
ნათელი იყო, რომ ვაჟას მკვლელების დასჯა ხუჭუჭას ნამოქმედარი იყო, მაგრამ ამის შესახებ არაფერი მითქვამს. მე კმაყოფილმა გავიღიმე და ვთქვი:
– ძალიან კარგი. ნაძირლებმა საკადრისი მიიღეს. მეტი თხოვნა არ მაქვს. გულიდან მძიმე ტვირთი მომეხსნა.
– ახლა კი ორი წლით გამოგემშვიდობები, ნახვამდის, – მითხრა ხუჭუჭამ და გადამეხვია. თუხთმეტი წუთის შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივ საკანში ვიმყოფებოდი, სადაც ჩემ გარდა კიდევ ხუთი ჩემი კოლეგა იჯდა.
იმ დღიდან მოყოლებული, ორი წლის განმავლობაში, თათიასთან და გიორგისთან შეხვედრაზე ვფიქრობდი, რაც ჩემს ძალებს აასკეცებდა. ხუჭუჭა რომ არ გაქცეულიყო და „სოდი“ რომ არ შემომვარდნოდა სახლში, ახლა უკვე ჩემს ცოლ-შვილთან ვიქნებოდი. „სოდსაც“ იმიტომ გავექეცი, რომ ცოლ-შვილთან შეხვედრის შანსი შემენარჩუნებინა და არა სროკზე წასვლის შიშის გამო. სვაბოდაზე ყოველთვის მეტი შანსი გაქვს, თავისუფლება ამჟამად ჩემთვის ჰაერივით აუცილებელი იყო.
მართალია, ციხე ქურდების მშობლიური სახლია და იქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში, მაგრამ, სვაბოდას არაფერი შეედრება. ჩვენზე უკეთ არავინ იცის თავისუფლების ფასი და, მიუხედავად იმისა, რომ, ქურდული კანონების თანახმად, ქურდს შეწყალებით, დროზე ადრე გამოსვლის უფლება არ აქვს, თითოეული ჩვენგანი დიდი სიხარულით ელოდება სროკის დამთავრებას და ციხიდან გათავისუფლებას.
კარგად მახსოვს, პირველი სროკიდან რომ ვთავისუფლდებოდი, რა მოუთმენლად ველოდი გარეთ გასვლას და, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ გამჭირვებია, უკან დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ მქონია. მაშინ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ. სწორედ ისინი დამხვდნენ ციხის კართან. ტაქსით მიმიყვანეს სახლში და იმედი ჰქონდათ, რომ ციხეში აღარ დავბრუნდებოდი. თუმცა, მე მათ იმედი გავუცრუე და ისევ ციხეში მოვხვდი. მეორე სროკიდან რომ გამოვედი, ციხის კართან არავინ შემგებებია. ჩემი მშობლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ და დაცარიელებულ სახლში მარტო დავბრუნდი. ჩემს ბინაში ღამით, უცხოსავით შევიპარე, რომ არავის დავენახე, საწოლზე მივეგდე და მწარედ ავტირდი... ჩემი ცხოვრების წესმა ჩემი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მშობლების სიცოცხლე შეიწირა და, მართალია, საკმაოდ გამოცდილი და ცნობილი ადამიანი ვიყავი, მაგრამ, იმ მომენტში ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა დედ-მამის გარეშე.
– დედიკო, შვილო, ციხეში ხომ არავინ გჩაგრავდა? ციხეზე ისეთ საშინელებებს ყვებიან, კაცს თმა ყალყზე დაგიდგება, – მითხრა ცხონებულმა დედაჩემმა, როდესაც სახლში მივედით და სასადილოდ დავსხედით.
– არა, დედი, ვის უნდა დავეჩაგრე, – ღიმილით მივუგე დედას და მკერდზე მივეკარი.
„ეეჰ, ჩემო საყვარელო დედიკო, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ. მაპატიე, რომ სიცოცხლე მოგისწრაფე“, – ვიმეორებდი გუნებაში, საწოლზე ვიწექი და ვერ ვმშვიდდებოდი, რადგან, სულსა და გულში უზარმაზარ სიცარიელეს ვგრძნობდი და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ ნასროკალი ვიყავი და ციხეში შვიდი წელი მქონდა გატარებული, უდედმამობა გულს მიკლავდა და ძალიან მიჭირდა.
კედლის საათმა ორჯერ ჩამოჰკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის ორი საათი იყო, მაგრამ, ძილი არ მეკარებოდა და კვლავ ჩემს გარდაცვლილ მშობლებზე ვფიქრობდი. უცებ ჩხაკუნის ხმა გაისმა, შემდეგ ბინის კარი უხმაუროდ გაიღო და სახლში ორი ადამიანი შემოვიდა. მეც უხმაუროდ ავდექი საწოლიდან, ძველებურ კარადას ამოვეფარე და მივაყურადე. როგორც ახალმოსულების ჩუმი საუბრიდან შევიტყვე, ისინი მოჩალიჩეები იყვნენ, თანაც, ძალიან ახალგაზრდები და არ იცოდნენ, ვის სახლში შევიდნენ. მართალია, იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ ვიყავი ქურდი, მაგრამ, შავ სამყაროში კარგად მიცნობდნენ და ნაცნობი ჩემს ბინაში არ შემოვიდოდა. „როგორც ეტყობა, ახალბედები არიან. აბა, ერთი ვნახოთ, რა უნდათ“, – გავიფიქრე გუნებაში, შემდეგ ჩამრთველს ხელი მივაჭირე და სინათლე ავანთე, სამალავიდან გამოვედი და სახტად დარჩენილ წყვილს მშვიდად ვუთხარი:
– მშვიდად იყავით, თორემ, ვერსად გამასწრებთ.
ახალმოსულები გოგო და ბიჭი იყვნენ, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ თბილისელები არ უნდა ყოფილიყვნენ.
– ხმა არ ამოიღო, აქვე გაგათავებ! – დამემუქრა ვაჟი და ქამრიდან უზარმაზარი ხანჯალი ამოაცურა, გოგონამ კი დაამატა:
– ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ, ოღონდ არ იყვირო და აქედან მშვიდობიანად გაგვიშვი.
„ერთი ამათ დამიხედე“, – ვთქვი გუნებაში, დაუპატიჟებელ სტუმრებს კი ვკითხე:
– რომ ვიყვირო, რას იზამთ?
ვაჟმა კოპები შეკრა, ხანჯალი მომიღერა და მომიგო:
– გტაკებ ამ ხანჯალს, დაგბრიდავ და გავიქცევით.
– დამბრიდავ? – ვკითხე ვაჟს, მაგრამ მას გოგონამ დაასწრო და მიპასუხა:
– აბა, მილიციაში ხომ არ წამოგყვებით?
„რა ნაგლები არიან“, – გამეცინა გუნებაში და ვუთხარი:
– ჩემს სახლში უკითხავად შემოხვედით და მე მემუქრებით, დაგბრიდავო?
– მილიციას გამოვუძახებო, ამბობ და აბა, რას ვიზამ? – მითხრა ვაჟმა.
– გეშლება, ეგ მე არ მითქვამს.
– ვიყვირებო, თქვი და, იგივე არაა?
– არც ეგ მითქვამს. მე გკითხე, რომ ვიყვირო, რას იზამ-მეთქი.
– იგივე არაა? – მითხრა ხანჯალშემართულმა ვაჟმა, – მკითხე და პასუხიც მიიღე.
– მერე, ადამიანის მოკვლა შეგიძლია?
– თუ ღირსია, რატომაც არა!
– შენი სიტყვებიდან გამოდის, რომ ბინაში საქურდავად შესულს პატრონი რომ დაგადგეს თავზე, უნდა მოკლა?
– აბა, სროკზე ხომ არ წავალ?
– რა გაგების კაცი ხარ შენ, ვერ გავარკვიე. ბინის პატრონს დავბრიდავო, სროკზე წასვლა არ მინდაო. აბა, რა გინდა?
– ქურდობა მინდა, ძმაო, რამე პრეტენზია გაქვს?
– ქურდობა გინდა?
– ჰო, ქურდობა მინდა. რა პრეტენზიები გაქვს? – შემომიღრინა ხანჯალშემართულმა ვაჟმა, რომელიც უკვე კარგა ხნის განმავლობაში არ იცვლიდა პოზას.
– ჯერ ერთი, ეგ ხანჯალი შეინახე, კაზაკივით რომ მოგიღერებია და მებლატავები. თუ ქურდობა გინდა, ისიც უნდა იცოდე, რომ ცარიელ ბინაში უნდა შეხვიდე, თანაც მხოლოდ ქურდული ინსტრუმენტები უნდა გქონდეს თან და შენიანს არ უნდა მოჰპარო. შენ კი ელემენტარული არ იცი და ქურდობას როგორ აპირებ?
ბიჭი ისევ არ შემეპუა. მას არც ხანჯალი დაუშვია ძირს და კვლავ შემომიღრინა:
– სიტყვები შეარჩიე, თორემ...
დაუპატიჟებელ სტუმართან დიალოგი საკმაოდ სახიფათო ხდებოდა, რადგან, ის უკვე ზღვარს გადადიოდა და, შეიძლებოდა, მისსავე ხანჯალზე წამომეგო, ამიტომ, სიტყვა გავაწყვეტინე და იქით შევუტიე:
– ხმა აღარ ამოიღო და მშვიდობით წადით აქედან. კობრა ვარ. წადით და გაიკითხეთ ჩემზე. ასეთი საქციელით კი რას მიაღწევთ, მერე ნახეთ და გამიხსენეთ. ახლა კი, აჩუ აქედან!
ქალ-ვაჟი უხმოდ გამეცალა. რამდენიმე წლის მერე კი, როდესაც გუბერნსკში ვიჯექი და რუსეთში ეტაპირებას ველოდი, ციხეზე სწორედ ის ბიჭი მოიყვანეს, რომელიც ჩემსავე ბინაში ხანჯლით მოკვლას მიპირებდა. ის ჯერ ქათმებში შეაგდეს და „გააპრავეს“, შემდეგ კი ადინოჩკა კამერაში გამოკეტეს და, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, ბოლოს კი დახვრიტეს...
მერე გავიგე, რომ, ვაჟი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ქურდი უნდა გამხდარიყო, თავის კრეტინ მეწყვილესთან ერთად, ვიღაც ნუმიზმატი პროფესორის ბინაში შევიდა მას ოქროს ფულებს სთხოვდნენ და წამებით ამოხადეს სული. იმ საცოდავს კი ბრინჯაოს რამდენიმე მონეტისა და თავისი ნაშრომების გარდა, სხვა ფასეულობა არ გააჩნდა და ამ ნაძირლებმა ტყუილად მოკლეს. როგორც შემდეგ მომიყვნენ, სასამართლო სხდომებზე ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ დანაშაულს და, რადგან ის მოხუცი პროფესორი ორივემ აწამა, ქალიც სიკვდილს იმსახურებდა. თუმცა, საბჭოთა კანონებით, ქალს მხოლდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სჯიდნენ სიკვდილით და მას მხოლოდ თხუთმეტწლიანი სროკი აჰკიდეს. ჩემი ქურდული კარიერის განმავლობაში მსგავსიც ბევრი მინახავს, ბევრად უარესიც და, რომ არა ჩვენ – ქურდები, იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, თუ რას დაატრიალებდნენ ეს ნაძირლები ციხეებსა და ზონებში და რამდენ წესიერ ადამიანს დაჩაგრავდნენ და მოუღებდნენ ბოლოს.
მავანმა, შეიძლება, თქვას: საპყრობილეებში წესრიგს ადმინისტრაცია უნდა ამყარებდეს და არა ქურდებიო, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს სწორიცაა, ასე ხდება, თანაც მეტ-ნაკლებად, ევროპაში; საქართველოში კი ჯერ კიდევ ძველი სისტემა მოქმედებს, ქურდული მენტალიტეტი საკმაოდ მყარადაა ხალხში გამჯდარი და მისი ასე ადვილად ამოძირკვა შეუძლებელია. ასეთი რამ საქართველოს ვარდოსანთა რევოლუციურმა მთავრობამ უკვე სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სხვათა შორის, რუსეთში, სროკზე ყოფნისას, არა ერთი ჩემი კოლეგა შემხვედრია, რომელიც სტალინს აღმერთებდა და მასზე ცუდის თქმას არავის პატიობდა.
ერთხელ, მოსკოვის მახლობლად, ეგრეთ წოდებული 101-ე კილომეტრზე, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში ვიხდიდი სასჯელს და სწორედ იქ გავიცანი კრიმინალური სამყაროს უხუცესი, 92 წლის პავლე როგოვი, მეტსახელად „რეშკა“. ის, იქვე, დასახლებაში ცხოვრობდა, მაგრამ, თითქმის სულ ზონაში იყო. მართალია, ჩვენი კოლონია მკაცრი რეჟიმის იყო და იქ უმკაცრესი კონტროლი სუფევდა, მაგრამ, რეშკა გამონაკლისი იყო, ზონაში თავისუფლად უშვებდნენ და მას უბატონოდ ხმას არავინ სცემდა. პავლე როგოვი ეგრეთ წოდებულ „ციხის კაცთა“ კატეგორიას ეკუთვნოდა. ციხის კაცს კი იმ ადამიანებს ეძახიან, ვისაც თავისი ცხოვრების სამი მეოთხედი სროკზე აქვს გატარებული და არც სახლი გააჩნია და არც ნათესავები, ანუ, ვისი სახლიც მართლა ციხეა, ნათესავები კი – პატიმრები. ძია პაშა სტატუსით ქურდი არ იყო, მაგრამ, იმდენი რამ ენახა და გადახდომოდა თავს, რომ ათი ადამიანის სიცოცხლეს ეყოფოდა. 92 წლის მიუხედავად, რეშკა მშვენივრად გამოიყურებოდა: არც სიარული უჭირდა, არც მეხსიერება ღალატობდა და ენაც მშვენივრად უჭრიდა. პავლე როგოვი ის ერთადერთი ცოცხალი ადამიანი იყო, რომელიც, ჯერ კიდევ ცარიზმის დროს, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე, სტალინთან ერთად იჯდა და რვა თვე მის საკანში გაატარა. ძია პაშა სტალინს ეთაყვანებოდა. აქედან გამომდინარე, ქართველები ძალიან უყვარდა და რომ გაიგო, ზონაში ქართველი მოიყვანესო, თვითონ მოვიდა და გამეცნო:
– პავლე როგოვი, მეტსახელად რეშკა. თუმცა, შეგიძლია, ძია პაშა დამიძახო. შენი სახელი მიბოძე, გეთაყვა.
– გიორგი გველესიანი, მეტსახელად კობრა. სასურველია, მეტსახელით მომმართოთ, თუმცა, შეგიძლიათ, გოგიაც დამიძახოთ, – მისსავე სტილში მივუგე ძია პაშას და გავუღიმე.
რეშკა ძველი ოდესური კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო და, როგორც იმ წრის ყველა კაცი, ისიც დახვეწილი, ელეგანტური და მაღალფარდოვანი მეტყველებითა და მანერებით გამოირჩეოდა. ის ინგლისელ ლორდს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე ბოროტმოქმედს, რაშიც გარეგნობაც უწყობდა ხელს.
– ქართველებს დიდ პატივს ვცემ. ნიჭიერი და საქმიანი ხალხი ხართ და, რაც მთავარია, სტალინიც ქართველი იყო, – მითხრა რეშკამ, პაუზა გააკეთა და დაამატა – ახლა სტალინს ბევრი ლანძღავს. შენ რა აზრის ხარ მის შესახებ?
სიმართლე რომ ვთქვა, სტალინით მაინცდამაინც არასდროს დავინტერესებულვარ და მასზე ჩამოყალიბებული აზრი არ გამაჩნია. თუმცა, რა ძნელი მისახვედრი იყო, რომ რეშკა მას აღმერთებდა და ვუთხარი:
– კაცური კაცი იყო, ძალიან ძლიერი პიროვნება.
– უძლიერესი, ჩემო კარგო, უძლიერესი, – მტკიცედ თქვა რეშკამ, – სრულიად ჭაბუკი ვიყავი, როცა ოდესელი კონტრაბანდისტების მარაქაში გავერიე და მათი დავალებით კავკასიიდან დედა-ოდესაში ძველებურ, ძვირფას სამკაულებს ვეზიდებოდი. შემდგომ კი ამ ბარახლოს გემით ევროპაში გზავნიდნენ და პარიზის, ამსტერდამისა და ლონდონის საიუველირო მაღაზიებში ასუხარებდნენ. მორიგი ვოიაჟის დროს, ამ ძვირფასეულობით დახუნძლული ბავშვი, თბილისის ჟანდარმერიამ ფაქტით ამაგდო და ჟანდარმერიის მთავარ სამმართველოში მიმიყვანეს, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ეკლესიის გვერდით მდებარეობდა.
– რამდენი წლის იყავი, ძია პაშა? – ვკითხე რეშკას.
– არასრული ჩვიდმეტის. ჩვიდმეტი წელი დაკავების მეორე დღეს შემისრულდა, – მითხრა რეშკამ და გაეცინა, – სხვათა შორის, მაშინდელი ჟანდარმები დღევანდელ მილიციელებზე ბევრად ჰუმანურები იყვნენ და სამდღიანი განუწყვეტელი დაკითხვების შედეგად ვერაფერს გახდნენ ჩემთან. უნდა აღვნიშნო, რომ თითიც არ დაუკარებიათ, მეტეხის ციხეში ისე მიკრეს თავი. მაშინ იქ, ძირითადად, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი სოციალ-დემოკრატები და მარქსისტები ისხდნენ და სწორედ მათთან, 33-ე საკანში გამომამწყვდიეს. ორმოცკაციან კამერაში თითქმის ასი ადამიანი იყო შეყრილი და პატიმრებს იატაკზე ჰქონდათ გაშლილი ბუშლატები. ყველაზე საუკეთესო ადგილზე, ფანჯარასთან მიმაგრებულ კოიკაზე, ოცდაათ წელს მიღწეული, საშუალო სიმაღლის, მკვრივი აღნაგობის ახალგაზრდა კაცი იწვა. მას ნაყვავილარი სახე ჰქონდა და მარცხენა ხელის ხმარება უჭირდა. მას კობას ეძახდნენ და ყველა პატივს სცემდა. თავდაპირველად ის ქურდი მეგონა, შემდეგ კი შევიტყვე, რომ რევოლუციონერი იყო, მთელ ციხეში დიდი გავლენით სარგებლობდა და თვით ავტორიტეტული ქურდებიც კი დიდ პატივს სცემდნენ. კობა მოგვიანებით სტალინი გახდა და მსოფლიო უწევდა მას ანგარიშს. მან დაამარცხა ტროცკისტები, ფაშისტები და დიადი ქვეყანა ააშენა. მაშინ კი, იმ შორეული მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე, კობა ჯერ კიდევ ემზადებოდა დიადი საქმეებისთვის და უკვე მაშინ შევატყვე, რომ მას დიდი მომავალი ჰქონდა.
რეშკამ პაუზა გააკეთა. მე ამით ვისარგებლე და ვკითხე:
– ძია პაშა, როგორ შეატყვეთ, რომ სტალინს დიდი მომავალი ჰქონდა?
– კობას, – შემისწორა რეშკამ, – მაშინ ის ჯერ კიდევ კობა იყო. როგორ შევატყვე და გამოხედვით. მის მზერაში ნება, ჭკუა და ეშმაკობა გამოსჭვიოდა. მშვიდი და შემპარავი საუბარი იცოდა და ვერაფერს გამოაპარებდი. ციხეში ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და, რომ დამინახა, მივხვდი, რომ ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდა. მან თავისთან მიხმო და რუსულად, მაგრამ, ძლიერი ქართული აქცენტით მკითხა:
– ეს შენ ხარ ის ყმაწვილი, რომელმაც ასი ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა იპოვა? ყოჩაღ, რომ არ გატყდი, ასე გეჭიროს თავი. კიდევ რამდენიმე თვე გაგაჩერებენ აქ და, თუ რამე სამხილი ვერ მოიპოვეს, ან მოწმე ვერ ნახეს, გაგიშვებენ. მით უმეტეს, რომ არასრულწლოვანი ხარ. ყოჩაღ!
კობა მართალი აღმოჩნდა. მართალია, ციხეში რვა თვე გამაჩერეს, მაგრამ, მაინც გამიშვეს, რადგან, ჯიუტად ვამტკიცებდი, რომ ძვირფასეულობა ვიპოვე და, რადგან მისი პატრონი არ გამოჩნდა, ციხიდან გამათავისუფლეს. თანაც, სამასი ოქროს მანეთი გადამიხადეს – მორალური კომპენსაცია, ოდესამდე მატარებლის ბილეთიც ამიღეს და გამამგზავრეს.
ის რვა თვე კი, რაც მეტეხის ციხეში ვიჯექი, კობასთან ერთად გავატარე. მან თავის გვერდით ადგილი გამომიყო და მეტსახელი „რეშკა“ (ქურდულ ჟარგონზე, გისოსს ნიშნავს) მან შემარქვა, რადგან, ხშირად გისოსს მივადებდი ხოლმე სახეს და გარეთ ვიყურებოდი.
– მოსცილდი მაგ ფანჯარას, თორემ, რეშკად გადაიქცევი, – მითხრა ერთხელ კობამ, როდესაც გისოსებს ავეკარი და მტკვარს გავყურებდი. შემდეგ პაუზა გააკეთა და დაამატა: რეშკა, რეშკა... დღეიდან შენ რეშკა იქნები – ეს მეტსახელი ზედგამოჭრილია შენთვის.
ასე შემარქვა კობამ რეშკა და სტალინის შერქმეული სახელით მოვედი დღემდე. რომ არა ის, შეიძლება, ციხეში გავტეხილიყავი და ჟანდარმერიასაც დავემუშავებინე. მაგრამ, სწორედ კობა მასწავლიდა ციხეში თავის დაჭერას და პირადად მმფარველობდა. ისვე მმოძღვრავდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ჟანდარმერიაში, დაკითხვების დროს. ციხიდან რომ გავდიოდი, კობამ მაგრად ჩამომართვა ხელი და მითხრა:
– ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, რეშკა. ოდესაში რომ ჩახვალ, მიშკა იაპონჩიკი მომიკითხე.
– იცნობ? – ვკითხე კობას, რაზეც ღიმილით მომიგო:
– მქონდა ბედნიერება.
„მიშკა იაპონჩიკი“, იგივე მიხაილ ვინიცკი, ოდესის კრიმინალური სამყაროს მეფე, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს ნიჭიერი ადამიანი მრავალპროფილიანი პრისტუპნიკი იყო და კონტრაბანდით, ძარცვით, გამოძალვითა და თაღლითობით იყო დაკავებული. სწორედ მიშკა იაპონჩიკის დავალებით ვეზიდებოდი კონტრაბანდას და, ოდესაში რომ დავბრუნდი, ის უკვე ყველაფრის საქმის კურსში იყო. მან გამიღიმა და მითხრა:
– ყოჩაღ, რა კარგად დაიძვრინე თავი.
– რა კარგად, ძვირფასეულობა ხომ მათ დარჩათ...
– რას იზამ, ჩვენს საქმეში დანაკარგებიც გარდაუვალია. მთავარია, რომ თავი შეგრჩა მხრებზე და სროკი არ აიკიდე. დანაკარგს კი მალევე ავინაზღაურებთ – კარგ ძარცვას განვახორციელებთ და მოგებაშიც კი დავრჩებით.
– ჰო, მართლა, კობამ მოგიკითხა, – ვუთხარი მიშკა იაპონჩიკს, – ეგ რომ არა, ციხეში ჯდომა ძალიან გამიჭირდებოდა.
– კობა მაგარი ვინმეა. მისი ქსივა უკვე მივიღე და ისიც ვიცი, რომ ციხეში „რეშკა“ შეგარქვა. ძალიან კარგი, დღეიდან მეც და ყველანი რეშკას დაგიძახებთ.
იმ დღიდან ხუთი წლის შემდეგ მიშკა იაპონჩიკმა მიხმო და მითხრა:
– რეშკა, ერთი საქმეა და თბილისში უნდა გაემგზავრო.
– თბილისთან მაინცდამაინც ტკბილი მოგონებები არ მაკავშირებს. რა საქმეა?
– სტამბა უნდა ჩაიტანო იქ.
– სტამბა?
– ჰო, სტამბა. ამ დილით გერმანიიდან ჩამოვიდა და თბილისშია ჩასატანი.
– კეთილი, თანახმა ვარ.
– არ გაინტერესებს, ვისთან?
– ვისთან?
– შენს „ნათლიასთან“, – გაეცინა მიშკა იაპონჩიკს. მე ვერ მივხვდი, ვისზე მეუბნებოდა ის, მხრები ავიჩეჩე და ვკითხე:
– ვინ ჩემს ნათლიასთან?
– კობასთან. აი, ამ მისამართზე უნდა მიიტანო, კარგად დაიმახსოვრე, – მიშკა იაპონჩიკმა მისამართი მითხრა და დაამატა: ოცდაათი ათასი გადაიხადეს. მესამედი შენია და, თუ გინდა, ახლავე მოგცემ ათი ათას მანეთს, თუ გინდა – დაბრუნების მერე.
– მერე იყოს, – ვთქვი მე და თბილისში გასამგზავრებლად მზადებას შევუდექი.
სტამბა თბილისში მშვიდობით ჩავიტანე. ოთხი ყუთი, რომლებსაც ორმაგი ფსკერი ჰქონდა, საბუთებში აბრეშუმის საქსოვ დაზგებად იყო გაფორმებული და იქ მართლაც საქსოვი დაზგები იდო, თუმცა, ფსკერზე არალეგალური სტამბა იყო ჩალაგებული. თბილისში რომ ჩავედი, სტამბა სადგურზევე გამოვაცალკევე და სპეციალურად მოწყობილ ფაეტონში ჩავტვირთე, შემდეგ მეფაიტონეს გვერდით მივუჯექი და ავლაბრისკენ ავიღეთ გეზი, სადაც ერთ-ერთ კონსპირაციულ სახლში, მიწის ქვეშ, არალეგალური სტამბის ოთახი იყო გათხრილი და მოწყობილი და მხოლოდ სტამბის დანადგარების მონტაჟი სჭირდებოდა.
– ოო, ჩემს ძველ ნაცნობს ვახლავარ! – შემეგება კობა, როდესაც სტამბა მივუტანე და მაგრად ჩამომართვა ხელი, – შენ დიდი სამსახური გაგვიწიე. ხომ არ გინდა, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება?
– არა, არა, ეგ საქმე საჩემო არაა, ჩემი პროფესიითაც კმაყოფილი ვარ. ისე, თუკი რამეში დაგჭირდით, მსგავს საქმეზე უარს არ გეტყვით, – მივუგე კობას.
– კარგი, ასე იყოს. მომავალ შეხვედრამდე! – მითხრა კობამ. ისევ მაგრად ჩამომართვა ხელი და გამომისტუმრა.
მას შემდეგ კობას აღარ შევხვედრივარ, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა დღეებში შევიტყვე, რომ კობა, რომელთანაც მე წლების წინ მქონდა ურთიერთობა, დიადი სტალინი იყო. მაშინ მე ვლადიმირის ცენტრალში ათწლიან სროკს ვიხდიდი ძარცვისთვის. იქ ერთ-ერთ ნადზორს გაზეთი დავუნახე, სადაც კობას სურათი იყო დაბეჭდილი. სტალინი, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინ იყო, მაგრამ, ის თუ ჩემი ნაცნობი კობა აღმოჩნდებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
პავლე როგოვი, როგორც გითხარით, ციხის კაცი იყო: თავისი ცხოვრების სამი მეოთხედი სროკზე ჰქონდა გატარებული და, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტ ხანს ციხეში სწორედ სტალინის მმართველობის პერიოდში იჯდა, რეშკა მას აღმერთებდა. ამას კი იმით ხსნიდა, რომ სტალინი სამართლიანი ადამიანი იყო. შავ სამყაროს ბინძური ხერხებით, დამამცირებლად არ ებრძოდა და ის უდიდეს აღმშენებლად მიაჩნდა.
– კობრა, ჩემო მეგობარო, – მეტყოდა ხოლმე რეშკა, – ჩემი 92 წლიდან 69 სროკზე მაქვს გატარებული, ამის უმეტესი ნაწილი კი – სტალინის დროს. სად არ ვმჯდარვარ, რა არ მინახავს, მაგრამ ერთი შემთხვევაც კი არ მახსოვს, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში „პატიოსან ჟულიკს“ ვინმე ცუდად მოჰქცეოდა.
„პატიოსანი ჟულიკები“ კრიმინალურ ენაზე იმ კატეგორიის დამნაშავეები არიან, ვისაც უსამართლოდ არ აქვს გასვრილი ხელები ადამიანის სისხლში, არ ძალადობენ ბავშვებსა და ქალებზე, არ არიან ჰომოსექსუალები და მეტ-ნაკლებად ზუსტად იცავენ ქურდულ კანონებს.
– ნუთუ ერთი ასეთი შემთხვევაც არ გახსოვთ, ძია პაშა? – ვკითხე რეშკას.
– სინდისს გეფიცები, რომ არა. პატიოსან ჟულიკებს ნამდვილად არავინ გვეხებოდა. აი, სამშობლოს მოღალატეებს, მოძალადეებსა და პიდორებს კი, გიყვარდეს, სიქას აცლიდნენ როგორც „ძაღლები,“ ასევე, ჩვენც. სტალინის გარდაცვალების მერე კი შავი დღეები დაგვიდგა. ხრუშჩოვმა, იმ ცალტვინა მოღალატემ, შავი სამყაროს ამოძირკვა აიკვიატა, „ბელი ლებედის“ ჯოჯოხეთი მოიგონა და ქურდების გაფუჭებას შეუდგა. თუმცა, ის თავადვე გააფუჭეს და ჩვენც გადავრჩით.
რეშკას მონათხრობებს, შინაარსობრივი ფასეულობის გარდა, ისტორიული ფასეულობაც გააჩნდა – ის ცოცხლად და ზუსტად აღწერდა ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შავი სამყაროს განვითარების ისტორიას, რომელიც, გარკვეულ ეტაპზე, ბოლშევიკური ბრძოლის ისტორიასაც ასახავდა, რადგან, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკები და შავი სამყარო ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში