ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოუვარო წყლის დუმფარას და როგორი მცენარეა ის?
პასუხი: დუმფარა ბევრი სახეობისაა, მისი ყვავილის ფერიც მრავალნაირია. არსებობს როგორც ყვითელი, ასევე თეთრი, ნაცრისფერი, წითელი და, ძალიან იშვიათად – ცისფერიც, რომელიც დეკორატიული და უიშვიათესი მცენარეა. ეს მრავალწლიანია და ძირითადად იზრდება ტბებსა და მდორე წყლებში; მრავლობს თესლით. ეს მცენარე ლამაზია აუზების გასაფორმებლად, თუმცა, მისი ბევრი ჯიში არ მოიპოვება საქართველოში და, შეიძლება ითქვას, გადაშენების პირასაა.
კითხვა: როგრ მოვუაროთ ყოჩივარდას და რატომ აღარ არის დღეს მისი კოლხური სახეობები?
პასუხი: კოლხური ყოჩივარდა მრავალწლიანი მცენარეა. ის გამოიყენება სამკურნალოდ. ძირითადად გავრცლებულია დასავლეთ საქართველოში. იზრდება ქვიან ნიადაგებში, კლდეებზე, ტყეებში. მცენარე მრავლდება თესლით. მისი შემცირების მიზეზი მოსახლეობაა, რადგან, ხშირად ხდება ამ მცენარის მიწიდან დაუდევრად ამოთხრა და განადგურება. კოლხური ყოჩივარდა არ არის პრეტენზიული მოსავლელი და მისი გაზრდა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
კითხვა: არსებობს თუ არა ქოთნის ბროწეული?
პასუხი: ქოთნის ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მას სამკურნალო თვისებები აქვს. მისი ნაყოფი საჭმელად ვარგისია. ბროწეული მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად, ფესვის ამონაყრითაც. მცენარე კარგად გრძნობს თავს როგორც ქოთანში, ასევე ღია გრუნტში. ამიტომ, თუ გსურთ, რომ ბროწეული გქონდეთ ოთახის პირობებში, შეგიძლიათ, გაახაროთ. ის არის ყინვაგამძლე და არ ეშინია დაბალი ტემპერატურის. მცენარე ყვავილობს ივლისის შუა რიცხვებიდან, ნაყოფი კი მწიფდება სექტემბრის ბოლოდან. რაც შეეხება მორწყვას, ზაფხულში სჭირდება კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში – ორ კვირაში ერთხელ.
კითხვა: როდის უნდა ამოვიღოთ ნიადაგიდან მცენარის ბოლქვები?
პასუხი: ნიადაგიდან ბოლქვების ამოღება ხდება მხოლოდ შემოდგომით – სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის შუა რიცხვებში. საერთოდ, ბოლქვებს არ უნდა მოხვდეს ყინვა, რომ შემდგომი დარგვისთვის არ იყოს მოყინული. მცენარეები იყოფა ორ ჯგუფად: გორგლოვანებად და ბოლქვოვანებად. ბოლქვოვანი ადრე ამოდის, გორგლოვანები კი – გვიან. მცენარის ბოლქვებს ინახავენ მშრალ და გრილ ადგილას, სადაც მისი სრულყოფილი ტემპერატურა +8-10 გრადუსია, ადრე გაზაფხულზე კი ისევ ვაბრუნებთ ნიადაგში. ნიადაგიდან ადრე ამოგვაქვს მხოლოდ ტიტებისა და ლილიების სახეობები, რომლებიც ნახერხში ინახება. თუ გსურთ, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს, აუცილებელია, ბოლქვები სიგრილესა და სიბნელეში იყოს, სადაც ნესტი არ იქნება. თუ ბოლქვებს შეინახავთ სარდაფში, კარგად შეინარჩუნებს ბიოლოგიური აღმოცენების უნარს და ჯანსაღი იქნება.
კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება იყვავილოს კუფეამ?
პასუხი: ეს მცენარე გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავის. მას წვრილი, მილისებრი წითელი ყვავილები აქვს, წვეროებზე მოთეთრო-მოიისფრო ლაქებით. ის ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. თუ გაზაფხულზე სიმაღლეში გადაჭრით, ახალ საყვავილე ღეროს ამოიყრის.
კითხვა: სად დავდგა კალათეა, თავი კარგად რომ იგრძნოს?
პასუხი: კალათეა თავს კარგად გრძნობს ჩრდილიან გარემოში. ეს მცენარე მზის გულს უნდა მოარიდოთ და შეურჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ჩრდილი იქნება, მაგალითად, უმზეო სასტუმრო ოთახი ან სააბაზანო.