როგორ იძია შური ქმრის მკვლელებზე ცნობილმა მსახიობმა
კრემისფერი ფურგონიანი „მოსკვიჩი“ ბარნოვის ქუჩის კუთხეში იდგა შუქნიშანთან და მწვანის ანთებას ელოდა. ზემოდან მომავალი მანქანების ნაკადიდან, მოულოდნელად თეთრი ფერის „სამარა“ გამოვარდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოყინულ გზაზე მოცურდა და შუქნიშანთან მდგომ „მოსკვიჩს“ ცხვირით შეასკდა. „სამარას“ ახალგაზრდა მძღოლმა მანქანის წინა მინა ცხვირ-პირით გაიტანა, გარეთ გადმოფრინდა და ყინულზე გასრიალდა. თუმცა, მსუბუქად დაზარალდა და მალევე წამოდგა ფეხზე. „მოსკვიჩის“ მძღოლი მხოლოდ წამით შეყოვნდა მანქანაში, შემდეგ კაბინიდან გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯით დაეშვა ქვევით. ამ ავარიამ მოძრაობა შეაჩერა და ქუჩა ხალხით აივსო. შემთხვევის ადგილზე სულ მალე „გაის“ თანამშრომლებიც მივიდნენ.
– ვისია „სამარა“? – იკითხა ულვაშიანმა მაიორმა და ირგვლივ მიმოიხედა.
– ჩემია, ამხანაგო მაიორო, – უპასუხა ავტოინსპექტორს „სამარას“ მძღოლმა.
– ამ ფურგონის მძღოლი სადღაა?
– ამის მძღოლი მანქანიდან გადახტა და გაიქცა, უფროსო, – უთხრა მაიორს შავტუხა ტაქსისტმა, რომელიც „მოსკვიჩის“ დაზიანებულ ნაწილს მისჩერებოდა.
– გაიქცა? – გაუკვირდა მაიორს.
– ჰო, უფროსო, გაიქცა, – გაიმეორა ტაქსისტმა, – რამე აკრძალული გადაჰქონდა და მილიციის შეეშინდა, ან მოპარულ მანქანაში იჯდა.
– აბა, ერთი, საბარგული გააღე, ბონდო, ვნახოთ, შიგნით რა არის, – გასძახა მაიორმა თავის მეწყვილე კაპიტანს და საბარგულისკენ გაემართა.
ირგვლივ შეკრებილი ხალხი დიდი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალყურს ავტოინსპექტორთა მოძრაობას, რომლებიც საბარგულს ხსნიდნენ.
საბარგული რომ ახადეს, იქ შეკრებილ ადამიანებს გმინვა აღმოხდათ. ფურგონში სამი გვამი იყო, ორს სახე ჰქონდა გალურჯებული, მესამე კი შუბლგახვრეტილი ეგდო და ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი.
– როგორც ეტყობა, ეს ორი მოწამლეს, მესამეს კი კეფაში ესროლეს, – უთხრა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა გამომძიებელს, როცა საბარგულში აღმოჩენილი გვამები პროზექტურის მანქანაში გადაასვენეს.
– არ დაიშალოთ, თვითმხილველებისგან ჩვენებები უნდა ავიღოთ, – მოუწოდა გამომძიებელმა ხალხს და შავტუხა ტაქსისტი ხელით მოიხმო.
ორუცნობიანი განტოლება
„მოსკვიჩის“ საბარგულში ნაპოვნი გვამების გაკვეთამ სრულად დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის წინასწარი ვარაუდი. ორი ადამიანი კალიუმციანიდით იყო მოწამლული, მესამეს კი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. სისხლის სამართლის საქმე ორჯონიკიძის (ვაკის) რაიონის პროკურატურაში აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით და მას იასონ ცინცაძე იძიებდა.
ტყვიით მოკლული მამაკაცის ვინაობა გამომძიებლებმა მალევე დაადგინეს – ის აღმოჩნდა ვინმე მირიან პატარიძე, რომელიც გლდანში ცხოვრობდა. მასვე ეკუთვნოდა კრემისფერი „მოსკვიჩიც“. ვერ მოხერხდა დანარჩენი ორი გარდაცვლილის ვინაობის დადგენა, მათ არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდათ და ივარაუდეს, რომ საქართველოს ფარგლებს გარედან იყვნენ ჩამოსულები, რადგან არაქართული გარეგნობა ჰქონდათ. ერთ-ერთი აშკარად აზიელი იყო, მეორეს კი სლავური ჰაბიტუსი ჰქონდა. გამომძიებლებმა მიცვალებულების სურათები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში გაგზავნეს.
– სავარაუდოდ, „მოსკვიჩის“ მძღოლია მკვლელი, ან თანამონაწილე, – განუცხადა თავის კოლეგებს იასონ ცინცაძემ, – ფოტორობოტის საქმე როგორაა, მალხაზ? – ჰკითხა ცინცაძემ ლეიტენანტ გოცირიძეს.
– ამხანაგო მაიორო, – მიუგო გოცირიძემ, – ყველაზე სრულყოფილ დახასიათებას „მოსკვიჩის“ მძღოლზე ტაქსისტი ოვანეს კარაპეტიანი იძლევა. თუმცა, ვერც ეს ინფორმაციაა სრულყოფილი. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ „მოსკვიჩის“ მძღოლი შავწვერა კაცია, რომელსაც მუქი სათვალე ეკეთა, შავი „უშანკა“ ეხურა და თეთრი „დუბლიონკა“ ეცვა. ამ ზამთარში ყოველი მეორე მამაკაცი ასეა გამოწყობილი და მაშინ ნახევარი თბილისი უნდა დავაპატიმროთ. მძღოლს ტყავის ხელთათმანები ეკეთა და არც მისი თითების ანაბეჭდები გვაქვს.
– გამოდის, რომ არაფერი გვცოდნია, – თავი გააქნია ცინცაძემ.
– თითქმის ასეა, ამხანაგო მაიორო, – დაეთანხმა მახლაზი, – წვერის გაპარსვას, სათვალის მოხსნას და ტანსაცმლის გამოცვლას დიდი სიბრძნე არ სჭირდება და ჩვენ, ფაქტობრივად, ნემსს ვეძებთ თივის ზვინში.
– ადვილი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე, – თქვა მაიორმა, – სულ რაღაც ორუცნობიანი განტოლებაა და ჩემი ღრმა რწმენით, თუ მას ამოვხსნით, მაშინ მკვლელსაც ვიპოვით. ჯერჯერობით რეალური ხელჩასაჭიდი მირიან პატარიძეა და მისი პიროვნება უნდა შევისწავლოთ.
ბოროტმოქმედთა ტრიო
39 წლის მირიან პატარიძე წარსულში ორჯერ ნასამართლევი აღმოჩნდა. პირველად ის ქურდობისთვის იჯდა, მეორედ კი ყაჩაღობისთვის. მილიციამ დანარჩენი ორის ვინაობაც დაადგინა. სლავური გარეგნობის მოწამლული, 41 წლის ვასილ პროკოპენკო, მეტსახელად „სტილეტი“ აღმოჩნდა, ხოლო აზიური გარეგნობის – 38 წლის ნურადინ მუჰამედოვი. პროკოპენკოც და მუჰამედოვიც საშიში რეციდივისტები იყვნენ. პროკოპენკო ხუთჯერ იყო ნასამართლევი და აქედან ოთხჯერ – ყაჩაღობისთვის. ხოლო მუჰამედოვი კი სამჯერ იყო ყაჩაღობისთვის ნასამართლევი.
სამივე მოკლულს აერთიანებდა ის, რომ ყველანი, ხუთი წლის წინ, კოლიმაზე, ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ერთად იხდიდნენ სასჯელს და თითქმის ერთდროულად გათავისუფლდნენ. პატარიძე თბილისელი იყო, მუჰამედოვი – ტაშკენტელი, პროკოპენკო კი მოსკოვში ცხოვრობდა.
– გარდა იმისა, რომ სამივე ერთად იჯდა, სხვა კავშირს მათ შორის ვერ ვხედავ, – თქვა მალხაზ გოცირიძემ, – და საინტერესოა, ვინ შეჰყარა ისინი თბილისში და რის გამო დახოცეს.
– ეს რომ ვიცოდეთ, მაშინ ხომ საქმესაც გავხსნიდით, – გაეცინა ცინცაძეს, – უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო. მათი პატიმრობის ადგილზე გაემგზავრე და ადგილზე იმუშავე.
მალხაზ გოცირიძეს ცინცაძემ ორკვირიანი მივლინება გამოუწერა და ახალგაზრდა ლეიტენანტი რუსეთსა და უზბეკეთში გაემგზავრა.
– აბა, ყმაწვილო, რა ამბები ჩამოგვიტანე? – ჰკითხა ცინცაძემ, მივლინებიდან დაბრუნებულ გოცირიძეს.
– როგორც კოლიმაზე გავარკვიე, თურმე პატარიძე, მუჰამედოვი და პროკოპენკო ვინმე ზეზვა სისაურთან ერთად ცხოვრობდნენ ერთ ბარაკში. სისაური თბილისელია და ათწლიან სასჯელს იხდიდა სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის. მან სასჯელი სანახევროდ მოიხადა და სამშობლოში დაბრუნდა. როგორც კოლონიის ხელმძღვანელობამ მითხრა, თურმე, სისაურის ფულით გაჰქონდა თავი სამივე მოკლულს. სისაური მათ პატიმრობიდან გათავისუფლების მერეც ეხმარებოდა. შეიძლება, დიდი ვერაფერი შევიტყვე, მაგრამ ვფიქრობ, რომ სისაურს უნდა გავესაუბროთ, – თქვა გოცირიძემ.
– მიდი, ბოლომდე მიჰყევი, – წააქეზა ცინცაძემ.
გაუჩინარებული „ცეხავიკი“
ზეზვა სისაურთან გასაუბრებამდე მალხაზ გოცირიძემ აღმოაჩინა, რომ სისაური უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო.
– ამხანაგო მაიორო, – მოახსენა ცინცაძეს ლეიტენანტმა, – ზეზვა სისაური 6 წლის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან და თბილისში დაბრუნდა. თუმცა, 2 წლის შემდეგ, ანუ 4 წლის წინ ის სექტემბრის ერთ-ერთ საღამოს შინიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას ამქვეყნად მხოლოდ მეუღლე დარჩა, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია.
– მისი გაუჩინარების დეტალები თუ გაარკვიე?
– მისი გაუჩინარების საქმეში ერთადერთი ჩვენება დევს, რომელსაც სისაურის მეზობელი აწერს ხელს. იქ წერია, რომ 2 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათზე, მან თავისი ფანჯრიდან დაინახა, თუ როგორ ჩაჯდა სისაური ტაქსიში და სადღაც წავიდა.
– ეს არაფერია. თბილისში ათასობით ტაქსია და ვინ იცის, რომელში ჩაჯდა, – ხელი ჩაიქნია მაიორმა.
– არც მასეა საქმე, ამხანაგო მაიორო. იმ მეზობელმა ტაქსის ნომერიც დაიმახსოვრა და ტაქსისტიც გამოჰკითხეს, მაგრამ მან არ იცოდა, სად წავიდა სისაური.
– სისაურის გაქრობის დღეს მეუღლე სად იყო?
– ბათუმში ისვენებდა და მეუღლის „ჟიგული“ ჰყავდა წაყვანილი.
– რას წარმოადგენს სისაურის ცოლი?
– ერთ-ერთი თეატრის მსახიობია და საკმაოდ ცნობილია კოლეგებს შორის.
– მოკლედ, ჩემო მალხაზ, თუ ცოცხალია, მაშინ ის ტაქსისტი მოძებნე და ხელახლა დაჰკითხე. მეუღლეს კი ჯერ არ გაეკარო. გაარკვიე, რას საქმიანობს ის ქალი თეატრის გარდა. ერთი სიტყვით, ყველა ინფორმაცია შეკრიბე და მის შესახებ შემდეგ ვიმსჯელოთ, – დაავალა მაიორმა ლეიტენანტს.
პროვოკაციული წერილი
გოცირიძემ ის მძღოლი დაკითხა, ვინც სისაური წაიყვანა.
– ის კაცი ვაგზალზე ჩამოვსვი, – უთხრა ტაქსისტმა ლეიტენანტს, – შემდეგ ცოტა ხნით „სტაიანკაზე“ შევჩერდი, რომ კლიენტი ამეყვანა. რომ დავიძარი, დავინახე, ის კაცი სამ ადამიანს ელაპარაკებოდა. ორი მათგანი ზურგით იდგა და ვერ დავინახე, ერთი კი „უზკაგლაზი“ (ვიწროთვალება) იყო.
გოცირიძემ ტაქსისტს მუჰამედოვის სურათი უჩვენა, რომელშიც მან „უზკაგლაზი“ ამოიცნო.
– მეუღლეზე რა გაარკვიე?
– მას ყველა დადებითად ახასიათებს. ძალიან ცოტა ახლობელი ჰყავს და კარჩაკეტილად ცხოვრობს.
– რა ჰქვია?
– ეკა სიხარულიძე.
– მე ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი მოსაზრება მაქვს. თუკი ჩემი ფანდი არ გაამართლებს, მაშინ მკვლელი ხელიდან გაგვისხლტება, – თქვა ცინცაძემ.
– ფიქრობთ, რომ მკვლელი სისაურის მეუღლეა? მეც ასე ვფიქრობ, უთხრა მაიორს ლეიტენანტმა.
– ჩვენი ვარაუდი არ კმარა. აი, ამ წერილით თუ შევძლებთ მის მოტყუებას, – თქვა მაიორმა და გოცირიძეს ფურცელი მიაწოდა, რომელზეც ეწერა: „დიდი ხანია, გითვალთვალებ, ჩემო გოგონა. ეჭვი მქონდა, რომ რაღაც დიდ საიდუმლოს მალავდი. ხოლო, როდესაც გარეგნობაშეცვლილი მიუჯექი „მოსკვიჩს“ და ქალაქისკენ გაემგზავრე, მივხვდი, სუფთა საქმეზე არ მიდიოდი. მე შენ ჩუმად აგედევნე მანქანით და ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ რომ გაიქეცი, მანქანის ბაგაჟნიკში კი სამი ტრუპი იპოვეს, მივხვდი, ის ადამიანები შენ დახოცე. თუ გინდა, ამ საქმიდან სუფთად გამოხვიდე, მაშინ 10 ათასი მანეთი მომიტანე. შენი მეგობარი“.
– რას მოგვცემს ეს ? – იკითხა გოცირიძემ.
– ქალს დავაკვირდებით და იმას მაინც მივხვდებით, მართლები ვართ თუ არა.
წერილის მიღებიდან მეორე დღესვე გოცირიძემ და ცინცაძემ ეკა სიხარულიძე ალექსანდრეს ბაღში დააკავეს პისტოლეტით. მას ხელბორკილები დაადეს და „ვოლგაში“ ჩასვეს.
– სად მივდივართ? – იკითხა ქალმა.
– სამი ადამიანის მკვლელობაში გედებათ ბრალი. თანაც ფაქტზე დაგაკავეთ, – უპასუხა გოცირიძემ.
– მე მკვლელი კი არა, შურისმაძიებელი ვარ. მათ მე ქმარი მომიკლეს და შური ვიძიე, – მშვიდად თქვა ქალმა.
ცინცაძემ „ვოლგა“ შეაჩერა და მერე ქალს უთხრა:
– მოგვიყევი, რა მოხდა, გისმენთ.
ქალმა სიგარეტი გააბოლა და თქვა:
– მე და ზეზვა სკოლის მერხიდან დავქორწინდით და მიუხედავად იმისა, რომ უშვილო ვარ, მას სიგიჟემდე ვუყვარდი. ზეზვას ნაკეთობების ცეხი ჰქონდა და დიდ ფულს შოულობდა. თუმცა, კონკურენტებმა ის ციხეში გაისტუმრეს. ამის მიუხედავად, ზეზვა 5 წელიწადში გათავისუფლდა. როგორც თავად მიამბო, მან ეს ნაძირლები იქ გაიცნო და დაუახლოვდა. ჩემი მეუღლე მათ კოლონიაშიც აჭმევდა და გათავისუფლების მერეც ეხმარებოდა. მაგრამ, ამ ნაძირლებმა ჩემი აქ არყოფნით ისარგებლეს, ზეზვა სახლიდან გაიტყუეს და ვერაგულად მოკლეს. ბათუმიდან რომ დავბრუნდი, სახლი გადაბრუნებული დამხვდა, თუმცა სამალავისთვის ვერ მიუგნიათ. ზეზვას მკვლელებს ოთხი წელი ვეძებდი და პირველად პატარიძეს მივაგენი. მე მასთან ინტიმური კავშირი დავამყარე და ყველაფერში ოსტატურად გამოვტეხე. შემდეგ მუჰამედოვი და პროკოპენკოც გავიცანი და ორივე თბილისში ჩამოვიყვანე საახალწლოდ. არც ერთმა არ იცოდა, თუ ვისი ცოლი ვიყავი. ყველაფერს მაშინ მიხვდნენ, როცა ისინი ერთად შევყარე ჩემს აგარაკზე, წყნეთში. პროკოპენკოს და მუჰამედოვს პისტოლეტის მუქარით მოწამლული შამპანური დავალევინე, პატარიძეს კი შევპირდი, რომ ვაპატიებდი და გვამები „მოსკვიჩის“ საბარგულში ჩავაწყობინე, შემდეგ მასაც გავასხმევინე ტვინი და სამივე მანქანით წამოვიყვანე, რომ მტკვარში გადამეყარა...
მას შემდეგ, რაც ეკა სიხარულიძე „ვოლგიდან“ გადავიდა, მაიორმა მანქანა დაქოქა და წავიდა...
P.S. ეკა სიხარულიძე კანადაში ცხოვრობს სხვისი გვარით, მილიციის ყოფილი ოფიცრები კი პენსიაზე არიან...