რომელ ეტაპზე რა ასტროლოგიური რჩვები უნდა გავითვალისწინოთ, პირადი ცხოვრების ასაწყობად
თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ჰარმონიული და იდეალური გახადოთ, პირად ურთიერთობებში ბედმა გაგიღიმოთ და მთელი სიცოცხლის განმავლობაში უპრობლემოდ განვლოთ გზა სასურველ სასიყვარულო პარტნიორთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ასტროლოგიური რჩევები, რომლებსაც დღეს გთავაზობთ.
ყოველი ადამიანი, დაოჯახებამდეც და მას შემდეგაც, ურთიერთობათა ევოლუციას განიცდის, კერძოდ, ქალი და მამაკაცი, ერთად თანაცხოვრების დროს, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს გაივლის, თანაც, სხვადასხვა სახის მონაცვლეობით. ზოგისთვის ის, შეიძლება, ერთ თვეს გაგრძელდეს, ზოგისთვის – წლების განმავლობაში, ზოგისთვის კი – მთელი ცხოვრება.
პირველი ეტაპია გაცნობა. ეს პერიოდი უკავშირდება ვერძის ზოდიაქოს. კაცი აქ ნამდვილი ვერძის თვისებებს ატარებს – არის აქტიური, შეუპოვარი, მიზანმიმართული, იმპულსური, ენერგიული; ქალი კი ამ დროს თევზის ზოდიაქოს ნიშან-თვისებებს იძენს, ანუ, მეტად იდუმალია, მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი.
განვითარების მეორე ეტაპზე მამაკაცი გადის კუროს ზოდიაქოში. უფრო მომთმენია და ყურადღებას აქცევს დეტალებს; ქალი კი გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში – ხდება თავისუფლებისმოყვარე, ორიგინალური, ქალური, ამოუცნობი, სპონტანური.
ურთიერთობის მესამე ეტაპზე კაცი გადადის ტყუპების ზოდიაქოში. ის აგროვებს მეტ ინფორმაციას, არის უფრო კომუნიკაბელური, გონებამახვილი; ქალი კი ამ დროს გადაინაცვლებს თხის რქაში – ისახავს მიზანს და ეძებს მისკენ მიმავალ გზებს.
ურთიერთობის მეოთხე ეტაპზე მამაკაცი გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში. ის ქალისგან მეტ ყურადღებასა და სითბოს ითხოვს; ქალი კი ამ დროს მშვილდოსნის ზოდიაქოშია და მზად არის, მას ყველაფერი მისცეს, ოღონდ, ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ.
მეხუთე ეტაპზე მამაკაცი გადადის ლომის ზოდიაქოში. მას სურს, დაემორჩილოს ქალი, ასევე, ზეგავლენა მოახდინოს რჩეულზე; ქალი კი ამ დროს ინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ელოდება მეტ ვნებას, სიყვარულს და მზად არის ცხოვრებისეული გარდატეხისთვის.
მეექვსე ეტაპზე კაცი გადადის ქალწულის ზოდიაქოში და ხდება უფრო კრიტიკული, აკვირდება ყველა წვრილმანს, ყველაფერს პირდაპირ ამბობს; ქალი კი სასწორის ზოდიაქოს ნიშანს გადის – ამყარებს კავშირებს, ზრუნავს იმიჯზე, ფიქრობს როგორ გააფორმოს კავშირი იურიდიულად, ანუ, გააკეთოს ის, რაც ვერ მოასწრო წინა ეტაპებზე.
ურთიერთობის მეშვიდე ეტაპზე მამაკაცი სასწორის ზოდიაქოში იმყოფება. მზად არის ურთიერთობის დასაკანონებლად, კომპრომისზე წასასვლელად; ქალი კი გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში და მეტად აკვირდება წვრილმანებს, ხდება კრიტიკული, ხედავს ქაოსს და ელემენტარულ უწესრიგობებსაც კი.
მერვე ეტაპზე მამაკაცი მორიელის ზოდიაქოშია. მეტადაა მიდრეკილი ვნების, რისკისა და ღალატისკენ. ქალი კი ამ დროს მეტ პატივისცემას ითხოვს მისგან – უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, განსაკუთრებული დაფასება და აღიარება.
ურთიერთობის მეცხრე ეტაპზე მამაკაცი გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში. ამ დროს მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ხდება სოციუმი, იდეოლოგია, რელიგია და პოლიტიკა; ქალი კირჩხიბის ზოდიაქოშია და ხდება საკუთარ თავში ჩაკეტილი, მეტად ემოციური.
მეათე ეტაპზე კაცი ინაცვლებს თხის რქის ზოდიაქოში, ანუ მიილტვის პროფესიული კარიერისკენ. ხდება მაქსიმალისტი ბიზნესში, სურს აღიარება; ქალი კი ტყუპების ზოდიაქოს გადის და მისთვის მთავარია ურთიერთობები.
ურთიერთობის მეთერთმეტე ეტაპზე მამაკაცი გადადის მერწყულის ზოდიაქოში. მას სჭირდება კონტაქტები, თავისუფლება, ახალი იდეები, ორიგინალური თვითგამოხატვა. ქალი ინაცვლებს კუროს ზოდიაქოში და მიილტვის ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებისკენ.
ურთიერთობის მეთორმეტე ეტაპზე მამაკაცი გადის თევზების ზოდიაქოს, ანუ, იკეტება საკუთარ თავში, ხდება ეჭვიანი, დეპრესიული; ქალი კი ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია და მეტად ენერგიული, აქტიური, იმპულსური, მებრძოლი და თამამი ხდება; ის მზად არის ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
ასეთია ურთიერთობათა ევოლუცია, და, თუ ამ ეტაპებს კარგად გააანალიზებთ, პირადი ცხოვრების აწყობა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.