როდის მძაფრდება ინტუიცია და წინასწარმეტყველური უნარი ადამიანში და რაზე მეტყველებს ხასიათის ხშირი ცვლილება
ინტუიციას ადამიანის მეექვსე გრძნობად მიიჩნევენ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ინტუიციის კარნახით ერთხელ მაინც არ ემოქმედოს. თუმცა, ეს მეექვსე გრძნობა, რომელიც ადამიანის დამხმარედ ითვლება, ყოველთვის არ ამართლებს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტუიცია უმეტესწილად სიმართლეს გვკარნახობს, პარაფსიქოლოგების აზრით, ადამიანი თავისდაუნებურად აგროვებს ინფორმაციას მის გარშემო. შემდეგ ეს შეიძლება, გადაიზარდოს ისეთ გრძნობაში, თითქოს რაღაცა ინფორმაცია ვიცით, რომელიც წესით, არ უნდა ვიცოდეთ, ინტუიციის რეალურად შესწავლა ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელი. თუმცა, წელიწადის განმავლობაში არის დღეები, როცა ადამიანებში ინტუიცია გამძაფრებულია და მის კარნახს ბევრი ენდობა. ამიტომ, საქმეშიც ადვილად აღწევს წარმატებას და შესაძლო საფრთხეებსაც უპრობლემოდ იცილებს თავიდან. ისევე, როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ელეონორა ამბობს, ნებისმიერი ადამიანის დაბადებისას დედამიწაზე ჩნდება ახალი წერტილი და სწორედ ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე.
ელეონორა: ადამიანების მიერ, იმ ამოუცნობი და მისტიკური ფაქტების უარყოფა, სირაქლემის პოზაში ყოფნას მაგონებს, როცა არ გინდა, დაინახო, ან გაიგო ის, რაც შენ გარშემო ხდება. ბევრს არ სჯერა, რომ წლის გარკვეულ პერიოდში ადამიანებში გამძაფრებულია ტელეპათიური და წინასწარმეტყველური ნიჭი. ამ დროს შეიძლება, ისეთი რამ თქვა რაც, შემდეგ ახდება და ამით თავად დარჩე გაკვირვებული. ვფიქრობ, მსგავსი რამ ბევრ თქვენგანს დამართნია, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევად ჩაგითვლიათ. ეს სწორი არ არის. უბრალოდ, ამ პერიოდში თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭი და ტელეპათიური უნარი ზენიტში იყო. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ფაქტები თავად მიგანიშნებთ ამაზე და ეს აუცილებლად უნდა დაინახოთ. ასეთი პერიოდი ყველას აქვს და ამ დროს მეტად მგრძნობიარეა ადამიანი. ბევრი მეკითხება, როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი წინასწარმეტყველური ნიჭი ზენიტშია ან ტელეპათიური ხედვა გვაქვს გამძაფრებულიო. ამის გაგება სულ ადვილია, თუ თქვენი ქცევებისა და ხასიათის ცვლილებას დააკვირდებით. ინტუიცია მაშინ არის მომატებული და წინასწარმეტყველური აღქმა გაძლიერებული, როცა გინდა, ყველასგან შორს იყო, განმარტოვდე, ფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე და აანალიზებ წარსულში მომხდარ დეტალებს. საკუთარ თავში იკეტები და სიმშვიდეს მხოლოდ ფიქრში განიცდი. ამ დროს კი როგორც წინასწარმეტყველური, ასევე, ტელეპათიური უნარიც გამძაფრებულია და ეს შეგრძნებები აშკარად შესამჩნევი ხდება.
– ამბობენ, აზრი და ფიქრი, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული ინსტრუმენტებია, რომლის საშუალებითად ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონსო. ეს რეალურია?
– დიახ, სავსებით რეალურია. ამ დროს ინტუიციაც მძაფრდება და ადვილად შეძლებთ მომავლის სასიკეთოდ შეცვლას. შექმნილი ფონის ხარჯზე ხდება ყოველივე ამის გაგზავნა სამყაროში ფიქრისა და აზრის დონეზე. შემდეგ კი ეს გზავნილი უკან, ინფორმაციის სახით გვიბრუნდება. ასე რომ, ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა, ადამიანებისთვის სრულიად შესაძლებელი და რეალური ფაქტია. რატომ არის, რომ შეყვარებულები ერთმანეთის განცდებს, სიხარულს ან თუნდაც ტკივილსა და გაჭირვებას, მანძილის მიუხედავად, მაინც გრძნობენ. ამ დროს აფორიაქებულნი არიან და რაღაც არარეალურს განიცდიან. როდესაც გიყვარს, გული სხვანაირად ძგერს. თუ რაღაც პერიოდი რჩეულთან განშორება გიწევთ, ამ დროს კი დაგეუფლათ შფოთვა და აფორიაქება, ესე იგი, მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ამ დროს გუნება-განწყობა გიფუჭდებათ, ადგილს ვერ პოულობთ, ის, თქვენი მეორე ნახევარი კი, ამ დროს გასაჭირშია – რაიმე აწუხებს, ან გამოუვალ სიტუაციაშია. მისი უარყოფითი – წარუმატებლობაზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას თქვენ ტელეპათიურად, ამავე სამყაროდან, ინფორმაციის სახით იღებთ. ასევე, თუ უეცრად, ამაღლებული განცდა დაგეუფლათ, მიხვდით, რომ ცხოვრება მშვენიერია და გარშემო ყველაფერს ვარდისფრად აღიქვამთ, ჩათვალეთ, რომ სწორედ ასეთი განწყობა აქვს თქვენგან შორს მყოფ საყვარელ ადამიანს. ზოგადად კი, განცდები სხვა არაფერია, თუ არა, ენერგეტიკული მუხტი, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და თუ ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ის უფრო მძაფრდება და ძლიერდება ტელეპათიური შეგრძნებების დონეზე. როცა სიყვარულზე სიყვარულით გპასუხობენ, იქ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი და შესაბამისად, შეგრძნებებიც წინასწარმეტყველური ხდება.
– რაც უფრო დიდხანს გრძელდება სასიყვარულო ურთიერთობა, მით უფრო მძაფრდება ეს შეგრძნებები და ტელეპათიური კავშირები?
– რაც უფრო დიდხანს გრძელდება სასიყვარულო ურთიერთობა, მით მეტად იზრდება შეყვარებულებს შორის წინასწარმეტყველური და ტელეპათიური მოვლენები და შეგრძნებები. ამაში ორი აზრი არ არსებობს და თუ თავად დააკვირდებით, აშკარად მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ.
– ეზოთერიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ დედამიწაზე თითოეულ ადამიანს დაბადებისას თავისი წერტილი უჩნდება ვარსკვლავის სახით, რომელიც მის ბედ-იღბალსა და მომავალზეა პასუხისმგებელი.
– ამ თემაზე, ერთგვარი გაურკვევლობაა ადამიანებში. დიახ, ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე აქვს თავისი წერტილი, რომელიც მისი დაბადებისას ჩნდება. ეს წერტილები იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა ადამიანს თავისი ადგილი ჰქონდეს დედამიწაზე. ასევე, ასეთ ადგილებში ადამიანს ეცვლება აურა და ბიოველი. ეს წერტილები დადებითიც არის, უარყოფითიც და ნულოვანიც. ასეთ უარყოფით წერტილებში, ანუ ადგილებში, დიდხანს ყოფნისას, ადამიანს ბედისწერა უარყოფითისკენ ეცვლება. დადებით წერტილებში მოხვედრისას კი, ბედი გაგიღიმებთ. მაგალითად, დადებით წერტილში მოხვედრისას, თავს მშვიდად, კომფორტულად, დაცულად და ჰარმონიულად გრძნობთ. ამ დროს იმუხტებით დადებითი ემოციებითა და ენერგიით. უარყოფით წერტილებში კი ადამიანს ეწყება შფოთვა, აპათია, მოუსვენარი ხდება, ავიწყდება მოვლენები და არ არის გამორიცხული, ახლობელი ადამიანების სახელებიც კი ვერ გაიხსენოს. ასევე, ხდება შრომისუუნარო, ადვილად ღიზიანდება და კონფლიქტურია. აი, ნულოვან წერტილში კი მაშინ ხვდება ადამიანი, როცა სხვებთან კონტაქტი არ სურს, საკუთარ თავში იკეტება და ფიქრებში ეხვევა. ეს საშიში ზონაა, რადგან ადამიანს ენერგია ეყინება და ვერც წინ დგამს ნაბიჯს, ვერც უკან, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება ან მომავალში რაიმეს დაგეგმვა. ამიტომ, კარგად დააკვირდით გარემოს, სადაც დიდხანს გიხდებათ ყოფნა – სად გიჩნდებათ განმარტოების სურვილი, სად გრძნობთ თავს კომფორტულად და სად მშფოთვარედ, მოუსვენრად. ასევე, თუ გარკვეულ ადგილას ყოფნისას, თვალი ხშირად გიშტერდებათ, გეწყებათ მთქნარება, ესე იგი, ეს თქვენთვის საშიში ადგილია და უარყოფითი წერტილის ზონაში იმყოფებით. ასე ვთქვათ, ეს ანომალიური ზონაა თქვენთვის და მას აუცილებლად უნდა გაეცალოთ.