სისხლში სილიციუმის ნაკლებობა სახიფათოა
სისხლში სილიციუმის შემცველობა უმნიშვნელოა, თუმცა მისი შემცირება ორგანიზმისთვის სახიფათოა. ამ დროს ადამიანი მწვავედ რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე, უარესდება მისი ფსიქიკური მდგომარეობა. თმა ხდება მტვრევადი და, შესაძლოა, დაიწყოს გამელოტება, კანი კარგავს ელასტიკურობას.
სილიციუმი შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი ნაწილია. ასაკთან ერთად, ამ მიკროელემენტების შემცველობა ორგანიზმში მცირდება. ძვლების მტვრევადობა ხანდაზმულ ასაკში აიხსნება არა მხოლოდ კალციუმის, არამედ სილიციუმის ნაკლებობითაც.
თვალის ბროლი შეიცავს ოცდახუთჯერ მეტ სილიციუმს, ვიდრე თვალის კუნთი. ამიტომ, კატარაქტის ერთ-ერთი სახეობა სწორედ სილიციუმით იკურნება. ასევე, ძველად მას გამოიყენებდნენ ასთმითა და გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს.
სილიციუმი ებრძვის დისტროფიას, ეპილეფსიას, რევმატიზმს, გასუქებასა და ათეროსკლეროზს. რკინისა და კალციუმისგან განსხვავებით, სილიციუმი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ ხანდაზმულ ასაკში.
სილიციუმის შემცველი ძირითადი საკვებია: კიტრი, ნიახური, რძე, პრასი, თალგამი, მზესუმზირა, პომიდორი, ბოლოკი და შვიტა.
როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი ორგანიზმიდან
სხეულის გასაკაჟებლად და ფორმაში ჩასადგომად უამრავი ვარჯიში და დიეტა არსებობს, მაგრამ ხშირად მათ უმრავლესობას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ზუსტად იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც იღებს და თან, სტაბილურ წონას ინარჩუნებს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დასახული მიზნის მიხედვით რეგულირდება. ეს კი სხეულის მასის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. მიზანი შეიძლება, იყოს როგორც ზედმეტი ცხიმის დაწვა, ისე წონის გაზრდა კუნთების ხარჯზე. ამასთან, სასურველი შედეგის მისაღწევად კვების წესები ზუსტად უნდა დავიცვათ.
ნახშირწყლები კუნთოვანი მასის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია. ის არა მარტო ორგანიზმის ენერგიულობის საწინდარია, არამედ ხელს უწყობს ცილების შენარჩუნებასა და ათვისებას. ამიტომ, თუ გსურთ, სპორტული აღნაგობა გქონდეთ და წონაში არ მოიმატოთ, მოერიდეთ შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღებას. ნახშირწყლების მიღების ძირითადი დრო საუზმე და სადილია, სხვა დანარჩენ დროს ნახშირწყლები უნდა შეზღუდოთ. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ პოლისაქარიდებსა და სახამებლიან ნახშირწყლებს, მაგალითად, როგორიცაა ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, მოხარშული კარტოფილი, ქატოს პური, თხილი, სიმინდი, ბანანი, ჰერკულესი და ასე შემდეგ. ნახშირწყლების რეკომენდებული დღიური ნორმა 10 გრამია ადამიანის წონის თითოეულ კილოგრამზე. მაგალითად, თუ 80 კილოგრამს იწონით, ესე იგი, დღეში 800 გრამი ნახშირწყალი უნდა მიიღოთ.
ცილა მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. მისი რაოდენობა სხეულის საერთო წონის თითოეულ კილოგრამზე დღეში 5 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ცილების წყაროა ქათმის ხორცი, თევზი, ინდაურის ხორცი, კვერცხი, მაწონი, ხაჭო და რძე.
ცხიმები ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა, კუნთების დაყენების მსურველები მათ რაოდენობას ცილებსა და ნახშირწყლებთან შედარებით მნიშვნელოვნად ზღუდავენ. რაციონიდან ცხიმების საერთოდ ამოღება არ შეიძლება, რადგან ის ხელს უწყობს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ვიტამინის ათვისებას. მცენარეული, ანუ უჯერი ცხიმების წყაროა: არაქისი, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი; ნახევრად უჯერის კი – სიმინდის, მზესუმზირის, სოიის ზეთი და ნიგოზი.
სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ უნდა ამოიღოთ კვების რაციონიდან. ეს ეხება ცხიმებით მდიდარ პროდუქტებს, მაგალითად: ცხიმიან რძეს, არაჟანს, მაიონეზს, ყველს, ნაღებს, მარგარინს, ღორისა და ცხვრის ხორცს. ასევე, არ უნდა მიირთვათ უხარისხო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, მაგალითად: კანფეტი, ტორტი, ნამცხვარი, ტკბილი სასმელები, შემწვარი კარტოფილი და ალკოჰოლი.
რა იწვევს სეზონურ ავიტამინოზს და როგორ ვუმკურნალოთ მას
ავიტამინოზის მიზეზი ხდება არასწორი კვება, დაუბალანსებელი რაციონი, პროდუქტებში ვიტამინების სიმცირე, დიეტები ან სამკურნალო მიზნით შიმშილი. ასევე, მისი მიზეზი შესაძლოა, გახდეს ალკოჰოლი, ნიკოტინი, სხვადასხვა დაავადება და მათი მკურნალობის დროს მიღებული მედიკამენტები. შაქრიანი დიაბეტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს მკვეთრად ირღვევა ვიტამინების შეწოვის პროცესი.
აგრეთვე, ვიტამინების ნაკლებობა მოსდევს სამკურნალო კვებასაც და ზოგი მედიკამენტის, კერძოდ კი, კუჭში გამხსნელისა და ანტიბიოტიკური აბების მიღებას.
ადამიანის ორგანიზმს ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ვიტამინების შევსებაში ორგანიზმს ეხმარება ახალი ხილი, ბოსტნეული, ახლად გამოწურული წვენები და პოლივიტამინების კომპლექსი.
ბავშვებში ხშირია სეზონური ავიტამინოზი. მშობლებმა, რომლებმაც არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ სეზონურ ავიტამინოზს ბავშვებში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
* აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ ბავშვის საკვები მენიუ;
* მთელი წლის განმავლობაში ბავშვს უნდა მიიღოს ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები;
* ექვსი ცალი შავი ქლიავი გაატარეთ, დაამატეთ ექვსი ცალი დანაყილი ნიგოზი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ლიმონის წვენი, ანადუღარი ცხელი წყალი და გააჩერეთ, დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ ბავშვს აჭამეთ. ის გემრიელია და პატარას აუცილებლად მოეწონება, მის ორგანიზმს კი არგებს.
* ერთი სადილის კოვზი დანაყილი ასკილი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი და წყლის ორთქლზე ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ჩაასხით თერმოსში ორი-სამი საათით. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი ჟოლოს, მარწყვის ან მოცხარის მურაბა და ნახევარი ლიმონის წვენი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ვაშლი და ფორთოხალი. ეს ნახარში ბავშვმა და მოზრდილმაც თბილი უნდა დალიოს.
კომში ძალიან სასარგებლოა და ის ბევრ დაავადებას შველის
კომში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს: საქაროზას, ფრუქტოზას, მდიდარია B1, B2, PP, C და E ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და კობალტით.
კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებთ.
*ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს, 2 სადილის კოვზ კომშის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე.
*ასთმის დროს, 1 სადილის კოვზ კომშის კურკებს (თავისი ბუდიანად) დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღეში სამჯერ, 2 სადილის კოვზი, ჭამის წინ.
*თუ ხველამ შეგაწუხათ, 1 სადილის კოვზ კომშის კურკებს დაასხით 100 გრამი ადუღებული წყალი, ნელ ცეცხლზე შემოდგით და ათი წუთი ადუღეთ. შემდეგ, გააგრილეთ და სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 20 წუთით ადრე.
*თუ ნაბახუსევზე თავი გისკდებათ და ღებინების შეგრძნებაც გაქვთ, ჭამის წინ ერთი ჭიქა კომშის ნატურალური წვენი დალიეთ.
მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია. ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ. კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.
ასევე, ხველების დროს კარგია კომშის გულისა და კურკების ნახარში. კერძოდ, გაჭერით კომში შუაზე. ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი. თბილი დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ – დილით და საღამოს.
წნევის დასაწევად შეგიძლიათ, შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროტრომბინის დროსაც, რადგან ის მის დონეს არეგულირებს.
ასკილის ნახარში თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვან დაავადებას შველის
ასკილის ნაყოფი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ასკილის თესლის ნაყენს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს. სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ის ასევე, არის ნაღველმდენი და სკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებაც.
ასკილის ნაყოფში დიდი რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას. სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშებისა და ნაყენების სმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც თრომბოფლებიტები აქვს.
ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ნაყოფი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ, დადგით წყლის ორთქლზე დაახლოებით 15 წუთით. გააჩერეთ ნაყენი ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჭიქა დღეში ორჯერ.
ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად ერთი ჩაის კოვზი დატეხილი თესლი ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 10-15 წუთით. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში ერთხელ, ჭამის წინ, თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.