ექიმის რჩევები
კითხვა: 52 წლის ქალბატონს ბოლო ერთი წელია ფრჩხილების პრობლემა აქვს (განსაკუთრებით – მარჯვენა ხელზე): კანსა და ფრჩხილს შორის გაჩნდა სიცარიელე, ფერი შეიცვალა და ყვითლად გამოიყურება, ფრჩხილი კი ფურცელივით გათხელდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გავაკეთოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
პასუხი: ეს ფრჩხილის სოკოვანი დაზიანების – ონიქომიკოზის ან ონიქოფიტიის ნიშნებია. უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
კითხვა: ვარ 14 წლის ბიჭი. ბოლო დროს, რაღაცნაირად, სულ სხვანაირ ხასიათზე ვარ, ღამის ძილიც მიჭირს და სულ დაღლილობას ვგრძნობ. რისი ბრალია?
პასუხი: ეს გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქო-ემოციური წრის ცვლილებაა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ენდოკრინული ძვრების შედეგია.
კითხვა: რა ანალიზია საჭირო უშაქრო დიაბეტის დასადგენად?
პასუხი: უშაქრო დიაბეტი არის ანტიდიურეზული ჰორმონის (ჰიპოფიზის ჰორმონი) ნაკლებობა, რაც იწვევს თირკმლის მილაკებში შარდის უკუშეწოვის დარღვევას და პაციენტს ეწყება ძალიან დიდი რაოდენობით დაბალი ხვედრითი წონის შარდის გამოყოფა. ეჭვს ამ დაავადებაზე ბადებს დიდი რაოდენობით (3-დან 10 ლიტრამდე) დაბალი ხვედრითი წონის შარდის გამოყოფა, ამიტომ, დასაწყისში აუცილებელია შარდის ანალიზი. თუ შარდის ანალიზით დადგინდება, რომ პაციენტი გამოყოფს ძალიან დაბალი (1 001-1 003) ხვედრითი წონის შარდს, შემდგომში ტარდება ჰორმონული კვლევა და სადიაგნოზო სინჯები; კონკრეტულად რომელი – ამას ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს.
კითხვა: ვარ 23 წლის მამაკაცი. ენის ზოგიერთ მონაკვეთზე მაქვს თეთრი ნადები, ენის წვერზე კი – წითელი წიტების მაგვარი, რომლებიც მექავება. ექიმმა ხან გასტრიტის დიაგნოზი დამისვა, ხან – სებორეის, მაგრამ, მკურნალობა არ მშველის. კიდევ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: თქვენ აღწერთ ინფექციური გლოსიტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. აუცილებელია, გამოიკვლიოთ ნაცხი ბაქტერიოლოგიურად. შესაძლოა, ყოველივე ეს სოკოვანი ინფექციითაა პროვოცირებული და ამ მხრივ საჭიროებთ მკურნალობას.
კითხვა: დეკემბრის შემდეგ საჯდომზე ნანემსარი მაქვს გამაგრებული. საშიში ხომ არ არის და რით ვიმკურნალო?
პასუხი: თუ ნანემსარი არ არის გაწითლებული, საგანგაშო არაფერია. გირჩევთ, გროვაზე გაიკეთოთ ეგრეთ წოდებული იოდის „ბადეები“. ეს საკმაოდ ძველი ინიექციის შემდგომი ნარჩენია, ამიტომ, მის გაწოვას შედარებით დიდი დრო დასჭირდება.