კალეიდოსკოპი
ფლოიდ მეივეზერის სარეკორდო ჰონორარი
ლას-ვეგასში გამართულ საკრივო შოუს ფარგლებში გამართულ საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერ უმცროსმა დაამარცხა მექსიკელი საულ ალვარესი და, WBC-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. სატიტულო შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ მეივეზერმა მსოფლიო კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰონორარი მიიღო – 41,5 მილიონი დოლარი, მაშინ, როცა ალვარესმა მხოლოდ 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 36 წლის მეივეზერს პროფესიულ რინგზე წაგება არ ჰქონია და, ბოლო მონაცემებით, ის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ ითვლება.
შეიკის ნაკლებად სექსუალური იმიჯი
რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ უყვარს მკვეთრი მაკიაჟი და აქცენტს ბუნებრიობაზე აკეთებს. რამდენიმე ხნის წინ შეიკი ნიუ-იორკში გამოჩნდა გერმანელი ფოტოგრაფის, პიტერ ლინდბერგის 68 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე და შეკრებილი სტუმრები თავისი უბრალოებითა და უცნაური ჩაცმულობით გააკვირვა, სადაც ის, პრაქტიკულად, უმაკიაჟოდ და გაუგებარი კოსტიუმით მივიდა. კოსტიუმი ნახევრად სპორტული ტოპისა და შარვლის ნაზავი იყო და სრულიად არ შეესაბამებოდა დრეს-კოდს. ამის მიუხედავად, ლამაზმანი მაინც ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა მთელი საღამოს განმავლობაში და ფოტოგრაფებისთვის სასურველი გადასაღები ობიექტი იყო.
დენის როდმანი – ჩრდილოეთ კორეის ხალხის სამსახურში
სკანდალებით განთქმული ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საკალათბურთო ნაკრებს დაეხმარება 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებისთვის მოსამზადებლად. როდმანი რამდენჯერმე იყო სტუმრად ფხენიანში და მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან – კიმ ჩენ ინთან. დეკემბერში როდმანი კორეელი კალათბურთელებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს და შეარჩევს მოთამაშეებს, რომლებიც დაიწყებენ მზადებას ოლიმპიური თამაშებისთვის. როდმანის თქმით, კორეელ კალათბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ და ის სიამოვნებით დაეხმარება მათ ამ პოტენციალის რეალიზებაში.
შარაპოვა დანიშვნას უარყოფს
მარია შარაპოვა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის და მისი ბოიფრენდი, ბულგარელი სპორტსმენი გრიგორ დიმიტროვი, დაინიშნენ. „არა, ჯერჯერობით არ ვაპირებ გათხოვებას და, ჩემთვის უცნობია, რის გამო გავრცელდა ეს ცნობა. დანიშნულები არ ვართ,” – განუცხადა ჟურნალისტებს შარაპოვამ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკში, მოდის კვირეულზე თითზე ახალი ბეჭდით შენიშნეს. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო გამოითქვა ვარაუდი, რომ მსოფლიო ჩოგბურთის რუსი სექს-სიმბოლო დანიშნულია.
სოროსი დაქორწინდა
ცნობილი ფინანსისტი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული ამჟამად 42 წლის თამიკო ბოლტონია, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. ქორწინების მოკრძალებული ცერემონია 83 წლის ჯორჯის სახლში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბედფორდში გაიმართა, რომელსაც სიძე-პატარძლის ახლო ნათესავები ესწრებოდნენ. მუსიკისა და ხელოვნების ცენტრ „ქერემურში“ კი 500-მა სტუმარმა მოიყარა თავი – ნეფე-დედოფალს გაბედნიერება მიულოცეს მსოფლიო ფინანსური ელიტის წარმომადგენლებმა, მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგავმა კრისტიან ლაგარდმა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონკიმმა და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა...
პატარძალი ოჯახში მშვენიერი მზითევით შევიდა: ბოლტონი, რომელიც ადრე დაკავებული იყო საკვები დანამატების ვაჭრობით ინტერნეტში, ამჟამად ფლობს კომპანიას, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს იოგას ონლაინ-ვარჯიშებს სთავაზობს.
რაც შეეხება სიძეს: სოროსის ნამდვილი სახელია დიერდ შოროში. ის დაიბადა 1930 წლის 12 აგვისტოს, ბუდაპეშტში, ადგილობრივ ებრაელთა ერთობის ლიდერის, ტივარდ შვარცის ოჯახში. 1936 წელს შვარცებმა გვარი შოროშებად გადაიკეთეს, 1947 წელს კი ყალბი პასპორტებით ემიგრაციაში წავიდნენ დიდ ბრიტანეთში, სადაც პატარა ჯორჯი (მან სახელიც ინგლისურ მანერაზე შეიცვალა) ლონდონის ეკონომიკის სკოლაში შევიდა.
სოროსის კარიერა 1956 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი ლონდონელი მეგობრის მამამ ის უოლ-სთრითის საბროკერო კანტორაში მიიწვია. ახალგამომცხვარი ფინანსისტის მოღვაწეობის სფერო გახდა გარიგებები ერთი ქვეყნიდან მეორეში ფასიანი ქაღალდების გაყიდვებთან დაკავშირებით. საქმე კარგად მიდიოდა: სოროსი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1967 წელს თავის პატრონს შესთავაზა ახალი პროექტი: ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში შეექმნათ საინვესტიციო ფონდი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა. კიდევ ორი წლის შემდეგ კი სოროსი ახალი ფირმის – Double Eagle-ის მფლობელი გახდა, რომელიც შემდგომში განთქმულ Quantum Group-ად გარდაიქმნა და სოროსს სიმდიდრე და დიდება მოუტანა.
ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, სოროსის ქონება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია.
დუბაის კაფეში ნამდვილი ოქროს ჩაი იყიდება
დუბაიში მოდურ კაფე Art Cafe Mocca-ში სტუმრებს ოქროს ჩაის სთავაზობენ – ჩაის გრანულები ძალზე თხელი, 22-კარატიანი ოქროს ფენითაა დაფარული. ორი კვირაა, რაც სასმელი გამოჩნდა და სპეციალურ სარეკლამო ფასად – 55 დირჰემად (დაახლოებით 15 ამერიკული დოლარი) იყიდება.
სანამ სუფრაზე მოხვდებოდეს, ჩაი გრძელ გზას გადის: „ჩვენ ვყიდულობთ ჩაის, რომელიც ცეილონის პლანტაციებში მოჰყავთ, ვგზავნით მათ გერმანიაში, სადაც მათ თხელი ოქროს ფენით ფარავენ, შემდეგ კი – მაროკოში, არომატიზაციისათვის. საბოლოო პროდუქტი უნიკალურია“, – ყვება კაფეს მფლობელი, წარმოშობით ეგვიპტელი, 32 წლის აშრაფ მახრანი.
დუბაის კაფეს მფლობელი დარწმუნებულია, რომ ეს სასმელი ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კარგად ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ფიზიკურ დაღლილობას. მაგრამ, ყველა როდი ეთანხმება მის შეხედულებას: ოქრო გარკვეული რაოდენობით საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ, აითვისებს თუ არა ის ასეთი ფორმით, ძნელი სათქმელია თუკი ეს ძვირფასი ლითონი რაიმე დადებითი გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ალბათ, მხოლოდ პლაცებოს ეფექტით. როგორც ამბობენ, ყველა ავადმყოფობა ნერვებისგანაა და, მაშინ, ის სასარგებლოა – ოქრო, როგორც არ უნდა მიიღოთ, ყოველთვის დადებითი ემოციების მომტანია.
უნდა აღინიშნოს, რომ ძვირფასი სასმლის მომზადება ნებადართულია დუბაის შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ და მიჩნეულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ. ეს სასმელი ახალი არაა – მას იცნობენ და უყვართ ჩინეთში, ინდოეთსა და დასავლეთის ქვეყნებში.