კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჩადის ადამიანი მძიმე ცოდვას შეგნებულად და რომელი ექვსი ვნებისგან განშორება უჭირს მას ყველაზე მეტად

ადამიანებს ყველაზე მეტად ვნებებთან განშორება გვიჭირს, ამის გამო ხშირად ვვარდებით ერთსა და იმავე ცოდვებში. ბევრმა, ალბათ, ისიც არ იცის, რომ არსებობს ყველაზე გავრცელებული ექვსი ვნება, რომელთა შესახებაც გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– როდესაც სასულიერო პირი შენდობის ლოცვას გიკითხავთ, ალბათ, უსმენთ და გაინტერესებთ, რა სიტყვებს ამბობს. ის ასეთ ჩამონათვალს აკეთებს:  „ვითარცა პეტრესა და მეძავს ცრემლით მიერ მიტევება ცოდვათა მისთა მიანიჭე“... ანუ, გასაგებია, რომ ცოდვების გასააზრებლად, შესაგნებლად ცრემლი და სინანულია საჭირო, მაგრამ, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ვნებებში ვარდება ყველაზე ხშირად ადამიანი. შენდობის ლოცვისას მოძღვარი ბოლოში ჩამოთვლის ვნებების ექვს განსაკუთრებულ მდგომარეობას: სიტყვით, საქმით, მეცნიერებით, უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ.  ერთი სიტყვით, თითქმის ყველა ადამიანი ყოველდღე, ყოველ წამს ცდება სიტყვით. როგორც იაკობ მოციქულის ეპისტოლეს მესამე თავში წერია: ადამიანი არის მეტყველი, მოაზროვნე, ვერტიკალური არსება და ის ყოველ წამში გარკვეულ ცოდვას სჩადის სიტყვით. შეიძლება, არავინ მოკლა, არ იმრუშო, მაგრამ სიტყვით ძალიან ბევრ ცოდვას სჩადიოდე – რამდენი განკითხვა, წყევლა, გინება ამოდის ჩვენი ბაგეებიდან?! იაკობ მოციქული ბრძანებს: ვინც სიტყვით არ ცდება, ის სრულყოფილი ადამიანიაო. ასეთი ადამიანი, ანუ ის, ვინც სიტყვით არ ცდება, არ არსებობს. ძალიან ძნელია ენის მოთოკვა –  პატარა ორგანოა, მაგრამ, დიდ ცეცხლს აჩენს ადამიანის სხეულში. მოგეხსენებათ, რომ განკითხვის დროს დასჯილი ვიქნებით ჩვენი ყველა სიტყვის გამო,  ან, პირიქით – გამართლებული. მაგრამ, ალბათ, ცოტა ვინმე თუ გამართლდება და ძნელად თუ იამაყებს თავისი სიტყვით. თუ გარკვეულ მრიცხველს დაუყენებთ თქვენს ბაგეებს, ის მაშინვე გადაიწვება და შეგრცხვებათ თქვენი სიტყვის. ამიტომ, სანამ თქვენი ბაგეები ამოქმედდება, თქვენი ენა დაიწყებს მოძრაობას, მანამდე დაუკვირდით სიტყვებს. ადამიანებს უყვართ თქმა: ეს მომივიდა, ის მომივიდა... სანამ რამე მოგივათ, სანამ თქვენი სიტყვა დაგკოდავთ თქვენ ან თქვენს მოყვასს, მანამდე კარგად დაფიქრდით. ასე რომ, ჩვენში ყოველი ცოდვა პირველად სწორედ სიტყვით შემოდის. ამიტომაც, თქვენი სიტყვა იყოს: ჰო – ჰო; არა – არა. თუ კარგის თქმა გინდათ, თქვით, თუ არა და, მაშინ, ეცადეთ, გაჩუმდეთ. „მე ეს გავიგე, ასე ამბობენ, ასე ყოფილა...“ – ამ ყველაფერს მერე ჩვენს სიტყვებს ვუმატებთ, შემდეგ ამას სხვა ამატებს რაღაცას და ამის გამო რამდენი კვდება, რამდენი რჩება სიტყვით გულმოკლული! თუმცა, შეიძლება, ადამიანი სიტყვით არ ვარდებოდეს ვნებაში, სამაგიეროდ, უფრო მეტს აშავებდეს საქმით, ვიდრე სიტყვით.

– ეს როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან?

– ხშირად არა მხოლოდ გარეთ ან სახლში, არამედ, ეკლესიაშიც ბევრს აშავებენ საქმით: უაზროდ გადაადგილდებიან, საუბრობენ, შეუფერებლად აცვიათ და ასე შემდეგ. დააკვირდით კარგად, რამდენს აბრკოლებთ თქვენი ქცევით. თქვენი ყველა საქციელი, ქცევა, შესაფერისი უნდა იყოს იმ ადგილის, სადაც იმყოფებით. თუმცა, შეიძლება, ეკლესიაში იყო ფარისეველივით – კეთილმდგომარეობაში, კეთილმსახური, მაგრამ, როგორც კი ტაძრის ზღურბლს გადააბიჯებ, შენი ქცევა მაშინვე ხდება ვნებითა და ცოდვებით აღსავსე. ამიტომაც უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევები, არ უნდა დააბრკოლოთ სხვები და არ უნდა ატკინოთ თქვენი ქცევით მათ გული. ნებსით და უნებლიეთ – ეს ნიშნავს იმას, რომ იცი, ეს სიტყვა არ არის კარგი, ამ ქცევით სხვას შეურაცხჰყოფს, მაგრამ, ნებსით მაინც სჩადიხარ. შეიძლება, სიტყვით შეცდე და არ გინდოდეს; შეიძლება, საქმით შეცდე და არ გინდოდეს, მაგრამ, ნებსით რომ სცოდავ – ეს უკვე საშინელებაა, რადგან, ამ დროს შენი ნებით იღებ ამ გადაწყვეტილებას, გააზრებულად სცოდავ. ადამიანი ამბობს: „არ მიყვარს განკითხვა,“ – მაგრამ, მაინც „განიკითხავს“ სხვას. „არ მიყვარს იქ წასვლა“ – მაგრამ მაინც მიდის, ანუ, იცი, რომ ეს დამღუპველია, ცუდია, მაგრამ, მაინც აკეთებ. ამიტომ, უნდა დავუკვირდეთ ნებსით აღსრულებულ სიტყვიერ, საქმიან ცოდვას. უნებლიეთ ჩადენილ ცოდვას კიდევ შეიძლება რაღაც გამართლება ჰქონდეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ამაშიც ჩვენი გარკვეული ვერაგობაა ჩადებული. ხშირად ამბობენ უნებლიეთ ჩავდივარ ცოდვასო, ანუ, არ უნდოდათ, მაგრამ, ჩაიდინეს. თუ დავუკვირდებით ჩვენს სიტყვას, საქმეს, ნებელობას, მაშინ, უნებლიე ცოდვაში აღარ ჩავცვივდებით. ამიტომაც, კარგად უნდა დააკვირდეთ თქვენს სიტყვას, საქმეს, ხელებს, ფეხებს და მერე უნებლიე ცოდვაც აღარ იქნება. შემდეგი ვნების კატეგორია არის მეცნიერებითა და უმეცრებით.

– ეს რას ნიშნავს?

– ეს არის ყველაზე აღმატებული ფორმა. ადამიანი ბუნებით მეცნიერია, მან იცის თითქმის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს. შეიძლება, ვიღაცამ თქვას: არცოდნა არცოდვააო, მაგრამ, თუ ადამიანი ხარ, ვერტიკალურად მოსიარულე, მოაზროვნე არსება, არ შეიძლება, თქვა, ეს უმეცრებით ჩავიდინე, არ ვიცოდიო. შეიძლება, იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც ბევრი რამ არ იცოდი, მაგრამ, ახლა როგორ შეიძლება არ იცოდე, რა არის ცოდვა, მადლი, განკითხვა, რა არის კარგი და რა ცუდი?! ნუ მივიღებთ გულუბრყვილო სახეს: „მე ეს არ ვიცოდი“. თუ არ იცოდი, მაშინ, სად იყო შენი სინდისი? ღმერთმა არ მოგცა სინდისის გრძნობა? რა თქმა უნდა, მოგცა, მაგრამ, დიდი ხანია, სინდისი დამალულია, გადაფარებული აქვს დიდი თავსაფარი და ამიტომაც ვაცხადებთ: მე ეს არ ვიცოდი და ამიტომ ჩავიდინეო. ყველაზე დიდი ცოდვა უმეცრებაა, როდესაც გონიერი არსება აცხადებს, რომ არ იცოდა. კი არ იცოდი, არ გინდოდა, რომ გცოდნოდა. თუ არ ცდილობ, რაღაც წაიკითხო, გაიგო, ისე სხვა ვერაფერს გაგაგებინებს. ადამიანები წლების განმავლობაში დადიან ეკლესიაში, ისმენენ ქადაგებას, რომელიც წმიდა მამათა სწავლებას ეფუძნება და, ამის მერე რომ ამბობენ – არ ვიცოდიო, ეს უკვე ორმაგი ცოდვაა. ამიტომაც, როცა წარდგებით უფლის წინაშე, ღმერთი მოგკითხავთ პასუხს. არ დაგავიწყდეთ, რომ, ვისაც მეტი მოგეცათ, უფრო მეტი მოგეთხოვებათ. მაგრამ, ყველაზე დიდი საშინელი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მეცნიერებით სჩადის ამ ცოდვას, ანუ, ყველაფერი გააზრებული აქვს, იცის, რა არის სიტყვიერი, საქმიერი ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი  და უკვე მეცნიერებით, დახვეწილად სჩადის ცოდვას. ასეთები ბევრნი იყვნენ, მათ მიიღეს ამქვეყნიური სიბრძნე, მაგრამ, თავისი ამსოფლიური გონება, ნება, აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებას მოახმარეს. ასეთი ადამიანი გააზრებულად ფიქრობს იმაზე, ვის რა დაუშავოს, ვის რა ავნოს. იცი, რომ ღმერთმა მოგცა გონება და ეს გონება მეცნიერებით მოახმარე კარგ საქმეს და არა ბოროტს, ეშმაკს. ამდენი გამოგონებაა ქვეყანაზე, ფიზიკამ, ქიმიამ დიდ საფეხურებს მიაღწია, მაგრამ, ადამიანი მაინც უბედურია, გაჭირვებაში იმყოფება, რადგან, ეს ყველაფერი არა ადამიანის აღორძინებას, არამედ, ადამიანის გავერანებას, დაპყრობას, მოწამვლას მოხმარდა; ასე რომ, მეცნიერებით ძალიან ბევრი ცოდვა აღესრულება; სიკეთის მაგივრად, ბოროტებას ხმარდება და ადამიანს უფრო მეტად აშორებს ღმერთთან. რა თქმა უნდა, მე გამოგონებების, ტექნიკის, პროგრესის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი ადამიანებს, სიკეთეს მოხმარდება. რამდენი ცრუ რელიგია, სიცრუე ვრცელდება თუნდაც მეცნიერების სახით! ამიტომაც, მინდა, ამ ყველაფერს დავუპირისპირო გარკვეული საეკლესიო სწავლება, თუმცა, მანამდე უნდა ვახსენო არაეკლესიური სწავლება. ინგლისელმა მწერალმა უილიამ თეკერეიმ შესანიშნავად ჩამოაყალიბა ჩვენი ქმედება: „დათესეთ საქციელი – მოიმკით ჩვევას, დათესეთ ჩვევა – მოიმკით ხასიათს, დათესეთ ხასიათი – მოიმკით ხვედრს.“ ამ ყველაფერს დავუმატოთ საეკლესიო სწავლება: დათესეთ აზრი, ანუ, ჩვენს გონებაში იქნება საეკლესიო, მაცხოვნებელი აზრი, რომ შენ ხარ ადამიანი, უნდა ცხონდე; გამოძევებული ხარ სამოთხიდან, სადაც უნდა დაბრუნდე; გჭირდება აღორძინება, ზიარება, უფალთან მისვლა. შენში თუ ღვთისმოსავი აზრი იქნება, რაც ვნებების მბრძანებელია, დათესილი აზრიდან დათესავ კეთილ საქციელს. თუ შენი საქციელი კეთილია, მაშინ მოიმკი კეთილ ჩვევას. კეთილი ჩვევა, რომელიც ჩვენში, სამწუხაროდ, ნაკლებად არის, მოიღებს ნაყოფს – კეთილ ხასიათს. დააკვირდით თქვენს ხასიათს – ის თქვენი ჩვევებიდან და ქცევებიდან არ მომდინარეობს?! ამიტომაც, თუ გინდა, რომ დათესილი იყოს კარგი ხასიათი, შენში უნდა იყოს გაწმენდილი ხასიათი, რომლითაც მერე მოიმკი შესანიშნავ ხვედრს. შესანიშნავი ხვედრი კი არის: განღვთობა, უფალთან დაბრუნება, სიყვარული, სიხარული, ბედნიერება, გახარება და გამრავლება. ასე რომ, დათესეთ ღვთისმოსავი აზრი და მიიღებთ ღვთისმოსავ საქციელს, რომელიც მოგცემთ ღვთისმოსავ ჩვევას; ღვთისმოსავი ჩვევა მოგცემთ ღვთისმოსავ ხასიათს, ის კი მოგცემთ ღვთისმოსავ და კეთილ ხვედრს, რაც არის გაბრწყინება, ბედნიერება, ცხონება და ყოველივე კარგი.

скачать dle 11.3