კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო გენერალი ველიამინოვი, რომლის სახელსაც ატარებს თბილისის ცნობილი სახინკლე, რომელი ისტორიული მოვლენა მოხდა დეზერტირის ბაზრის ტერიტორიაზე და რომელ უბანში აშენდა ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე

თბილისში არაერთი ძველი ისტორიული დასახელება არსებობდა, რომელთა უმრავლესობაც წლებთან ერთად დავიწყებას ეძლევა. ამასთან, მეტად ძნელია, აიხსნას, თუ რატომ შემორჩა თბილისელების მეხსიერებას, მაგალითად, დასახელება „ველიამინოვი” და „სემიონოვკა” მაგრამ, თითქმის არავის ახსოვს იგივე „ვარდისუბანი...” ტრადიციულად, თბილისის ისტორიული დასახელებების ისტორიას ფოტოების თანხლებით გაგაცნობთ.

 

არსენალი

არსენალი იმ უბნის ძველი სახელწოდებაა, რომელიც ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რკინიგზის გადაღმა მდებარეობს. აქ ერთ დროს იარაღის დასამზადებელი საამქროები და საწყობი იყო და აქედან წარმოიშვა ადგილის სახელწოდებაც. არსენალზე მდებარეობდა ნერსესის ცნობილი სასულიერო აკადემია, რომელმაც თავისი არსებობა 1924 წელს, კომუნისტური რეჟიმის დაწყებასთან ერთად დაასრულა. მიწის ფართობი აკადემიის შენობისთვის ცნობილმა თბილისელმა მეცენატმა, პირველი გილდიის ვაჭარმა, ალექსანდრე მანთაშევმა შეიძინა მარიამ თუმანიანისგან და შენობის ასაშენებლად ცნობილი არქიტექტორები – ზურაბიანი და ნეპრინცევი დაასაქმა. სემინარიის მშენებლობა მანთაშევს 250 ათასი რუბლი დაუჯდა და მისი საზეიმო გახსნა 1911 წელს შედგა. 

დეზერტირის ბაზარი 

დიდუბის საკოლმეურნეო ბაზარს თბილისელები ადრე გავრცელებული სახელწოდებით – „დეზერტირის ბაზრის“ სახელით მოიხსენიებენ. ცენტრალური ბაზრის სახელწოდება 1920-იან წლებში დამკვიდრდა, როდესაც ჯარისკაცები ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა ნივთებს ყიდნენ. 

ბაზრის ტერიტორიაზევე, 1912 წელს, მაშინდელ ელიზაბეთის, ამჟამინდელ მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გაიმართა პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი თბილისის სპორტსაზოგადოება „სოკოლისა” და ბაქოს გუნდს – „ბრიტანულ კლუბს” შორის. დეზერტირის ბაზრის ძველი შენობა, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა და თბილისელებს დღემდე კარგად ახსოვთ, 2007 წელს მთლიანად დაანგრიეს და ამჟამად მის ტერიტორიაზე ახალი ბაზარია, რომელსაც ძველი სახელწოდება შემორჩა.

„ტრამვაელთა საცხოვრებელი სახლები”

„დინამოს” სტადიონის მოპირდაპირე მხარეს, ყოფილი ტელმანის, ამჟამინდელი ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კუთხეში, 1926-1928 წლებში აშენდა ეგრეთ წოდებული „ტრამვაელთა საცხოვრებელი სახლი”, რომელიც, პრაქტიკულად, პირველი საცხოვრებელი კომპლექსი იყო თბილისში. სახლი ააგო ცნობილმა არქიტექტორმა დ. ჩისლიევმა, რომლის აგებულია ოფიცერთა სახლი რუსთაველის გამზირზე.

ველიამინოვი

სახელწოდება „ველიამინოვი” ბევრისთვის, ალბათ სახინკლესთან ასოცირდება, რომელიც შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და, ალბათ, ბევრმა არც კი იცის ამ სახელწოდების წარმოშობის ისტორია – თუ რა სახელს ატარებდა შალვა დადიანის ქუჩა მანამდე და ვინ იყო თავად ველიამინოვი. გენერალ-ლეიტენანტი ალექსეი ალექსანდრეს ძე ველიამინოვი, ნაპოლეონთან ომის მონაწილე 1816 წელს, დაინიშნა ქართული კორპუსის შტაბის უფროსად. ველიამინოვი რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, 1831 წლიდან კავკასიაში იმპერიის არმიის მეთაური და გენერალ ერმოლოვის გარემოცვის წევრი გახლდათ. ველიამინოვის სახელი დაერქვა ქუჩას თბილისში, რომელსაც შემდგომში შალვა დადიანის სახელი ეწოდა. ცნობისთვის, ამ ქუჩამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება: 1851-1913 წლები ველიამინოვის ქუჩა; 1923-1929 წლები – ლ. დუმბაძის ქუჩა, 1929-1933 ზაკფედერაციის ქუჩა, 1933-1959 – ჭავჭავაძის ქუჩა, 1959 წლიდან კი – შალვა დადიანის ქუჩა.

ავჭალა

გადმოცემით, მდინარის ახლოს გაუვალი ჭაობებით დაფარული ტერიტორია შიშს ჰგვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ავი სულები ბინადრობდნენ. მგზავრები ცდილობდნენ, გასცლოდნენ ამ ადგილს, რომელსაც ძველთაგან „ავი ჭალის” სახელი ეწოდა.

ავჭალა თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შემოუერთდა, მანამდე კი ის გარდაბნის რაიონის ერთ-ერთი სოფელი იყო, რომელიც თბილისის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედის მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ავჭალის დასახლება უძველესი დროიდან არის ცნობილი. დიდი თურქობის დროს, მეთერთმეტე საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში კი კახეთის საერისთავოს ეკუთვნოდა. მეთვრამეტე საუკუნეში სოფელი ავჭალა თავად გურამიშვილების მამული იყო. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანამდე მოაღწია მტკვრის პირას მდგარმა თავად გურამიშვილის სასახლემ, რომელიც გალავნით იყო გარშემორტყმული. ავჭალისკენ მიმავალ გზას აჩვენებს ვახუშტი ბატონიშვილი თავის მიერ შედგენილ თბილისის პირველ გეგმაზე 1735 წელს. თბილისის ტერიტორიაზე იგი გარეთ ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის გადიოდა. იგივე გზაა აღნიშნული მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ტიხონოვის მიერ შედგენილ თბილისის სიტუაციურ გეგმარზეც – სოფელ კუკიასთან, კვირაცხოვლის ხევის გადაღმა, სადაც ორად იყოფოდა. მტკვართან უფრო ახლოს გამავალ გზას გეგმაზე ეწოდება „ქვედა გზა სოფელ დიდი ავჭალისკენ”, ხოლო მეორეს „ზედა გზა”.  ქვედა ავჭალის დასახლების დიდი ნაწილი ნაჩვენებია შემდგომშიც, მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში შედგენილ თბილისის სიტუაციურ გეგმაზე. საბჭოთა დროს ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც აქ 1927 წელს დამთავრდა საბჭოთა კავშირში  პირველი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. კომპლექსში ჩართული იყო ლენინის 16-მეტრიანი მონუმენტური ძეგლი, რომელიც მთავარი სადგურიდან 2 კილომეტრით იყო დაშორებული და რომლის ავტორიც მოქანდაკე ივანე შადრი გახლდათ. ზაჰესის მშენელობას მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისთვის. ვლადიმირ ლენინის ინიციატივით, 1923 წლის 16 იანვარს, რსფსრ-ის შრომისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც 1923 წლის პირველ კვარტალში თბილისის საბჭომ ზაჰესის მშენებლობისთვის საკავშირო სახსრებიდან მიიღო 750 ათასი ოქროს მანეთი. ჰესის პირველი რიგი 1927 წელს გადაეცა საექსპლუატაციოდ, სრული სიმძლავრით კი ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ამჟამად ჰესის მფლობელია უცხოური კომპანია, რომელმაც ზაჰესი 2007 წელს გამართულ აუქციონზე 41 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია. „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

 

скачать dle 11.3