კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეუკვეთა ზაალ არაგვის ერისთავის მოკვლა მისსავე ძმისშვილებს

სულ ორი საუკუნის განმავლობაში მართავდნენ არაგვის ერისთავები არაგვის ხეობას, თუმცა, ისტორიას მრავალი ცნობილი სახელი დაუტოვეს. თითქმის ყოველი მათგანი ერთნაირი თვისებებით ხასიათდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მებრძოლები და ვაჟკაცები იყვნენ, არაგვის ერისთავები ძალაუფლებისა და პირველობის წყურვილით გამოირჩეოდნენ. ცნობილია, რომ ამ საგვარეულოს თითქმის ყოველი წარმომადგენელი ურთიერთდაპირისპირებასა და შეთქმულებაში იქნა მოკლული. 

მეთექვსმეტე საუკუნეში გამოვიდნენ ასპარეზზე არაგვის ერისთავები და მეთვრამეტე საუკუნემდე გაგრძელდა მათი მმართველობა. ამ საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი გახლავთ ნუგზარი – საკმაოდ ცნობილი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, რომელიც ერისთავი ძლიერი და სისხლიანი შინაომის შემდეგ ხდება. ბიძები და ბიძაშვილები ერთმანეთს დაერივნენ და, ამ ურთიერთდაპირისპირებაში დარჩა გამარჯვებული სწორედ ნუგზარი და 1578 წლიდან გახდა არაგვის ერისთავი. არაგვის ერისთავები საკმაოდ კარგი მებრძოლები იყვნენ, თუმცა, იმდენად ამყები და ამპარტავნები, რომ ხშირად მეფესაც ეურჩებოდნენ. სწორედ ამ უარყოფითი თვისებების გამო მათ ერთმანეთთანაც ჰქონდათ ხოლმე ბრძოლები. თითქმის ყველა მათგანი ამ საგვარეულოდან, ურთიერთდაპირისპირებისა და შეთქმულების შედეგად იქნა მოკლული.

ნუგზარს ჰყავდა ექვსი ვაჟი: ბაადური, გიორგი, ზურაბი, დათუნა, ზაალი, რევაზი და ერთი ასული, რომლის სახელიც ჩვენ არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილი პიროვნება გახლდათ – იგი გიორგი სააკაძემ შეირთო ცოლად. ანუ, არაგვის ერისთავები იყვნენ დიდი მოურავის ცოლისძმები. ნუგზარი საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ფიგურა იყო. ის 1619 წელს გარდაიცვალა. ცნობილია მისი ბრძოლები მოხევეებთან და ფშავ-ხევსურებთან თუმცა, აღსანიშნავია, რომ არაგვის ერისთავმა საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა მათი დამორჩილება.

ნუგზარის სიკვდილის შემდეგ არაგვის ერისთავი ხდება მისი უფროსი ვაჟი – ბაადური. ბაადურს არ ემორჩილება მომდევნო ძმა – ზურაბი, რომელიც მიდის ირანში და შაჰისაგან იღებს დახმარებას, შემდეგ ბრუნდება არაგვის ხეობაში, ამარცხებს ბაადურს, განდევნის და თვითონ ხდება არაგვის ერისთავი, ბაადურს კი ვერაგულად აკვლევინებს. თვითონ ზურაბს არ ემორჩილება მომდევნო ძმა – გიორგი, რის გამოც,  ზურაბი დაიჭერს საკუთარ ძმას და თვალებს დასთხრის – ასეთი საკმაოდ სისხლიანი გარჩევები აქვთ არაგვის ერისთავებს ერთმანეთთან. ზურაბი, მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ის გიორგი სააკაძესთან ერთად იმყოფება ირანში, მასთან ერთად იღებს მონაწილეობას მარტყოფის აჯანყებაში, მარაბდისა და ბაზალეთის ბრძოლებში. აღსანიშნავია, რომ, როდესაც გიორგი სააკაძეს გაუმხელია, მისთვის, აჯანყებას ვაწყობო, ზურაბ არაგვის ერისთავს საყვედური გამოუთქვამს – რატომ ირანშივე არ გამიმხილე ეს განზრახვაო. ის უკმაყოფილო იყო – ირანში ცოლი დავტოვე მძევლადო, რაზეც დიდმა მოურავმა უპასუხა: შენ ცოლი დატოვე, მე კი – შვილი; ეს ამბავი ირანშივე რომ გამენდო, შესაძლოა, ვინმესთვის გაგემხილაო. ცნობისთვის, ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ, შესაძლოა, სწორედ ამის გამო უღალატა მომავალში ზურაბმა სიძეს. თეიმურაზ პირველისა და გიორგი სააკაძის შორის ბრძოლაში, იგი გადაუდგა გიორგის და მეფის მხარეს გადავიდა. თუმცა, ზოგი ისტორიკოსი იმასაც ვარაუდობს, რომ, მან ასეთი არჩევანი გააკეთა იმის გამო, რომ თეიმურაზი უფრო მეტს შეჰპირდა. სხვათა შორის მის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თეიმურაზ პირველისთვის, რადგან, ზურაბი საუკეთესო მეომარი და სარდალი იყო და, ამავე დროს, საკმაოდ დიდი ჯარი გამოჰყავდა არაგვის ხეობიდან. ვახუშტი ბატონიშვილი არაგვის ამ ერისთავის შესახებ წერს: „ზურაბი ძალიან გაამაყდა. მას სურდა, კახეთში თეიმურაზი ყოფილიყო მეფე, ქართლში – სიმონ ხანი (გამაჰმადიანებული ბაგრატიონი)  და თვითონ ყოფილიყო ორივეს პატრონი.“ 

 თეიმურაზ მეფის წაქეზებით, 1630 წელს, ზურაბმა მოკლა ქართლის გამაჰმადიანებული მეფე – სიმონი. რის შემდეგაც თეიმურაზმა სტუმრად მიიწივია თავისთან ზურაბ არაგვის ერისთავი ნადიმზე და მოაკვლევინა. შესაძლოა, ამით თეიმურაზი შაჰის წინაშე თავის გამართლებას აპირებდა – სიმონ-ხანის მკვლელი მოვკალიო, მაგრამ, რეალურად, თეიმურაზმა მეტად ძლიერი მოწინააღმდეგე მოიშორა. მოწინააღმდეგე, რომელსაც საკმაოდ დიდი ამბიციები გააჩნდა და მეფესაც არაფრად დაგიდევდათ.

ზურაბის სიკვდილის შემდეგ არაგვის ერისთავი გახდა დათუნა. როდესაც 1632 წელს საქართველოში ჩამოდის გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ხოსრო-მირზა, როსტომ-ხანად წოდებილი, მას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევს დათუნა არაგვის ერისთავი. დათუნას ეშინოდა: მისი ძმის, ზურაბის მიერ მოკლული სიმონ-ხანი როსტომის ძმისშვილი იყო და სისხლი ჩემზე არ აიღოსო. გარდა ამისა,  როსტომ-ხანი მაჰმადიანი იყო, დათუნა ქრისტიან თეიმურაზს ემხრობოდა და ესეც საკმაო მიზეზი იყო მათ დასაპირისპირებლად. როგორც ჩანს, როსტომი ეჭვით უყურებდა დათუნას. როდესაც მას შეატყობინეს, რომ დათუნა გღალატობს და თეიმურაზის მხარეს გადადისო, იმ დროს ორივენი სუფრასთან მსხდარან. ეს ყველაფერი მუხრანში ხდებოდა. როსტომმა დათუნას დატყვევება ბრძანა და უთხრა – იარაღი შეიხსენიო. რა თქმა უნდა, ამაყი არაგვის ერისთავი იარაღს არ აიყრიდა. სხვათა შორის, ის ძალიან დიდი ფიზიკური ძალის პატრონი იყო, რის გამოც საკმაოდ გაუჭირდათ მისი განიარაღება და, საბოლოოდ, დათუნა არაგვის ერისთავი ისრების ჯერით მოკლეს. ამის შემდეგ ზაალი ხდება არაგვის ერისთავი. თავდაპირველად ზაალიც როსტომის წინააღმდეგია, მონაწილეობს მის საწინააღმდეგო შეთქმულებებში, თუმცა, 1642 წელს, როდესაც მისი მორიგი შეთქმულება მარცხით დამთავრდა, ზაალი იძულებული შეიქნა, წასულიყო შაჰის კარზე, სადაც ის გამაჰმადიანდა. სხვათა შორის, შაჰმა ზაალს, გარდა არაგვის ერისთავობისა, კახეთის ერთი ნაწილის მმართველობაც უბოძა. ამ დროს კახეთის ერთ ნაწილს განჯის ხანი მართავდა, მეორე ნაწილის მმართველობა კი ზაალს დაეკისრა. 

ზაალ არაგვის ერისთავი გახლდათ ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელიც 1659 წელს მოხდა. უფრო ზუსტად, ბიძინა ჩოლოყაშვილთან და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებთან ერთად, მთავარი ორგანიზატორი ამ აჯანყებისა არის ზაალ არაგვის ერისთავი. მართალია, თვითონ არა, მაგრამ, მისი ვაჟი უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლაში. სავარაუდოა, რომ ბრძოლის გეგმა ზაალის უშუალო მონაწილეობით დგებოდა. სწორედ ეს ზაალი ჰყავს შემდეგ აკაკი წერეთელს თავის, ნაწარმოებ „ბაში-აჩუკში” გამოყვანილი. ცნობილია, რომ ამ აჯანყების შემდეგ, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ირანში გაემგზავრნენ, შაჰის მრისხანება რომ დაეცხროთ და ქვეყანა დამსჯელი ექსპედიციისგან ეხსნათ. ისინი იქ წამებით დახოცეს და ჩვენმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა სიკვდილის შემდეგ. რაც შეეხება ზაალს, მისი მოკვლაც შაჰმა ბრძანა, რის შემდეგაც ვახტანგ მეხუთემ არაგვის ამ ერისთავის მოკვლა მისსავე ძმისშვილებს დაავალა. ალბათ, იკითხავთ, რომელ ძმისშვილებსო. ზემოთ რომ ვახსენეთ გიორგი, რომელსაც ზურაბმა თვალები დასთხარა, სწორედ იმ გიორგის ვაჟები იყვნენ ოთარი და იასონი. რომლებიც, ამავე დროს, იყვნენ ვახტანგ მეხუთის დისშვილები. ოთარი და იასონი სტუმრად ეწვივნენ ბიძას დუშეთში. როგორც ისტორიკოსი წერს, 1660 წელს, ერთ მშვენიერ დღეს, ზაალი იჯდა ფანჩატურში თავისთან და ნარდს თამაშობდა, როცა, მოულოდნელად მისცვივდნენ მას ძმისშვილები და მოკლეს, რის შემდეგაც, ერთ-ერთი მათგანი, იასონი, გახდა არაგვის ერისთავი. ამ ამბის შემდეგ კიდევ საუკუნე-ნახევრის განმავლობაში არსებობდა ეს საგვარეულო, თუმცა, ისეთი ძლიერი წარმომადგენლები, როგორებიც ზაალი და ზურაბი იყვნენ, მათ აღარ ჰყოლიათ.

скачать dle 11.3