კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს 49 წლის ქალბატონი მამას ლელიანში და ვინ გაყიდა შვილი 500 მანეთად

49 წლის მაია გიორგის ასული ყაჭიაშვილი (შვილად აყვანის შემდგომი სახელი და გვარი) ეძებს ბიოლოგიურ მამას ლელიანში.

ისტორია: ვეძებ მამას. სამწუხაროდ, მისი არც სახელი და არც გვარი ჩემთვის ცნობილი არ არის. მე დავიბადე 1964 წლის 16 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში. ვიცი, რომ დაახლოებით 9 თვის ასაკში ბიოლოგიურმა დედამ, მერი (დოდო) გულოშვილმა გამაშვილა. როგორც გავიგე (ინფორმაცია დაზუსტებული არ არის), იმ დროს ჩემი ბიოლოგიური მამა ციხეში იყო. მამაზე მეტი არაფერი ვიცი – ბიოლოგიურმა დედამ სხვა არაფერი მითხრა, ამჟამად კი ის გარდაცვლილია და მე მხოლოდ თქვენი იმედიღა მრჩება. მაქვს ფოტო, რომელზედაც მე ვარ  დაახლოებით 9 თვის, ანუ, სანამ გამაშვილებდნენ და ჩემი ბიოლოგიური დედა – მერი (დოდო). იმედი მაქვს, მამაჩემი იცნობს მას ფოტოზე და გამომეხმაურება.

ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემს რუბრიკაში არაერთი მძიმე ისტორია დაბეჭდილა. ქალბატონი მაიას ისტორიაც, ასევე, ძალიან მძიმეა. დიდი იმედი მაქვს, რომ მაია იპოვის ბიოლოგიურ მამას და ეს მის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ვეძებთ ლელიანში მცხოვრებ კაცს, რომელიც, სავარაუდოდ, სასჯელს 48-49 წლის წინ იხდიდა).

– მიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ ან ვისგან გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ?

– დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც მეზობლისგან შემთხვევით გავიგე, რომ ნაშვილები ვარ. 9 თვის ვყოფილვარ, როდესაც ბიოლოგიურმა დედამ 500 მანეთად გამყიდა. 15 წლის ასაკში გავთხოვდი და საცხოვრებლად თელავის რაიონის სოფელ აკურში გადავედი. სწორედ ჩემი გათხოვების შემდეგ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ჩემი ბიოლოგიური დედა.

– ანუ, დედათქვენმა იცოდა თქვენი ადგილსამყოფელი. სად იმყოფებოდა ამ პერიოდში აღმზრდელი დედა, მან თუ იცოდა მერის (დოდოს) გამოჩენის შესახებ?

– აღმზრდელი დედა მისმა მაზლიშვილმა მოკლა ჩემი შვილად აყვანის მეორე კვირის თავზე, სწორედ ჩემი მიზეზით, ანუ, მას არ უნდოდა სახლის ვინმესთან გაყოფა. ის კაცი 15 წელი იჯდა ციხეში და სასჯელი მოიხადა, მაგრამ, შემთხვევით შეხვედრისას მითხრა, იგივე დრო რომ მოვიდეს, მაინც იმავეს ჩავიდენდიო. მე რომ  გავთხოვდი, აღმზრდელი დედა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, ბიოლოგიურმა დედამ კი, როგორც ჩანს, ჩემზე ყველაფერი იცოდა. ასე გამოჩნდა ის ჩემს ცხოვრებაში.

– შვილის გაყიდვის ფაქტი მანაც დაგიდასტურათ?

– დიახ, მისგანაც იგივე ვიცოდი. მამის შესახებ სულ ვეკითხებოდი, რადგან, მაინტერესებდა, ვინ იყო მამაჩემი და მისი ნახვაც მინდოდა, მაგრამ, ის მის შესახებ არაფერს მეუბნებოდა. მერისგან მხოლოდ ის ვიცი, თითქოს, ჩემი გაშვილების პერიოდში მამაჩემი ციხეში იჯდა; ასევე, მითხრა, რომ მე მყავდა უფროსი ძმა, რომელიც გარდაიცვალა. ნამდვილად არ ვიცი, სიმართლეა ეს ყველაფერი თუ არა, მაგრამ, იმას გიყვებით, რაც მისგან ვიცი. მამაჩემი სოფელ ლელიანიდან ყოფილა და, შეიძლება, ამჟამადაც იქ ცხოვრობს. შეიძლება, მე მყავს ნახევარდაძმა. ძალიან მინდა მამის პოვნა, იმედი მაქვს, მის პოვნაში დამეხმარებით.

– თქვენი არსებობის შესახებ რამე ინფორმაცია თუ აქვს მამათქვენს?

– პატარა რომ  ვიყავი, მახსოვს, ერთხელ მეზობლებმა მითხრეს, ვიღაც კაცმა მოგაკითხა და გავაგდეთო. არ არის გამორიცხული, რომ ის კაცი მამაჩემი ყოფილიყო. ამის შესახებ, რომ გავიზარდე, მერე დავიწყე ფიქრი. სამწუხაროდ, ამჟამად ის მეზობლები ცოცხლები აღარ არიან და, შესაბამისად, ვერავის გამოვკითხავ დაწვრილებით ინფორმაციას. მაგრამ, თუ ის კაცი, რომელმაც ბავშვობაში მომაკითხა, მამაჩემი იყო, მაშინ, მან იცის ჩემი არსებობის შესახებ. ასეც რომ არ იყოს, დედაჩემს ხომ იცნობს ფოტოთი.

– მაინც, რა იყო თქვენი გაშვილების მიზეზი, ეს თუ გითხრათ დედამ?

– როგორც ვიცი, ჩემს გაშვილებაში დიდი როლი ბებიაჩემს (მერის დედას), მარუსა ხუნჯიკაშვილს უთამაშია. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი (თუ ეს სიმართლეა) მამაჩემის ციხეში ყოფნაც იყო. მამას თუ ვიპოვი, სრულიად შესაძლებელია, მისგან გავიგო სინამდვილე. როგორც გითხარით, ჩემი ბიოლოგიური დედა ხშირად მაკითხავდა, მაგრამ, იმის შემდეგ, რაც ის მამაზე არაფერს მეუბნებოდა და აშკარად მიმალავდა ყველაფერს, მე მას მოსვლა ავუკრძალე. ამჟამად არც ჩემი ბიოლოგიური დედაა ცოცხალი და არც ბებია მარუსა, ამიტომ, სინამდვილეს მათგან ვეღარ გავიგებ. მინდა, მამა ვიპოვო, შეიძლება, ნახევარდა ან ნახევარძმაც კი მყავდეს – ამას რა ჯობია! თავად მე ორი შვილი და უკვე შვილიშვილებიც კი მყავს.

– თქვენს ბიოლოგიურ დედას თუ უთქვამს,  რომ ნანობს იმას, შვილი რომ გაყიდა?

– როგორც ვიცი, ნანობდა, რადგან, სულ ცდილობდა ჩემთან მოსვლასა და ნახვას. პატარა რომ ვიყავი, როგორც ჩანს, ეს აკრძალული ჰქონდა, შემდგომ კი გზა გაეხსნა – ხელის შემშლელი არავინ ჰყავდა. ვერ გავამართლებ დედაჩემს, მას შვილი არ უნდა გაეყიდა, მაგრამ, ვფიქრობ, მასზეც რაღაცამ იმოქმედა და ასე იმიტომ მოიქცა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com. 

скачать dle 11.3