ვინ გახდა თორნიკე შენგელიას რჩეული და როდის დაიწყო მათი სიყვარული
NBA-ს ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიასა და მოდელ სალომე ჯუღელის სიყვარულის შესახებ კულუარებში უკვე დიდი ხანია, საუბრობენ. კალათბურთის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ თორნიკეს „ბრუკლინ ნეტსთან“ აქვს კონტრაქტი გაფორმებული, ხოლო სალომე ამერიკული სააგენტოს წარმატებული მოდელია. თორნიკეს მომავალი მეუღლე სამი წლის წინ, დანახვისთანავე მოეწონა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ყველა აღნიშნავდა, რომ წყვილი შეუდარებელია და ერთმანეთს ძალიან უხდებიან. მათი დიდი სიყვარული 22 სექტემბერს ქორწინებით დაგვირგვინდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე და თორნიკე ამერიკაში ცხოვრობენ, სამშობლოში ერთად ჩამოვიდნენ და თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე, საქართველოში აღნიშნეს. წყვილმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, საღამოს კი ყველაფერი სტუმრებთან ერთად, გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. სალომე ძალიან ლამაზ თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, თორნიკემ კი ქართული ჩოხა ძალიან მოხდენილად მოირგო. ჩოხით იყო, ზაზა ფაჩულიაც, რომელიც სალომეს დეიდაშვილია. ქორწილისთვის წყვილი სერიოზულად ემზადებოდა, სტუმრებს ბევრი საინტერესო რამ შესთავაზეს და მათი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. სტუმართა შორის ბევრი ცნობილი სახე იყო და, რა თქმა უნდა, მათ შორის კალათბურთელები მეუღლეებთან ერთად. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ სალომე და თორნიკე მართლაც ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. მათ ქორწილზე 22 სექტემბრის შემდეგ ყველა ლაპარაკობს, რომელიც ასე გამოირჩეოდა ორიგინალურობით. ქორწილის შესახებ დაიწერა, „ნეტსის“ ერთ-ერთ საიტზე www.netsdaily.com. როგორც შევიტყვეთ, ქორწილში „ნეტსის“ წარმომადგენელი, ირინა პავლოვა იმყოფებოდა. მან საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თორნიკესა და სალომეს ქორწილი განუმეორებელი და საოცრად ლამაზი იყო. საიტზე ასევე წაიკითხავთ, რომ ქორწილის კულმინაცია სალომეს ცეკვა გახლდათ, რომელმაც საქორწილო კაბაზე „ბრუკლინ ნეტსის“ მაისური გადაიცვა და „ნეტსის“ ჰიმნზე იცეკვა. ამის შემდეგ კი, როცა ქართული მუსიკა ჩაირთო, სალომემ საქართველოს კალათბურთის ნაკრების მაისური გამოაჩინა. ამას სტუმრების მხურვალე ტაში მოჰყვა.
თორნიკეს ახალი საკალათბურთო სეზონი ოქტომბრის ბოლოს ეწყება, თავის საქმიანობას განაგრძობს სალომეც სამოდელო სფეროში. ასე რომ, წყვილი ამერიკაში მალე გაემგზავრება და სავარაუდოდ, ზაფხულამდე საქართველოში აღარ დაბრუნდებიან.
ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს სალომესა და თორნიკეს დაქორწინებას და ბედნიერებასა და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს!