კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის საქმიანობა ითვლება სამეწარმეო საქმიანობად და რას ნიშნავს, ზოგადად, სამეწარმეო საქმიანობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა. სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს კანონით დადგენილი სამართლებრივი ფორმით არსებობას, ითვლება სამეწარმეო საქმიანობად.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის სამეწარმეო სუბიექტების არსებობას ითვალისწინებს და უშვებს საქართველოს კანონმდებლობა?

პასუხი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს იურიდიული პირი და ფიზიკური პირი და რომელი სახის საწარმოებს აქვთ იურიდიული პირის სტატუსი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი არიან იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები). რაც შეეხება ინდივიდუალურ მეწარმეს, ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორი სახის ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება ინდივიდუალურ მეწარმეს მისი პარტნიორებისა თუ კრედიტორების წინაშე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ წყდება ფინანსური ვალდებულებებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორების წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები, ასევე, კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები, ანუ, სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებისთვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისთვის.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორების წინაშე და რომელ საწარმოებში არის მსგავსი პასუხისმგებლობის რეჟიმი კრედიტორთა წინაშე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ასევე, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები, საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. ამასთან, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მათ მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის შენატანებით  შეიძლება დააფუძნონ პარტნიორებმა საწარმო და არის თუ არა სავალდებულო მათ შორის წილების განსაზღვრა თავიდანვე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, ასევე, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა.

კითხვა:  მაინტერესებს, შეზღუდული  პასუხისმგებლობის საზოგადოების, იგივე შპს-ს პარტნიორები, ყველა შემთხვევაში არიან  თუ არა გათავისუფლებულნი თავიანთი პირადი ქონებით  მატერიალური პასუხისმგებლობისგან?

პასუხი: გაცნობებთ, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი, ასევე, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი,  სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები, საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადადაც, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, საქართველოში სად ხდება მეწარმე სუბიექტად დარეგისტირირება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოში მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

скачать dle 11.3