როგორ დაქორწინდა ლევან პირველი ავსტრიაში და რატომ გამოუყვეს მას ვენაში ჯავშანტექნიკა
ლევან პირველი საქართველოდან მაშინ წავიდა, როდესაც ნაციონალური ხელისუფლება მხოლოდ ერთ დღეს ითვლიდა – ვარდების რევოლუციის მეორე დღესვე. საქართველოდან გაუჩინარებული ექსდეპუტატის პოლიტიკური დევნილობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა, თუმცა მას თბილისში ბოლომდე არ „ივიწყებდნენ”. დროდადრო ლევან პირველის ვენურ ცხოვრებაზე ამბები მაინც ჩნდებოდა. გასულ კვირას ლევან პირველი თბილისში დაბრუნდა. რა ფორმით დაუკავშირდება ის ქართულ პოლიტიკას, ამას მომავალი გვიჩვენებს, თავად კი არ მალავს, რომ წლებმა ის „მუხრუჭი” გაუჩინა, რაც პოლიტიკაში მისი ყოფნის პირველ „სერიას” აკლდა.
ლევან პირველი: ათი წელია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ამდენი ხნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას, ძალიან ემოციური განცდები ახლავს, თუმცა ძალიან ენერგიულად ვარ. ჩამოვედი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ათი წელი დაკარგულია ჩვენი ქვეყნისთვის. არც არაფერი გაუკეთებიათ, ერთი ნაბიჯითაც არ წავსულვართ წინ. შორიდან მესმოდა, რომ ფასადებს ღებავდნენ, რაც ვნახე, ბევრი არაფერი შეუღებავთ. ეტყობა, მეც ნაციონალების აგიტაცია-პროპაგნდის მსხვერპლი ვარ. საქართველოში ათი წელი არ ჩამომიშვეს. დედა ისე გარდამეცვალა და დაასაფლავეს, მე ვერ ჩამოვედი. ეს ყველაზე მძიმე იყო ამ ათ წელიწადში. ახლა, როგორც კი ჩამოვედი, მშობლების საფლავზე წავედი. მერე მეგობრები მოვინახულე, ახლობლები. ცოტა ხნით ვარ ჩამოსული, მალე უკან უნდა დავბრუნდე. ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი რამ მოვასწრო. თბილისში აბსოლუტურად „სხვა” ხალხი დამხვდა, თითქოს ყველა მოტეხილია და თვალები სევდით აქვთ სავსე, როგორც ჩანს, ამ ათმა წელიწადმა ყველას თავისი კვალი დააჩნია. ჩემი აზრით, ძირითადი, რაც გამოსასწორებელია ამ ქვეყანაში, ხალხს მომავლის იმედი და ოპტიმიზმი უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ მძიმე, საბჭოთა პერიოდში გავიზარდეთ და არც შემდგომი პერიოდები იყო იოლი, მაგრამ ქართველობის სიამაყე მაინც გვქონდა. ახლა ეს თითქოს დაკარგულია. წინ, მარტივი წლები არც ახლა გველის. ის პრობლემატიკა რაც მთელ მსოფლიოში არსებობს, არც ჩვენ აგვივლის გვერდს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ქართულ პოლიტიკაში სტაბილურობას ვხედავ. ამას ვერავის დავაბრალებთ, ვითარებამ მოიტანა ასე. ძალიან მალე პოლიტიკური ქაოსიც კი შეიძლება იყოს ჩვენთან. ვერ ვხედავ დალაგებას, კარტი რაც არ უნდა დაალაგო, თუ არ იანგარიშებ პასეანსს ვერ აწყობ. მოზაიკა ვერ ეწყობა მაშინ, როცა რაღაც აკლია, ის რაღაც უნდა შევავსოთ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მოზაიკას ააწყობთ? რა არის თბილისში თქვენი დაბრუნების მიზანი?
– მოზაიკა თავისით აეწყობა, მე იმას ავაწყობ, რაც აკლია ამ სპექტრს. მე დავუბრუნდი ჩემს პარტიას, მრეწველებს, პრინციპში, მე არც არსად წავსულვარ. ამ პარტიის წევრი ვიყავი ეს ათი წელიც. გოგი და ზურა ხშირად ჩამოდიოდნენ ხოლმე ვენაში. ისინი არ შეშინებულან ზოგიერთებივით, ჩემთან ტელეფონზე დარეკვისაც კი რომ ეშინოდათ. ალბათ, გახსოვთ, ერთხელ ზურაბ ტყემალაძე და თამაზ ყაჭეიშვილი ლამის დაიჭირეს კიდეც. ამათ გადასცეს ინფორმაცია, თითქოს კრიმინალები იყვნენ საქართველოდან ჩამოსულები. მერე კი გაერკვნენ სიტუაციაში იქაური სამართალდამცველები. ახლა, ბოლო ჩამოსვლაზე მათ ჩამომიტანეს პასპორტი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ჩემი მეგობრები პატიოსანი ხალხია, სტაბილური პოლიტიკური ორიენტაციით. ეს ათი წელი შორიდან, როგორც შემეძლო, იგივეს ვაკეთებდი, რასაც ადრე ვაკეთებდი, მაგრამ, ამას ვინ გააშუქებდა. დამიჯერეთ ერთი რამ, ქვეყნის გარეთ ქართული პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ ძლიერად ფეთქავდა. ჩემთან ჩამოდიოდა ძალიან ბევრი პოლიტიკოსი.. მემუარების დრო ჯერ არაა, მოვა პერიოდი, როცა ამაზე ძალიან საინტერესო მასალები შეიქმნება. ვენაში, სადაც მე ვცხოვრობდი, ხდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აკუმულაცია, გვქონდა გეგმები, ყველა ჩვენი გზით ვცდილობდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ნაციონალური ხელისუფლება სხვადასხვა პროვოკაციით გვებრძოდა ოპოზიციას ქვეყნის გარეთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთან ხშირად ჩამოდიოდნენ ნაციონალები, მინიმუმ მეორე-მესამე კაცები.
– იქიდან ხომ არ გახდევინებდნენ „გადასახადს”?
– პირიქით, როცა ძალიან უჭირდათ და ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგებოდათ, მაშინ მოდიოდნენ ჩემთან. სამჯერ-ოთხჯერ იდგნენ ბეწვის ხიდზე, არ იცოდნენ, გაიტანდნენ თუ არა თავს. ასეთ დროს ახშირებდნენ ჩემთან სტუმრობას იმ მოტივით, თუ თავზე დაენგრეოდათ ყველაფერი, საერთო ენა ჰქონოდათ ნაპოვნი. როგორც კი სიტუაციებს ალაგებდნენ, მერე მივიწყებდნენ ან „კუდსა“ და „სოდს“ გზავნიდნენ. ჩემთვის საინტერესო იყო ამ სეირის ყურება.
– თქვენ რატომ იღებდით მათ?
– ამით ძალიან კარგად ვგრძნობდი, რა ხდებოდა ნაციონალურ მოძრაობაში. პულსზე მედო ხელი. როცა ვხედავდი, რომ არ ნერვიულობდნენ, ოპოზიციას ვეუბნებოდი: ეს პროვოკაცია ამათი მოწყობილია, რადგან ამაზე არ ნერვიულობენ-მეთქი. ორჯერ არ დამიჯერეს და წამოეგნენ კიდეც ამათ თამაშს. თვითონ სააკაშვილიც ვერ მივიწყებდა, ხშირად ახსენებდა ლევან პირველს და ვენას, სადაც ნამდვილად იყო რეალური ოპოზიციური ცენტრი.
– ალბათ, ხშირად ჩამოდიოდნენ თქვენთან სტუმრად მამა-შვილი აბაშიძეებიც?
– მე მათთან სულ მქონდა ურთიერთობა. რაც ასლან აბაშიძე წავიდა საქართველოდან, იმ დღიდან პოლიტიკაში აღარაა, მე მასთან არც მქონია პოლიტიკური ურთიერთობები – ჩვენ პირადი ურთიერთობები და მეგობრობა გვაკავშირებდა ყოველთვის. გიორგი ხშირად იყო ვენაში ჩემი სტუმარი. ის ჩემი გოგონას ნათლიაა და პოლიტიკა ჩვენს შორის არასდროს არაფერს ნიშნავდა. მე არ მინდა სხვა ადამიანების დასახელება. დარწმუნებული ვარ კადრები აქვს სპეცსამსახურებს, რომლებიც ხშირად ამზადებდნენ პროვოკაციებს. ეს რომ არ გამოუვიდათ, ბოლოს ჩემი მკვლელობა შეუკვეთეს. ეს ინფორმაცია მიიღო ავსტრიის სპეცსამსახურმა და განსაკუთრებული დაცვა დამინიშნეს. ეს ხდებოდა არჩევნებამდე 5 თვით ადრე – იმ პერიოდში მე მყავდა დაცვა – 12 კაცი სპეცნაზიდან და დაახლოებით ასი ავსტრიელი პოლიციელი, ჯავშანმანქანები მომცეს და ვერტმფრენიც, რომელიც მუდმივად აკონტროლებდა პერიმეტრს. ავსტრიის პოლიციამ დააკავა ხუთი ჯგუფი, ერთ-ერთი ჯგუფი პრაქტიკულად ქართველი პოლიციელებისგან იყო დაკომპლექტებული. საქმე ჯერ არ დამთავრებულა, ავტრიის მთავარ პროკურატურას საქმე აღძრული აქვს სახელმწიფოს მიერ ოპოზიციონერის დაკვეთილი მკვლელობის ბრალდებით. უფრო მეტსაც გეტყვით, ექსცენტრიკ პრეზიდენტს პირად მტრად ვყავდი გამოცხადებული. ეტყობა, ვესიზმრებოდი კიდეც. მე თბილისიდან ვარდების რევოლუციის მეორე დღესვე წავედი, სანამ ესენი ეიფორიაში იყვნენ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ ასე უნდა მოვცქეულიყავი. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია იმდენად ზუსტი იყო, ათი წლის შემდეგაც კი დაცვა დამჭირდა.
– თქვენ თბილისშიც გაძლიერებული დაცვით დადიხართ.
– იქ მიპირებდნენ მოკვლას და აქ რა შეუშლით ხელს? ეს დაცვა მე არ ამიყვანია, მეგობრებმა იზრუნეს ამაზე. ბევრ ადგილას უნდა წავსულიყავი. ამ ერთ კვირაში ყველა კუთხეში მოვასწარი წასვლა, კახეთიც მოვინახულე, სვანეთიც.
– ქართულ პოლიტიკაში ძალიან ოდიოზური პიროვნება იყავით. რას ფიქრობთ, როგორ მიგიღებთ დღეს ქართული საზოგადოება?
– ხმები, რომლებიც ჩემზე დროდადრო ვრცელდებოდა, გადაჭარბებული იყო. ამ იმიჯს სხვები ქმნიდნენ. მე მქონდა ხანდახან მძაფრი და დასამახსოვრებელი რეაქციები იმ ტყუილებზე, რასაც ჩემზე ავრცელებდნენ. ცხოვრებაში არ გადამიდგამს ნაბიჯი უკან, არ მიმიცია „ზადნი”, მით უმერტეს, პოლიტიკაში. ვერც ვერასდროს ამაგდეს, რომ გამოვსულიყავი ჩარჩოებიდან. ვერავინ გაიხსენებს ჩემს ვერც ერთ „პოლიტიკურ ჩხუბს”, ერთი კადრიც კი არ არსებობს ამის ამსახველი. ერთ კადრს ვინც მოიტანს, სადაც ლევან პირველი ხელებს იქნევს, კარგ პრემიას ვპირდები (იცინის).
– როგორი იქნება თქვენი ახალი იმიჯი?
– მე არაფრის მოგონება არ მჭირდება იმიჯისთვის, ჩემი ხასიათიც საკმარისია. არაფერი მაქვს დასამატებელი. ჩემს შემთხვევაში, დრომ საუკეთესოდ დაალაგა ყველაფერი, უფრო დადინჯებული ვარ. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მე ჩამოვედი იმისთვის, რომ შევქმნა „მრეწველთა პარტიის” ახალგაზრდული ფრთა, რათა მოხდეს პარტიის ახალი თაობის გენერაცია.
– როგორ გაატარეთ ათი წელი ვენაში?
– არ მოგატყუებთ და გეტყვით, მე არ მქონდა აქაურობის ნოსტალგია. იმიტომ კი არა, რომ ეს გრძნობა არ ვიცი რა არის. მე ვიცოდი, რომ თუ ამას ავყვებოდი, ვერაფერს გავაკეთებდი. საკუთარ თავს ტრენინგი ჩავუტარე, საკმაოდ ბევრი ვებრძოლე და დავდექი პრაგმატულ პოზიციაზე – მონატრებას არ შელეოდა მომავლის რწმენა. ვიცოდი, რომ მოსახდენი მოხდებოდა. მე თვითონ ამოვკვეთე ჩემში ემოციები და ამის გარეშე ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ვენაში დავქორწინდი კიდეც. ჩემი მეუღლე ბელორუსიის მოქალაქეა. ჩვენ აქ, თბილისში დავიწყეთ ურთიერთობა და როცა მე ქვეყნიდან წავედი, ისიც მალევე ჩამოვიდა ჩემთან. დრო ტყუილად არ დამიკარგავს, ჩვენ გვყავს ორი შვილი, ერთი რვა წლისაა, მეორე – ექვსის. ახლა მესამე შვილს ველოდებით. ბავშვები სკოლაში დადიან, ალბათ, მათ ჯერ ვერ წამოვიყვანთ თბილისში. თუმცა, ჩემი მეუღლე აუცილებლად გადმოვა თბილისში ჩემთან ერთად
– რაც თბილისში ხართ, ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრიხართ?
– არა, მე მას არ ვიცნობ. მე ჩამოსვლისთანავე შევხვდი მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს.
– საქართველოსთან, უპირველესად, კი ენერგოსექტორთან, ალბათ, დიდი ბიზნესინტერესებიც გაკავშირებთ სამომავლოდ.
– ჩემი ბიზნესინტერესი ისევ ენერგეტიკაა, ოღონდ იქ, გერმანიასა და ავსტრიაში. მე ვარ ძალიან მსხვილი ენერგოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მეპატრონე. კომპანია თითქმის მთელ გერმანიას ფარავს. მიამჩნია, რომ ენერგეტიკა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. თუ ვინმე მოიყვანს ინვესტორებს და რამეს შეჰმატებს ამ დარგს, ძალიან სასიკეთო საქმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც და მისი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ შეიძლება იქცეს. ლევან პირველმა კი არა, ვინც გინდა იმან მოიტანოს ინვესტიციები, თუ საქმეს რამე ეშველება. ეს საკითხი ჩემთან მიმართებაშიც ავტომატურად დადგება, რადგან მაქვს ნდობა, რომელსაც ვფლობ, როგორც კარგ კაპიტალს. ძალიან ბევრს კი ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ დიდი ფული მე აქ არ მიშოვია. მთელი ჩემი კაპიტალი აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში მაქვს ნაშოვნი. არც კი ვიცი, თბილისში ფული როგორ იშოვება.
– ჰკითხეთ თქვენს კოლეგებს, მათში ბევრია წარმატებული ბიზნესმენი.
– დიდი მასშტაბის ფულის შოვნა ამ ქვეყნაში ძნელია, ეს ზუსტად ვიცი. საქართველო ძალიან ცუდი ადგილია ჩემთვის ფულის საშოვნელად, პირიქით, წარმომიდგენია, რა ხარჯები და უსიამოვნებები მოჰყვება აქ ბიზნესის კეთებას. თქვენ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნაში იშოვიდა ფულს? ვერა. მას დიდი ქვეყნის დიდმა ბაზარმა აშოვნინა ფული. რაც შეეხება იმ ხალხს, ვისაც არასდროს უმუშავია, შრომის წიგნაკიც კი არ ჰქონია გახსნილი და მილიონერები გახდნენ, ეს ქონება მთლიანად ხალხის ჯიბიდან არის ამოცლილი. ასე რომ, როცა ჩემს ფინანსურ მდგომარეობას იკვლევენ, შევახსენებ მათ, რომ წლები ვიმუშავე ევროპულ, ძლიერ ნავთობიმპორტიორ ქვეყნებთან. ასე რომ, მე ჩემსას მივხედავ, ყველამ თავისას მიხედოს.