მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც სკოლა არ დაუმთავრებიათ
მილიარდერი უმაღლესი განათლების გარეშე არ გახლავთ იშვიათობა. ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი... – სამივემ მიატოვა სწავლა პრესტიჟულ უნივერსიტეტში და მთლიანად ბიზნესს დაუთმო ცხოვრება. თუმცა, მილიარდერთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც საშუალო სკოლაც კი არ აქვთ დამთავრებული, თუმცა, სკოლის ატესტატის არარსებობას არ შეუშლია მათთვის ხელი, რომ მდიდარი ადამიანები გამხდარიყვნენ. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გთავაზობთ „ფორბსის” მილიარდერთა ტოპ-ათეულს, რომლებსაც სკოლა არ დაუმთავრებიათ.
ამანსიო ორტეგა – კომპანია „ინდიტექსის” დამაარსებელი; კაპიტალი: 57 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹3
ესპანელი ამანსიო ორტეგა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში 2013 წელს მოხვდა, როდესაც მისი კაპიტალი 19,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. „ზარას”, „მასიმო დუტის,“ „ოიშოს” ბრენდების მფლობელმა სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა. მამამისი რკინიგზაზე მუშაობდა, დედა კი მოსამსახურედ მსახურობდა და ოჯახს კატასტროფულად უჭირდა. თავდაპირველად ორტეგა მკერავის თანაშემწე იყო, შემდეგ საგალანტერეო სალონში მოეწყო, სადაც მოდის ანბანის შესწავლა დაიწყო. ორტეგამ თავდაპირველად იაფიანი მასალის შეძენა დაიწყო და ისეთ ტანსაცმელს კერავდა, რომლის შეძენაც ნებისმიერ ფენას შეეძლო. „ზარას” პირველი მაღაზია მეუღლესთან ერთად ამანსიომ 1975 წელს გახსნა და მას შემდეგ მისი კაპიტალი მხოლოდ ზემოთ მიიწევს.
ლი კაშინი – კომპანია „ჩონგ კონგ გრუპის” მფლობელი; კაპიტალი: 31 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹8
აზიის უმდიდრესი ადამიანი ღარიბი მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. როდესაც ლი 14 წლის იყო, მამამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა და ლის სკოლის მიტოვება მოუწია, რათა სამსახური მოეძებნა. თავდაპირველად იგი მაჯის საათების სამაჯურებს ყიდდა, მოგვიანებით კი ქარხანაში მოეწყო მუშად, სადაც პლასტმასის ყვავილებს აკეთებდნენ. ლი კაშინი დღეში 16 საათს მუშაობდა და შვიდ წელიწადში იმდენი თანხის შეგროვება მოახერხა, რომ საკუთარი მცირე ზომის ქარხანა გახსნა. ქარხნის გახსნას მოჰყვა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო გაიაფებული უძრავი ქონების შეძენა ჰონკონგში, მოგვაინებით კი იგი ჩინელი ბიზნესმენების ელიტის წევრი გახდა. ამჟამად ლი კაშინი დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას და სასწავლო დაწესებულებებს პერიოდულად დიდძალ თანხებს ურიცხავს.
ფრანსუა პინო – კომპანია „კერინგის” მფლობელი; კაპიტალი: 15 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹53
ერთხელ ფრანსუა პინომ აღიარა, რომ მისი ერთადერთი სასწავლო დიპლომი მართვის მოწმობაა. ფრანგმა მილიარდერმა 16 წლის ასაკში მიატოვა სწავლა და მას შემდეგ განათლებაზე აღარ უფიქრია. პინოს მამა, საშუალო ფენის წარმომადგენელი, ხე-ტყით მოვაჭრე, მზად იყო, ბოლო ფრანკები დაეხარჯა შვილის განათლებაზე, მაგრამ, ფრანსუას არ უნდოდა სწავლა. პინოს არ უყვარდა სწავლა, თუმცა, ამ ფაქტს არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამხდარიყო.
რიჩარდ ბრენსონი – კომპანია „ვირჯინ გრუპის” მფლობელი; კაპიტალი: 4,6 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹272
რიჩარდ ბრენსონის „ანგარიშზე“ იმდენად ბევრი ეპატაჟური საქციელია, რომ მისი განათლების უქონლობა ყველაზე ნაკლებად იქცევს ყურადღებას. ბრენსონი 16 წლის ასაკში გამოაგდეს სკოლიდან იმის გამო, რომ არ სწავლობდა. მას დისლექსია სჭირდა, კითხვა უჭირდა და, თან, საშინლად ზარმაცი იყო – დილით ადრე გაღვიძება არ უყვარდა. დირექტორმა, როდესაც მისი სკოლიდან გაგდების საბუთებს მოაწერა ხელი, უთხრა: „შენ ან ციხეში აღმოჩნდები, ან ზღაპრულად გამდიდრდებიო”. პირველი ბიზნესი, რომელსაც ბრენსონმა მოჰკიდა ხელი, იყო საახალწლო ნაძვის ხეებისა და თუთიყუშების ყიდვა-გაყიდვა.
ჯო ლუისი – „ტავისტოკ გრუპის” მფლობელი; კაპიტალი: 4,2 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹308
ბრიტანელი ჯო ლუისი ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში დაიბადა და ხმაურიანი პაბის თავზე განლაგებულ ბინაში იზრდებოდა. 15 წლის ასაკში მან მიატოვა სწავლა და მამის კომპანიაში მოეწყო. ჯომ წინსაფარი მოირგო და ოფიციანტად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი მთლიანად დაეუფლა ოჯახის ბიზნესს და ინვესტიციაზე გადაერთო. ამჟამად ლუისი ფლობს წილებს 150 სხვადასხვა კომპანიაში; არის 135 რესტორნის მეპატრონე და, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემ ჰოტსპურის” მფლობელი. განათლების არქონამ არ შეუშალა მას ხელი, რომ ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი გამხდარიყო: მატისი, პიკასო, ლუსიენ ფრეიდი, ფრენსის ბეკონი – ლუისი ამ ხელოვანების ნამუშევრებს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღემატება.
კირკ კერკორიანი – „ტრასინდა კორპორეიშენის” მფლობელი; კაპიტალი: 3,3 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹412
სომხური წარმოშობის ამერიკელმა სწავლა მერვე კლასში მიატოვა. იგი კრივით იყო დაკავებული და პროფეისიულ კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომმა მას გეგმები ჩაუშალა და კერკორიანი მფრინავი გახდა. ომიდან დაბრუნების შემდეგ მან საკუთარი ავიაკომპანია გახსნა და მეწარმეობა დაიწყო. ამჟამად 96 წლის კერკორიანს „ლას-ვეგასის მეფეს“ უწოდებენ და კრივის მატჩებს მხოლოდ მაყურებლის რანგში ესწრება.
დევიდ მერდოკი – „დოულ ფუდ კომპანის” მფლობელი; კაპიტალი: 2,4 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹613
დევიდ მერდოკი ამჟამად სათავეში უდგას მსოფლიოში ყველაზე მსხვილ კომპანიას, რომელიც ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს, თუმცა, მისი პირველი სამსახური სულაც არ უკავშირდება კვების სფეროს. მერდოკმა მეცხრე კლასში მიატოვა სკოლა და ბენზინგასამართ სადგურზე დაიწყო მუშაობა, შემდგომ მეორე მსოფლიო ომი გაიარა და, ვეტერანის სტატუსით დაფუძნდა დეტროიტში, ჯიბეში ერთი ცენტისა და სახლის გარეშე. რომ არა ფულის სესხება, შესაძლოა, მერდოკს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. თავიდან მან პატარა სასადილო გახსნა, მოგვიანებით კი გაფართოვდა. მათემატიკაში მერდოკი სკოლის განათლების გარეშეც ძლიერი აღმოჩნდა.
კარლ ლინდნერი – „ამერიკან ფინანშალ გრუპის” მფლობელი; კაპიტალი: 1,7 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹582
კარლ ლინდნერის ბავშვობის წლები ამერიკის დიდი დეპრესიის პერიოდს დაემთხვა. ოჯახს ძლიერ უჭირდა, ამიტომ, კარლმა სკოლა მიატოვა და რძის ცისტერნის მძღოლის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. 1940 წელს მან და-ძმასთან ერთად 1 200 დოლარი ისესხა და ნაყინის მაღაზია გახსნა. ამჟამად ლინდნერი ფლობს 200-მდე საყოფაცხოვრებო მაღაზიას და, ასევე, საინვესტიციო კომპანიებს.
აჰმეტ ნაზიფ ზორლუ – ჰოლდინგური კომპანია „ზორლუს” მფლობელი; კაპიტალი: 1,4 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹1 031
თურქი მეწარმე აჰმეტ ნაზიფ ზორლუ სკოლიდან 15 წლის ასაკში წამოვიდა. ძმებთან ერთად მან ტექსტილის წარმოება დაიწყო ქალაქ დენიზლიში, რაც მომგებიან საქმედ იქცა. 1990-იანი წლების დასაწყისში ზორლუ სტამბულში გადაბარგდა და თავისი სამეწარმეო საქმიანობა კიდევ უფრო გაზარდა. ამჟამად იგი ფლობს მსოფლიო ლიდერ კომპანიას პოლიეთილენის მასალის წარმოებაში.
ჯეიმს კლარკი – „ნეტსკეიპ კომუნიკეიშენის” პრეზიდენტი; კაპიტალი: 1,1 მილიარდი დოლარი; „ფორბსის” რეიტინგში – ¹1 268
ჯეიმს კლარკის სკოლიდან წამოსვლა მშობლების ბრალია – ისინი ხან შორდებოდნენ და ხან რიგდებობდნენ, ბავშვები კი თავისით იზრდებოდნენ, მათ არავინ აქცევდა ყურადღებას. მოგვიანებით კლარკი მეზღვაურად მოეწყო სამუშაოდ. ზღვიდან დაბრუნების შემდეგ კი ტულეინის უნივერსიტეტში ჩაეწერა კურსებზე. მიუხედავად იმისა, რომ კლარკს სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, ის უნივერსიტეტის დაუსწრებელ სწავლებაზე ჩაირიცხა და დიპლომი მიიღო. მოგვაინებით, როდესაც კლარკი ინტერნეტ-ტექნოლოგიების წყალობით გამდიდრდა, ტულეინის უნივერსიტეტმა მას საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა.