რატომ ტოვებენ ეთნიკური რუსები რუსეთს, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობით
გაეროს სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილს იკავებს შემდეგი პარამეტრებით: ბუნებრივი აირის მოპოვება და ექსპორტი (რაც მსოფლიო ანალოგიური მაჩვენებლის 35 პროცენტია); პლატინის ექსპორტი; ბუნებრივი რესურსების რაოდენობა; ვერცხლის და ალმასების მარაგი და ალმასის ექსპორტის მაჩვენებელი; ქვის ნახშირის რაოდენობა (რაც მსოფლიო მარაგის 23 პროცენტს შეადგენს); ტყის რესურსი (რაც მსოფლიო მარაგების 23 პროცენტს შეადგენს); სასმელი წყლის რაოდენობა; ცინკის, ტიტანის, ცვილის მარაგი; ტორფისა და აზოტის რაოდენობა. ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ალმასების მოპოვებაში, პლატინისა და ოქროს მარაგებით. ასევე, პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში მილიარდერების ზრდის მაჩვენებლით და მეორე ადგილზეა მათი რაოდენობის მიხედვით (ბუნებრივია, აშშ-ს შემდეგ).
ამის პარალელურად კი, 67-ე ადგილზეა მსოფლიოში ცხოვრების დონით და 71-ე ადგილზე – ადამიანური პოტენციალის განვითარების მაჩვენებლით; 72-ე ადგილი აქვს სახელმწიფოს მიერ მოქალაქეზე გაწეული ხარჯით და 127-ა მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლით; 111-ე ადგილს იკავებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, ხოლო მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ამაზე უარესი აქვს – 134-ე ადგილი.
მეტიც, რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა მსოფლიოში თვითმკვლელობის რაოდენობით ხანდაზმულებს, ბავშვებსა და მოზარდებს შორის; პირველ ადგილზეა გაყრისა და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების ოდენობით; პირველ ადგილზეა აბორტებისა და მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების რიცხვით; პირველ ადგილზეა მოსახლეობის კლების მაჩვენებლით; სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს გაყიდვის რაოდენობით. ასევე, ალკოჰოლითა და თამბაქოს მოხმარებით დაღუპულთა რაოდენობით; პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის მაჩვენებლით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და ფალსიფიცირებული მედიკამენტების გაყიდვის მაჩვენებლით. რაც მთავარია, პირველ ადგილზეა მსოფლიოში ჰეროინის მოხმარებაში (რუსეთის ფედერაციაში დედამიწაზე წარმოებული ჰეროინის 21 პროცენტს მოიხმარენ).
ამის გათვალისწინებით, რთული ასახსნელია, რა თავში იხლის ჩვენს სეპარატისტულ ტერიტორიებს, როდესაც საკუთარი მოსახლეობისთვის ვერ მოუვლია. ასეა თუ ისე, რუსეთის ეკონომოკურ პოტენციალსა და მოსახლეობის ცხოვრების დონეს შორის ასეთი ასტრონომიული სხვაობის შესახებ განმარტებებს ექსპერტ იოსებ არჩვაძისგან მოვისმენთ.
– რუსეთი პარადოქსების ქვეყანაა, რადგან ბევრი მაჩვენებლით ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში და, გარკვეულწილად, ცუდი სამსახურიც კი გაუწია რუსეთს ამ სიმდიდრემ: სამეწარმეო სულისკვეთება, ეკონომიკის რეჟიმი, რაციონალური დამოკიდებულება რესურსებისადმი მეასე პლანზე მოისროლეს.
– საერთოდ, ეს დამახასიათებელია ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნებისთვის?
– გააჩნია, როდის იყო აღმოჩენილი. ბევრი ქვეყანა აღმოჩენისთანავე რაციონალურად უდგება თავის რესურსებს. მაგალითად, გასული საუკუნის 60-იან წლებში, როგორც კი ქუვეითში ნავთობი აღმოაჩინეს, მაშინვე დაიწყეს მომავალი თაობის ფონდების შექმნა, რომ, თუ ოდესღაც ნავთობი გამოილეოდა, შენელებულიყო კლების დინამიზმი. რუსეთში შუა საუკუნეებში, ფეოდალიზმის ეპოქაშიც კი, თავადები თუ მმართველი ძალა, მაინც თვითმპყრობელზე დამოკიდებულად მიიჩნევდნენ თავს და იმპერატორის ნების აღმსრულებლები იყვნენ. შემდეგ, საბჭოთა პერიოდში, მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები განკარგავდნენ ათეულობით მილიარდი მანეთის ქონებას, მაგრამ ისინი მესაკუთრეები არ იყვნენ. იყვნენ მენეჯერები და ასეთმა დამოკიდებულებამ ჩამოაყალიბა ქცევის სტერეოტიპი ქონებისადმი.
– ანუ გამნიავებლური დამოკიდებულება აქვთ?
– რაციონალური დამოკიდებულება ნაკლები ჰქონდათ, სადაც არ იყო მათი პირადი ინტერესი, დამოკიდებულება იყო არაეკონომიკური. მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ერთი მილიონი დოლარის მთლიან შიგა პროდუქტზე საბჭოთა კავშირი ხარჯავდა 5-ჯერ მეტ ფოლადს და 3,5-ჯერ მეტ ცემენტს. მართალია, ტრაბახობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში იწარმოებოდა 150 მილიონი ტონა ფოლადი და ამერიკაში – მხოლოდ 115 მილიონი ტონა, მაგრამ საბოლოო პროდუქტის მიხედვით, შედეგები იყო აბსოლუტურად განსხვავებული. აი, ასე მოვიდა რუსეთი დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. შემდეგ უკვე ბიზნესმენებმა სხვადასხვა გარემოებით ჩაიგდეს ხელში მუქთად და ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის ის რენტა, რითაც მთელ საზოგადოებას უნდა ესარგებლა, მოხვდა ცალკეული პირების, შემდგომში ოლიგარქებად წოდებულების, ხელში. რუსეთს ჯერჯერობით არ ჰყავს მეორე თაობის მილიარდერები.
– მხოლოდ მუქთი შემოსავლით გამდიდრებულების ამარაა?
– თანაც, ისინი არიან პირველი თაობის მილიარდერები და მეორე-მესამეში არ გადასულა. თან, ბევრი მათგანის მდგომარეობა 2008 წლის შემდეგ ერთგვარად შემცირდა ღირებულებაში და მათმა პოზიციებმა ასეულის ბოლოსკენ გადაიწია. ეს იმის გამოა, რომ მათ თამაშის მკაცრ წესებს შედარებით ნაკლებად აუღეს ალღო.
– ანუ ფულით ფულს ვერ იგებენ.
– რენტაბელობის დონე შედარებით დაბალია მათში, ვიდრე დასავლეთელი მილიარდერების. მთლიანობაში, რუსეთში დიდი ფული იშოვება, მაგრამ ფულს შოულობენ რუსეთში და ხარჯავენ და აბანდებენ დასავლეთში. ლონდონს ხშირად უწოდებენ „ლონდონგრადს“, იმდენი რუსი მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქია იქ და იმდენი აქტივი აქვთ გადატანილი, რომ წარმატებით უწევენ კონკურენციას არაბეთის, სპარსეთის ყურის შეიხებსა და დედამიწის სხვა ნაწილებიდან წამოსულ მილიონერებს. თუმცა რუსეთში დიდი ოდენობით დოვლათი იქმნება, მაგრამ მისი განაწილება შორს არის ოპტიმალურისგან.
– ანუ ასიმეტრიულად ნაწილდება დოვლათი რუსეთში?
– დიახ, ოღონდ ისიც ვთქვთ, რომ საქართველოს ბევრი პარამეტრი ცოტა უფრო უარესი აქვს, მაგრამ საქართველო მცირე ქვეყანაა და მისი მაგალითის მოყვანა გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია. რუსეთში არსებული დისპროპორცია გაცილებით უარესად მოქმედებს თვით რუსეთის მდგომარეობაზე და, ზოგადად, სხვა ქვეყნებზე. რუსეთში შემოსავლების დიფერენცირება არის 171-თან. ანუ ყველაზე მდიდრისა და ღარიბის შემოსავლებს შორის სხვაობა 17-ჯერადია, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა პერიოდში ეს სხვაობა, დაახლოებით, 4-4,5-ია 1-თან.
– საქართველოში როგორია ეს შეფარდება?
– ცოტათი ვუსწრებთ რუსეთს: თვრამეტი ერთთან.
– მაგრამ ჩვენი 18-ჯერადი სხვაობა შეუდარებლად ნაკლებია მათ 17-ჯერადზე?
– რუსეთის ეკონომიკა მასშტაბებით დიდია და რუსეთში მოსახლეობის ერთ სულზე გაცილებით მეტი იწარმოება, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ორ მესამედზე მეტი და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ ბიუჯეტის 92 პროცენტი რუსეთის დოტაციაზეა.
– ასეთი მძიმე რეალობა რის ბრალია, მხოლოდ შემოსავლების ასიმეტრიული განაწილების და ბუნებრივი რესურსებისადმი უყაირათო დამოკიდებულების?
– არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც არ შემიძლია, არ შევეხო და რაც უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროზე, კორუფცია. ეს არის მათი ცხოვრების წესი და ზოგადად, მართალია, კორუფციის ინსტიტუციურ მიზეზად ითვლება სახელმწიფო ინსტიტუტების დახურულობის მაღალი დონე, სახელმწიფოს სუსტი, არათანმიმდევრული პოლიტიკა, ნეპოტიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ რუსეთი მასშტაბური ენდემური კორუფციის ქვეყანაა. დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ რუსეთში კორუფციის პირველი ფაქტები, რომელმაც მემატიანეც კი დააინტერესა, გვხვდება მეთოთხმეტე საუკუნეში.
– რას უკავშირდებოდა?
– იმას, რომ მსაჯულს, მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ ქრთამის საფუძველზე გაათავისუფლოს დამნაშავე. ეს იყო საინსტრუქციო წერილი ზემოდან, ეტყობა, მექრთამეობამ განაჩენის გამოტანისას ისეთი მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ მოვიდა ცირკულარი, აღარ გააკეთოთ ასეთი რამო. შემიძლია, ვთქვა, რომ კორუფცია არის რუსეთის ეკონომიკის მთავარი დარგი. თავისი მოცულობით, ღირებულებითი ფორმით კორუფცია ორჯერ აღემატება ნავთობისა და გაზის ჯამური ექსპორტის ღირებულებას. დაწყებული შუა საუკუნეებიდან რუსეთში კორუფციას ყველანაირი ხასიათი ჰქონდა, მათ შორის, საყოფაცხოვრებო. რუსეთისთვის კორუფციის ორივე ფორმა ძალიან განვითარებულია, თუმცა მსოფლიოს დიდ ნაწილს და ჩვენც ბოლო წლებში გვაქვს ეგრეთ წოდებული მხოლოდ ელიტური კორუფცია, როდესაც კანონშია ჩადებული არათანაბარი პირობები ცალკეული სოციალური წრეების, ბიზნესმენების, ცალკეული პიროვნებების მიმართ.
– დაბალ და საშუალო დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, ხომ მეტყველებს, რომ ჩვენი მოსახლეობა კორუფციისკენ ბუნებრივად მიდრეკილი არ ყოფილა.
– კორუფციის სამი ფორმიდან უკვე 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის დაძლეული იყო საყოფაცხოვრებო და საქმიანი კორუფცია და ბოლო პერიოდში გადაიდგა ნაბიჯი ინსტიტუციური, ანუ ელიტური კორუფციის დასაძლევად. ისევ რუსეთს დავუბრუნდეთ: რუსეთმა არა მარტო განავითარა კორუფციული საქმიანობა, არამედ, მის აღრიცხვაში ისეთი ელემენტები შემოიტანა, როგორიცაა კორუფციის საშუალო ზომა. მაგალითად, კორუფციული გარიგებების რაოდენობასაც კი ითვლიან და აღმოჩნდა, რომ თითოეული კორუფციული გარიგება წელიწადში სამ-ოთხ ადამიანზე მოდის და მისი ღირებულებაცაა განსაზღვრული: საბავშვო ბაღში მოწყობა იქნება თუ სხვა ყოფითი საქმიანობა, დაახლოებით, 150 დოლარამდეა ქრთამის სიდიდე. რაც შეეხება უფრო მაღალ დონეს, რომელიც უკავშირდება ბიზნესს ან სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, აქ სულ სხვა პარამეტრებით ანგარიშობენ. მაგალითად, რამდენი კვადრატული მეტრი საცხოვრებლის ყიდვაა შესაძლებელი საშუალო ზომის თითო ქრთამით.
– და რამდენის შეძენაა შესაძლებელი?
– მაღალ დონეზე ქრთამის ეს სიდიდე გაიზარდა და აღემატება 200 კვადრატულ მეტრ ფართობს. თან, ლაპარაკია საცხოვრებელ ფართობზე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. თუმცა, როგორც ეკონომისტს, მიმაჩნია, რომ კორუფცია არის ეკონომიკის რეაქცია მოუწესრიგებელ საგადასახადო კოდექსზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და გარკვეული დაშვებით შეიძლება, ვილაპარაკოთ „კარგ“ და „ცუდ“ კორუფციაზე. „კარგი“ კორუფცია არის არაეფექტიანი და ზედმეტად დარეგულირებული კანონმდებლობის დაზეთვა: ასეთ დროს ჩინოვნიკები აჩქარებენ გადაწყვეტილებების მიღებას. დაახლოებით, ის ხდება, რაც ჩვენთან იუსტიციის სახლში, როდესაც თქვენ დაჩქარებული წესით იღებთ ცნობას დამატებით საფასურად. და ის ხარჯი, რაც ადრე კორუფციას ხმარდებოდა, „გათეთრდა“ და ამით სახელმწიფო იღებს იმ შემოსავალს, რასაც ჩინოვნიკები თავიანთი გულმოდგინებისა და სწრაფი მომსახურებისთვის იღებდნენ.
– მაგრამ იუსტიციის სახლში არის არჩევნის საშუალება: თუ არ გეჩქარება, საერთოდ უფასოდაც შეიძლება აიღო ცნობა.
– რა თქმა უნდა, ის რაც ჩვენთან ხდება იუსტიციის სახლებში, არის წინგადადგმული ნაბიჯი. კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ „კარგი“ კორუფციის შემთხვევაში, ეს „მარცხნივ“ გადახდილი ფული რჩება ქვეყანაში და ისევ ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას ემსახურება. რაც მეტი ფული რჩება ქვეყანაში, სხვა თანაბარ პირობებში, მით ნაკლებად მავნებლურია ასეთი კორუფცია, თუმცა ჯობია, ეს სახსრები ხვდებოდეს ბიუჯეტში. სხვათა შორის, „კარგი“ კორუფციის მაგალითია სამხრეთი კორეა, რომელმაც განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია და ჩრდილოეთ კორეას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ხალხია, მოსახლეობის ერთ სულზე 20-ჯერ უსწრებს. მისი რამდენიმე პრეზიდენტი კორუფციის გამო ციხეშიც აღმოჩნდა, იმდენად მასობრივი ხასიათი ჰქონდა კორუფციას.
– ძალიან ცუდი მაჩვენებლები აქვს რუსეთს სიკვდილიანობის, ცხოვრების დონის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, ნარკომანიის თუ სხვა მხრივ. რატომ არ მობილიზდება თანხა ამ პრობლემების მოსახსნელად? უბრალოდ ადამიანური რესურსი აღარ დარჩებათ, რომ აითვისონ ამხელა ტერიტორია.
– რუსეთში მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთის მოსახლეობა შემცირდა იმ სიდიდით, რაც აღემატება დღეისთვის ბალტიის სამივე ქვეყნის მოსახლეობას ერთად აღებულს.
ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთში ხდება ეთნიკური რუსებისა და ბევრი ყოფილი საბჭოთა მოქალაქის ემიგრაცია, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ისტორიული სამშობლო და გადავიდნენ საცხოვრებლად რუსეთში. თითქმის ორი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, მილიონამდე ან უფრო მეტი სომეხი. ქართველებიც ბევრნი არიან, თავი რომ დავანებოთ შუააზიელებს და სხვა ეთნოსებს, მიუხედავად ამისა, რუსეთის მოსახლეობა წლიდან წლამდე ექვსასი ათასით მცირდება. ესე იგი, რუსეთში მცირდება რუსი ეთნოსის რაოდენობა. სად მიდიან რუსები? მიდიან ევროპაში, კვიპროსზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასეთი ტრადიციაა: თავიანთი ოჯახის წევრებს აბინავებენ შვეიცარიაში, ლონდონში, თვითონ კი ბიზნესს აკეთებენ რუსეთში. ანუ ფულს შოულობენ ერთგან და ხარჯავენ სხვაგან. იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი რუსეთში. საპენსიო ასაკი ჯერ ძალაშია – 60 წელი მამაკაცებისთვის და 55 წელი ქალებისთვის, თუმცა უკვე გაისმის ხმები, რომ საჭიროა მისი აწევა.
– ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნით?
– დიახ, მათი რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ მუშაობას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში არის 64 წელი. იქ, ფაქტობრივად, მამაკაცები „წითელ წიგნში“ არიან შესატანი.
– ეს ეტყობათ რუსის ქალებს მოქმედებაში. ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა?
– ქალების ცოტა მეტია და ეს ზოგადი ტენდენციაა მსოფლიოში. მაგალითად, საფრანგეთში ქალები პენსიაზე გასვლის შემდეგ 28 წელიწადს ცხოვრობენ, მამაკაცები – 22 წელიწადს. ამ ფონზე რუსეთის იგივე მაჩვენებელი ძალიან მძიმეა.
– აქვს რუსეთს რესურსი, პოტენციალი, რომ გამოასწოროს ეს ვითარება?
– რა თქმა უნდა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში. მაგალითად, დამოუკიდებლობის შემდეგ მითი, რომ რუსები დედაბუდიანად სასმელისადმი არიან მიდრეკილნი, დაინგრა. ვინც ბიზნესი წამოიწყო და საკუთარი საქმით მიღებული შემოსავლის გემო გაიგო, შედარებით ნაკლებად ეტანება სასმელს. ამიტომ რუსის მიდრეკილება სასმელისადმი იყო გაუსაძლისი და თაობიდან თაობამდე უცვლელი მძიმე მდგომარეობისადმი გარკვეული შინაგანი პროტესტი; პროტესტი სიტუაციის შეცვლისადმი უუნარობისადმი და ლოთობაში პოულობდნენ შვებას. თუ გაუჩნდებათ იმის პერსპექტივა, რომ ცალკეული ადამიანის ნიჭსა და უნარს ექნება ადეკვატური გამოყენება, ეს მავნე მიდრეკილება დაიძლევა.