„პატრიოტების“ ცვენა
„იდეებ რა ვუყო“
მართალია, დედაქალაქში პრობლემები თავზე საყრელადაა, თუმცა, ჩვენს საკრებულოებს პატრიოტიზმის ჭია ღრღნის: კერძოდ, ხეირიანად არ მოგვენელებინა ის სიხარული, რაც საკრებულოელთა მიერ თბილისის უსახელო ქუჩებისა და ჩიხებისთვის „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სახელების დარქმევამ გამოიწვია ჩვენს გულებში (და მერე რა, რომ არა მხოლოდ პერსონაჟების, გეოგრაფიული სახელწოდებებიც მიაყოლეს და ნურადინ-ფრიდონი „მურადინ-ფრიდონად“ გადანათლეს), რომ ახალი ინიციატივაც ზვავივით დაგვატეხეს („იდეებ რა ვუყო“ და, რა მათი ბრალია?!).
თუკი იმ პირველის ავტორი უმრავლესობა იყო, ეს მეორე პატრიოტული მოტივით გაჟღენთილი ინიციატივა ახლა უკვე „ნაციონალური“ უმცირესობის თავში მომწიფდა (პრინციპით, „ნაციონალი,“ „მეოცნებეზე“ ნაკლები მგელმა შეჭამაო).
არც მეტი, არც ნაკლები, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა – რეფორმატორების” თავმჯდომარემ, თემურ გრიგალაშვილმა, მოსკოვის გამზირისთვის სოხუმის გამზირის დარქმევა მოითხოვა. სახელდობრ, დედაქალაქელი საკრებულოელი ბრძანებს, რომ „ბოლო პერიოდში რუსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულმა განსაკუთრებულმა ცინიზმმა, ძალადობამ, მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამზირს არ შეიძლება ერქვას ოკუპანტის სახელმწიფოს დედაქალაქის სახელი. საუბარი არის მოსკოვის გამზირზე.“
ჩვენ არ ვიცით, რატომ გაეწელა ფიქრი 5 წელიწადს ბ-ნ გრიგალაშვილს (მით უფრო, რომ მისი მშობელი პარტია, საერთოდაც, ხელისუფლებაში იყო და, რომ მოესურვებინათ, მოსკოვის გამზირს არათუ სახელს გადაარქმევდნენ, იქ ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ), ან, რად არ ეგონა ცინიზმი 2008 წლის ომი და, როგორც ჩანს, ვერც გავიგებთ, რადგან, როგორც ილია ამბობს, ჩინოვნიკის გული ბნელიაო.
რაც მთავარია, ბ-ნი გრიგალაშვილის ამ მოთხოვნას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ქ-ნი მაჭავარიანიც გამოეხმაურა და იდეა მოუწონა, ერთი ისაა, ტელევიზიით გამოჭიმვამდე, უმცირესობის წევრებს ჩვენი კომისიისთვის მოემართათო. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ არც ოკუპანტები აპირებენ, შეაჩერონ მავთულხლართების გაბმა ჩვენს მიწაზე და არც ჩვენებური პოლიტიკოსების პატრიოტიზმს ეტყობა მინავლების ტენდენცია, ქუჩები და გამზირები კი ჯერჯერობით გვაქვს, ტერიტორიების დაბრუნებამდე ქუჩებისთვის სახელების გადარქმევ-გადმორქმევით მაინც შევიქცევთ თავს.