როგორ შეაყვარა თავი ტარიელ სუარმა ია ფარულავას და გაჰყვება თუ არა ქართველი დივა ახალ სიყვარულს ევროპაში
ცნობილ ტელეწამყვანსა და მსახიობს, ია ფარულავას, სულ ორი კვირაა, ახალი რჩეული ჰყავს – გერმანიაში მოღვაწე ქართველი გიტარისტი, მუსიკოსი ტარიელ სუარი (ხოსროშვილი). წყვილმა საზოგადოებას ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ამცნო.
ტარიელ სუარი (ხოსროშვილი): საქართველოში კონცერტი ბოლოს სამი წლის წინ მქონდა. გერმანიაში ცნობილი ვარ, როგორც ბახის შემსრულებელ-ინტერპრეტატორი. საერთოდ, გერმანელები ბახის ინტერპრეტაციას ძალიან ერიდებიან, მიაჩნიათ, რომ ეს მათი კომპოზიტორია და უნდა შესრულდეს კანონიკურ ჩარჩოებში – ძნელია მისი ზუსტად შესწავლა, მაგრამ მე გავრისკე და ბედმაც გამიღიმა, აღიარეს ჩემი შესრულება. 5 წელი ამ კომპოზიტორს ინტენსიურად ვუკრავდი, მერე გადავწყვიტე, რეპერტუარი შემეცვალა – ცოტა ქართულ მუსიკასაც დავახლოებოდი. ამიტომ, გია ყანჩელის კლასიკური ნაწარმოებებისა და მეოცე საუკუნის არგენტინელი კომპოზიტორის – პიაცოლას დამუშავება გადავწყვიტე. ამას სჭირდებოდა სერიოზული შრომა. რამდენიმე საორკესტრო ნაწარმოები გადმოვიტანე გიტარაზე.
სხვათა შორის, ბახის ინტერპრეტაციის ჩემეულ შესრულებას გერმანულ პრესაში ყველაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყა – თორემ, გერმანელებმა ისეთი კრიტიკა იციან, თუ ერთ წუთს შეგაქეს, შეიძლება, მეორე წუთში „დაგმარხონ“ და ყველაფრის ხალისი დაგიკარგონ.
– კლასიკურ მუსიკასთან შეხება თავიდან როგორ მოგიხდათ?
– რა ვიცი, ბავშვობიდანვე უცნაური ტიპი ვიყავი. წარმოგიდგენიათ, ათი-თერთმეტი წლის ბავშვი, რომელიც შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, ბაფთით, შლაპით ან ცილინდრით დადის? (იცინის) ათი წლიდან მხოლოდ და მხოლოდ კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი, სხვათა შორის, არც დაცინვის მეშინოდა. მამა მოკრივე მყავდა და ვაპირებდი კიდეც წასვლას კრივის განხრით – ჩემი უსაყვარლესი სპორტია, ასე რომ, თავის დაცვა არ მიჭირდა, ბოლოს ისინიც მბაძავდნენ ხოლმე (იცინის). მაგრამ იყო სხვა მომენტიც – აი, მაგალითად, გრძელ ფრჩხილებს რომლითაც გიტარაზე ვუკრავ – ვმალავდი. უცნაური რეაქცია ჰქონდათ – რა უმსგავსობააო. კიდევ ჯვრის ტარების გამო მცემდნენ სკოლაში, ერთხელ ჩამომგლიჯეს კიდეც, ათი წელი ვიყავი მედავითნე სამებაში, მუსიკალური სმენის წყალობით, დავითნს სულ სხვანაირად ვკითხულობდი. რამდენჯერმე ბახის ფონზეც მილოცია (იღიმება).
– რამდენი წლის წინ წახვედით გერმანიაში?
– 12 წელია, იქ ვარ. აქ ჩამოსულები იყვნენ უძლიერესი გიტარისტები – ძმები კვარაცხელიები. დავინტერესდი, მომეწონა და სიდი გავგზავნე ფრანკფურტში. ერთ კვირაში მომივიდა მიწვევა და პასუხი, რომ მიღებული ვიყავი. უმაღლესი ქულით ჩავაბარე. თავიდან ცოტა რთული იყო – ენაც არ ვიცოდი თითქმის, მაგრამ გერმანელები თბილი ხალხია და მალე ვისწავლე . ორი სიტყვა ვიცოდი გერმანული – „შპილენ“ და „ზო“. ასე ვაგებინებდი მოსწავლეებს როგორ უნდა დაეკრათ (იცინის). ვმუშაობდი მცხობელად, პურს და ფუნთუშებს ვაცხობდი, მაგრამ 2 კვირაში გამათავისუფლეს სამსახურიდან, არაა პურის ცხობა შენი საქმეო. გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაცვაში ვმუშაობდი. ვიყავი ფრანკფურტის მუსიკალური აკადემიის დოცენტი, ახლაც ვკითხულობ ლექციებს.
– დაოჯახებული არ ყოფილხართ აქამდე?
– როგორ არა, არაჩვეულებრივი ქართველი მეუღლე მყავდა, 4 წელი ვიყავით ერთად, მეგონა, მიყვარდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი... წლინახევრის მანანიკო გვყავს, ფრანკფურტში ცხოვრობენ. ჩემი ბრალია, ხასიათებით ვერ შევეწყვეთ. (იცინის). ქალები ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ, ნამდვილი სიყვარული ახლა ვიპოვე, როცა ვფიქრობდი, რომ სიყვარული არ არსებობს, თითქოს ბედმა დამცინა... მოკრივე ვიყავი, გიტარისტი და ქალების ნაკლებობა არ განმიცდია არასდროს.
– ახლა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ ხდება, ია ფარულავასთან გაქვთ რომანი...
– დაახლოებით ორი კვირაა, რაც ერთად ვართ. ია შორიდან მიყვარდა დიდი ხნის განმავლობაში, მიყვარდა კი არა, ვაღმერთებდი! მისი ფილმები, შოუები... არაჩვეულებრივი ქალია. ვნახე, რომ „ფეისბუქზე“ პოლიტიკური ამბების გამო ადამიანები შეურაცხყოფას აყენებდნენ, ლანძღავდნენ. აღვშფოთდი და გადავწყვიტე, გამოვხმაურებოდი, თორემ თვითონ იას პირადში მიწერას როგორ გავუბედავდი. ერთადერთი, ვოცნებობდი, ავტოგრაფი მოეცა. ვოცნებობდი, თუნდაც, მოსაწვევვი გამეგზავნა და ჩემს კონცერტზე მოსულიყო. ამ კომენტარების მერე უცებ პირადში იასგან მომდის წერილი: „ჩვენ აქამდე როგორ არ ვიცნობდით ერთმანეთს? აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ“. გავგიჟდი სიხარულით, მთელი დღე დავრბოდი აქეთ-იქით, ადგილს ვერ ვპოულობდი! რასაც დღემდე თავს ვერ ვპატიობ ისაა, რომ იაში ეჭვი შემეპარა – თავიდან ბახზე რომ მწერდა, ვიფიქრე, ტრაბახობს-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ მართლა ზედმიწევნით კარგად იცის კლასიკური მუსიკა.
– პირადად როდის შეხვდით ერთმანეთს პირველად?
– ახლახან, რაც თბილისში ჩამოვედი. იას დავურეკე და ძალიან გაუკვირდა, ეგონა, ისევ ფრანკფურტში ვიყავი. რომ შევხვდით, გამომლანძღა – მისაყვედურა, რა იყო ეს „რუსთავი 2-ზე“ აკომპანიატორად გამოსვლა, ბარემ, „ნიჭიერშიც“ გამოსულიყავი. შენი დონის მუსიკოსისთვის ეს კატასტროფააო (იცინის). მე რომ ვიცი, ია როგორია, ამიტომაც არ მწყინს მისგან. შეიძლება, ადამიანმა გაგაკრიტიკოს, იმიტომ, რომ უყვარხარ. იათი აღფრთოვანებული ვარ, ეს არის ადამიანი, რომელიც გულს ამოიღებს და სხვას მისცემს. მისი ყველაფერი მომწონს – შეიძლება, გარედან უხეში ჩანს, მაგრამ ძლიერი და კეთილი ქალია, თან, ლამაზი!
– როგორ უთხარით, რომ გიყვარდათ?
– არ ვიცი, ამის თქმა საჭირო იყო თუ არა – ნელ-ნელა ეს თემა გახდა ინტიმური და მისი მხრიდანაც წამოვიდა საპასუხო გრძნობა. არადა, ძნელია, მისგან პასუხი მიიღო, როდესაც მითხრა, მიყვარხარო, მაშინ კარგად დავინახე იას შინაგანი სამყარო. გამჭრიახი, ნიჭიერი და კეთილშობილი ქალია, თან, უბრალო და ბავშვური – ყველაფერმა ამან ჭკუიდან გადამიყვანა! რაღაც ენერგეტიკაა, რომელსაც ერთმანეთს ვუცვლით.
– არ არის ძნელი ასეთი ცნობილი და ლამაზი ქალის გვერდით ყოფნა? არ ეჭვიანობთ?
– არა, რატომ? იასთან პიარის გამო ნამდვილად არ ვარ. ეჭვიანობის საბაბს არც ის მაძლევს. მე მომწონს მისი გარეგნობა, ჩაცმულობა, ვფიქრობ, უფრო თამამადაც უნდა ეცვას. ქალს რაც აქვს ლამაზი, უნდა გამოაჩინოს. იმაზე საშინელი არაფერია, კაცისთვის, როცა მის გვერდით მყოფ ქალს არავინ უყურებს (იცინის). მე ვერ წარმომიდგენია იას გარეშე ცხოვრება. ადრე, მეუღლეც რომ მყავდა, სხვა ქალებსაც ვუყურებდი, ახლა მის გარდა ვერავის ვამჩნევ, მაშინაც კი, როცა მეუხეშება, ისეთი ხიბლით აკეთებს ამას, მეცინება და უფრო მიყვარდება, პატარა ბიჭივით მომივიდა. ია ჩემთვის ქალი კი არა – ქალღმერთია და მის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ!
– სუარი რატომ აირჩიეთ ფსევდონიმად?
– სუარიძეები ვართ ჩვენ, წესით, დუშეთიდან და არა ხოსროშვილები! თან „სუარი“ ფრანგულად ჟღერს (იცინის).
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი და იას საერთო მომავალი?
– წარმოდგენა არ მაქვს, 23-ში ფრანკფურტში უნდა დავბრუნდე და უბრალოდ, იას გარეშე ვერ გავძლებ!
– თავდაყირა დააყენა ახალმა სიყვარულმა თქვენი გეგმები.
– ეგრე გამოდის, მაგრამ, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, იას გამო კარიერას მივატოვებ. იმიტომ, რომ ის ამას იმსახურებს, თვითონ ძალიან მიდგას მხარში და უნდა, კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. ამბობს: მე მაგისთვის არ მცალია, კარიერას უნდა მივხედოო (იცინის). დაქორწინებაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა მას სერიოზულ გეგმებს ვუკავშირებ.
სიახლეზე კომანტარისთვის ია ფარულავასაც დავუკავშირდით.
ია ფარულავა: ყველაფერი დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო, მგონი, მაისი იყო. საერთოდ, ძალიან მიყვარს ბახი და კლასიკური მუსიკა, ყოველდღე ვუსმენ – ამან შემაყვარა ეს ადამიანი. 3 თვის წინ „ფეისბუქზე“ მწვავე პოსტებს ვაქვეყნებდი და ხალხი ამის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში მატარებდა. ვნახე, რომ უცნობი ახალგაზრდა კაცი რაინდულად მიცავდა, თავგამოდებით, თან, ისე, რომ პირადშიც კი არ „მეჩალიჩებოდა“. არადა, „ინბოქსში“ ძალიან ბევრი მწერს, შენი გაცნობა მინდაო, 1 500 მეგობრობის თხოვნა მაქვს მარტო! მერე მე „პროფილზე“ შევედი და ვნახე, რომ ჩემი ბავშვობის ფოტოები ჰქონდა გაზიარებული. ძალიან მომეწონა მისი თვალები. მისი შესრულებით ბახი რომ მოვისმინე, საერთოდ გადავირიე! ვაღიარებ, რომ მე გამოვიჩინე ინიციატივა და პირადში მივწერე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ-მეთქი. ჯერ მეგობრულად ვიყავით, მერე ნელ-ნელა შემიყვარდა. ძალიან მომწონს მისი აზროვნება, საოცრად კულტურული და კარგი ადამიანია. ამბობს, რომ ჩემს უხეშობაზე საერთოდ არ რეაგირებს, პირიქით მხიბლავსო (იცინის). მე ხშირად ვბილწსიტყვაობ და ისე მოსწონს, გიჟდება. სულ მეუბნება, რომ არ იგინები, თითქოს რაღაც მაკლიაო. ძალიან მაგარი მუსიკოსია, შემიძლია, საათობით ვუსმინო. ჩვენ ხანგრძლივი განშორება გველის წინ. თუმცა, ვაპირებ, ჩავიდე ფრანკფურტში და დავესწრო სიდის ჩაწერას, რომელსაც ტარიელი მე მიძღვნის.