კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაინაწილეს რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონი და სად აპირებენ „სახელმწიფო საზღვრის“ გავლებას რუსეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ შორის

გავრცელებული ინფორმაციით, რფ და მის მიერ მხოლოდაღიარებული „იუჟნაია ოსეტია“ „საზღვრის დემარკაციისთვის“ ემზადებიან. შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა რფ-ის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა და შეთანხმებაც რატიფიცირებულია ამღიარებლისა და აღიარებულის მიერ. ბუნებრივია, აქტი უკანონოა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა ისეთ სახელმწიფო წარმონაქმნს, როგორიც „იუჟნაია ოსეტიაა“, უბრალოდ არ აღიარებს. ქართულმა მხარემ მომხდარი დაგმო, თუმცა თავად დოკუმენტის შინაარსის ანალიზით თავი თითქმის არავის შეუწუხებია. იმის გათვალისწინებით, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ტერიტორიაა (შესაბამისად, რის დემარკაციასაც გეგმავენ, ეს რფ-საქართველოს საზღვარია), საინტერესოა, კონკრეტულად სად უპირებს გავლებას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი  საზღვრის ამ მონაკვეთს, ანუ როგორ გადაინაწილეს ქართული მიწა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა. თემას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სიმონ კილაძე განგვიმარტავს.

– რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა, ამიტომ საკითხს ოპტიმისტურად შევხედავ და ვიგულისხმებ, რომ ამ პროცედურით რუსეთის ფედერაცია საქმეს გვიიოლებს. სად გადის, მათი აზრით, ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე რუსეთ-საქართველოს შორის საზღვარი?

–  ცოტა შორიდან დავიწყებ: თავდაპირველად, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც იგეგმება, თავისი მიზნებითა და შინაარსით ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რადგან არ შეიძლება დაიდოს ხელშეკრულება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ნაწილთან იმ დროს, როდესაც ეს ნაწილი სეპარატისტულ რეგიონს წარმოადგენს და ოკუპირებულია. მით უმეტეს, რომ ეს ოკუპირებული ნაწილი შეადგენს მეორე სახელმწიფოს განუყოფელ ტერიტორიას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მე იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ მასმედიაში კომენტარები გაკეთდა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის 12 სექტემბრის განკარგულებაზე და ეჭვი მაქვს, განკარგულების წინამძღვარ აქტებზე, რუსეთის მთავრობის 2 სექტემბრის დადგენილებისა და თვით ხელშეკრულების ტექსტზე, კომენტარის გამკეთებელი საზოგადოებას თვალით არ უნახავს.

– განვიხილოთ ხელშეკრულების პროექტი, რომლის ხელმოწერასაც გეგმავენ რფ და ცხინვალის რეგიონი.

– ეს ხელშეკრულება, დავარქვათ მას ანტისამართლებრივი დოკუმენტი, შედგება პრეამბულისგან, რომელშიც აღნიშნულია რუსეთის და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ სურვილი მეგობრობის განმტკიცებაზე, სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ განსაზღვრაზე და ასე შემდეგ; ძირითადი 7 მუხლისგან და დასკვნითი ნაწილისგან. როგორც რუსეთის მთავრობის დადგენილებიდან ჩანს, ხელშეკრულების ტექსტი მხარეთა წარმომადგენლების მიერ უკვე პარაფირებულია და არ შეიცვლება, ანუ მზადაა ხელმოსაწერად და პუტინმაც სწორედ ამიტომ გასცა 12 სექტემბრის განკარგულება. ჩვენთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის ძირითადი ნაწილი, ანუ ის მუხლები, რომლებშიც რუკის მიხედვითაა აღწერილი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის მიმართულება, ანუ დელიმიტაცია, ჯერ დემარკაციაზე საუბარი არ არის; გეოგრაფიული ტერმინები და ასე შემდეგ.

– რით იხელმძღვანელეს საზღვრის ამ მონაკვეთის დადგენისას ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა?

– ჩვენთვის ამ ხელშეკრულების  ძირითად ნაწილში ყველაზე საინტერესოა მეორე მუხლი, რომელიც ეხება საზღვრის აღწერას. მივყვეთ ტექსტს: საზღვარი იწყება რუსეთის ფედერაციის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრების შეპირაპირების წერტილიდან –  იქ, სადაც იწყებოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი, არის რუსეთის საზღვარი და დანარჩენი საქართველოს საზღვარი. შემდეგ ვკითხულობთ, რომ ამ შეპირაპირების წერტილიდან საზღვარი მიჰყვება კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედს და საინტერესოა, რომ ტექსტში ტერმინი „კავკასიის მთავარი ქედი“ მოცემულია როგორც რუსულ, ისე ოსურ ენაზე.  ერთი სიტყვით, აღწერილობა ძალიან ვრცელია, ამიტომ მოკლედ ვიტყვი: ფაქტობრივად, დოკუმენტში მოცემული საზღვრის ხაზი შეესაბამება საქართველო-რუსეთის საზღვრის იმ მდგომარეობას, რომელიც იმ მონაკვეთში იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ანუ 1992 წლამდე.

– რომელიც მიჯნავდა საქართველოსა და რუსეთის სოციალისტურ რესპუბლიკებს?

– დიახ. ხელშეკრულების მესამე მუხლში ნათქვამია, რომ საზღვრის აღნიშვნა რუკაზე უნდა მოხდეს მთლიანი წითელი ხაზით და ტექსტს თან ერთვის რუკის ნიმუში. ტექსტში კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: რადგანაც საზღვრის შეპირაპირების საწყისი და დამამთავრებელი წერტილები, სადაც ერთად თავმოყრილია რუსეთის, დანარჩენი საქართველოსა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია, შეხებაშია რუსეთთან, საქართველოსთან და „სამხრეთ ოსეთთან“, ამ წერტილების ზუსტი ადგილმდებარეობა „უნდა განისაზღვროს საქართველოს, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის დადებულ ცალკე სამმხრივი შეთანხმებით“.

– რომელიც ჯერ არ არსებობს და იმედი მაქვს, არც არასდროს იარსებებს.

– მოკლედ რომ ვთქვათ, შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ საზღვრის დელიმიტაციის სრულყოფისთვის აუცილებელია დამატებითი შეთანხმება, ანუ საქართველოს დასტური, რასაც, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლება არ დათანხმდება.

– თუ ამ ეტაპზე შეუძლებელია „საზღვრის“ საწყისი და საბოლოო წერტილების დადგენა, როგორ იწყებენ სადელიმიტაციო სამუშაოებს?

– რუკაზე სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ დემარკაცია როდის იქნება, არავინ იცის. საქართველო-რუსეთის საზღვარი არც დანარჩენ მონაკვეთებზეა დემარკირებული, ამიტომ, რადგან ეს მთიანი რელიეფია, ჩათვალეს, რომ საკმარისია დოკუმენტი ხელმოსაწერად და გაამზადეს ეს დოკუმენტი. 

გავაგრძელოთ: დოკუმენტის მეოთხე და მეხუთე მუხლები ეხება საზღვრის სამომავლო დემარკაციას, ადგილზე გატარებას, რაც უნდა გააკეთოს პარიტეტულ საწყისებზე შექმნილმა ერთობლივმა კომისიამ. მეექვსე მუხლში აღნიშნულია, რომ საზღვარზე არსებული კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების, წყალსაცავებისა და ბუნების დაცვის საკითხების რეგულირება უნდა მოხდეს ცალკე შეთანხმებებით.  ხელშეკრულება შედგენილია ორ ენაზე და ორივე ავთენტურია. ხელშეკრულების ტექსტში რუსეთ-„სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფოს საზღვრის“ სიგრძე, დაახლოებით, 74 კილომეტრია.

– რა მიზნით გაუჩნდათ „საზღვრის“ დაზუსტების იდეა?

– გასაგებია, როგორც კი რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონი, მათ დაიწყეს ფიქრი ეგრეთ წოდებული საზღვრის დელიმიტაციაზე. 2009 წლის აპრილში ორივე მხარემ შექმნა საზღვრის სადელიმიტაციო კომისიები, რომლებიც ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ. აქ კიდევ ერთ მომენტს უნდა შევეხოთ: საქართველოში არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ აღარ არსებობს ჯერ კიდევ 1990 წლის დეკემბრიდან, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე.  როგორც ვიცით, ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია გადანაწილდა ახალგორის, გორის, ჯავის, ქარელის, ონისა და საჩხერის რაიონებზე, ხოლო, საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით, ყოფილი ავტონომიის ტერიტორია შედის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში. 

– თავის დროზე, საბჭოთა დროს რის მიხედვით დადგინდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ეს მონაკვეთი?

– ეს მონაკვეთი შედის რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთელი პერიმეტრის შემადგენლობაში, რომელიც იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის წესით, ჯერ კიდევ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დადგინდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების მესამე მუხლით, საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუზე, ანუ მიჰყვება ყოფილი შავი ზღვის გუბერნიის, ასევე, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საზღვარს ზაქათალის ოკრუგამდე. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ჩრდილოეთი საზღვარი კი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს დადგინდა. სხვათა შორის, 7 მაისის ხელშეკრულება რომელიმე იურიდიული აქტით არც საქართველოს და არც რუსეთის ხელისუფლებებს საბჭოთა პერიოდში არ გაუუქმებია. მეტიც, საბჭოთა ხელისუფლება პირველ წლებში 7 მაისის ხელშეკრულების სასაზღვრო, ანუ მესამე მუხლს, ორივე მხარე –  საბჭოთა რუსეთიც და საქართველოც აღიარებდა. საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის საზღვარი რფსსრ-სთან თითქმის ემთხვეოდა მის მიმართულებას და ზოგად აღწერილობას.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს აღიარების შემდეგ დღის წესრიგში დადგა რუსეთთან საზღვრის ზუსტად დადგენის აუცილებლობა. რადგან ამ საზღვარმა უკვე სახელმწიფო საზღვრის სტატუსი მიიღო, უკვე ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო, თუ რომელ მთასა და მდინარეზე გადიოდა ის. ამიტომ ორივე მხარემ ჩამოაყალიბა სადელიმიტაციო კომისიები, რომლებმაც, მე ვიტყოდი, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მაშინ იქნა დადგენილი საქართველო-რუსეთის საზღვრის ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსური“ მონაკვეთი.

– რაც ახლა უნდათ, რომ „სახელმწიფო საზღვრად“ აქციონ?

– დიახ და ამას მაშინ მოსკოვი დაეთანხმა, იმიტომ რომ, როგორც ვიცი, როდესაც გაყვნენ საზღვრის მთელ ამ პერიმეტრს, აფხაზეთთან გაჩერდნენ. შემდეგ სიტუაცია გართულდა, 2008 წლის ომი დაემთხვა და დღესაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი სადავოა. მაგრამ ცხინვალის რეგიონთან გამავალ საზღვრის მონაკვეთს მაშინ მოსკოვი დაეთანხმა, ამიტომ რუსებსა და ოსებს დიდი შრომა არ დასჭირვებიათ, იმიტომ რომ საზღვარი, ფაქტობრივად, დადგენილი იყო. ჩვენ, რასაკვირველია, ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ, როცა იქნება, ცხინვალის რეგიონზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია აღდგება, საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა აღარ იქნება. რუსეთი დათანხმებულია საზღვრის ამ მონაკვეთს.

–  თავად ცხინვალის რეგიონიში მცხოვრებმა ოსებმა, ჩემი ინფორმაციით, ეს ფაქტი  –  ეგერთ წოდებული საზღვრის დელიმიტაციისა, აღიქვეს რუსეთის მიერ იმის დემონსტრირებად, რომ პატივს სცემს „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას და არ აპირებს მის მიერთებას.

– ეს რუსეთის მხრიდან შეიძლება, იყოს შორს მიმავალი განზრახვა.

– თან, ჩვენ ვიცით, რად ღირს რუსეთის აღიარება: მან ორჯერ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გასულ საუკუნეში და ორჯერვე დაარღვია.

– რუსეთისთვის შეთანხმების დარღვევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, თუ ოპტიმისტები ვიქნებით, შეიძლება, ეს მართლაც მივიღოთ იმის ნიშნად, რომ ორი ოსეთის გაერთიანებას, რაზეც დიდი ხანია, ლაპარაკია, ოფიციალური ნაბიჯები არ მოჰყოლია. სარეთაშორისო პრაქტიკაში იშვიათია შემთხვევა, რომ აღიარება უკან წაეღოს რომელიმე სახელმწიფოს, მით უმეტეს, რუსეთს. თუმცა, მაგალითად, როდესაც  არსებობდა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, რუსეთმა ჯერ ეგვიპტე აღიარა, შემდეგ –  სირია, გაერთიანების შემდეგ კი –  ორივე ერთად. დაშლის შემდეგ გამოაცხადა, ჩემი აღიარება უკან მიმაქვსო და ისევ ეგვიპტედ და სირიად აღიარა. არ მგონია, ჩვენს შემთხვევაშიც იგივე მოხდეს, მაგრამ შესაძლოა, მოლაპარაკებამ ან რაღაც სხვა ფორმატმა გადაწყვიტოს ეს პრობლემა, ამას მომავალში ვნახავთ, მაგრამ საზღვარი თითქმის დადგენილი იქნება. ამით რუსეთი თითქოს გვაგრძნობინებს, არ ვიერთებ და შესაძლოა, უკანაც წავიღო ჩემი აღიარება. არ ვიცი, ამას რა დავარქვა: იმედი…

– თუ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო?

– თუ კარგი პერსპექტივა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც არასასიამოვნოა, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვარს ადგენენ. საერთოდ, მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ერთმანეთს აღიარებენ, ყოველთვის დგება საზღვრის საკითხი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს უკანონო და უსამართლოა. ცნობილია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ამაზე პროტესტი განაცხადა და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცა რუსეთს, რომ რამენაირ სახელმწიფო საზღვარზე რუსეთსა და ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ლაპარაკი ზედმეტია და რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

– ორი მიმართულებით გაშალა ფრონტი რფ-მ: იქით „საზღვარს“ ადგენს, აქეთ –  მავთულხლართებით შემოდის საქართველოს სიღრმეში.

– ჩემი აზრით, სხვაა, რომ რუსეთმა საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის დელიმიტაციის იურიდიულად დადასტურების პროცესი დაიწყო, რაც შეიძლება, ვიგულისხმოთ საქართველო-რუსეთის საზღვრად, მაგრამ, რაც შეეხება ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ სამხრეთ საზღვარს, რასაც ოსი სეპარატისტები თავიანთ „სახელმწიფო საზღვრად“ მიიჩნევენ, ყველანაირი დარღვევა და ანტიქართული ქმედებაა. ეს რუსეთის მხრიდან უხეში დარღვევაა, თუმცა თავს იმით იმართლებენ, რომ 2009 თუ 2010 წელს ეგერთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთთან“ დადეს ხელშეკრულება „სახელმწიფო საზღვრის“ ერთობლივი დაცვის შესახებ.

– თან, სცილდებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიასაც კი.

– მეტიც, ამბობენ, თრუსოს ხეობაც ჩვენიაო. ამ შემთხვევაში რუსეთის ნაბიჯები არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და აგრესიულიც კი.

скачать dle 11.3