კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიული მანიაკები

მზე ახალი ამოსული იყო. ბექობი ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცმა და ოცი წლის ახალგაზრდამ გადმოკვეთეს, რომლებსაც ხელში სათევზაო მოწყობილობები ეჭირათ. მამაკაცმა აქეთ-იქით მიმოიხედა, თბილისის ზღვის ზედაპირზე შეაჩერა მზერა, რომელიც სარკესავით ირეკლავდა მზის სხივებს და თქვა:

– კარგი დილაა... გაგვიმართლა. ნიავიც არ არის.

– თუ არ დაგვასწრეს და ჩვენი ადგილი უკვე არ დაიკავეს, ნაღდად კარგი თევზაობა გამოგვივა, – უპასუხა ახალგაზრდამ და სწრაფი ნაბიჯით დაეშვა ზღვისკენ.

ის იყო, წყლის ნაპირს მიუახლოვდნენ, რომ ახალგაზრდა შედგა და მათგან ოციოდე მეტრით დაშორებული ბუჩქნარისკენ გაიშვირა თითი.

– მამა, შეხედე. რა არის იქ?

მამაკაცი მითითებულ მხარეს შებრუნდა და გაოცებული გაშეშდა. ბუჩქებიდან ადამიანის არაბუნებრივად მოხრილი შიშველი ფეხი მოჩანდა.

– ეი!.. – დაიძახა მამაკაცმა, მაგრამ ბუჩქებიდან არავინ შეხმიანებია.

– აქ დარჩი, – გადაულაპარაკა შვილს და ფრთხილად დაიძრა ადგილიდან.

 ბუჩქნართან მიახლოებისას მის თვალწინ საშინელი სანახაობა გადაიშალა. მიწაზე ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის გოგონა იწვა, რომელსაც სახე ბალახში ჰქონდა ჩარგული. მას ტანსაცმელი მიწით ჰქონდა მოსვრილი. მაისური ალაგ-ალაგ გახეოდა. ფეხები შიშველი ჰქონდა. ერთი ფეხსაცმელი იქვე ეგდო, მეორე კი არსად მოჩანდა.

– მამა, რა ხდება აქ?! – ახალგაზრდას გულმა არ მოუთმინა და გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიუახლოვდა ბუჩქნარს.

– კარგი არაფერი, – მამაკაცმა სწრაფად ჩაიმუხლა, გოგონა ფრთხილად გადმოაბრუნდა და სახეში ჩააცქერდა. ოდნავ შესამჩნევმა სუნთქვამ და სხეულის სითბომ მიახვედრა, რომ ის ცოცხალი იყო.

– ცოცხალია! დროზე სასწრაფოში და პოლიციაში დარეკე! – გასძახა შვილს მამაკაცმა, შემდეგ კი გოგონა ხელში აიყვანა და გზატკეცილისკენ დაიძრა.

* * *

რესპუბლიკის მთავარი პროკურორი, ვახტანგ კიკნაძე აუჩქარებლად ფურცლავდა საქაღალდეს და გამომძიებლის მოკლე დახასიათებას ეცნობოდა.

„მირიან დუმბაძე, ოცდათორმეტი წლის, განათლება – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. უცოლო. პროკურატურაში მუშაობის სტაჟი – შვიდი წელი. ხუთი წელი – გამომძიებლის, ორი წელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერული წერილი კრიმინალისტიკაში თანამედროვე მეთოდების დანერგვის შესახებ. ხასიათის ნიშნები – მშვიდი, გაწონასწორებული. მუშაობისას ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნებით. მკაცრად იცავს სუბორდინაციას, ხელქვეითებთან და ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან. გადაწყვეტილებებს იღებს აუჩქარებლად, ემოციის გარეშე.

ვახტანგმა თვალი მოსწყვიტა საქაღალდეს და საგამოძიები სამსახურის ხელმძღვანელს, დავით საბანიძეს მიუბრუნდა.

– შენ რას იტყვი? ჩემის აზრით, იდეალური კანდიდატია განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

– მე თავს შევიკავებდი, – უპასუხა დავითმა.

– რატომ? – გაუკვირდა მთავარ პროკურორს, – უკეთესი კანდიდატი გეგულება?

– სიმართლე გითხრათ – არა, მაგრამ ამჟამად მირიანის საგამოძიებო მუშაობიდან ჩამოცილება გაუმართლებლად მიმაჩნია. რას მივიღებთ ამით? დავკარგავთ კარგ გამომძიებელს, რომელიც შემდგომ საკაბინეტო მუშაობით იქნება დაკავებული. უბრალოდ რომ ვთქვა, კარგი გამომძიებლისგან მივიღებთ რიგით ჩინოვნიკს, რომლის მსგავსიც ისედაც უამრავი გვყავს.

– ლოგიკურია, მაგრამ უსამართლო, – შენიშნა მთავარმა პროკურორმა, – რა გამოდის? მონდომებულ თანამშრომელს კარიერული ზრდის შესაძლობლაბას იმიტომ ვართმევთ, რომ ის კარგად ასრულებს თავის მოვალეობას!

– მირიანს ჯერ ყველაფერი წინა აქვს. კიდევ მოესწრება კაბინეტში ჯდომას და განკარგულებების გაცემას, – უპასუხა დავითმა.

– თავად მასთან თუ გისაუბრია ამის შესახებ? – განაგრძო მთავარმა პროკურორმა.

– არა, მაგრამ სამსახურში განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას მიიჩნევენ საუკეთესო კანდიდატად.

– ხედავ, კოლექტივიც მხარს უჭერს. ეს კი არცთუ ისე ცოტას ნიშნავს.

– მე ჩემი აზრი მოგახსენეთ. გადაწყვეტილება კი თქვენ უნდა მიიღოთ.

– რახან კოლექტივში ღიად საუბრობენ, განყოფილების ხელმძღვანელად მირიანის დანიშვნაზე, მასაც ექნება გარკვეული მოლოდინი. ნუ გავანაწყენებთ, მოამზადე ბრძანება და კანცელარიაში ჩააბარე.

– ნაწყენი არ დარჩება, – მშვიდად ჩაილაპარაკა დავითმა.

– არ დარჩება?! – სწრაფი მზერა ესროლა მთავარმა პროკურორმა, – რატომ ხარ დარწმუნებული?

– მე სხვა საქმის შეთავაზება მინდა მისთვის, მაგრამ ამას თქვენთან შეუთანხმებლად ვერ გავაკეთებ, – უპასუხა დავითმა.

– ყურადღებით გისმენ! – მთავარმა პროკურორმა გვერდზე გადადო საქაღალდე.

– ეს თავად მირიანის მოსაზრებაა. ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია ჩემთან. ის მიიჩნევს, რომ გამომძიებლის ერთ, ორ ან სამ საქმეზე ერთობლივი მუშაობა, არაეფექტურია. ასეთ შემთხვევაში, მას ურთიერთობა უწევს რაიონული სტრუქტურული ერთეულების საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლებთან. ხშირ შემთხვევაში, ისინი სრულიად უცნობი ადამიანები არიან. გასათვალისწინებელია ხასიათის ნიშნები. პიროვნული შეუთავსებლობა, პროფესიონალური დონე. ყოველივე ეს ფაქტორი კი პირდაპირ აისახება საგამოძიებო მუშაობის მსვლელობასა და ხარისხზე.

– მესმის, – თავი დაუქნია მთავარმა პროკურორმა, – ეს სხვა გამომძიებლებისგანაც მსმენია.

– მირიანის აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ საგამოძიებო მოქმედებებს ერთობლივი ჯგუფი განახორციელებდა. პიროვნებები, რომლებიც გამუდმებით ერთად მუშაობენ, კარგად იცნობენ ერთმანეთს და ზუსტად იციან, თუ რის იმედი უნდა ჰქონდეთ ჯგუფის სხვა წევრისგან ამა – თუ იმ ვითარებაში, – თქვა დავითმა.

– გასაგებია, მაგრამ ამაში არაფერია ახალი. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ჩვენ თავად ვახდენთ საგამოძიებო ჯგუფების ფორმირებას.

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეს ხდება პერიოდულად. გამოძიების დასრულების შემდეგ შემადგენლობა იშლება. მომდევნო ჯგუფის ფორმირებისას კი, ჯგუფი სხვა შემადგენლობით იკრიბება.

– და, რა მოსაზრება აქვს მირიანს ამ საკითხის თაობაზე? – ჰკითხა მთავარმა პროკურორმა.

– ის მთავაზობს მუდმივმოქმედი საგამოძიებო დანაყოფის შექმნას. ეს იქნება ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც აღარ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

– ესე იგი, თავისებურ ექსპერიმენტს გვთავაზობს?

– შეიძლება, ასეც ითქვას, – დაეთანხმა დავითი.

– ვთქვათ, მართლაც შევქმენით ასეთი ჯგუფი. ვინ იქნებიან მისი წევრები? ამაზე თუ უსაუბრია მირიანს შენთან?

– არა, მან მხოლოდ იდეა შემომთავაზა. ჯგუფის წევრებზე კი ჩემი მოსაზრება მაქვს, – ამ სიტყვებთან ერთად დავითმა მთავარ პროკურორს საქაღალდე გაუწოდა, რომელიც წინ ედო.

– რა არის ეს?

– კანდიდატების მონაცემებია, – უპასუხა დავითმა.

პროკურორმა საქაღალდე გახსნა და კითხვას შეუდგა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ისევ დავითს მიუბრუნდა და გაოცებით ჰკითხა:

– რას ნიშნავს ეს? ამ ადამიანების მოყვანას აპირებ მთავარ პროკურატურაში?

– მოკლე დახასიათებით ნუ შეაფასებთ მათ პიროვნულ თვისებებსა და პროფესიონალიზმს. გარწმუნებთ, ისინი სრულიად ღირსეული კანდიდატები არიან ასეთი სამუშაოსთვის.

– მაკვირვებ... – მთავარი პროკურორი ისევ საქაღალდეს მიუბრუნდა, – შენი აზრით, ასე უნდა გამოიყურებოდეს ღირსეული კანდიდატის პირადი საქმე?! ავალიანი გიორგი... ოცდაშვიდი წლის, დამთავრებული აქვს კიევის უშიშროების აკადემია. სპორტსმენი. გატაცებულია ტყვიის სროლით. უკრაინაში მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი. არის ხელჩართული ბრძოლის სპეციალისტი. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა დეტექტივ-გამომძიებლად... აქამდე კიდევ არა უშავს. მთავარი ახლა იწყება... ხასიათის ნიშნები – ფიცხი, მიზანდასახული. გარკვეულ ვითარებაში შეუძლია კანონის დარღვევა. ვერ იტანს შეზღუდვებს. ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვს რამდენიმე გაფრთხილება. მათ შორის – პირად საქმეში შეტანითაც! როგორც ვხედავ, შენ მიერ რეკომენდებულ პიროვნებას დღეს თუ ხვალ საერთოდ დაითხოვენ ძალოვანი უწყებიდან.

– მე რამდენჯერმე შევხვედრივარ ავალიანს. გეთანხმებით, რომ ის მართლაც ახდენს თავზეხელაღებული ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ მასში არის რაღაც, ის, რაც აუცილებელია კარგი გამომძიებლისთვის. საჭიროა მხოლოდ მისი ენერგიის საჭირო მიმართულებით მიმართვა. მოკლედ რომ გითხრათ, „ფორმულა ერთის“ პრინციპით უნდა მივუდგეთ.

– „ფორმულა ერთის“ პრინციპით? რას გულისხმობ? – ჰკითხა ვახტანგმა.

– „ფორმულა ერთის“ პილოტების შესახებ ასეთი მოსაზრება არსებობს. შეიძლება აიყვანო ათასი ადამიანი და მათგან ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი აქციო თვითმფრინავის პილოტად. მაგრამ იგივე ათასიდან შეიძლება ერთიც არ გამოვიდეს „ფორმულა ერთის“ პილოტი. ამას ბუნებრივი ნიჭი სჭირდება. სწორედ ასეთი ნიჭის მქონეა ავალიანიც. ის უბრალოდ ამ საქმისთვისაა დაბადებული!

– ანუ ის ალმასია, რომელიც ჩვენ უნდა დავხვეწოთ და ძვირფას ქვად ვაქციოთ? – ირონიულად ჩაილაპარაკა მთავარმა პროკურორმა, – დავით, შენი გამოცდილების მქონე პროკურორს ამის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს. ჩვენ არ გვჭირდება ჰოლივუდური ბოევიკის პერსონაჟი-სუპერგმირი, რომელიც კარგად ისვრის, ვირტუოზულად ფლობს ხელჩართული ბრძოლის ილეთებს, ამარცხებს ყველა ბოროტმოქმედს და ფინალში დაღლილი, მაგრამ გამარჯვებული გრძელფეხება ლამაზმანთან ერთად ფიჯის კუნძულებზე მიემგზავრება! ჩვენ გვჭირდება დინჯი, გონიერი გამომძიებელი, რომელიც ისევე დაიცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, როგორც თავისას და უცნაური გამოხდომებით უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს პროკურატურას! შენს მეორე კანდიდატზე კი აღარაფერს ვამბობ. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რით დაიმსახურა შენი ყურადღება პიროვნებამ, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია საგამოძიებო სამსახურში და ერთი საქმეც კი არ გამოუძიებია!

– სამაგიეროდ, მან წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სტაჟებარეზეც მაღალი შეფასება დაიმსახურა! – უპასუხა დავითმა.

– არა... ამაზე ვერ დამითანხმებ! ჩვენ აქ სასწავლო დაწესებულება არ გვაქვს! – თავი გაიქნია მთავარმა პროკურორმა.

– თავად იდეა თუ მოგწონთ? – შემპარავად ჰკითხა დავითმა.

– წინააღმდეგი არ ვარ. ვცადოთ, მაგრამ მირიანის ჯგუფისთვის სხვა გამომძიებლების შერჩევა მოგიწევს.

– მოდი, ასე მოვიქცეთ... თავად მირიანს მივანდოთ ხალხის შერჩევა. მე სრულიად ვენდობი მას. თუ მან ჩემ მიერ შეთავაზებულ კანდიდატებზე შეაჩერა არჩევანი, დავუნიშნოთ გამოსაცდელი ვადა. მივცეთ საქმე და ვნახოთ, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს. მე პირადად გავაკონტროლებ მათ მუშაობას.

– ავანტიურაში მითრევ. ეს საექსპერიმენტო პოლიგონი კი არა, სერიოზული სახელმწიფო დაწესებულებაა, – შეყოყმანდა მთავარი პროკურორი.

– მენდეთ, ყველაფერი კარგად იქნება!

ვახტანგი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:

– კეთილი, გამოიძახე მირიანი. თავად გავესაუბრები, მაგრამ გაფრთხილებ, დავით, თუ მან უარი თქვა ამ ავანტიურაში მონაწილეობაზე, ძალას არ დავატანთ. განყოფილების უფროსად დავნიშნავთ და ამ საუბარს სამუდამოდ დავივიწყებთ.

– ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ მირიანს ნურაფერს ეტყვით.

– რატომ?

– ეს ყველაფერი მოულოდნელი იქნება მისთვის. მინდა, დრო მივცე ყველაფრის გასააზრებლად, – თქვა დავითმა.

– რაღაცას ბოლომდე არ ამბობ, – მზერა გაუსწორა მთავარმა პროკურორმა.

– საქმე ისაა, რომ მირიანი დაჟინებით ითხოვდა ავალიანის სამსახურიდან გათავისუფლებას. მართალია, საქმე იქამდე არ მივიდა, მაგრამ ავალიანს მკაცრი და უკანასკნელი გაფრთხილება მაინც მისცეს. ახლა სულ მცირე შენიშვნისთვისაც შეუძლიათ საგამოძიებოდან მისი გაძევება.

– კი მაგრამ, რატომ? – გაუკვირდა მთავარ პროკურორს, – რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან ავალიანსა და მირიანს.

– ეს შემთხვევით მოხდა. გახსოვთ ბიბილურის საქმე?

– ვაკეში მძევალი რომ აიყვანა? – უმალ გაიხსენა მთავარმა პროკურორმა.

– დიახ. სწორედ ავალიანი იყო, ერთი გასროლით რომ დაჭრა ბიბილური. მირიანმა კი ჩათვალა, რომ იმ ვითარებაში ამის გაკეთება დაუშვებელი იყო. მცირე შეცდომასაც მძევლის დაღუპვა შეეძლო.

– და შენ გგონია, რომ ამის შემდეგ ისინი ერთად მუშაობას შეძლებენ?!

– ავალიანს ახასიათებს თვისება, რასაც მოკლებულია მირიანი... ავანტიურიზმი! მიმაჩნია, რომ საგამოძიებო საქმეში ეს არცთუ ისე ცუდი თვისებაა!

– ჩემთვის უკვე გასაგებია, რითაც დამთავრდება ყოველივე ეს, მაგრამ გულს არ დაგწყვეტ! გამოიძახე მირიანი! 

– ახლავე, – უპასუხა დავითმა და მობილური ტელეფონი მოიმარჯვა.

* * *

მირიანი სამუშაო მაგიდასთან იჯდა და წინა დღეს შემდგარი საუბრის დეტალებს იხსენებდა. მთავარ პროკურორთან გამოძახება, რასაც დავითიც ელოდა, საგამოძიებო სამსახურში სხვანაირად აღიქვეს. კოლეგები წინასწარ ულოცავდნენ განყოფილების უფროსად დანიშვნას, მაგრამ ამის ნაცვლად მთავარმა პროკურორმა სრულიად სხვა საკითხზე წამოიწყო საუბარი.

– საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელობა?! – გაოცებით ჰკითხა მირიანმა, როდესაც მისი გამოძახების მიზეზი შეიტყო.

– დავითმა მითხრა, რომ შენ თავად შესთავაზე ასეთი ჯგუფის შექმნა, – განაგრძო ვახტანგმა.

– დიახ, ამ თემაზე რამდენჯერმე ვისაუბრეთ, – დაუდასტურა მირიანმა.

– ჰოდა, ახლა გეძლევა შენი იდეის განხორციელების შესაძლებლობა.

– მესმის, მაგრამ...

 – ვიცი... ვიცი... – გაეღიმა მთავარ პროკურორს, – შენ სხვა გეგმები გქონდა! განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას ელოდი?

– არ დაგიმალავთ, მართლაც ველოდი, – მშვიდად უპასუხა მირიანმა.

– მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: მე ორ ვარიანტს გთავაზობ. შეგიძლია, განყოფილებას ჩაუდგე სათავეში, ან კიდევ უხელმძღვანელო ჯგუფს. არჩევანი შენთვის მომინდვია.

– ესე იგი, განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურაც განიხილება? – ჰკითხა მირიანმა.

– განიხილება, – დაუდასტურა მთავარმა პროკურორმა, – და უფრო მეტიც, ამას არაფერი უშლის ხელს. დავითი კარგად გახასიათებს. მეც არ ვარ წინააღმდეგი. ასე რომ ყველაფერი შენი გადასაწყვეტია.

მირიანი ჩაფიქრდა.

– თუ გინდა დროს მოგცემთ მოსაფიქრებლად. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე და შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება.

– საქმე ისაა, რომ სამეცნიერო ნაშრომზე ვმუშაობ. ამჟამად ჩემთვის დროს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე – თანამდებობას, – უპასუხა მირიანმა.

– ანუ...

– ჯგუფთან ვიმუშავებ.

– ასე იოლად ვერ იმეტებ საკუთარ იდეას? – ღიმილით თქვა მთავარმა პროკურორმა.

– მირჩევნია, თავად დავამტკიცო, რომ მართალი ვარ.

– კარგი... ძალიან კარგი, – ვახტანგი დავითს მიუბრუნდა, – ასე შევთანხმდეთ. ჩავთვალოთ, რომ ყველანი ერთ შიდა ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ. განყოფილების უფროსად ჯერჯერობით არავის დავნიშნავთ. ამ წამოწყებამ თუ არ გაამართლა, განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას ავტომატურად დაიკავებს მირიანი. თუ გაამართლა... როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

– ისევ მირიანს მივანდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა, – უპასუხა დავითმა.

– რას იტყვი, თანახმა ხარ? – მირიანს გახედა მთავარმა პროკურორმა.

– თანახმა ვარ, – თავი დაუქნია მან.

– მაშინ საქმეს მიხედეთ, – დაასრულა ვახტანგმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსი და მისი გამომძიებელი კაბინეტიდან დაითხოვა.

ეს იყო გუშინ. ახლა კი მირიანი დავითის მიერ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის ელოდა. მან კანდიდატების შესახებ მხოლოდ ის იცოდა, აქამდე არც ერთ მათგანს პროკურატურაში რომ არ უმუშავია. დანარჩენი კი მათთან პირადი გასაუბრებისას უნდა გაერკვია.

„რისთვის დავყევი მთავარ პროკურორს? – ფიქრს მიეცა მირიანი – მით უმეტეს მაშინ, როდესაც არჩევნის შესაძლებლობა მქონდა. საკმარისი იყო მხოლოდ ჩემი თანხმობა და რამდენიმე დღეში განყოფილების ხელმძღვანელად დავინიშნებოდი. მე კი ყველაფერი სასწორზე შევაგდე. სიმარცხვინო იქნება, საკუთარ წამოწყებას რომ ვერ გავართვა თავი. მთავარმა პროკურორმა კი თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დამნიშნავს განყოფილების ხელმძღვანელად, მაგრამ ჯგუფმა თუ არ გაამართლა, მე თვითონ აღარ მოვინდომებ ახალ თანამდებობაზე გადასვლას. და ეს მხოლოდ ჩემზე არ იქნება დამოკიდებული, ჯგუფის წევრებიც უნდა ამომიდგნენ მხარში. საინტერესოა, ვინ შეარჩია დავითმა. ვინც არ უნდა იყვნენ, დარწმუნებული ვარ, რომ ის მხოლოდ საუკეთესო კადრებზე შეაჩერებდა არჩევანს. უპირველესად, ხომ თავადაა დაინტერესებული ჩემს წარმატებაში.“

კარის გაღების ხმამ მირიანი ფიქრს მოსწყვიტა. მან თავი ასწია და გაოცებული გაშეშდა. კარის ჭრილში გიორგი ავალიანი იდგა, პოლიციის მთავარი სამმართველოს თავზეხელაღებული გამომძიებელი.

მირიანს კარგად ახსოვდა, როგორ და რა ვითარებაში გაიცნო გამომძიებელი. საქმე ვაკეში მომხდარ დანაშაულს ეხებოდა. ყაჩაღური თავდასხმისას ბოროტმოქმედები ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს სახლს. ჩასაფრება სადარბაზოსთანაც მოეწყო. მიღებული იყო გადაყვეტილება, რომ ბოროტმოქმედები სახლიდან გამოსვლისას აეყვანათ, მაგრამ თავდამსხმელებმა ალყა შენიშნეს. ორმა მათგანმა ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარება გადაწყვიტა. მესამე კი, გვარად ბიბილური გაჯიუტდა. მან მძევლად აიყვანა ბინის პატრონი და პირობების ჩამოყალიბებას შეუდგა. ის შემთხვევის ადგილიდან გაშვებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლის მოკვლით იმუქრებოდა. იმას, რომ მისი მუქარა ანგარიშგასაწევი იყო, ბიბილურის თანამზრახველებიც ადასტურებდნენ. მათი თქმით, ბიბილური მძიმე „ლომკაში“ იმყოფებოდა და უკან არაფერზე დაიხევდა. საგანგებო თათბირის შემდეგ, რომელშიც მირიანიც მონაწილეობდა, ოპერაციის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყვიტეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ოპერაცია სრულიად სხვა შედეგით დასრულდა. ავალიანი, რომელსაც თავი მოაბეზრა ბინაში მიმალული ბიბილურის ისტერიკულმა ყვირილ-მუქარამ, ბინის უკანა მხრიდან აივანზე აძვრა და მხოლოდ ერთი გასროლით ამოწურა ინცინდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, მირიანმა მაინც დაუშვებლად მიიჩნია ავალიანის მოქმედება. მისი აზრით, ასეთ ქმედებას შესაძლოა, მძევლის დაღუპვა მოჰყოლოდა. ამ საკითხზე მათ შორის კამათიც კი მოხდა. მირიანს ახლაც კარგად ახსოვდა, ავალიანის წამონთებული მზერა, რომელიც დამცინავად უმტკიცებდა, რომ სწორედ მისნაირი ხალხით ედგათ სული ეგრეთწოდებულ „კაბინეტის გამომძიებლებს“ და სუფთად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მის მიმართ არავის ჰქონდა საყვედურის გამოთქმის უფლება.

მირიანმა სწრაფად აღიდგინა წონასწორობა და გიორგის ჰკითხა:

– აქ რას აკეთებ?

– მე რას ვაკეთებ? – გაიკვირვა მან, – შენ თვითონ რა გინდა აქ?

– ეს ჩემი სამუშაო კაბინეტია!

– აა... გილოცავ, კარგად მოწყობილხარ. ახლა ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობდი „კაბინეტის გამომძიებელში“?! – ირონიით თქვა გიორგიმ.

– საკმარისია, შეგიძლია, წახვიდე. შენი ბრძნული აზრების მოსასმენად არ მცალია.

– სად უნდა წავიდე? – გიორგიმ უწყებას ჩახედა, რომელიც ხელში ეჭირა, – ეს ხომ ოცდამეხუთე კაბინეტია?

– ჰო... ოცდამეხუთეა, – დაუდასტურა მირიანმა.

– გამოდის, რომ მისამართი არ შემშლია. ამ კაბინეტში ვარ დაბარებული შეხვედრაზე.

– ვინ დაგიბარა? – დაიძაბა მირიანი.

– სამმართველოში მითხრეს, რომ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა. შენ ხომ არ ხარ? ასე დაგაწინაურეს სავარძლის ტკეპნისთვის? – ჩაიცინა გიორგიმ.

– არა... ეს გამორიცხულია... აქ დარჩი და გაფრთხილებ, ხელი არაფერს ახლო! – სწრაფად თქვა მირიანმა, შემდეგ ადგა და უკანმოუხედავად გავარდა კაბინეტიდან.

გიორგიმ გაოცებული მზერით გააცილა და როგორც კი კარი გაიხურა, მის სავარძელზე მოხერხებულად მოეწყო, დისტანციური მართვის პულტს გადასწვდა და ტელევიზორი ჩართო.

რამდენიმე წუთში კარზე დააკაკუნეს. გიორგიმ ტელევიზორს ხმა ჩაუწია და ხმამაღლა დაიძახა: მობრძანდით! კარი გაიღო, ოთახში ახალგაზრდა, ტანმაღალმა ქალმა შემოაბიჯა.

„ოჰო. არც ისე ცუდი ყოფილა პროკურატურაში მუშაობა“, – გაიფიქრა ქალის სილამაზით მოხიბლულმა გიორგიმ.

ის ასაკით ოცდახუთიოდე წლისა იქნებოდა. ძალიან უხდებოდა შუბლზე ოდნავ დაუდევრად ჩამოშლილი ქერა თმა და ცისფერი თვალები. ტანთ საქმიანი ქალისთვის შესაფერისი სამოსი ეცვა. მუქი ფერის ქვედაბოლო, ასეთივე ფერის კოსტიუმი და თეთრი, სადა პერანგი.

– გამარჯობა! მე გასაუბრებაზე ვარ მოწვეული, – მომაჯადოებელი ხმით თქვა ქალმა.

– მობრძანდით, – ფეხზე ადგა გიორგი, – მაჩვენეთ უწყება.

ქალმა უწყება გაუწოდა და მის პირისპირ ჩამოჯდა.

ანა ლაღიძე, – ამოიკითხა გიორგიმ უწყებაში და ქალს მიუბრუნდა: გავიცნოთ ერთმანეთი, ანა. მე გიორგი მქვია.

– ძალიან სასიამოვნოა. რა საკითხზე გსურთ ჩემთან საუბარი? 

– როგორ, თქვენ არაფერი იცით? – გაიკვირვა გიორგიმ.

– არა, – თავი გაიქნია ანამ, – გუშინ საღამოს ტელეფონით დამიკავშირდნენ და პროკურატურაში გასაუბრებაზე მოსვლა მთხოვეს. ეს უწყება კი საშვთა ბიუროში გადმომცეს.

– კეთილი... ყველაფერს აგიხსნით, მაგრამ არ მიყვარს მშრალი საუბარი... ერთი წუთით, – გიორგი სელექტორს გადასწვდა და იმ ღილაკს დააწვა, რომელზეც მისაღები იყო აღნიშნული.

– გისმენთ, – სელექტორიდან ქალის ხმა გაისმა.

– ყავის საქმე როგორ გვაქვს, ძვირფასო? – შინაურულად ჰკითხა გიორგიმ.

– მოგიმზადებთ, – უპასუხეს სამდივნოდან.

– რომელ ყავას სვამთ? – ანას მიუბრუნდა გიორგი.

– სულ ერთია.

– კარგი... ორი შავი ყავა. შოკოლადსაც ხომ ვერ მომიხერხებთ?

– მოგიხერხებთ.

– განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შამპანურიც ხომ არ გაქვთ გადანახული?

– რაა?!

– შამპანური... ჩვეულებრივი, ცივი შამპანური, ლიმონითა და ზეთისხილით.

– არა, შამპანური არ გვაქვს.

– კეთილი, მოიტანეთ ყავა! – გიორგიმ სელექტორი გათიშა და ანას მიუბრუნდა, – მაპატიეთ, საკმარისია ოდნავ მოვდუნდე და უმალ აიშვებენ თავს. ხელქვეითებთან მეტი სიმკაცრეა საჭირო.

– გასაუბრებაზე როდის გადავალთ? – ჰკითხა ანამ.

– ჰო... რა თქმა უნდა, – გიორგიმ მაგიდის უჯრაში ქაღალდის ფურცელი და კალამი მოიძია, ანას გაუწოდა და უთხრა, – დასაწყისისთვის თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტა ჩამომიწერეთ. ჩემთვის საინტერესო კითხვებს კი პროცესში დაგისვამთ.

ანამ ეჭვიანი მზერა ესროლა და წერას შეუდგა.

– გათხოვილი არ ხართ, თუ ქორწინების ბეჭდის ტარება არ გიყვართ? – ჰკითხა გიორგიმ.

– რა მნიშვნელობა აქვს ამას? – გაოცებით შეხედა ანამ.

– დაიმახსოვრეთ, თქვენ იმყოფებით დაწესებელებაში, სადაც კითხვის დასმა კულტის დონეზეა აყვანილი! – ოფიციალური ტონით თქვა გიორგიმ, – და ჩვენს კითხვებს ყოველთვის პასუხობენ! ეს წმინდათაწმინდა ტრადიციაა! გიმეორებთ, გათხოვილი ხართ თუ არა?

ანამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, კარი გაიღო და კაბინეტში მდივანმა შემოაბიჯა. გიორგისა და ანას დანახვაზე ის გაკვირვებული შედგა და იკითხა:

– მირიანი სად არის?

– სასწრაფო საქმეზე გავგზავნე, – მშვიდად უპასუხა გიორგიმ. შემდეგ სინი ჩამოართვა, რომელზეც ორი ფინჯანი ყავა და შოკოლადი ელაგა და დაამატა, – გმადლობთ, სამდივნოში გადაეცით, რომ ხელი არ შეგვიშალონ... გასაგებია?

– გასაგებია, – დაბნეული სახით უპასუხა ქალმა და ოთახიდან გავიდა..

– ახლა ხელს აღარ შეგვიშლიან. შეგვიძლია მშვიდად ვისაუბროთ... – მაგიდას დაუბრუნდა გიორგი და ყავის ფინჯანი ანას წინ დაუდო.

ამასობაში მირიანი აღელვებული ელაპარაკებოდა დავითს.

– არც კი მჯერა, რომ ეს მართლაც ხდება. რამ მოგაფიქრებინა ავალიანის მოწვევა?! ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამას – ვერა!

– კარგი... დამშვიდდი. გასაუბრება არაფერს ნიშნავს. ერთმანეთს თუ ვერ გაუგებთ, შეგიძლია, დაითხოვო,  უპასუხა დავითმა.

– გასაუბრება?! – იფეთქა მირიანმა, – რაზე უნდა ვესაუბრო იმ ავანტიურისტსა და თავზეხელაღებულ პიროვნებას?! ალბათ, მეორეც ასეთივე უპასუხისმგებლო პიროვნება შემირჩიე?!

– მეორე ჯერ არ გინახავს? – ჰკითხა დავითმა.

– საბედნიეროდ – არა!

– წამოდი, ერთად ვნახოთ. უკვე მოსული იქნება, – თქვა დავითმა და ფეხზე ადგა.

– არ წამოვალ. ახლავე ზემოთ ავალ და მთავარ პროკურორს უარს ვეტყვი ამ საქმეში მონაწილეობაზე!

– ნუ ბავშვობ, მირიან! მხოლოდ გასაუბრება და მეტი – არაფერი, – სთხოვა დავითმა.

– კარგი... ნახევარ საათს დაგითმობ, – მოტყდა მირიანი და კარს მიუბრუნდა.

კაბინეტს მიახლოებული მირიანი გაოცებული შედგა. ოთახიდან ქალის სიცილი ისმოდა.

– ეს ტიპი ჭკუაზე შემშლის! – ბრაზით ჩაილაპარაკა მან და სახელური მოსწია. ნანახმა სურათმა საბოლოოდ დააბნია. მის სამუშაო მაგიდასთან გიორგი და ახალგაზრდა ქალი ისხდნენ, რომელიც გულიანად იცინოდა. მაგიდაზე ყავის ფინჯნები და შოკოლადი იდო.

მისი დანახვისას ქალმა სიცილი შეწყვიტა და ფეხზე ადგა.

– ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა მირიანმა.

– მე გიპასუხებ, – ჩაურთო დავითმა, რომელიც უკან მიჰყვებოდა, – ეს შენი ჯგუფის მესამე წევრი, ქალბატონი ანა ლაღიძეა.

მირიანმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ დავითმა დაასწრო, – ნახევარი საათი! შენ პირობა მომეცი, – თქვა მან. შემდეგ კი გიორგისა და ანას მიუბრუნდა, – კეთილი... ჩავთვალოთ, რომ გაცნობა შედგა. ახლა დავსხდეთ და მშვიდ ვითარებაში განვაგრძოთ საუბარი...  

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3