კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-37(663) 

გაუმართლებელი სიჯიუტე

ქეთი ცდილობდა, საკუთარი თავი დაერწმუნებინა, არაფერი საგანგაშო არ ხდებაო. ღამე შედარებით მშვიდად გაატარა, მაგრამ, დილით სახლში გამეფებულმა უჩვეულო სიმშვიდემ დააფრთხო. ისეთი სიმარტოვე იგრძნო, ლამის ხმამაღლა ატირდა. ბავშვს ისევ ეძინა... ვახო რომ ყოფილიყო, ასეთ მშვიდ დილას აუცილებლად გამოიყენებდნენ – ცოტას „წაიცელქებდნენ“... „არა უშავს, ისევ თვითონ ინანებს, შემეხვეწება და ბოდიშსაც მოიხდის. უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება, რომ ეს პერიოდი გადავიტანო. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი... თუკი მას შეუძლია, ასე გულგრილად გაიხუროს კარი, მე რატომ უნდა ავტირდე, მით უმეტეს – გავეტირო? ვნახოთ, როდემდე გაქაჩავს ამ სიჯიუტით“. – ინუგეშა თავი, მერე ყავა მოადუღა და ტელევიორი ჩართო. თან, ფიქრით სიტუაციის პოზიტიური მხარეების გაანალიზება დაიწყო, რამდენიმე პუნქტი აღმოაჩინა და გაღიმებაც კი შეძლო...

ძიძა ჩვეულებრივზე ადრე მოვიდა. კარი თავისი გასაღებით გააღო და, ბინაში წესიერად შემოსულიც კი არ იყო, რომ იკითხა:

– ვახო სად არის? მოაგვარეთ ურთიერთობა?

ქეთი მოიღუშა:

– ნანა, ვახო წავიდა. შენ კი, გთხოვ, ამ თემაზე მეორედ აღარ დამელაპარაკო. არ მიყვარს, როცა ჩემს პირადულში ყოფენ ცხვირს. ძალიან ახლობელ ადამიანებსაც კი არ ვაძლევ ამის უფლებას.

ძიძა დაიბნა:

– ქეთი, მაპატიე, შენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ, მართლა ძალიან განვიცდი თქვენს ამბავს. ორივე მიყვარხართ... მაწუხებს ისიც, რომ, შეიძლება, ბავშვი დანგრეულ ოჯახში გაიზარდოს, მამის გარეშე...

– მამის გარეშე არ გაიზრდება, მოვა ხოლმე და ნახავს, – ჭირვეულად თქვა ქეთიმ.

ნანამ თავი გადააქნია:

– არ არის კარგი ამბავი. იქნებ, დაფიქრებულიყავი... მერე გვიან არ იყოს.

ქეთი გაღიზიანდა:

– რას დამჩხავი ყვავივით, რა უნდა იყოს გვიან? რას გულისხმობ, რომ ვახო ჩემზე უკეთესს იპოვის? თავში ქვა უხლია! თუკი ამისი იმედი აქვს, მე მწვანე შუქს ავუნთებ.

– შენ, ალბათ, მოგწონს, ასე რომ ჯიუტობ.  მე მტერი გგონივარ? ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს, მე მხოლოდ გამიხარდება, – ამოიოხრა ქალმა და ოთახში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ქეთიმ ყავა მოსვა და თვალები მოჭუტა. „ნეტავი სად წავიდა, ვითომ, ჰყავს ვინმე? როგორ გავიგო, ღამე სად გაატარა? სამსახურში რომ დავრეკო მასთან? ის თიკო, მგონი, ასე ერქვა, ნორმალური გოგო ჩანდა. ვთხოვ, არ თქვას, რომ მე ვრეკავ, მაგრამ, ვახოს რომ მიუტანოს ენა?! როგორ მოვიქცე?“ – რადგან ეჭვმა ერთხელ წამოყო თავი, აღარ მოასვენა და უფრო ფართოდ გაშალა თავისი საცეცები.

აწრიალებულმა ქალმა გაფანტულ აზრებს ძლივს მოუყარა თავი. რამდენიმე წუთი იყოყმანა, მერე კი გადაწყვიტა, აჯობებს, სამსახურში წავიდე და, თუ დარეკვას გადავწყვეტ, იქიდან დავრეკოო. სწრაფად ჩაიცვა, ძიძას რამდენიმე მითითება მისცა და კარი გაიხურა...

***

ვახო ქალის შეკივლებამ  გამოაღვიძა. ძილს გაჭირვებით წაართვა თავი და შესიებული ქუთუთოები ზანტად შეარხია. ერთბაშად ვერც კი გააცნობიერა, სად იყო და თავზე წამომდგარ თიკოს დამფრთხალი სახეც ცუდ სიზმრად ჩათვალა.

– ბატონო ვახტანგ, აქ რატომ გძინავთ? რა ხდება? ღამე აქ გაათენეთ? ხომ მშვიდობაა? ოჯახში ყველაფერი წესრიგში გაქვთ? – მიაყარა თიკომ.

ვახო უხალისოდ წამოიზლაზნა და ამოიოხრა:

– თიკო, გემუდარები, ნუ ყვირი და ამდენი შეკითხვაც ნუ დამაფრქვიე თავზე. ნელ-ნელა დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას, ოღონდ, იქნებ, ჯერ გახვიდე ჩემი კაბინეტიდან, უნდა ჩავიცვა.

დაბნეულმა თიკომ მექანიკურად დაუქნია თავი და გაუჩინარდა. ვახო ადგა. კაბინეტში უწესრიგოდ ეყარა მისი ნივთები, იქვე ეგდო ჩანთა, მის გვერდით კი – არყის რამდენიმე ცარიელი ბოთლი – თიკოს საკმაოდ შთამბეჭდავი სურათი დახვდა. ტანსაცმელი მოაგროვა, ჩანთაში ჩატენა და ფეხით შეაგდო მაგიდის ქვეშ. არყის ბოთლები ნაგვის ურნაში ჩაყარა და დერეფანში გამოვიდა. თიკო იქვე იდგა და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა.

– რა იყო, შეგაშინე? ჰო, საშინლად გამოვიყურები. ზოგადად, ასეთი რაღაც არ მჩვევია. იშვიათად ვთვრები გონების დაკარგვამდე. წუხელ რა დამემართა, არ ვიცი. იმდენი დავლიე, სახლში წასვლა ვეღარ მოვახერხე.

– ჰო? კი მაგრამ, მე რომ ოფისი დავკეტე, თქვენ აქ უკვე აღარ იყავით... თანაც... – თიკომ მრავალმნიშვნელოვნად ამოიქშინა, ანუ, ვნახე ძირს მიმოფანტული ტანსაცმელი და, არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, ასეთი იაფფასიანი ტყუილი „გადავყლაპოო“...

– მართალი ხარ. რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და მოვბრუნდი. თან, მივლინებაში უნდა წავსულიყავი... რეისი გადაიდო და, მოკლედ... საშინელი ღამე მქონდა... ყავას ვერ მომიდუღებ?

– როგორ არა, ახლავე... – თიკო მხრების ჩეჩვა-ჩეჩვით, სწრაფი ნაბიჯით გაემართა ყავის მოსადუღებლად და გზად გიგის გადააწყდა.

– თუ ყავის მოსადუღებლად მიცუნცულებ, მეც გამითვალისწინე, – მიაძახა დანახვისთანავე.

– შენ უკვე მეტისმეტი მოგდის, ყოველდღე მადუღებინებ ყავას. ჩემს მოვალეობებში ეგ არ შედის.

– კარგი რა, ნუ გაახურე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.

– მეგობრები? რაღაც, არ მახსენდება, როდისმე მეც მესარგებლოს ამ მეგობრობით. ცალმხრივი კი, სიყვარულის არ იყოს, არც მეგობრობა ვარგა...

– ოო, თიკო, როდის იყავი ასეთი მეწვრილმანე?! რა მოგივა, ყავა რომ გამიკეთო, თანაც, ვხედავ, რომ ისედაც ადუღებ... იცოდე ვახოსთან გიჩივლებ.

– მიდი, მიდი, ვახო ახლა ნამდვილად შენს გუნებაზეა. ძალიან გაახარებს შენი საჩივარი, – დასცინა გოგომ.

– რა, ვახო უკვე მოვიდა? – გაუკვირდა გიგის, – ასე ადრე? ქეთიმ ხომ არ გამოაგდო სახლიდან? – იხუმრა და უშნოდ დაიჭყანა.

– მგონი, გაარტყი, – ნიშნის მოგებით მიუგო თიკომ.

– რა?! რას გულისხმობ?

– გამოგდებას. წუხელ საერთოდ აქ ეძინა დაულევია კიდეც, თან, ჩანთით ტანსაცმელიც მოუტანია...

– ეჰე, ნუ გაუბერე ახლა! – მოიღუშა გიგი, – ცოტა ენას კბილი დააჭირე. ყველაფერი კი არ უნდა თქვა, რაც მოგადგება. იცოდე, ქვეყანა არ შეყარო. იქნებ, არც არაფერი ხდება და, არ მოსდო მთელ ოფისს, ვახო ცოლმა გამოაგდოო.

– არა, რა სისულელეა... – თიკო შეყოყმანდა, – იქნებ, დალაპარაკებოდი?

– ვის, ვახოს? უხერხულია. თვითონ რა გითხრა?

– რა ვიცი, მივლინებაში მივდიოდი და რეისი გადაიდო, მერე გაბრაზებულმა დავლიე და სახლში ვეღარ წავედიო.

– აბსოლუტურად სარწმუნო ვერსიაა. შენ ვითომ რატომ გეპარება ეჭვი?

– რაღაც, არ მჯერა. უნდა შეგეხედა, რა სახე ჰქონდა, მე რომ დამინახა.

– აბა, რა იქნებოდა?! გაუხეთქე კაცს გული. ამ ქალებს ყველაფრის გაზვიადება და კუდების გამობმა რატომ გიყვართ? 

– ჰოდა, რადგან ასეა, ყავა შენ თვითონ მოიდუღე. მე არ მცალია...

– აუ, ახლა ეხვეწე ამას... კარგი, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.

– აი, ასე! – ნიშნისმოგებით თქვა თიკომ და ბიჭს ენა გამოუყო.

გიგიმ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და პასუხად მხოლოდ გაუღიმა...

***

ნატომ პაციენტი გააცილა და ქეთისთან შეიხედა კაბინეტში. ქალი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.

– როგორ ხარ? ცოტა არ გაგიარა?

– გამიარა კი არა, ნელ-ნელა უფრო ვმწარდები. რომელი საათია და ჯერაც არ დაურეკავს.

– აბა, რა გეგონა, დილითვე მოგადგებოდა თაიგულით ხელში, დაგიჩოქებდა და პატიებას გთხოვდა?! ამას ელოდი?

– დიახ. რაც მოხდა, ყველაფერი მისი ბრალია.

– რას ამბობ? ეგ შენ ფიქრობ ასე, აბა, თავად ჰკითხე! ეგ ახლა ისე იქნება გაბრაზებული... იმავეს ელოდება შენგან, დარწმუნებული ვარ.

– ჰოდა, ელოდოს, სანამ არ მოეწყინება, – ჯიუტად ჩაილაპარაკა ქეთიმ.

– შენი ეს სიჯიუტე წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი.

– იმის სიჯიუტე კი გამართლებულია, ხომ?

– არა, მე მაგას არ ვამბობ, მაგრამ, მაინც შენ უნდა დათმო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ოჯახი არ დაგენგრას. გაუგებარია?

– რა ფასი აქვს ასეთ ოჯახს? – თვალზე ცრემლი მოადგა ქეთის.

– აქვს, დამიჯერე. შენ გიყვარს ქმარი, იმასაც უყვარხარ... შანსი გაქვთ და უნდა გამოიყენოთ.

– რა შანსზე ლაპარაკობ?! ახლა რომ ვნახო, ზუსტად ვიცი, ძალიან მაგრად ვიჩხუბებთ.

– გოგო, კაცებს არ უყვართ, როცა სახლში არეული სიტუაციაა. ქმარი შენ გყავდა და, მასთან როგორ უნდა მოიქცე, მე გასწავლო?

– ოჰ, კარგი ერთი... ქალებს, რა, გვიყვარს არეული სიტუაციები?! კაცებს, უბრალოდ, პოზა უჭირავთ, რომ სიმშვიდე მოსწონთ, მაგრამ, რას აკეთებენ, ამ სიმშვიდისთვის? არაფერს! ჩემს ქმარს მარტო ამბიცია აქვს მასშტაბური, პასუხისმგებლობის არაადეკვატური.

– მაინც დათმობას გირჩევ. სხვა ღირსებები ხომ აქვს? სასწორს ორი პინა, იცი, რატომ აქვს? პლუსები და მინუსები კარგად რომ აწონო.

– ჰო, მესმის, შენ ჩემთვის კარგი გინდა... – ამოიოხრა ქეთიმ, – მაგრამ, რა ვქნა, საშინლად ვარ გაბრაზებული.

– არ მიკვირს. იფიქრე. ეგ გაბრაზებაც გაგივლის და... მოკლედ, აიღე ტელეფონი და დაურეკე!

– ტელეფონს კი ავიღებ, მაგრამ, მე ვიცი, სადაც დავრეკავ... – დაიქადნა ქეთიმ.

– რას აპირებ?

– უნდა გავიგო, ღამე სად გაათია.

– აჰ, ეგ არ გააკეთო! ნუ გაქექავ, რა, შეეშვი. სად წავიდოდა?!  რომელიმე მეგობართან დარჩებოდა ან დედამისთან...

– გამორიცხულია. ანუ, დედამთილის ვარიანტს ვგულისხმობ. ეგრევე დამირეკავდა. ძმაკაცთანაც – არა მგონია, მაშინ, უნდა ეთქვა, რომ სახლიდან წამოვიდა. მეეჭვება, ვახოს ვინმესთვის ეს ამბავი ასე სწრაფად გაემხილა.

– ხედავ, იმედი გაქვს, რომ საბოლოო გადაწყვტილება არ მიუღია, – თვალები აუციმციმდა ნატოს, – დარწმუნებული ვარ, ეგ ახლა იქით ელოდება, როდის დაურეკავ. მიდი, რა...

კაბინეტში ლელა შემოვიდა და ქეთის საყვედურით შეხედა:

– პრობლემები, პრობლემები... ქეთი, რა ხდება?

– ისეთი არაფერია, უბრალოდ, ვახოსთან წაკინკლავდა, – პასუხის გაცემა დაასწრო ქეთის ნატომ, – ახლა ვუკითხავდი მორალს.

– მოეშვი, ჭკუა თვითონაც აქვს და მიხვდება, როგორ უნდა მოიქცეს. ნატო, ჩემს პაციენტს სურათი გადაუღე, გელოდება.

გასვლისას ნატომ ქეთის გამაფრთხილებლად შეხედა და ანიშნა, ზედმეტი არაფერი თქვაო. ლელას გაეღიმა. ქეთისთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი.

– პრინციპულობა კარგია, მაგრამ, გაუმართლებელ სიჯიუტეს არაფერი მოაქვს. არაფერი მითხრა, ისედაც ვხედავ, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. დილიდან არეული ხარ. დღეს ხომ არ გაგიცანი... 

– ჰო, რაღაც მართლა ვერ ვარ. მოვაგვარებ პრობლემებს. ჩემს საქმიანობაზე ეს არ აისახება.

– კარგი იქნება. თუ რამე შემიძლია, არ მოგერიდოს.

– გმადლობ... კიდევ კარგი, აქ მაინც მყავხართ გულშემატკივრები, – გული აუჩუყდა ქეთის.

– აბა, აბა, ცრემლების გარეშე, სატრილად ღმერთმა არ გაგიხადოს საქმე!

ქეთიმ ნაძალადევად გაიღიმა:

– მელოდება ვინმე? ორ წუთში მივიღებ, კარგი?

– კარგი. აბა, შენ იცი, იმედი არ გამიცრუო.

ლელა გავიდა. ქეთიმ თმა შეისწორა და ტელეფონის ყურმილს დასწვდა...

– ალო, გამარჯობა... თიკო ხარ? ხომ არ მეშლება? უი, როგორ მიცანი? ჰო, ქეთი ვარ, ვახოს მეუღლე... – ქეთი წამით გაჩუმდა და დაელოდა, რას ეტყოდა გოგო.

– ქალბატონო ქეთი, თქვენი მეუღლე სამსახურშია... რეისი გადაიდო და აქ დარჩა. გნებავთ, დაგალაპარაკოთ?

– არა, არა... ოღონდ, ქალბატონოს ნუ მეძახი, თავი ბებერი მგონია... ესე იგი, რეისი გადაიდოო? კარგი, გმადლობ, თიკო. კარგი გოგო ხარ. რაღაც მინდა გთხოვო... შეიძლება, შენი იმედი მქონდეს?

– რა თქმა უნდა, მთხოვეთ, რაც გნებავთ.

– ვახოს არ უთხრა, რომ დავრეკე.

– რადგან ასე გინდათ, პრობლემა არ არის. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, სიტყვას არ დავძრავ.

– გმადლობ, თიკო. ვალში ვარ შენთან, – ქეთიმ ყურმილი დაკიდა და შვებით ამოისუნთქა...

***

ვახომ სიგარეტს მოუკიდა და პასუხის მოლოდინში გარინდულ გიგის თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– ჩემთან რატომ არ ამოხვედი?

ვახომ ხელი ჩაიქნია:

– რა აზრი ჰქონდა, ღამე აქაც მშვენივრად გავათენე... თიკოს კი გავუხეთქე გული, მაგრამ, იმედი მაქვს, ჩემი ვერსია დაიჯერა.

– კი, როგორ არა, დაიჯერა... ქალს რომ ეჭვი არ ჩარჩეს, როგორ შეიძლება, – გაიღიმა გიგიმ და უცებ დასერიოზულდა, – გინდა, ქეთის დაველაპარაკო?

– რაზე? ეს მარტო ჩვენი საქმეა, ჩვენ ორის. თანაც, ერთი სიტყვითაც არ უთქვამს, არ წახვიდეო.

– ნერვიულობ?

– ძალიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვი მეცოდება. 

– მარტო ბავშვში არ არის საქმე. შენ ქეთის გამოც განიცდი. გიყვარს?

– ალბათ. ჩემი ოცნების ქალი იყო. ყოველ შემთხვევაში, გუშინ საღამომდე ასე მეგონა. სპეციალურად, მის ცხვირწინ დავიწყე ჩანთის ჩალაგება. ველოდი, რომ... – ვახომ ხელი ჩაიქნია, – ეჰ, ეტყობა, რაღაცაში შევცდი.

– მდაა... ამ ქალებს რას გაუგებ? ახლა რას აპირებ, აქ ხომ არ იცხოვრებ?!

– არ ვიცი, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მართლა არ ვაპირებდი წამოსვლას, მისი შეშინება მინდოდა...

– არ უნდა გექნა, ქალებთან ფრთხილად უნდა იყო. ხან უზარმაზარ შეცდომას გაპატიებენ, ხან უმნიშვნელო წვრილმანსაც – არა. მე მგონი, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი ჩემს შეყვარებულთან და უკვე შემცვლელი იპოვა.

ვახო შესამჩნევად გაფითრდა:

– რისი თქმა გინდა ამით? არა, ვერ დავიჯერებ, რომ ქეთი ასე მომექცევა, წარმოუდგენელია. ბიჭო, მართლა ხომ არ ავჩქარდი, ჰა?! ახლა როგორ მოვიქცე?

გიგიმ მხრები აიჩეჩა:

– რა გითხრა. ერთადერთი, რაც შემიძლია, ის არის, რომ ჩემთან წამოსვლა შემოგთავაზო. ჩემი და, თავისი ბავშვიანად, ქმართან გადაბარგდა და მე და დედაჩემი ვართ იმხელა სახლში. დავეტევით როგორმე, ნუ, დროებით მაინც. მერე კი რაღაცას მოიფიქრებ. ისე, ქეთისთან რომ დაბრუნდე?

– ავიღო ჩანთა და, ასე, უთავმოყვარეო კაცივით, მივადგე? არ შემიძლია... არც კი დაურეკავს, ეტყობა, არ ვჭირდები.

– როგორ არ სჭირდები, უბრალოდ, ჯიუტობს და მისიც მესმის... – თანაგრძნობით დაუქნია თავი გიგიმ, – მაგრამ, შენც რომ ჯიუტობ?! იქნებ დათმო, ჰა?

– ასე მალე? არა. მაგისი სიჯიუტე უნდა გავტეხო. მე კარგი ქმარი ვარ, თუმცა, რას გიმტკიცებ, – ვახომ სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა, – წამოვალ შენთან. ვნახოთ, როდემდე გაძლებს ქალბატონი და არ დამირეკავს...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3