ვინ და რატომ დახოცა 17 წლის განმავლობაში 45 ადამიანი
„ჰამლეტი“
1957 წლის 3 მარტს მოსკოვში, გენერალ საბლინის შესახვევში მშენებარე სახლის სარდაფში, 36 წლის ვერა ევგენის ასული ხარიტონოვას ცხედარი იპოვეს. ქალი გულაღმა ეგდო შიშველი და ზურგზე ლათინური ასოებით ჰქონდა ამოტვიფრული სიტყვა „ჰამლეტი“. ქალს მოკვეთილი ჰქონდა ენა და ძუძუსთავები, დათხრილი ჰქონდა თვალები, მუცელი კი – გაფატრული. იმის გამო, რომ ეს ორგანოები ახლომახლო ვერ იპოვეს, კრიმინალისტებმა ივარაუდეს, რომ ისინი მკვლელმა წაიღო. ქალის ორგანიზმში ძლიერმოქმედი შხამი აღმოჩნდა და დადგინდა, რომ ხარიტონოვა ჯერ მოწამვლით გარდაიცვალა, ორგანოები კი შემდეგ მოჰკვეთეს. გარდა ამისა, ისიც დადგინდა, რომ მკვლელობამდე ქალი სქესობრივ კავშირში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, მკვლელთან და, თან, არა ძალადობით. შემთხვევის ადგილზე მამაკაცის სპერმაც აღმოაჩინეს, გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მამაკაცს პირველი ჯგუფის, რეზუსდადებითი სისხლი ჰქონდა, დამატებითმა ბიოლოგიურმა კვლევამ კი ცხადყო, რომ იმ სპერმის პატრონი დიაბეტით იყო დაავადებული.
სისხლის სამართლის საქმე მოსკოვის პროკურატურაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და გამოძიებას მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გამომძიებელი, ვიქტორ გიორგაძე ჩაუდგა სათავეში. იმ პერიოდში სერიული მკვლელობის გამოძიება არ იყო აყვანილი იმ დონეზე, როგორც ეს სამოცდაათიან წლებში ხდებოდა და გიორგაძე იყო ის პირველი მერცხალი, რომელმაც დანაშაულის გასახსნელად მეცნიერული კვლევა გამოიყენა.
გიორგაძემ დაწვრილებით შეისწავლა მოკლული ხარიტონოვას ბიოგრაფია და დაადგინა, რომ მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი, მუშაობდა გასტრონომში გამყიდველად და ცუდი რეპუტაციით არ სარგებლობდა. თუმცა, ერთი მისი მოხუცი მეზობელი ქალისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ძველი კახპა“ იყო საცოდავი ვერა. ქმარი კი ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის სხვა კაცებისკენ გაურბოდა თვალები, განსაკუთრებით კი ფულიანებს სწყალობდა. ის ერთი შეხედვით იყო პატიოსანი, თორემ, ფულის გამო საკუთარ მამასაც ჩაუგორდებოდა ლოგინში. ერთხელ ჩემს ქმართან შევუსწარი. ჩემი სულელი კაცი ამჩატებული აწყობდა ძვირფას სუფრას და იმ უსირცხვილოს შიშველ თეძოებზე მისჩერებოდა. მე სოფელში ვიყავი წასული, ადრე დავბრუნდი და, არ ეგონათ, თუ მოვიხელთებდი“.
გიორგაძე გაოგნებული უსმენდა ქალს და, თხრობა რომ დაასრულა, ჰკითხა:
– მათ შორის რამე მოხდა?
– მოხდებოდა, ხელი რომ არ შემეშალა. ჩემი ქმარი პერსონალური პენსიონერია, სხვა შემოსავლებიც გვაქვს და ვერას ფულის დატყუება უნდოდა. აი, როგორი იყო ის.
ვიქტორ გიორგაძეს ყველაზე მეტად მკვლელის ხელმოწერა – „ჰამლეტი“ არ აძლევდა მოსვენებას. ამ სიტყვაში რომ რაღაც დაშიფრული აზრი იმალებოდა, გიორგაძეს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა.
მაშინ ვიქტორ გიორგაძე მხოლოდ 23 წლის იყო და, შესაბამისად, სათანადო გამოცდილება არ ჰქონდა. მოგვიანებით მან ასე გაიხსენა ის პერიოდი: „იმ დროს მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ახლა რომ ვიცი, მაშინ იმის მეათედი ცოდნა და, გამოცდილება რომ მქონოდა, სერიულ მკვლელს მალევე დავიჭერდი და ამდენ დანაშაულს ვეღარ ჩაიდენდა“.
ეს მან 1974 წელს თქვა, 1957 წელს კი ახალგაზრდა გიორგაძემ პირველი ჯგუფის რეზუსდადებითიანი, დიაბეტით დაავადებული მამაკაცის ძებნა დაიწყო და სერიული მკვლელის ჩვიდმეტწლიან ძებნას დაუდო სათავე.
ყველაზე გრძელი ნადირობა
ცნობილ როსტოველ მანიაკს, ანდრეი ჩიკოტელოს 56 ადამიანი ჰყავდა მოკლული. თავისი პირველი დანაშაული მან 1982 წელს ჩაიდინა. ის 1990 წელს დააპატიმრეს და ოთხი წლის მერე დახვრიტეს ნოვოჩერკასკის ციხეში. ანუ, ჩიკოტელოზე ნადირობა სულ რაღაც 8 წელიწადი გაგრძელდა; „ჰამლეტის“, იგივე „დედის მკვლელის“ აყვანას კი 17 წელი მოანდომეს, რაც საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში ყველაზე გრძელი ნადირობა იყო და ამ ხნის განმავლობაში მოუხელთებელი სერიული მკვლელის მოქმედების არეალმა თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა.
ვერა ხარიტონოვას მკვლელობის შემდეგ ზუსტად 6-6-თვიანი ინტერვალით, მოსკოვში კიდევ ორი ქალი მოკლეს, ზუსტად იმავე ხელწერით და ზურგზე ამოტვიფრული სიტყვით – „ჰამლეტი“. მათაც ისევე ჰქონდა გაფატრული მუცელი და დათხრილი თვალები, როგორც ხარიტონოვას და ადგილზე აღმოჩენილი მამაკაცის სპერმაც იგივე იყო. მომდევნო ორი ქალის ბიოგრაფიის შესწავლამაც იგივე შედეგები აჩვენა: ისინიც ქმარშვილიანები იყვნენ და ქმრებს ღალატობდნენ. ამიტომ, გიორგაძემ სერიული მკვლელის „ჰამლეტის“ სტერეოტიპი შეადგინა და მოსკოვის მთავარ პროკურორს მოახსენა:
– სერიული მკვლელი თავის მსხვერპლად ღალატისკენ მიდრეკილ ქალებს არჩევს. შემდეგ მათ ბნელ ადგილებში იტყუებს, წამლავს და ასახიჩრებს, მანამდე კი მათთან სქესობრივ კავშირს ამყარებს, ოღონდ ქალის თანხმობით.
მოსკოვის პროკურორი ჩაფიქრდა და გიორგაძეს უთხრა:
– როგორი ხელიდან წასული და მოღალატეც არ უნდა იყოს ქალი, უცნობს ნებაყოფლობით ასეთ ადგილას არ გაჰყვება, გამოდის, რომ მკვლელი ჯერ ახლო ურთიერთობას ამყარებს მასთან, მის ნდობას მოიპოვებს და ბოლოს კი ბოროტმოქმედებასაც სჩადის. ამიტომ, კარგად გამოიკვლიეთ მოკლულის ახლობლების წრე და შესაძლოა, „ჰამლეტზეც“ გახვიდეთ.
გიორგაძემ ამ კუთხითაც ინტენსიურად იმუშავა, თუმცა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, რადგან, „ჰამლეტი“ იმდენად სუფთად მოქმედებდა, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის ფაქტობრივად უჩინარი იყო.
1957-1974 წლებში მოსკოვში, ლენინგრადში, ნოვოსიბირსკში, ხარკოვში, სოჭში, თბილისსა და კიდევ ათ ქალაქში „ჰამლეტმა“ 45 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ყველაზე ხანგრძლივი ნადირობა სერიოზულ მკვლელზე 1974 წლის 18 მაისს დასრულდა. იმ დღეს მოსკოვის სისხლის სამართლის საძებროს („მურის“) სპეცჯგუფმა მოსკოვში, ხარკოვის ქუჩაზე 38 წლის გენადი ციკოლსკი დააპატიმრა, რომელიც „ჰამლეტის“ ფსევდონიმით მოქმედი სერიული მკვლელი აღმოჩნდა.
„ჰამლეტს“ თბილისში ძალიან ცნობილი პიროვნების მეუღლე ჰყავდა მოკლული, რომელიც მეძავი იყო...
უიღბლო ფოტოგრაფი
გენადი ციკოლსკი 1936 წელს იყო დაბადებული. უცოლშვილო, გაურკვეველი პროფესიის ადამიანი, რომელსაც უამრავი სამსახური ჰქონდა გამოცვლილი – ერთ ადგილზე ერთ წელიწადზე მეტს ვერ ჩერდებოდა. დაპატიმრების მომენტში ციკოლსკი მოსკოვის ¹19 ფოტოატელიეში მუშაობდა ფოტოგრაფად. მასზე ეჭვი კი 1974 წლის 11 თებერვალს მოსკოვში, სოკოლნიკების პარკში ნაპოვნი მოკლული ცხედრების გამოკვლევის შემდეგ აიღეს.
იმ დღეს პარკის მეეზოვემ, რომელიც ურნაში ფოთლებს ყრიდა, ბუჩქებში ქალისა და მამაკაცის შიშველი ცხედრები აღმოაჩინა და მილიციაში დარეკა. ათიოდე წუთში იქ სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც დადგინდა, მოკლულები იყვნენ 56 წლის ანა კოკინსკაია და 57 წლის პავლე გონცარი. მათ მუცლები ჰქონდათ გაფატრული, თვალები – დათხრილი და ორგანიზმში შხამის დიდი დოზა აღმოაჩნდათ. ზურგზე კი ქალს სამი ასო: „ჰამ“, ჰქონდა ამოტვიფრული, კაცს კი – „ლეტ“, რაც ერთად იკითხებოდა – „ჰამლეტ“.
გიორგაძემ მოკლულების ბიოგრაფია შეისწავლა და დაადგინა, რომ კოკინსკაია და გონცარი საყვარლები იყვნენ. ქალი ქვრივი იყო, კაცს კი ცოლ-შვილი ჰყავდა და, კოკინსკაიას გარდაცვლილი მეუღლის თანაკლასელი იყო. გიორგაძემ ისიც დაადგინა, რომ კოკინსკაიას 38 წლის, დიაბეტიანი შვილი ჰყავდა, რომელსაც გენადი ციკოლსკი ერქვა...
– ჰამლეტი, ჰამლეტი... ღმერთო ჩემო, ის ხომ შექსპირის გმირის ფსევდონიმით მოქმედებს! – წამოიძახა გიორგაძემ და თავში ხელი შემოირტყა.
„მურის“ ოპერჯგუფმა ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა ციკოლსკიზე, რათა ის საეჭვო მოქმედებებში გამოეჭირათ, მაგრამ, ეჭვმიტანილი ფოტოგრაფი ნორმალურად იქცეოდა. მაშინ, გიორგაძემ სამხილის მოპოვება გადაწყვიტა, რაც უეჭველად დაადასტურებდა ციკოლსკის დანაშაულს, კერძოდ, გამომძიებელს ციკოლსკის სპერმის ნიმუში უნდოდა, რომელსაც მოკლული ქალების სხეულში აღმოჩენილ სპერმას შეადარებდა და თუ ისინი ერთმანეთს დაემთხვეოდა, ციკოლსკის დანაშაულიც დადასტურდებოდა.
„მურმა“ ციკოლსკის ფოტოლაბორატორიაში სამედიცინო შემოწმება ჩაატარა. ვითომ ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, თანამშრომელთა სპერმის ნიმუშები აიღეს და ციკოლსკის სპერმა მოკლულთა სხეულში აღმოჩენილ სპერმას შეადარეს. პასუხი დადებითი აღმოჩნდა – სპერმები ერთმანეთს დაემთხვა და ციკოლსკი მეორე დღესვე დააპატიმრეს. ის ისე აიყვანეს, რომ განძრევაც ვერ მოასწრო...
დედის მკვლელი
ციკოლსკი იმავე დღეს მიიყვანეს მოსკოვის საქალაქო პროკურატურაში დაკითხვაზე, რომელსაც საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი გენერალური პროკურორი რუდენკო დაესწრო. დაკითხვა გიორგაძეს მიჰყავდა. მან დაპატიმრებულს ჰკითხა:
– აღიარებთ, რომ 45 ადამიანი მოკალით?
– ვაღიარებ.
– რატომ ხოცავდით უდანაშაულო ქალებს?
– ისინი უდანაშაულოები არ იყვნენ, მათ ქმრებს უღალატეს.
– რატომ მოკალით დედათქვენი და პავლე გონცარი?
– ამით მე მკვლელობების სერიას მოვუღე ბოლო, ასე ვთქვათ, წერტილი დავუსვი.
– კონკრეტულად?
ციკოლსკიმ სიგარეტი გააბოლა. ამოიოხრა და თქვა:
– მამაჩემი, ანატოლი ციკოლსკი და პავლე გონცარი მეგობრები იყვნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ და ომშიც ერთად იყვნენ. მამაჩემმა გონცარი სიკვდილისგანაც კი იხსნა. 10 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა – 1946 წლის მაისში მამა და პავლე სათევზაოდ წავიდნენ და მამა დაიხრჩო. კარგად მახსოვს, ჩვენს ბინაში, შავ კუბოში ჩაწვენილ მამას საათობით ვუცქერდი და ჩუმად ვტიროდი. იქ იყო გონცარიც და დედაჩემს არ შორდებოდა, ვითომ ამხნევებდა. მე კი იმ ოთახში ყოფნას მიშლიდნენ. დასაფლავების წინა ღამეს კედლის კარადაში დამალული, ვუყურებდი მამას და ჩუმად ვტიროდი. ამ დროს ოთახში დედაჩემი და პავლე შემოვიდნენ. მათ მიიხედ-მოიხედეს, მარტო დაიგულეს თავი და მიცვალებულის წინ ერთმანეთს კოცნა დაუწყეს, შემდეგ საძინებელში განმარტოვდნენ და სიყვარულს მიეცნენ. მართალია, 10 წლის ვიყავი, მაგრამ, ყველაფერს ვხვდებოდი და დედაჩემისა და პავლეს დახოცვა გადავწყვიტე. იმ დღიდან 11 წელი რომ გავიდა, პირველი მკვლელობა მაშინ ჩავიდინე. მე გავიცანი ქალი, რომელიც ქმარს ღალატობდა. ჯერ სქესობრივი ურთიერთობა დავამყარე მასთან, შემდეგ კონიაკით მოვწამლე, ბოლოს კი დავასახიჩრე. „ჰამლეტი“ კი იმიტომ დავირქვი, რომ შექსპირის გმირის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. ერთი სიტყვით, ყველა მოკლულ ქალში დედაჩემს ვხედავდი და, შესაბამისად, ყოველი ქალის მოკვლისას დედაჩემს ვკლავდი. დედის მკვლელი ვიყავი მაშინ, მაგრამ პირადად დედაჩემის მოკვლას მაინც ვერ ვბედავდი. ერთ ღამეს კი, ისევე, როგორც ჰამლეტს, მეც მამაჩემი გამომეცხადა, ოღონდ ძილში. მან მითხრა, რომ ის პავლე გონცარმა დაახრჩო თევზაობის დროს. როცა გამომეღვიძა, ოფლში ვცურავდი. ავდექი, დედაჩემის საძინებელს მივადე ყური და კვნესა შემომესმა. ოთახში შევვარდი და ლოგინში ჩაგორებული პავლე გონცარი და დედაჩემი შემრჩნენ ხელში. ასეთი სცენა არაერთხელ მინახავს ფარულად, მაგრამ, იმ ღამეს სულ სხვა ჭკუაზე ვიყავი და ბილწ წყვილს მამისეული რევოლვერი მივუშვირე. გონცარი გამომიტყდა, რომ მან მართლაც დაახრჩო მამაჩემი. ამის შემდეგ დედაჩემს და გონცარს მოწამლული კონიაკი დავალევინე. სული რომ ამოხდათ, ორივე დავასახიჩრე, მათ ზურგზე „ჰამლეტი“ ამოვკვეთე და ცხედრები სოკოლნიკის პარკში წავათრიე...
– ამოკვეთილ ორგანოებს რას უშვრებოდით?
– კანალიზაციის ვირთხებს ვაჭმევდი – მოღალატეები მხოლოდ ასეთ ბოლოს იმსახურებენ.
გენადი ციკოლსკის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ, ის ბუტირკის ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში გულის შეტევით გარდაიცვალა...