რატომ არ ჩამოდის გოჩა ჩერტკოევი საქართველოში ცოლთან ერთად და რის მიყიდვას სთხოვენ მას ამერიკელები
21 წლის მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე, ამერიკაში, კერძოდ დალასში, ცნობილ მოცეკვავეებთან – ამერიკის სამგზის ჩემპიონ დასთან, შორენა გაჩეჩილაძესა და სიძესთან, გოჩა ჩერტკოევთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, ერთი თვის წინ, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ის აქ უფრო საჭიროა – გაცილებით ბევრს გააკეთებს და თავის საქმეშიც უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე უცხო მხარეში. თუ როგორი ურთიერთობა აქვს მას ექსტრავაგანტურ სიძესთან, რით იპყრობდა ამერიკელების ყურადღებას და აპირებს თუ არა გოჩა ჩერტკოევი თბილისში, კერძოდ, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” მესამე სეზონისთვის ჩამოსვლას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
რატი გაჩეჩილაძე: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. თექვსმეტი წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა და ჩემი დის, სიძის და ჩემზე დიდი დისშვილის ნახვა. მინდოდა მათი გაცნობა. მათ შესახებ ბევრი ვიცოდი, ძალიან წარმატებულები და ცნობილი ადამიანები რომ იყვნენ ამერიკაში. ოჯახში ხშირად საუბრობდნენ მათზე, მაგრამ როცა ჩავედი და პირადად გავიცანი, მივხვდი, რომ მართლა უნდა მეამაყა მათით, ისეთი თბილები, საყვარლები და ულამაზესები არიან.
– მათ მანამდე არ იცნობდი?
– არა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გრძნობაა, როცა იცი და გყავს და მას არ იცნობ. ჩემი დისშვილი ჩემზე სამი წლით უფროსია და ამერიკაში რომ ჩავედი, ჩემს თავს აცნობდა ხალხს, გაიცანით ეს ჩემი ბიძააო (იცინის). გოჩასთან კი ვმეგობრობ, ცხოვრებისეულ, კარგ რჩევებს მაძლევს. სხვათა შორის, თვე-ნახევრით ჩავედი, მათ გასაცნობად, მერე უკან დავბრუნდი საქართველოში. თუმცა, გადავწყვიტე, აუცილებლად დავბრუნებულიყავი და იქ ჩამებარებინა კოლეჯში. თან, მეც მოცეკვავე ვარ, ხუთი წლიდან ვცეკვავ. შორენა და გოჩა კი, ამერიკის სამგზის ჩემპიონები იყვნენ სამეჯლისო ცეკვებში და ვიფიქრე, მათთან კარგ მასტერკლასს გავივლი-მეთქი. კოლეჯში ბიზნესმენეჯმენტს ვსწავლობდი, თუმცა არ დამიმთავრებია, რადგან ცეკვამ გამიტაცა და ბიზნესს ცეკვა ვამჯობინე. ჩემი დისა და სიძის სტუდია დალასშია. დამიჯერეთ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და უამრავი ადამიანი დადის იქ. მაგალითად, ადვოკატები, ექიმები, არამხოლოდ ახალგაზრდები, არამედ, ხანში შესული ადამიანებიც.
– როგორი პარტნიორია შენი და ცეკვაში და რა რჩევებს გაძლევდა სიძე?
– შორენა ძალიან მაგარი პარტნიორია, ხოლო, გოჩას შეფასება ჩემთვის მთავარია. სულ ვეკითხებოდი მათ, რამე ხომ არ შემეშალა, რა გამოვასწორო-მეთქი. სხვათა შორის, გოჩა ძალიან მკაცრია, მაგრამ კარგი გადმოცემის უნარი აქვს და ისე შეგაყვარებს ცეკვას, მას ვეღარ შეეშვები. ამერიკელებს გოჩა ძალიან უყვართ, ქუჩაშიც უღიმიან და მაღალ საზოგადოებაშიც მიღებული პერსონაა.
– როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ქუჩაში თავისი ორიგინალური და ექსტრავაგანტური ჩაცმის სტილით იპყრობდა ყურადღებას. საკუთარი სტილისტი ჰყავს თუ თავად ირჩევს სტილს?
– მართალია, გოჩას ძალიან უყვარს ორიგინალურად და ექსტრავაგანტურად ჩაცმა. მას არც სტილისტი ჰყავს და არც მრჩეველი ჩაცმის კუთხით. ის საკუთარი თავის დიზაინერია. უბრალოდ, რაც მოსწონს იმას იცვამს და უყვარს ყველაფერი განსხვავებული. ხშირად უკითხავს ჩემთვის, ეს მოგწონს? ამით წამოვიდეო და, ყოველთვის გაუთვალისწინებია ჩემი აზრი. შორენაც და გოჩაც, ორივე არაორდინარული ადამიანია, ყურადღებას იქცევენ და ამაში ჩაცმის სტილიც ეხმარებათ. სადმე რომ მივიდოდით, პირველი ამათ უყურებდნენ, აბა, რა აცვიათ დღესო (იცინის). აქ რომ ჩამოდიან, აშკარად ემჩნევად ჩაცმით, რომ აქაურები არ არიან. იქ რომ არიან, აშკარად ემჩნევათ, რომ არც ამერიკელები არიან (იცინის). თავისი – „გოჩა ენდ შორენა” პლანეტიდან არიან და იქაურებად ითვლებიან. სასწაული ურთიერთობა აქვს ცოლ-ქმარს, საუკეთესო მეგობრები არიან და თან, ისე უყვართ ერთმანეთი და ისე გამოხატავენ ამას, გეგონება, გუშინ დაქორწინდნენო.
– გავიგე, გოჩას მანქანების და მოტოციკლების შემდეგ, ახალი ჰობი აქვსო.
– ჰო, ასე გამოდის, მაგრამ მანქანებისა და მოტოციკლებისგან განსხვავებით, მესამე ჰობი სულიერია (იცინის). მას ყოველთვის უყვარდა ცხოველები და სახლში სულ ჰყავდა მინიმუმ ორი ძაღლი, მაგრამ ისეთი კავკასიური ნაგაზი ჩამოიყვანა საქართველოდან, მთელი ამერიკა შოკშია. „არგო” დაარქვა და ქუჩაში მასთან ერთად რომ გადის, ყველა მათ უყურებს, ესენი ვინ არიანო (იცინის). სულ პაწაწუნა ლეკვი იყო „არგო” და ახლა იმხელაა, რომ დაინახოთ, შეგეშინდებათ. თერთმეტი თვისაა, სამოცდაათი კილო, ძალიან მაგარი ვინმეა. გიჟდება გოჩაზე, ისე უყვარს. გოჩა სახლში რომ მოვა, გაქანდება, შეახტება ამხელა მასა და ლოკავს (იცინის). მეორე ძაღლი კანადური ნაგაზია, რომელსაც ჰქვია „ერიკისი”, მესამე კი იტალიური ჯიშია –სახელად „რუმბა”. სამივეს გოჩა უვლის, ყველგან დაჰყავს და სამივე მასზე აფანატებს. ხუმრობს ხოლმე, ესენი ჩემი შვილობილები არიანო (იცინის). სხვათა შორის, „არგო” ერთადერთი კავკასიური ნაგაზია, რომელიც ამერიკაშია. რომ ვასეირნებდი, ყველა მაჩერებდა და მეკითხებოდა, რა ჯიშია, საიდან გყავთ, იქნებ მოგვყიდოო. გოჩას რომ ეუბნებიან, მოგვყიდეო, ამაზე გიჟდება და ბრაზობს. „არგო” მისთვის შეუფასებელია.
– ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” მესამე სეზონი იწყება. თუ აპირებს ამ სეზონზე გოჩა თბილისში ჩამოსვლას და ჟიურის წევრობას?
– მოლაპარაკებები მიდის და მგონი ოქტომბერში ჩამოვა. ზუსტად თავადაც არ იცის. ჯერ ფიქრობს. არ არის გამორიცხული, ბოლო წუთს შეიცვალოს აზრი და უარი თქვას. თუმცა, ძალიან მოსწონს ეს პროექტი და ამბობს, ქართველები ძალიან ნიჭიერები, მოქნილები და ელასტიკურები არიან, უბრალოდ, მასტერკლასები აკლიათო. ჩემი აზრით, გოჩა აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.
– ამბობენ, გოჩა ცოტა ჯიუტიაო. ასეა?
– კი, გოჩა ჯიუტია და პრინციპულიც. თუმცა, კარგი ხასიათისაა. აი, როცა ბრაზდება, მაშინ უნდა მოერიდო (იცინის). ამ დროს მარტო უნდა დატოვო და გაერიდო. მარტო შორენაა მისი დამამშვიდებელი. თუმცა, საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ცოლი ვერ ჩამოჰყვება. ისეთი ბიზნესი აქვთ, რომელიმე უნდა დარჩეს იქ, რომ უხელმძღვანელოს.
– თავად რატომ მიატოვე ამერიკა და დაბრუნდი საქართველოში?
– იქ ძალიან კარგად ვიყავი, არც სითბო მაკლდა, არც ოჯახური იდილია, ჩემი და და სიძე ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ თავი რომ კარგად მეგრძნო, მაგრამ მამის, დედისა და ძმის გვერდით, სამშობლოში გაცილებით მშვიდად ვარ. თანაც, იქ მეწყვილე ვერ ვნახე ცეკვაში.
– რატომ ვერ ნახე მეწყვილე?
– უბრალოდ, დალასში ჩემი ასაკის შესაფერისი მეწყვილე არ იყო, სხვა ქალაქიდან ჩამოსვლა კი ძნელია. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქ კი, სამუდამოდ ჩამოვედი, თავს ბედნიერად ვგრძნობ, მეწყვილეც ვიპოვე და ცეკვაც მიადვილდება (იცინის).