რატომ წამოდგა ფეხზე ვლადიმირ პუტინი საქართველოს ჰიმნზე და როგორ გახდა ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი
ახალგაზრდა, თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი ნაკრებთან ერთად რამდენიმე დღის წინ თბილისში დაბრუნდა. ინდივიდუალურ შეჯიბრში ვარლამი ფინალში კუბელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა, ის უამრავი ტიტულისა და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ვარლამის მეუღლე „ერისიონის“ ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი – გიული ჭკუასელია, ცოლ-ქმარი სულ მალე ვაჟს ელოდება.
ვარლამ ლიპარტელიანი: ზოგადად ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ეს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია კარიერისთვის. ოჯახში პატარას მოლოდინი გვაქვს და ამაზე უფრო ვიყავი ორიენტირებული, თუმცა მეუღლე ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. დიდი ხნით მოწყვეტილი ვიყავი ოჯახს – სულ შეკრებებზე ვიყავი თურქეთში, კორეაში, ყვარელში – ვარჯიშები... მეუღლესთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა, მთელი წელი უცხოეთში ვიყავი. მეუღლე ორსულადაა და ამის გამო ვერ ახერხებდა ჩემთან ერთად სიარულს, თორემ შეყვარებულობის პერიოდში სულ თან დამყავდა ხოლმე.
– ალბათ, ფიზიკური დატვირთვა დიდი გქონდა...
– ძალიან, დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი, სხვა არაფრის დრო არ მქონდა ფიზიკურად. თან, ვნერვიულობდი, თუმცა, ზედმეტად არა – მაინც, გამოცდილი სპორტსმენი ვარ და არ ვღელავ, არც რამე განსაკუთრებული რიტუალი მაქვს ტატამზე გასვლის წინ (იცინის). განსაკუთრებული ცრურწმენებით არ გამოვირჩევი – უბრალოდ, საკუთარ თავს ველაპარაკები და ვამხნევებ, მუსიკას ვუსმენ. ლოდინს ვერ ვიტან, უფრო დაძაბულობის მომენტია (იცინის). თან, ისიც ძალიან დაგვეხმარა, რომ მწვრთნელები ძალიან მკაცრები არ არიან, უფრო ახლო მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, თორემ, ზედმეტ ფსიქოლოგიურ წნეხს ზოგი სპორტსმენი ვერ უძლებს. გუნდიც ძალიან შეკრულია, ერთადერთი შავი ლაქა ისაა, რომ ადრე გაუგებრობა მოხდა და მეტი არაფერი.
– ნაკრების ბიჭებიდან ვინმესთან განსაკუთრებით თუ მეგობრობ?
– ყველასთან, მაგრამ ყველაზე ახლოს ავთანდილ ჭრიკიშვილთან ვარ, ჩემი მეჯვარე და ბავშვობის მეგობარია, ათი წლიდან ვიცნობ. ოთახში თითქმის სულ ერთად ვართ ხოლმე (იცინის).
– რიოში რა ხდებოდა?
– რიოში თორმეტი დღით ადრე წავედით, რომ აკლიმატიზაცია გაგვევლო და იქაურ საჭმელს შევჩვეოდით. ძალიან კარგ პირობებში ვცხოვრობდით. ქალაქის დასათვალიერებლად ვიყავით, ქრისტეს ქანდაკების სანახავად ავედით – ახლოდან კიდევ უფრო საოცარია. თუმცა, საშინლად ძნელი ასასვლელი და მისადგომი აქვს. პირველად 2010 წელს ვიყავი რიოში – ტოკიო და რიო ჩემი ოცნების ქალაქები იყო და ორივეგან ვიყავი. ბრაზილიელები ძალიან სპორტული და ხალისიანი ხალხია. თუმცა, რომ ვეუბნებოდი, საიდან ვიყავით, ვერ ხვდებოდნენ, გვეკითხებოდნენ, რუსულად ლაპარაკობთო (იცინის). „გუგლში“ ეძებდნენ ავიაკომპანიის თანამშრომლები, სად იყო საქართველო. 2008-ში ვიყავით ტოკიოში გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც ჩემპიონები გავხდით და 2010-ში რიოში გრანდსლემზე – მესამე ადგილი ავიღე.
– ამ ჩემპიონატზე რიოში ვისთან მოგიწია შეხვედრა?
– რიოში თავიდან ცოტა უიღბლოდ დავიწყეთ – ოლიმპიური ჩემპიონი, შავდათუაშვილიც ვერ იყო ფორმაში, არ გაუმართლა რეხვიაშვილს და ტატალაშვილს... შემდეგ დღეს ჭრიკიშვილის ჯერი იყო. იმ საღამოს ოთახში ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ძალიან გულდაწყვეტილი შემოვიდა,. ვუთხარი, ნუ გეშინიათ, აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ-მეთქი. სამწუხაროდ, ჭრიკიშვილმა მეორე ადგილი აიღო ინდივიდუალურში. ზუსტად ეგრე მოხდა საფრანგეთის გრანდსლემზე, აქაც იმავე სპორტსმენს შევხვდი ფინალში, ვინც საფრანგეთის გრანდსლემზე დავამარცხე ფინალში – რთული და უხერხული მეტოქეა ეშლი გონსალესი. გამორჩეული სპორტსმენია 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. სამწუხაროდ, ფინალში დავმარცხდი, მაგრამ ყველაფერი წინაა (იცინის).
– შენი ტიტულების შესახებ გვითხარი, თუ შეიძლება.
– 2007 წელს მოვიგე ახალგაზრდული ჩემპიონატი პრაღაში, 2008 წელს – ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში, შემდეგ 2008-ში ტოკიოში სამივე შეხვედრა მოვიგე და მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, წესით, პირველი ირაკლი ცირეკიძე იყო, მაგრამ ვერ მოახერხა წონის დაკლება და ამიტომ მე გავედი ტატამზე. 2008-ში ტაილანდში ავიღე პირველი ადგილი, 2009-ში თბილისში იყო ევროპის ჩემპიონატი და, სამწუხაროდ, ფინალში დავმარცხდი – ძალიან მწარედ მახსენდება. როგორია ქართველისთვის სპორტის სასახლეში ფინალში წაგება. ძალიან ბევრი ტურნირი მაქვს მოგებული, 2012 წელს მომავალ მეუღლესთან ერთად ვიყავი ჩელიაბინსკის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ფინალში რუს მეტოქეს მოვუგე.
– არაობიექტური მსაჯობა არ იყო?
– არა, სხვათა შორის, არც მიმიცია მაგის საშუალება არანაირად.
– პუტინი არ იყო მოსული?
– არ მახსოვს, მაგრამ 2008 წლის მოსკოვის ტურნირს ესწრებოდა, ოლიმპიადის ამბები წყდებოდა. სამწუხაროდ, გული დავწყვიტეთ რუსებს (იცინის). საქართველოს ჰიმნზე პუტინი ფეხზე წამოდგა და ისე უსმენდა.
– გიული, შენ როგორ ეგუები მეუღლის პროფესიას, რეჟიმს...
გიული ჭკუასელი: ძალიან რთულია, მაგრამ რა უფლება მაქვს, რომ ყველანაირად მხარში არ ამოვუდგე, მით უმეტეს, რომ ასეთი წარმატებულია. კი მიჭირს, ხშირად ვწუწუნებ კიდეც...
ვარლამი: აქედანაც ცრემლით და ტირილით მაცილებს. მეხვეწება, იქნებ, ერთი თვით გადადო წასვლაო (იცინიან). ყოფილა ისე, რომ თვენახევარიც წავსულვარ, ორი-სამი კვირა...
– რამეს არ გაბარებს გიული, უცხოეთიდან რომ ჩამოუტანო?
– არა, არასოდეს. ვეხვეწები, დამაბარე-მეთქი, მაგრამ ჩემს გემოვნებას ენდობა. სხვათა შორის, პრეტენზიული ორსული არაა, შუაღამეზე არ გაუღვიძია და არ უთხოვია, ეს მომიტანეო. უბრალოდ, ხშირად შივდება ხოლმე.
– ხშირად კამათობთ?
– კი. ეს უფრო ბუზღუნა და წუწუნაა. ეხვეწებოდნენ, ჩემპიონატს არ უყუროო, ეშინოდათ, ნერვიულობის გამო მშობიარობა ადრე არ დაწყებოდა.
– ვარლამ, აპირებ, მეუღლის მშობიარობას დაესწრო?
– არა, არ მინდა. ორივეს ასე გვირჩევნია – სულ მეშინოდა რიოში, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში არ გააჩინოს-მეთქი.
– ლირიკული გადახვევა მინდა გავაკეთო. ერთმანეთი როგორ გაიცანით და რამდენი წელი იყავით შეყვარებულები?
– კლასელები ვიყავით, მეხუთე კლასიდან შეყვარებული ვარ ამ ადამიანზე. თუმცა, გოგოების ამბავი ხომ იცი, თავს იფასებდა. სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში მესიჯით სიყვარული ავუხსენი და ძალიან გამიბრაზდა: ქუჩაში თუ დამინახავ, გზის მეორე მხარეს გადადი. ეგ როგორ გამიბედეო (იცინიან) – გასვანდა რა. 2012 წელს ბედი სამუდამოდ დავუკავშირეთ ერთმანეთს – ხანმოკლე და ინტენსიური შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა.
გიული: ყველაფრით მანებივრებდა – ვარდებით, სუნამოებით, საჩუქრებით, ფოიერვერკით... მე კიდევ სულ ვეჩხუბებოდი და ვებუზღუნებოდი. სახლში ყველა მეუბნებოდა, ძალიან კარგი ბიჭიაო. მარტო ბაბუაჩემი ჯემალი მიჭერდა მხარს: თავი დაანებეთ ამ ბავშვს, არ უნდა და ძალააო? არ იცნობდა მაშინ ვარლამს. რომ შეხვდა და გაიცნო, სახლში დაბრუნდა და მითხრა: სულელი ხარ შენ, ბაბუო. შენც, ბაბუ-მეთქი, – ვუპასუხე (იცინის). ერთადერთი მხარდამჭერი მყავდა და ეგეც დავკარგე (იცინიან).
– ქორწილში თუ იცეკვა სიძემ?
– აბა, რა! ისე კარგად იცეკვა, გაოცებული დარჩა ყველა. მე ბავშვობიდან ვცეკვავდი „ერისიონში“ და ვმღერი კიდეც. ლიპოს მეგობრებმა (ლიპოს ვეძახით) ძიუდოისტებმა, ჩვენს ქორწილში „ყარაჩოხლური“ იცეკვეს ფორმებით. არ დაეზარათ და ერთი თვე დადიოდნენ სამეცადინოდ „ერისიონში“ – ჭრიკიშვილი, ბაინდურაშვილი, ქარდავა, რეხვიაშვილი და მსხალაძე ცეკვავდნენ.
– გათამამებდნენ? გიული, შენ ხომ ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი ხარ.
– პირიქით, სულ მეუბნებოდნენ, რომ ჭკუასელებს მეტი მოეთხოვებათო. სულ თავმდაბლობისკენ მომიწოდებდნენ. ბაბუს გურული ხასიათი აქვს, ფიცხია. მე – ნაკლებად. სულ მაგონებდნენ, განსაკუთრებული არაფერი ვართო. ჩემი და ახლაც „ერისიონში“ ცეკვავს და ორმაგად სთხოვს.
ვარლამი: არა, გათამამებული ბავშვი კი არის, ისე (იცინის).
– გიული, ვისი სახელი გქვია?
გიული: ბებიას ჰქვია გიული.
ვარლამი: მე ბაბუაჩემის სახელი მქვია, მაგრამ ყველა ვალერის ან „ლიპოს“ მეძახის. დაგვჩაგრეს სახელებში (იცინის).