ვის შეატანინა ტროცკიმ შხამი ლენინის მოსაწამლავად და როგორ დააჭერინა სტალინმა მკვლელები ძერჟინსკის
1923 წელი. გარდაცვალებამდე ბოლო ექვსი თვე ლენინი საშინლად იტანჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ოფიციალურად არავინ ლაპარაკობდა, ეს ამბავი ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრმა მშვენივრად უწყოდა. ამ პერიოდში ლენინი, ძირითადად, უმოძრაო და ცნობიერებადაკარგული იყო, მაგრამ, ხანგამოშვებით, ექიმთა დიდი ძალისხმევის შედეგად, მას უბრუნდებოდა ხოლმე ცნობიერება და მოძრაობის უნარიც, თუმცა, ეს ყოველივე უდიდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვასთან იყო დაკავშირებული. გორკიში ლენინს აბსოლუტურად ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი მკურნალობისა და დასვენებისთვის. ყველაფერს პირადად სტალინი აკონტროლებდა და, კვირა არ გაივლიდა, რომ პირადად არ სწვეოდა მას. როდესაც ჩვენ იქ ჩავდიოდით, უმეტესწილად ლენინი ქმედითუუნარო მდგომარეობაში გვხვდებოდა და უკან დაბრუნებისას სტალინს აშკარად ეტყობოდა, რომ მტკივნეულად განიცდიდა ამ ამბავს. პროფესორი ფერსტერი, რომელიც გორკიში ლენინთან ცხოვრობდა და თითქმის მუდმივად თავზე ადგა, ვერანაირ გარანტიებს ვერ იძლეოდა, თუმცა, კრიტიკულ მომენტებში მაინც ახერხებდა ხოლმე მისი სიცოცხლის გადარჩენას, რაც ლენინს უდიდესი ტანჯვა-წამების ფასად უჯდებოდა. ერთხელ, როდესაც მორიგი შეტევის შემდეგ ფერსტერმა და მისმა კოლეგებმა ლენინის მობრუნება მოახერხეს, პროფესორმა ასეთი რამ უთხრა სტალინს: „თუ გავითვალისწინებთ ავადმყოფობის მდგომარეობას, მისთვის სიკვდილი, შესაძლოა, დიდი შვებაც კი იყოს. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა, რადგან, ასეთი ტკივილების გაძლება შეუძლებელია. მას მართლაც რომ ძალიან ძლიერი ორგანიზმი აქვს და ჯერჯერობით ამის ხარჯზე ცოცხლობს, თუმცა, ეს ყოველივე დიდხანს მაინც ვეღარ გაგრძელდება და საბოლოოდ მაინც სიკვდილი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“. სტალინს ერთხანს ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი უპასუხია: „მან რაც შეიძლება დიდხანს უნდა იცოცხლოს. ახლა მისი სიკვდილი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან, შესაძლოა, ეს ზღვა სისხლით მოპოვებული გამარჯვება თვალსა და ხელს შუა გაქრეს“. ამის შემდეგ ლენინმა კიდევ ოთხი თვე იცოცხლა. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში იგი შვებას ეძებდა და, ამ შვებას, პროფესორის თქმისა არ იყოს, სიკვდილში ხედავდა.
7 ნოემბერს ჩვენ გორკიში გავემგზავრეთ, რათა ილიჩისთვის რევოლუციის 6 წლისთავი მიგველოცა. ჩვენდა სასიხარულოდ, ლენინი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ფერსტერიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი. სტალინი სულ ათი წუთის განმავლობაში პირისპირ ესაუბრა ლენინს და შემდეგ, ჯერ ფერსტერის ოთახში დაჰყო კარგა ხანი, შემდეგ კი ვლასიკი იხმო, მასთან ერთად ლენინის დაცვას დაუძახა და მათ მთელი ერთი საათი ესაუბრა. ბოლოს, სტალინმა კრუპსკაიასა და ლენინის დასაც მოუხმო და მათაც დაახლოებით 40 წუთი ელაპარაკა. გორკიდან რომ გამოვემგზავრეთ, შუაღამე გადასული იყო და მას უკვე აღარაფერი უთქვამს მანქანაში. თუმცა, შემდეგ შევიტყვე, რომ ილიჩს სტალინისთვის შხამი მოუთხოვია და სიტყვასიტყვით ასეთი რამ უთქვამს: „შენ, როგორც გამოცდილ, ჭეშმარიტ რევოლუციონერსა და ერთგულ ამხანაგს, შემიძლია, დაგეყრდნო და ჩემი ერთი თხოვნა გაგანდო, რომლის შესრულებაზეც, იმედია, არ მეტყვი უარს. მე უკვე აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ჩემი კრიზისული მდგომარეობა და, ვიცი, რომ გადარჩენის შანსი არ გამაჩნია. გარდა ამისა, სასტიკი შეტევები და საშინელი ტკივილები მაქვს, რომლის დროსაც სიკვდილს ვნატრობ და არ კი ვკვდები. უმორჩილესად გთხოვ, შხამი მიშოვო და მომიტანო, მეტის გაძლება აღარ ძალმიძს“. ამ სიტყვებს სტალინი შეუძრწუნებია და ილიჩის ნუგეში უცდია, თუმცა, მას ყური აღარ დაუგდია და საუბარიც ამით ამოწურულა. სწორედ ამის გამო ელაპარაკა სტალინი ჯერ პროფესორს, შემდეგ კი დაცვას, მის ცოლსა და დას. იმ დღიდან სტალინმა ლენინთან მიმსვლელი პირების კონტროლი გაამკაცრა და ნებისმიერ დამრღვევს სიკვდილის დასჯით დაემუქრა. მეორე დღესვე მან პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც ეს საკითხი ღიად, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე დასვა. მან კატეგორიულად მოითხოვა იქ დამსწრეთაგან, რომ თითოეულ ბოლშევიკს პირად კონტროლზე აეყვანა ეს საკითხი და ნებისმიერი ინფორმაცია ამის თაობაზე ცენტრალური კომიტეტისთვის ეცნობებინა.
ჰენრიხ იაგოდამ, რომელიც ლენინის დაცვაში სტალინის კაცი იყო, ასი თვალი და ასი ყური გამოისხა და ცდილობდა, ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამოჰპარვოდა მხედველობიდან. სტალინმა ასეთი განსაკუთრებული ზომები იმიტომ მიიღო, რომ ლენინს შეეძლო, ანალოგიური თხოვნით სხვისთვისაც მიემართა და ამ გზით სასურველი შხამი მიეღო. სტალინს, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ, ლენინის სიკვდილის შემთხვევაში, გარკვეულ ძალებს სავსებით ხელეწიფებოდათ ხალხის გარკვეული მასის პროვოცირება და ამ გზით არეულობის გამოწვევა, რაც მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებდა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ და თოთო სახელმწიფოს. სანამ ლენინი ცოცხალი იყო, სტალინის მოწინააღმდეგეებს ასეთი რამის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან, ფორმალურად, სახელმწიფოს მეთაური ლენინი იყო და ამას ხალხი ვერ გაიგებდა... ამიტომაც, სტალინმა ფორსირებულად დაიწყო მმართველი აპარატის გამაგრება და მოდერნიზება, რათა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი თავდასხმები და პროვოკაციები აეცილებინა თავიდან. ამ პერიოდშივე განაახლა ტროცკიმ თავისი ოპოზიციური მუშაობა და მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ხერხით ცდილობდა სტალინის რეიტინგის დაგდებას. მან მშვენივრად იცოდა, რომ, სანამ ლენინი ცოცხალი იყო, ის ვერ შესძლებდა პროვოკაციების განხორციელებას და, როგორც ჩანს, ჭკუაში დაუჯდა ლენინის სურვილი, რაც პოლიტბიუროზე სტალინისგან შეიტყო და მის განხორციელებას შეეცადა. იაგოდამ, რომელიც უკვე ლენინის მთელ დაცვას აკონტროლებდა, სტალინს შეატყობინა: „თქვენ მიერ მოცემული დირექტივების საფუძველზე, ჩვენი ძალისხმევა გაათმაგდა და ყოველივე ამან შედეგებიც გამოიღო. კრეძოდ, 30 ნოემბერს, ჩვენი უწყების თანამშრომლებმა მძიმედ დაჭრეს ჩვენივე უწყების წევრი, ვინმე ვალერი სტრელნიკოვი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა – ცდილობდა ზონაში შეღწევას და ილიჩის ოთახში შესვლას. ჩვენ მისი დაკავება ვცადეთ, მაგრამ მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია და საპასუხო სროლისას მძიმედ დაიჭრა მუცელში. საავადმყოფოში მიყვანამდე ის გარდაიცვალა და მხოლოდ ერთადერთი გვარი – ბროვერმანი ახსენა. გვარის გარდა, მას არაფერი დაუკონკრეტებია და, ამრიგად, ჩემთვის გაუგებარია, რისი თქმა უნდოდა. ჩხრეკის შედეგად, სტრელნიკოვს თან აღმოაჩნდა კალიუმციანიდიანი კაფსულა, ბინაში კი – 8 ათასი მანეთი“. ბროვერმანი ტროცკის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით მისი არათუ დაპატიმრება, არამედ, დაკითხვაც კი, რადგან, არანაირი სამხილი არ გაგვაჩნდა მის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ სწორედ ბროვერმანმა გადასცა სტერლნიკოვს საწამლავი და ფული, ხოლო ყოველივე ამის უკან ტროცკი იდგა.
ბროვერმანი ტროცკის სამდივნოში საგანგებო დავალებებს ასრულებდა, მისი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა და ხელწამოსაკრავი პირი არ იყო, მაგრამ, როდესაც საქმე ვერაგობასა და ღალატს ეხებოდა, იქ სტალინი შეუვალი, დაუნდობელი და სასტიკი ხდებოდა. როდესაც ბელადმა ბროვერმანის ამბავი შეიტყო და გააანალიზა, ძერჟინსკი დაიბარა და დაავალა, რომ ეს საქმე „ჩეკას“ მოეგვარებინა. ამ ოპერაციაში მონაწილეობა ვლასიკსაც დაავალა. სტალინის დირექტივა მოკლე და კონკრეტული იყო: „ყოველგვარი ხმაურის გარეშე ზუსტად დაადგინეთ ბროვერმანის და აქედან გამომდინარე, ტროცკის მონაწილეობის ამბავი შხამთან დაკავშირებულ ისტორიაში“. სათქმელად ადვილი იყო ამ დავალების უხმაუროდ შესრულება, რადგან, ბროვერმანის მოხელთება, არც ისე ადვილი საქმე იყო – ის შეიარაღებულ დაცვასთან ერთად დადიოდა და წინააღმდეგობის გაწევაზეც არ დაიხევდა უკან. ერთი სიტყვით, გადაწყდა, რომ ბროვერმანი მოგვეტაცებინა და ეს უნდა გაგვეკეთებინა სწრაფად, უხმაუროდ და უჩინრად. ამის გამო, ჩეკისტთა ერთ-ერთი ჯგუფი ბროვერმანის ბინაში ჩასაფრდა, საიდანაც მათ მისი ცოლ-შვილი მოტყუებით გამოიხმეს. ბროვერმანი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, მას კარი „ჩეკას“ ერთ-ერთმა ოპერმა გაუღო, დანარჩენებმა კი გააჩუმეს და გაკოჭეს. ამის შემდეგ, მეორე ჯგუფმა მისი თანმხლები პირები განაიარაღა. 2 დეკემბერს ბროვერმანი და მისი დაცვის ოთხივე წევრი „ჩეკაში“ იყვნენ და ჩვენებებს იძლეოდნენ. ტროცკიმ კი, რომელიც, როგორც ჩანს, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, სტალინისა და ძერჟინსკისგან განმარტებები მოითხოვა, თუმცა, ზუსტად ვერაფერს ამტკიცებდა და მხოლოდ ვარაუდობდა ყოველივეს. ძერჟინსკიმ უარყო ბროვერმანისა და მისი დაცვის შეპყრობის ფაქტი, ხოლო სტალინმა პოლიტბიუროს სხდომაზე აღელვებულ ტროცკის მოკლედ მოუჭრა: „ჩეკა ისეთი ორგანოა, რომლის საქმიანობაში ჩარევის უფლებაც არავის აქვს. თუკი ისინი საჭიროდ ჩათვლიან, როგორც ჩემი, ასევე თქვენი დაპატიმრებაც კი შეუძლიათ. რაც შეეხება ვიღაც ბროვერმანს, იმედია, სულ მალე სიმართლე გაირკვევა და ყველა შევიტყობთ ამის შესახებ“. ბროვერმანმა „ჩეკაში“ დაწვრილებითი ჩვენებები მისცა ტროცკის წინააღმდეგ, თუმცა, თავად იქიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი დაცვის წევრები ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ, ოთხივე მალევე დაიღუპა ბანდიტებთან შეტაკებაში. ბროვერმანის ჩვენებები სტალინს გადაეცა, თუმცა, მან იმ პერიოდში საჭიროდ არ ჩათვალა მათი გამომზეურება და მხოლოდ და მხოლოდ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა ყველას. ეს დოკუმენტები მხოლოდ 14 წლის შემდეგ, 1938 წელს გამოჩნდა ტროცკისტების პროცესზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი მხილების საქმეში.
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით