რა სიურპრიზი მოუწყო ქეთა თოფურიას მეუღლემ ქორწილში და რომელი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აამღერა მისთვის
უკვე დიდი ხანია, ქეთა თოფურიას ქორწილის მზადების შესახებ იწერება ქართულ და რუსულ პრესაში. მართალია ქეთა გრანდიოზული ქორწილის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოვლენები რამდენიმე თვის წინ, მაქსიმ გალკინის დაბადების დღეზე შეიცვალა. მაშინ ოფიციალურად სთხოვა ხელი ქართველ მომღერალს ლევ გეიჰმანმა. სწორედ იმ დღეს, ალა პუგაჩოვასა და გალკინის რჩევით, გადაწყდა, რომ ქორწილი შედგებოდა. მას მერე, რაც ეს ინფორმაცია პრესაში გავრცელდა, ყველა დიდი მოლოდინით ელოდა ქორწილს. და აი, რამდენიმე დღის წინ ქეთა თოფურიასა და ლევ გეიჰმანის ქორწილიც შედგა. ქართველმა მომღერალმა 26 წლის იუბილე, 9 სექტემბერს, 400-კაციანი ქორწილით აღნიშნა. რაც შეეხება ხელის მოწერას, ურთიერთობა წყვილმა ქორწილამდე ორი დღით ადრე დააკანონა. რადგან ჯვარი არ დაუწერიათ, არც მეჯვარეები ჰყოლიათ. ქორწილში ქეთას ფრანგი დიზაინერის ძალიან ლამაზი, საპატარძლო კაბა ეცვა, რომელიც ასევე ულამაზესი თეთრი ფერის საღამოს კაბით ჩაანაცვლა მოგვიანებით.
მართალია, პრესასა და სოციალურ ქსელში ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ არის ისეთი დეტალები, რაც ჯერ კიდევ არ გახმაურებულა. ამ ფაქტების შესახებ ჩვენ აუცილებლად მოგითხრობთ, რომელიც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ. მაგალითად ის, რომ ქორწილის პირველ ნაწილს მაქსიმ გალკინი უძღვებოდა, ხოლო მეორეს – ალექსეი ჩუმაკოვი. აღსანიშნავია ისიც, რომ გალკინს სუფრა ნახევრად ქართულად მიყავდა. „ახალდაქორწინებულებს ვულოცავ ქორწინებას, შეაბერდით ერთმანეთს და რაც მთავარია, გამრავლდით,” – სწორედ ამ სიტყვებით გახსნა გალკინმა საღამო, რომელიც ქართულ ენაზე წარმოთქვა. მოგვიანებით, კაბზონმა „თბილისო” ქეთასთან, ვალერი მელაძესა და ია ნინიძესთან ერთად იმღერა. მოწვეულ სტუმრებს შორის რუსული შოუ-ბიზნესის აბსოლუტურად ყველა ვარსკვლავი იმყოფებოდა, ფილიპ კირკოროვის გარდა, რომელიც იმ დროს ამერიკაში გახლდათ. მან ქეთას დაქორწინება ქორწილის დროს, ტელეფონით მიულოცა. იგორ კრუტოი კი ცოლ-შვილთან ერთად სპეციალურად ჩამოვიდა მაიამიდან. სტუმართა შორის ბევრი ქართველი მომღერალიც იყო, და მათგან ნაწილი სპეციალურად საქართველოდან ჩავიდა მისალოცად. დანარჩენი კი რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველები გახლდნენ. სამწუხაროდ, რომ არა სავიზო რეჟიმი, უფრო მეტი დაპატიჟებული სტუმარი მოახერხებდა ქორწილში ჩასვლას.
ამ დღის მთავარი სიურპრიზი კი ლევ გეიჰმანმა მოუწყო საყვარელ მეუღლეს და ქორწილში მისი უსაყვარლესი მომღერალი – დაიანა კინგი ამერიკიდან სპეციალურად ჩამოიყვანა ქეთასთვის რომ ემღერა.
ქორწილი, რომელზეც დიდხანს ილაპარაკებენ, დილის 5 საათამდე გაგრძელდა. რაც შეეხება საქორწინო მოგზაურობას, არ შედგა, რადგან ქეთამ კუთვნილი შვებულება აგვისტოში დაასრულა და უკვე ჩვეულებრივ სამუშაო გრაფიკშია. რამდენიმე დღეში ქეთა საგასტროლოდ მიემგზავრება „ა სტუდიოსთან” ერთად.
ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს წყვილს ურთიერთობის დაკანონებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს!