ვის უნდოდა გია სურამელაშვილის გაპრეზიდენტება და რატომ არ შეუშლის მას ცეკვაში ხელს ქეიფი და დროსტარება
გია სურამელაშვილზე ისედაც ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ, ბოლო დროს მის შესახებ რამდენიმე ახალი თემა გაჩნდა, მათ შორის, მისი სურვილი პრეზიდენტობასთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით გადაიფიქრა. მართალია, პოლიტიკა გვერდზე გადადო, მაგრამ, სამაგიეროდ, მალე მას მაყურებელი აცეკვებულს იხილავს. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ჩვენი რესპონდენტია. მოკლედ, სასაუბრო ბევრი დაგროვდა და, რამე რომ არ შეგვეშალოს, თავად რესპონდენტს მოვუსმინოთ.
– გია, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა ხალხი და ბევრს საუბრობენ შენს შესახებ.
– მანამდე არა? ჩემზე ყოველთვის ბევრს საუბრობენ.
– გეთანხმები, საუბრობენ, როგორც მომღერალზე, მაგრამ, ბოლო დროს თემები მოემატა: აცეკვდი, პოლიტიკაშიც გინდოდა „გადავარდნა...”
– მაგრამ, არ გადავვარდი.
– საპრეზიდენტო არჩევნებში მართლა გინდოდა მონაწილეობის მიღება?
– ეს, უბრალოდ, ძალიან, ძალიან, კარგი ხუმრობა იყო ჩემი მხრიდან, რაც ხალხმა აიტაცა და, როგორც გავიგე, ნახევარი თბილისი ხელსაც აწერდა – გიას პრეზიდენტობა გვინდაო. მადლობა მათ ამისთვის. პრინციპში, ცუდი პრეზიდენტი ნამდვილად არ ვიქნებოდი. ხუმრობა-ხუმრობაში სერიოზულად დავფიქრდი ამაზე. ნინო ჩხეიძემაც მითხრა: ძალიან გთხოვ, კენჭი იყარე, ოღონდ, პრეზიდენტი რომ გახდები, მე კულტურის მინისტრად დამნიშნეო. ყველა თავის საქმეს იკეთებს. დავპირდი, რომ, თუ მე პრეზიდენტი გავხდები, ის კულტურის მინისტრი იქნება.
– ბოლოს და ბოლოს, რა ქენი, გადაიფიქრე პრეზიდენტობა?
– გადავიფიქრესავით.
– ისე, რას გააკეთებდი, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყო?
– ეს სერიოზული გეგმებია, რომელსაც მერე გაგაცნობთ, პრესკონფერენციას რომ მოვაწყობ. აბა, ახლა რომ ვთქვა, ხომ შეიძლება: ვიღაც სხვას მოეწონოს ჩემი გეგმები და თავად განახორციელოს.
– ამ აგორებულმა პიარმა ხომ არ მოგცა სტიმული, რომ პოლიტიკაში მართლა გადაინაცვლო?!
– პოლიტიკაში მიწვევა ყოველთვის მქონდა – 90-იანი წლებიდან დღემდე, მაგრამ, არასდროს მიფიქრია ამაზე სერიოზულად, თუმცა, არც ეს არის გამორიცხული.
– ვისგან გქონდა მიწვევა?
– მქონდა კი არა დღესაც მაქვს, მაგრამ, ვისგან ვერ გეტყვით. თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ნამდვილად არ დაგიმალავთ.
– რაც შეეხება პროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავები,” როგორ მიიღე მასში მონაწილეობის გადაწყვეტილება?
– ძალიან რთულად, რადგან, არანაირად არ ვაპირებდი მონაწილეობას. კარგი გაგებით „შებმა“ იყო სამთვიანი.
– მაშინ, გკითხავ: ვინ შეგაბა?
– „იმედმა“.
– ძალიან ბევრი შრომა სჭირდება ამ პროექტში მონაწილეობას. გაქვს იმის იმედი, რომ ამ ყველაფერს გაუძლებ?
– ხელის გაშლა ყველამ ვიცით, მაგრამ, სამეჯლისო ცეკვები ძალიან რთულია. ყველანაირად შევეცდები და თავს არ დავზოგავ, რომ გულშემატკივარს იმედი არ გავუცრუო. მართალია, ჩემი მსმენელის იმედი მაქვს, მაგრამ, მთავარი მაინც ჩემი ცეკვაა, მათ ნდობას კი აუცილებლად გავამართლებ. ისე, ყველა მეუბნება, რომ ესპანური ცეკვა მომიხდება. ალბათ, ქორეოგრაფები გაითვალისწინებენ და ესპანურ ცეკვას დამიდგამენ.
– ყველაზე მეტად რომელ ტურში გინდა ცეკვა?
– მინდა, ბოლო ტურში ვიცეკვო, 31 დეკემბერს და, შესაბამისად, ბინაც მოვიგო.
– გავიგე, ახალ დუეტს წერ – ეს არის დუეტი ნინო ჩხეიძესთან ერთად.
– მე და ჩემი მომავალი აპარატის კულტურის მინისტრი დუეტში ვწერთ სიმღერას. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. დრო მოვიდა, დუეტშიც ავმღერდეთ. თან, ჩემი დაწერილი სიმღერაა, რომელიც წლების წინ კახუჩელამ იმღერა. არც კი იცოდა ნინომ, ეს რომ ჩემი სიმღერა იყო, უბრალოდ ძალიან მოეწონა და სურვილი გამოთქვა, ეს ჩავწეროთო. ისე მოგვეწონა მე და ნინოს ერთად მუშაობა, უკვე მეორე სიმღერის ჩაწერაზეც მოვილაპარაკეთ. პირველი – ქალაქურია, ხოლო მეორე – ბასანოვას სტილშია.
– გავიგე, რამდენიმე თვის წინ ბაბუა გახდი.
– ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო, გვირგვინი და რაღაც სხვა განზომილებაა. ძალიან ლამაზი, კარგი და ჭკვიანი გოგონა შეგვეძინა. გადასარევი რძალი, შვილი და შვილიშვილი მყავს, რის გამოც უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს. მართალია, ცოტა დაკავებული ბაბუის როლში ვარ, მაგრამ, იმის დრო მაინც მრჩება, რომ შვილიშვილს მოვესიყვარულო.
– შვილი თუ მღერის?
– ჩემი შვილი ღიღინებს.
– მან კი, როცა ვკითხე, რატომ არ მღერი-მეთქი, მიპასუხა – არ მინდა, მამაჩემი დავჩრდილოო.
– ნუგოს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და, ალბათ, ამიტომაც არ უნდა სიმღერა. ბოლო დროს კი ძალიან ნერვიულობს ჩემი ცეკვის გამო. ყველა ტურს დაესწრება ცოლ-შვილთან ერთად, ისინი ჩემი მთავარი გულშემატკივრები იქნებიან. მეც ხუთმაგად ვნერვიულობ. რომ ვუფიქრდები, ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ადვილი არ იქნება, რადგან, მე ცოტა თავისებური ადამიანი ვარ: მიყვარს ღამის ცხოვრება, ძილი, ქეიფი და დროსტარება. პირველი რეპეტიციის უკვე მეშინია.
– პირად ცხოვრებას რაც შეეხება, რა ხდება?
– შეყვარებული ვარ და ამით ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვინ არის, ნამდვილად ვერ ვიტყვი სახალხოდ – ხომ გაგიგიათ, სიყვარულსა მალვა უნდაო. მთავარი ის არის, რომ ბედნიერი ვარ, მეც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ისიც გრძნობს, რომ მე გაფრთხილება მჭირდება და ხასიათს მიწყობს.
– ანუ, საყვარელი ადამიანისთვის რთული პიროვნება ხარ.
– „შოკოლადი“ ნამდვილად არ ვარ.