ჰოლივუდის რომელ ვარსკვლავთან ჰქონდა რომანი ედვარდ ნორტონს და ვის დაუთმო მან მთავარი როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“
ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და „ოსკარის” ორგზის ნომინანტი ედვარდ ნორტონი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მსახიობად ითვლება, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში კომედიებში, დრამებში თუ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში. რამდენიმე დღის წინ ნორტონი იუბილარი იყო, მას 44 წელი შეუსრულდა.
* ედვარდ ჯეიმს ნორტონ-უმცროსი დაიბადა 1969 წლის 18 აგვისტოს ბოსტონში, თუმცა კოლამბიაში, მერილენდის შტატში იზრდებოდა იურისტისა და მასწავლებლის ოჯახში. მამა, ედვარდ უფროსი, სახელმწიფო ბრალმდებელი იყო, რომელიც ამჟამად ისტორიული ფასეულობების დამცველ ორგანიზაციაში მუშაობს; დედა – რობინი კი ინგლისური ენის მასწავლებელი გახლდათ. ის 1997 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ედვარდის ბაბუა, ჯეიმს როუზი, იმით არის ცნობილი, რომ ქალაქი კოლამბია (მერილენდის შტატი) მისი ხელით არის აშენებული; იგი, ასევე, მონაწილეობას იღებდა ბალტიმორის პორტისა და ბოსტონში ცნობილი ქუინსის ბაზრის მშენებლობაში.
* 5 წლის ასაკში ედვარდ ნორტონმა გამოაცხადა, რომ მსახიობობა სურდა და ორენსტეინის კოლუმბიის ხელოვნების სკოლაში თეატრალურ წრეზე დაიწყო სიარული, 8 წლის ასაკში კი მისი დებიუტი შედგა სპექტაკლში.
* 1985 წელს ედვარდ ნორტონმა უაილდ ლეიკის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, მალევე მოეწყო იელის უნივერსიტეტში, სადაც ასტრონომიის ფაკულტეტზე ჰქონდა სწავლის გაგრძელების სურვილი, თუმცა, საბოლოოდ, ისტორიკოსის დიპლომი მიიღო. უნივერსიტეტში სწავლის დროს ედვარდი იაპონურმა ენამ გაიტაცა და სწავლის დასრულების შემდეგ ის იაპონიაში გაემგზავრა, სადაც კომპანია „ენთერფრაიზ ფაუნდეიშენში” დაიწყო მუშაობა, რომელიც უპოვარ მოსახლეობას უწევდა დახმარებას. იაპონიაში ცხოვრების პერიოდში ედვარდმა სრულყოფილად შეისწავლა იაპონური ენა.
* 1994 წელს ედვარდ ნორტონი ნიუ-იორკში დაბრუნდა. მან, საბოლოოდ არჩევანი სამსახიობო კარიერაზე შეაჩერა და ნიუ-იორკის რამდენიმე თეატრალურ სცენაზე დაიწყო თამაში. მსახიობობის პარალელურად ნორტონი ოფიციანტად მუშაობდა რესტორნებში, თავი რომ შეენახა.
* ედვარდ ნორტონი არ განეკუთვნება ვარსკვლავების იმ კატეგორიას, რომლებსაც ბავშვობიდან ჰქონდათ შეხება კინოკამერასთან. მისი, როგორც მსახიობის დებიუტი გადასაღებ მოედანზე 20 წლის ასაკში შედგა და მაშინაც კადრს მიღმა დარჩა. ნორტონმა სერიალ „სიმფსონების” მეორეხარისხოვანი პერსონაჟი გაახმოვანა, ხოლო სრულფასოვანი დებიუტი კვლავ მეორეხარისხოვანი როლი იყო ტელესერიალში „პირველი მზერა”.
* ედვარდ ნორტონი ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე”, თუმცა, ორივეჯერ ჯილდოს გარეშე დარჩა. პირველად ნომინაციაზე წარადგინეს თავისი პირველი მხატვრული ფილმისთვის – „პირველყოფილი შიში”, რომლისთვისაც „ოქროს გლობუსი” მიიღო; მეორე ნომინაციაზე ედვარდ ნორტონი წარდგენილი იყო სავარაუდოდ, თავისი ყველაზე ცნობილი როლისთვის ფილმში „ამერიკული ისტორია იქსი”, სადაც მან ამერიკელი სკინჰედი განასახიერა.
* ფილმში „პირველყოფილი შიში” ედვარდ ნორტონი 2 000 კანდიდატს შორის აირჩიეს. თავდაპირველად ეს როლი ლეონარდო დიკაპრიოს უნდა ეთამაშა, თუმცა, მან უარი განაცხადა.
* სხვადასხვა დროს ედვარდ ნორტონს რომანები ჰქონდა მსახიობ სელმა ჰაიეკთან და როკ-ვარსკვლავ კორტნი ლავთან. ედვარდის გამო კორტნიმ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს დაანება თავი. ედვარდი მის ჯგუფთან ერთად დადიოდა გასტროლებზე და წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა, სამწლიანი რომანი 1999 წელს დასრულდა. ამჟამად ედვარდ ნორტონი პროდიუსერ შონა რობერტსონზეა დაქორწინებული და მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.
* „ამერიკული ისტორია იქსის“ გადაღებების დროს ედვარდ ნორტონმა 14 კილოგრამი კუნთოვანი მასა მოიმატა სამთვიანი ვარჯიშის შედეგად, რითაც გამოცდილი ბოდიბილდერებიც კი გააკვირვა.
* როგორც ედვარდ ნორტონმა აღნიშნა არაერთ ინტერვიუში, მსახიობობას, რომ არ გაჰყოლოდა, პილოტი გახდებოდა და საერთაშორისო რეისებზე იფრენდა.
* ედვარდ ნორტონს თავისი რამდენიმე ფილმის სცენარის დაწერაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა „ფრიდა” და „ქურდები”. რეჟისორის რანგში მას გადაღებული აქვს ერთი ფილმი – „შეინარჩუნო რწმენა”, სადაც მთავარ როლს ბენ სტილერი ასრულებს.
* ედვარდ ნორტონი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია. ერთ-ერთი გადაღების დროს მის გმირს სიგარეტი უნდა მოეწია, მაგრამ ნორტონმა უარი განაცხადა სიგარეტზე.
* ჰოლივუდელ ვარსკვლავებს შორის ედვარდს რთული ხასიათის პატრონად იცნობენ. მას უყვარს საკუთარი ხედვის, იდეების შეთავაზება, რაც ბევრ რეჟისორს არ მოსწონს.
* ედვარდ ნორტონს ძალიან უყვარს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა.
* ჟურნალმა GQ-უმ ედვარდ ნორტონი 2003 წლის საერთაშორისო მამაკაცად დაასახელა.
* სტივენ სპილბერგს სურდა, რომ რიგითი რაიანის როლი, ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად”, ედვარდ ნორტონს ეთამაშა, თუმცა, მსახიობისგან უარი მიიღო და როლზე მეთ დეიმონი დაამტკიცა.
* ედვარდ ნორტონი პანკ-ჰარდ-როკ ჯგუფის „ბლექ ფლეგის” შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.
* ედვარდ ნორტონის ჰონორარები: „პირველყოფილი შიში” – 50 ათასი დოლარი; „წითელი დრაკონი” – 8 მილიონი დოლარი; „ძარცვა იტალიურად” – 1 მილიონი დოლარი; „მოკალი სმუჩი” – 8 მილიონი დოლარი.
* ედვარდ ნორტონი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ხშირად თამაშობს სხვა ვარსკვლავებთან ერთად ამხანაგურ მატჩებში.
* ედვარდ ნორტონი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდამჭერია და 2012 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
* ედვარდ ნორტონს 2003 წელს ეკრანებზე გამოსულ ბლოკბასტერში „ჰალკი” მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ, უარი განაცხადა და ბრიუს ბენერის როლი ერიკ ბანამ შეასრულა. სუპერგმირზე გადაღებულ სიკველში, რომელიც 2008 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე ნორტონმა მაინც ითამაშა ჰალკის როლი და, კონტრაქტის თანახმად, იგივე გმირი მასვე უნდა ეთამაშა 2012 წელს გადაღებულ ბლოკბასტერში „შურისმაძიებლები”, მაგრამ, კვლავ უარი თქვა და როლი მარკ რუფალოს ხვდა წილად.
* ედვარდ ნორტონის საყვარელი კინორეჟისორი ფრანსუა ტრიუფოა, რომელთან მუშაობის საშუალებაც მას არ მიეცა.
* „მებრძოლთა კლუბში” გადაღების დროს ედვარდ ნორტონმა 15 კილოგრამამდე დაიკლო წონაში და დიეტას გადაღებების დასრულების შემდეგაც განაგრძობდა.
* ედვარდ ნორტონი ვარსკვლავების იმ ვიწრო წრეში მოხვდა, რომლებიც ბრედ პიტმა და ჯენიფერ ანისტონმა თავიანთ ქორწილში დაპატიჟეს 2000 წელს.
* ფილმ „შულერების” გადაღებების დასრულების შემდეგ ედვარდ ნორტონმა და მეთ დეიმონმა ლას-ვეგასში პოკერის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა და პროფესიონალი მოთამაშეების ფონზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს.